„ბოლერო“ უკვე კინოენაზე

დავით ბუხრიკიძე

რეჟისორ ან ფონტეინის ფილმიბოლერო“, რომელიც მორის რაველის დაბადების 150 წლის იუბილეს ეძღვნება, მარტიდან ევროპულ ეკრანზე გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა როტერდამის 53- საერთაშორისო კინოფესტივალზე, იანვრის ბოლოს გაიმართა.

7 მარტს შესრულდა 150 წელი ფრანგი კომპოზიტორის, ექსპრესიონიზმის ერთერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, მორის რაველის დაბადებიდან (დაიბადა 1875 წელს). ამ თარიღს ფრანგული კინო ფხიზელი მობილურობითა და შემართებით შეხვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული კინემატოგრაფიული პრემიის, „სეზარისმფლობელმა რეჟისორმა, ან ფონტეინმა („კოკო შანელამდე“, 2010 წელი), გადაიღო ფილმი ფრანგი კომპოზიტორის ალბათ, ყველაზე ცნობილი ნაწარმოების – „ბოლეროსშექმნის ისტორიაზე.

მორის რაველისბოლერო“, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით ნახევარ საათში ერთხელ  მაინც სრულდება.  ეს ერთერთი ყველაზე ცნობილი საორკესტრო ნაწარმოებია, რომელმაც მოახერხა კლასიკური მუსიკის საზღვრებს გასცდენოდა. დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სცენაზე (გავიხსენოთ თუნდაც მორის ბეჟარის დადგმულიბოლეროჯერ ხორხე დონის, შემდეგ მაია პლისეცკაიას მონაწილობით), ისე ცნობილი ორკესტრებისა და დირიჟორების შესრულებით.

ფილმში მოქმედება 1928 წელს ხდება, როცა იმხანად პოპულარული გამოჩენილი რუსიებრაელი მოცეკვავე, მსახიობი და ანტერპრენიორი, იდა რუბინშტეინი შეხვდა მორის რაველს და საკუთარი საცეკვავო კომპანიისათვის ახალი და განსხვავებული მუსიკის დაწერა შეუკვეთა. 

ცოტა რომ განვავრცოთ, იდა რუბინშტეინი ისეთივე ისტორიული და მითოლოგიური მნიშვნელობის ფიგურაა ბალეტისა და თეატრის ისტორიაში, როგორც დიაგილევისპარიზის სეზონებისსხვა მონაწილენი, ლეგენდარული მოცეკვავეები და ქორეოგრაფებივაცლავ ნიჟინსკი, ანა პავლოვა, თამარა კორსავინა, ლეონიდ მიასინი, მიხაილ ფოკინი, კურტ იოსი

იდა რუბინშტეინი რუსეთის სამხრეთ იმპერიაში, ძალიან მდიდარი ებრაელი ბანკირების ოჯახში დაიბადა. ბაბუამისი ხარკოვის რამდენიმე ბანკისა და შაქრის ქარხნის მფლობელი იყო. უკვე ახალგაზრდულ ასაკში ხელოვნება და ცეკვა აინტერესებდა, რის გამოც ოჯახი დატოვა და პეტერბურგში გადავიდა, სადაც გაიცნო ავანგარდისტი ხელოვანებირეჟისორი ვსევოლოდ მეიერჰოლდი, მხატვარი ლეონიდ ბაკსტი და ქორეოგრაფი მიხაილ ფოკინი. 

1908 წელს პეტერბურგში მისი როგორც მოცეკვავის დებიუტისალომეში“ (ოსკარ უაილდის მიხედვით, მუსიკა ალექსანდრე გლაზუნოვი) სკანდალური აღმოჩნდა ხაზგასმული ეროტიზმის გამო. 1909-1913 წლებში მონაწილეობდა სერგეი დიაგილევის მიერ ორგანიზებულრუსული სეზონებში“. 

ფილმში მნიშვნელოვანია სწორედ იდა რუბინშტეინისა (ამ როლს ჟანა ბალიბარი თამაშობს) და მორის რაველის (რაფაელ პერსონასი) ურთიერთობა, სადაც შემოქმედება, ეჭვი, წარმატება და ფული დამატებით ფსიქოლოგიურ სირთულეს ქმნის. ამას ემატება კიდევ ერთი ისტორიული და საკულტო არტპერსონა, ლეგენდარული ფრანგი პიანისტი, მარგარეტ ლონგი (ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ემანეულ დევო შესანიშნავია ამ როლში), რომელიც რაველის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. თუმცა, ეჭვიანობსვიღაც მდიდარ და მოცეკვავე ებრაელ ქალზე“… პარალელურად რაველის ცხოვრებაში, ზუსტადბოლეროსშექმნის პერიოდში მოულოდნელად ჩნდება გათხოვილი ქალი მისია სერტი (მსახიობი დორია ტილერი), რომელიც კომპოზიტორს მუზად და სიყვარულის შთაგონებად ეცხადება.

ბიოგრაფიულ ფაქტებთან ერთად, რეჟისორი გვიჩვენებს კამერულ ატმოსფეროს, სადაც ხელოვნების შესახებ კამათი ოდნავ პაროდიული სალონური ცხოვრების ნაწილიცაა. რაფაელ პერსონასი ქმნის ექსცენტრული, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილი კომპოზიტორის პორტრეტს, რომელიც მუდმივად უკმაყოფილოა. ის ერთდროულად ებრძვის ხმაურიან სოციალურ გარემოს, თაყვანისმცემელ ქალებს და საკუთარ ინტროვერტულ სამყაროსაც. 

ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ქარხნის ეპიზოდია, როცა რაველს დაზგების ხმაურში თითქოს ჩაესმის ბოლეროს უწყვეტი რიტმი, მექანიკური სიმფონია, რომელიც დაუღალავად მეორდება. „ეს მუსიკა არის დროის  მუდმივი სვლა, რიტმის მატებასთან ერთად“, – უყვირის ის გაოგნებულ იდა რუბინშტეინს.

სწორედეს მომავალი დროუკვდავყო დიდმა კომპოზიტორმა თავისბოლეროში“, თექვსმეტწუთიან ნაწარმოებში, რომელშიც ერთი და იგივე თემა ზედიზედ ჩვიდმეტჯერ მეორდება და რომელიც კულმინაციას აღწევს შთამბეჭდავ კრესჩენდოშიეს არის მელოდია, რომელიც იმდენად ცნობილი გახდა, რომ პლანეტის მასშტაბით ყველგან და ყველასთვის სრულდება.