ჭაჭუნას აღკვეთილის ეკოსისტემის აღდგენისთვის | რისი შეცვლა შეძლო „საბუკომ“

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭაჭუნას აღკვეთილი მდებარეობს. ფართოდ გაშლილი სივრცით, რომელიც მდინარე იორსა და მის გარშემო გაშენებულ ჭალის ტყეებს მიუყვება.

უფრო მაღლა, გორაკები, კლდეები და ფერდობები კი არიდული ნათელი ტყეების, ნახევარუდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებისგან შედგება. მრავალფეროვანია ჭაჭუნას ფაუნაც, აქ შეხვდებით ბექობის არწივს, კლდეებში კი ორბებისა და ფასკუნჯების ბუდეებს.

ჭაჭუნას აღკვეთილის ასეთი ბიომრავალფეროვნება უნიკალურ გარემოს და დამთვალიერებლისთვის საინტერესო გამოცდილებას ქმნის, თითქოს სრულიად ახალ, განსხვავებულ საქართველოში მოხვდით.

ჭაჭუნას აღკვეთილი 1965 წელს შეიქმნა და მისი ტერიტორია 5032 ჰექტარს მოიცავს. ამის მიუხედავად, დღესაც კი მის შესახებ ბევრმა მხოლოდ ცოტა რამ იცის.

„ეს არის გამორჩეული ადგილი ბიომრავალფეროვნების კუთხით. ნახევრადუდაბნო, სადაც შენარჩუნებულია ჭალის ტყის ეკოსისტემა. ეს ასპექტია პირველ რიგში, რაც ყველას ინტერესს იწვევს. ზაფხულის ცხელ დღეებში სწორედ ჭალის ტყეს აფარებენ ცხოველები თავს“, – ამბობს „საბუკოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ არველაძე „პუბლიკასთან“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ ანუ „საბუკო“ ჭაჭუნას აღკვეთილში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მათ 2019 წლიდან აღკვეთილისთვის მდინარეების, ჭალის ტყეების და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი დაიწყეს.

„საბუკოს“ პროექტის მენეჯერი ალექს მიქელაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ პროექტის დაწყებამდე მათ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ჰქონდათ ურთიერთობა. საბოლოოდ, დაიგეგმა პროექტი, რომლითაც აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული გამოწვევების გამკლავებას ისახავს მიზნად. გამოწვევა კი არაერთი იყო.

„ჩვენ ვიცოდით, რომ გარკვეული გამოწვევები იყო საპროექტო არეალში. ჭაჭუნა ცნობილია, როგორც ზამთრის საძოვარი, სადაც სეზონურად ცხვრის დიდი რაოდენობა ფიქსირდება“, – განმარტავს ალექს მიქელაძე.

მისი თქმით, ცხვრების დიდი კონცენტრაცია და საძოვრების არამდგრადად გამოყენება თავისთავად უკვე დიდ გამოწვევებს ქმნიდა აღკვეთილში. ნახევარუდაბნოს კლიმატურ პირობებში ეროზიასთან ბრძოლა ისედაც მნიშვნელოვანია, არამდგრადი ძოვება კი მწვანე საფარის შენარჩუნებას და აღდგენას უშლის ხელს.

ალექსის თქმით, ბალახის შემცირების გამო, ცხვარი ფერმერებს ჭალის ტყეებშიც შეჰყავდათ, ჭალის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება კი ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის უმნიშვნელოვანესია.

არამდგრად ძოვებასთან ერთად, როგორც ალექსი განმარტავს, პრობლემას ქმნიდა ცხვრის დარწყულებაც. მეცხვარეებს არ ჰქონდათ დასარწყულებლები, ამიტომ ცხვარი ჭალის ტყეებშიც შედიოდა მდინარეზე ჩაყვანის დროსაც. დიდი რაოდენობით დაგროვებული ცხვარი ჭალის ტყეებში ახალ აღმონაცენს თუ არ ჭამდა, თელავდა მაინც.

მართალია, აღკვეთილის ადმინისტრაცია ცდილობდა გაეკონტროლებინა მეცხვარეები, რომ დარწყულების პროცესში ცხვარი ჭალის ტყეში არ შესულიყო,მაგრამ საძოვრებზე ათასობით სული ცხვარი იყრის თავს და მათი გაკონტროლება რთულია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილობრივ ფერმერებთან გვქონოდა კომუნიკაცია, მით უმეტეს, საპროექტო ტერიტორიაზე ექცეოდა როგორც საძოვრები, ისე ჭალის ტყე“, – დასძენს ალექს მიქელაძე.

