ყალბი დამკვირვებლები

პუბლიკა

შესავალი

DFRLab-მა ითანამშრომლა ორგანიზაციასთან „ევროპული პლატფორმა
დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) და 23 პოლიტიკურად მიკერძოებული საერთაშორისო დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებიც, კვლევის თანახმად, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას უწყობდნენ ხელს.

კვლევაში ისინი მოხსენებულნი არიან „ყალბ დამკვირვებლებად“, რომლებიც რეალობის დამახინჯების მიზნით ავრცელებდნენ განცხადებებს და ცდილობდნენ, არჩევნების შედეგები მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ წარმოეჩინათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

მკვლევრების თქმით, რეალობის დამახინჯებით „ყალბი დამკვირვებლები“ ხელს უწყობდნენ დემოკრატიული პროცესების დასუსტებას. ეს პრაქტიკა რუსეთსა და აზერბაიჯანში გამოყენებული მეთოდების მსგავსია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას არჩევნების მიმართ.

  •  “ყალბი დამკვირვებლებისგან” განსხვავებით, ეუთო/ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისმა (OSCE/ODIHR) განაცხადა, რომ მათ საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, “რაც უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომელთაც ამჟამად საქართველოში საფრთხე ემუქრება, მნიშვნელოვანია, რომ
    საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა ამ პრობლემას“.

დეტალები:

  •  EPDE განმარტავს, რომ “ყაბი დამკვირვებლები” არ იყენებენ არჩევნების მონიტორინგის სანდო მეთოდოლოგიას და მათი მიზანი ხარვეზიანი არჩევნების გამართლება იყო.
  •  ისინი წარმოჩენილები იყვნენ „საერთაშორისო“ სტატუსით, მაგრამ მათი კვალიფიკაცია და მიუკერძოებლობა საეჭვო იყო.
  •  მმართველი პარტიის მხარდამჭერი მედია, „ტვ იმედი“ და „რუსთავი 2“ ამ დამკვირვებლების განცხადებებს პროპაგანდისთვის იყენებდა, არჩევნების ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნის მიზნით.

რიცხვებში:

  •  2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) აკრედიტაცია 76 საერთაშორისო საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციას მიანიჭა.
  • ეს იყო ჯამში 1,7000-ზე მეტი დამკვირვებელი, მათ შორის ისეთი პრესტიჟული ორგანიზაციებიდან, როგორიცაა OSCE/ODIHR, NDI და IRI.
  •  მათგან მხოლოდ 23 დამკვირვებელი იყო, რომლებიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საუბრობდნენ და ამით სამთავრობო მედიის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს.

რა ვიცით “ყალბი დამკვირვებლების” შესახებ:

  • ზოგი მათგანი რუსეთისა და აზერბაიჯანის გაყალბებული არჩევნების
    „გათეთრებაში“ წარსულშიც მონაწილეობდა.
  •  სულ მცირე ოთხი ადამიანი წარმოადგენდა უნგრეთის სანახევროდ
    სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ფონდს, ფუნდამენტური
    უფლებების ცენტრს, რომელიც უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანის პოზიციასთან არის შეთანხმებული.
  •  საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ ჯგუფის მინიმუმ ორმა წევრმა, ხორხე გონსალეს-გალარცა და კანდელა სოლ სილვამ, გამოაქვეყნეს სტატია, რომელიც ქართული არჩევნების ლეგიტიმაციის მცდელობას ისახავდა მიზნად და „ქართული ოცნების“ პარტიას უჭერდა მხარს.
  • ასევე დამკვირვებელი იყო პოლონელი რიშარდ ჰენრიკ ჩარნეცკი,
    ევროპარლამენტის ყოფილი წევრი და პარტია კანონი და სამართლიანობის (PiS) წევრი. ჩარნეცკი არაერთ სკანდალთან არის დაკავშირებული, მათ შორის არის კორუფციის ბრალდებები და ევროპარლამენტარის, როზა თუნისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რის შედეგადაც იგი ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს „პროცედურის წესების სერიოზული დარღვევის„ გამო.

როგორ მუშაობდა მედია ილუზიის შექმნაში?

მედიამ, ძირითადად „ტვ იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა, „ყალბი დამკვირვებლების“ განცხადებების ილუზიის შესაქმნელად რამდენიმე ტაქტიკა გამოიყენა:

  • „საერთაშორისო“ სტატუსზე ხაზგასმა: თუმცა არ მიუთითებდნენ
    ინფორმაციას რესპონდენტების კვალიფიკაციისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების შესახებ. ხშირად, სახელებიც კი არ იყო მითითებული და აქცენტი მხოლოდ „საერთაშორისო დამკვირვებლის“ სტატუსზე კეთდებოდა, რაც ლეგიტიმაციის პრობლემის შთაბეჭდილებას ქმნის.
  • ხაზგასმა ქვეყნებზე: მედია ხაზს უსვამდა მათი (დამკვირვებლების) წარმოშობის ქვეყნებს, მაგალითად, საფრანგეთს, გერმანიას ან სხვა დასავლურ ქვეყნებს. ამით, თითქოს, მცდელობა იყო, რომ მათი სანდოობის დონე გაეზარდათ.
  •  სახელების არეულობა: ხშირი იყო დამკვირვებლების სახელებისა და გვარების არასწორად წარდგენა, რაც მათი იდენტობის გადამოწმებას ართულებდა.