ზამთრის საძოვრების არამდგრადი მართვის გარდა, გამოიკვეთა, რომ აღკვეთილის ეკოსისტემას სხვა გამოწვევებიც ჰქონდა. საჭირო იყო ამ საფრთხეების იდენტიფიცირება და რადგან არ არსებობდა არც მონაცემები, რაც მნიშვნელოვანია საფრთხეების იდენტიფიცირებისა და შემდგომ მათზე რეაგირებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელი იყო სიტუაციის შესწავლა და კარგად გამოკვლევა.

კვლევები, რომელიც ადგილობრივი ეკოსისტემის აღდგენისთვის იყო საჭირო

პირველ ეტაპზე, თინათინ არველაძის თქმით, საბაზისო კვლევები ჩატარდა, მათ შორის, ფოტოხაფანგებით, რომ დადგენილიყო, რა სახეობები ბინადრობენ აღკვეთილის ტერიტორიაზე.

„ფოტოხაფანგებით კვლევამ საშუალება მოგვცა გვეპოვა ის ადგილები, რომლებიც უაღრესად  მნიშვნელოვანია სახეობებისთვის და საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას“, – ამბობს თინათინ არველაძე.

ასევე, ჩატარდა ჰიდროლოგიური და ილიას უნივერსიტეტთან ერთად ტყის სიჯანსაღის კვლევაც.

„კვლევამ აჩვენა, რომ ერთი მხრივ შემცირებულია ზოგადად მწვანე საფარი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ შემცირებულია ამ საფარში ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობები. ეს შემცირება გამოიწვია იმან, რომ ჭალის ტყეები მდინარე იორით ნაკლებად იტბორება.  ნაკლებად მიეწოდებოდა წყალი.

ხოლო ჰიდროლოგების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ დალის წყალსაცავიდან მოდის გაფილტრული წყალი, რაც ეროზიას უწყობს ხელს – რეცხავს ნაპირებს და აღრმავებს კალაპოტს“, – ამბობს ალექს მიქელაძე.

დალის წყალსაცავმა ჭაჭუნას ბიომრავალფეროვნებას პრობლემები შეუქმნა

ჭაჭუნას აღკვეთილთან ახლოს მდებარეობს დალის მთის წყალსაცავი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია „საბუკოს“ მიერ აღკვეთილში გამოვლენილი პრობლემების კუთხით.

დალის მთის წყალსაცავის მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ წყალსაცავს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორე უნდა ყოფილიყო, დანიშნულებისამებრ ფუნქციონირება არასდროს დაუწყია. წყალსაცავის მეშვეობით ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის უნდა აეთვისებინათ.

თუმცა დალის წყალსაცავი არ დასრულებულა, დალუქულია და მისი ფუნქციაც ახლა მხოლოდ თევზჭერითა და სარწყავი მიზნებით შემოიფარგლება. სამაგიეროდ წყალსაცავის გამო შეიცვალა გარემო იორის ქვედა ნაწილში.

თინათინ არველაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია წყალსაცავის კონსერვაციული მიზნებისთვის გამოყენება.

„ეს წყალსაცავი ამ პირობებში ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ჭალის ტყეზე და ყოველი განხილვისას უნდა წამოიწიოს კონსერვაციულმა ინტერესმა ჭალის ტყისთვის. რადგან გარდა იმისა, რომ ეს არის დაცული ტერიტორია, არის ზურმუხტის ქსელის საიტიც. მნიშვნელოვანია არამხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ ევროპაში ბერნის  კონვენციით დაცული სახეობების შესანარჩუნებლად“, – ამბობს თინათინ არველაძე „პუბლიკასთან“.

ქვაყრილი

თავად „საბუკომ“ კი, დალის წყალსაცავის გამო ჭალის ტყეებში გაუარესებული მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც რომ გამოესწორებინა, ერთ ადგილას ქვაყრილიც მოაწყო. ქვაყრილის მეშვეობით იორის სიჩქარე ნელდება, წყალი გუბდება და მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს, რაც ჭალის ტყეებში ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს.

როგორც თინათინ არველაძე ჰყვება, ქვაყრილის მოწყობამდე ის არეალი წინასწარ შეისწავლეს და გააკეთეს მოდელირება, განისაზღვრა ადგილები, სადაც ქვაყრილები უნდა მოეწყოს.

ალექს მიქელაძე კი დასძენს, რომ უკვე გამოჩნდა, მათმა ჩარევამ პოზიტიური შედეგი გამოიღო, ამიტომ ახალი ქვაყრილის მოწყობაც დაგეგმეს.

„წელს ჰიდროლოგმა ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ მოწყობილი ქვაყრილის მეშვეობით 2 ჰექტრამდე ჭალის ტყე დაიტბორა. თუმცა ეს ჯერ საპილოტედ მოეწყო, რომ დაგვენახა ექნებოდა თუ არა რაიმე შედეგი და იგეგმება მეორე ქვაყრილის მოწყობაც, რაც თავისთავად გაზრდის ეფექტს“, – ამბობს ალექს მიქელაძე.

ჭალის ტყეების წყლით მომარაგების კუთხით კიდევ ერთ გამოწვევაზე საუბრობს თინათინ არველაძე. მისი თქმით, აღკვეთილის ახლოს ვრცელ ტერიტორიებზე იწყებენ მიწების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისებას. მართალია, ის ტერიტორიები აღკვეთილს გარეთაა, მაგრამ წყლის რესურსი საერთოა და ჭაჭუნას აღკვეთილს ესეც გამოწვევას უქმნის.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპს, როგორითაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისება – ზეთისხილის პლანტაციებით, ნუშის ბაღებით, ამანაც შეიძლება მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნას აღკვეთილის ეკოსისტემას. დიდია სტრესი მდინარე იორის რესურსების მოხმარებაზე და ამიტომ გვინდა შევინარჩუნოთ ის სასიცოცხლო მოცულობა, რაც აუცილებელია ჭალის ტყის ფუნქციონირებისთვის“, – ჰყვება თინათინ არველაძე „პუბლიკასთან“.

რა შეიცვალა ფერმერებისთვის?

ჭალის ტყეების აღდგენისთვის, წყლით მომარაგებასთან ერთად მნიშვნელოვანი მიმართულება საძოვრების მოწესრიგება იყო. რომელსაც, როგორც თინათინ არველაძე განმარტავს, თავის მხრივ, მრავალმხრივი მუშაობა სჭირდებოდა. იმისთვის, რომ ჭალის ტყეებში ბუნებრივი საფარის აღდგენა დაწყებულიყო, „საბუკომ“ საძოვრებისთვის კორიდორები შექმნა, თუმცა ამის გარდა საძოვრებთან დაკავშირებით კიდევ არაერთი საკითხის გადაწყვეტა იყო საჭირო.

თინათინ არველაძის თქმით, ამ მიმართულებით, წმინდად კონსერვაციული და სამეცნიერო აქტივობებისა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეცხვარეებთან კომუნიკაციასაც.

„კარგად ხვდებოდნენ პრობლემებს, რაც იყო. ამბობდნენ, აი, ბალახი აღარ არის და რა ვქნა, სხვაგან სად ვაძოვოო. მაგრამ არ აკავშირებდნენ იმასთან, რომ გადამეტებულ ძოვებასაც შეიძლებოდა ეს გამოეწვია. უფრო ბუნებრივ, კლიმატურ პროცესებს მიაწერდნენ ამას.“

თინათინ არველაძე ჰყვება, რომ აღკვეთილში მუშაობის დაწყების შემდეგ, „საბუკოდან“ საძოვრების მიმართულების მენეჯერი პერიოდულად მიდიოდა ფერმებში და კვირების განმავლობაშიც  რჩებოდა იქ.

აღკვეთილში ყოფნის პერიოდში, ის იკვლევდა საძოვრების მდგომარეობას და გეგმავდა, განსაზღვრავდა სულადობას და პერიოდს, თუ რა დროის განმავლობაში რამდენი ცხვარი უნდა ყოფილიყო ერთ კონკრეტულ ნაკვეთზე, რომ დატვირთვა შემცირებულიყო. ამრიგად, გამოიყო ის ტერიტორიები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო.

„გამოვყავით ტერიტორია, რომელიც ღობით შემოვსაზღვრეთ და წელს უკვე კარგად დავინახეთ შედეგი. რადგან გამოჩნდა საფარი რამდენად აღდგა იმ ტერიტორიაზე, სადაც სტრესი შემცირდა და ცხვარი აღარ გადაადგილდება“, – ჰყვება არველაძე „პუბლიკასთან“.

ამასთან, როგორც ალექს მიქელაძე ამბობს, საძოვრებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავად მეცხვარეებთან ურთიერთობა იყო, რომ მოესმინათ მათთვისაც, გაეგოთ მათ პრობლემები და სურვილები. ეს უწყობდა ხელს იმასაც, რომ საძოვრების მართვის გეგმა რომ შემუშავებულიყო ჭაჭუნას აღკვეთილში და ფერმერებს ამ გეგმისამებრ ემართათ იჯარით მიღებული ტერიტორიები.

„იყო შესაძლებლობა, რომ დავხმარებოდით ტექნიკური ცოდნით, ასევე  ვეხმარებოდით ისეთ აქტივობებში, რაც თავად არ შეეძლოთ. დავაფინანსეთ გარკვეული აქტივობები. მაგალითად, გამოიკვეთა, რომ სჭირდებოდათ დასარწყულებელი და მოვუწყვეთ. ეს  მნიშვნელოვანი იყო ე.წ. როტაციული ძოვების დასანერგად, რაც საჭიროა საძოვრების მდგრადი მართვისთვის.

მივეცით ვეტერინარული მედიკამენტები, რომ დაავადებები არ გადაეტანა ცხვარს, თავადაც არ დახოცილიყო და რისკის ქვეშ არ დაეყენებინა გარემოც.

ერთ-ერთ ფერმერს რომ გამარტივებოდა როტაციული ძოვება, მისთვის გავაკეთეთ ხიდი. ამან საშუალება მისცა ერთი ადგილიდან მეორეზე მარტივად გადასულიყო და ცხვარი აღარ შეეყვანა ჭალის ტყეში“, – ჰყვება ალექს მიქელაძე.

„საბუკოს“ პროექტის მენეჯერი ჰყვება, რომ მეცხვარეებთან თანამშრომლობამაც დადებითი შედეგი გამოიღო. მაგალითად, როტაციულ ძოვებაში თავიდან მხოლოდ ერთი ფერმერი თანამშრომლობდა, შემდეგ სამმა დაიწყო, ახლა კი უკვე 7 ფერმერია ჩართული.

ასევე, ალექს მიქელაძის თქმით, ფერმერებს ჰყავთ ცხვარი, მაგრამ არ არიან ჩართულები მიწოდების ჯაჭვში. ამიტომ ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან ერთად ამ საკითხზეც ჩატარდა კვლევა და სურთ, რომ სამომავლოდ, ეს პოტენციალიც აითვისონ ფერმერებმა.

მნიშვნელოვანია, გვქონდეს კარგი კანონმდებლობა

ჭაჭუნას აღკვეთილში ველზე მუშაობის პარალელურად, იქ არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, როგორც თინათინ არველაძე განმარტავს, ცალკე პრიორიტეტი იყო საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი იყო, რათა ჭაჭუნას აღკვეთილში მდგომარეობის გამოსწორება უფრო სისტემურად მოხდეს და ეკოსისტემა გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს.

როგორც თინათინ არველაძე ამბობს, მათი მიზანია, რომ ჭაჭუნათი დაინტერესებულ მოქალაქეებს დაანახონ, რამდენად სასარგებლო იქნება თუკი იქ არსებულ რესურსებს დიდ ხანს შეინარჩუნებენ და მართავენ მდგრადად. სურთ, რომ აღკვეთილის ტერიტორიაზე აღდგეს ბიომრავალფეროვნებაც და ამასთან, გაუმჯობესდეს პირობები  ფერმერებისთვისაც, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ იქაურ რესურსებს. ამისთვის მნიშვნელოვანია კანონმდებლობის დახვეწაც.

„საძოვრებთან დაკავშირებით არ გვაქვს სრულყოფილი კანონმდებლობა, სხვადასხვა აქტებშია გაბნეული ეს რეგულაციები. ამას გარდა, ზაფხულისა და ზამთრის საძოვრებისთვის სხვადასხვა რეგულაციაა საჭირო. არ გამოვა ერთი, უნივერსალური მიდგომა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეცხვარეებისგანაც მოისმინო მოსაზრებები და მოიფიქრო ისეთი გამოსავალი, რომ კონფლიქტი არ წარმოიშვას. რადგან როცა რესურსი შემცირებულია, ისედაც ჩნდება კონფლიქტი“, – ჰყვება თინათინ არველაძე.

ამიტომ, როგორც ის ამბობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა თუ პარლამენტთან მუშაობისას, ცდილობდნენ მიეწვდინათ იქაური ფერმერების ხმა და მათი პირობები გაეუმჯობესებინათ.

საკანონმდებლო მიმართულებით, საძოვრების მდგრად მართვასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. პარლამენტმა შეიმუშავა სპეციალური დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების გაიჯარების დროს, რა რაოდენობის ცხვარი დაიშვება იმ ტერიტორიაზე და ის პირი, ვინც იჯარით აიღებს სახელმწიფო საძოვარს, ის პასუხისმგებელია დაიცვას ეს ლიმიტები.

თინათინ არველაძე კი აღნიშნავს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ამ საძოვრების გაიჯარების დროს გაითვალისწინოს ტრადიციული საკუთრებაც. იქ არიან მეცხვარეები, ვინც დიდი ხანია აძოვებენ ცხვარს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სხვაგან ცხოვრობს და ქვეიჯარა აქვს გაკეთებული სხვა მეცხვარეზე.

ეს საძოვრების მდგრადად მართვას ართულებს, რადგან ქვეიჯარით მყოფი მეცხვარე იმ ტერიტორიაზე შეიძლება მხოლოდ ერთი სეზონით დარჩეს, ამიტომ არც აქვს მოტივაცია, რომ მასზე იზრუნოს.

„ამიტომ, საჭიროა, სახელმწიფომ  შეამოწმოს მოიჯარეები, ჰყავთ თუ არა მათ რეალურად ცხვარი და ეს ქვეიჯარების პრაქტიკა შეამციროს. ასევე მნიშვნელოვანია იჯარის ვადებიც. ერთი წლით საძოვრის იჯარით გაცემისას, მეცხვარეს ნაკლები ინტერესი აქვს მისი შენარჩუნებისთვის. მაგრამ, მაგალითად, თუკი რამდენიმე წლით გაიცემა იჯარა, მოიჯარეს მეტი მოტივაცია გაუჩნდება, რომ მოუაროს იმ ტერიტორიას“, – დასძენს არველაძე.

თუმცა თინათინ არველაძე გამოწვევებს ხედავს კანონმდებლობის აღსრულების კუთხით. მისი თქმით, დიდ გამოწვევად რჩება კანონების აღსრულება და მისი მონიტორინგი.

ერთი მხრივ, როგორც ის ჰყვება, დიდი არეალის კონტროლი, მეტ რესურსსაც მოითხოვს, რისი გამოყოფაც სახელმწიფოს უჭირს, მეორე მხრივ კი, თავისთავად მონიტორინგს სპეციფიკური ცოდნაც სჭირდება და ადამიანური რესურსის მოძიება ამ მხრივაც ჭირს.

„ასე რომ, მნიშვნელოვანია კარგი საკანონმდებლო ბაზა, შემდეგ აღსრულება და ბოლოს მონიტორინგი, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. ამაში კი თუ თავად სახელმწიფოს არ ექნება საკმარისი რესურსი, „საბუკოს“ ან სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ დახმარება.

ასევე, სახეობების დასაცავადაც მნიშვნელოვანია შესაფერისი კანონმდებლობა და იმის შესაძლებლობა, რომ ეს სახეობები და ტერიტორიები დავიცვათ. რაც უფრო მეტი ორაზროვანი ჩანაწერი იქნება, თუნდაც იმაზე, თუ რა არის დაშვებული ამ დაცულ ტერიტორიაზე, პრაქტიკაში არ მოხდება მისი აღსრულება“, – დასძენს თინათინ არველაძე.

მენეჯმენტის გეგმა

ალექს მიქელაძის თქმით, ჭაჭუნას აღკვეთილში არსებულ გამოწვევებზე სისტემურად მუშაობისთვის საჭირო კომპონენტი იყო აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმაც. რომელზე მუშაობაც „საბუკომ“ უკვე დაასრულა.

„მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა უკვე შედგა და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს წელსვე დამტკიცდება. ეს გეგმა რომ იქნება, შემდეგ უკვე ადმინისტრაციას ექნება მკაფიო ხედვა, თუ მდგრადად როგორ უნდა იმართოს ეს ტერიტორია, რა არის პრიორიტეტული, რა უნდა გაკეთდეს გარემოს შესანარჩუნებლად და სხვ.“, – ამბობს ალექს მიქელაძე „პუბლიკასთან“.

ჭაჭუნას აღკვეთილის პოპულარიზაციისთვის

„გვაქვს ფილმი, რომელსაც ორი წელი ვიღებდით, ასევე გავაკეთეთ სამაგიდო თამაში – „ივრის ჭალაში“. რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ადგილობრივ კლუბებში თამაშობენ. გვქონდა ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც აღკვეთილის შესახებ ფოტოგამოფენა უნდა მოეწყოს. გვაქვს ხოლმე შეხვედრები, პერიოდული ტრენინგები და ა.შ.“ – იხსენებს ალექს მიქელაძე იმ ნაბიჯებს, რაც ჭაჭუნას აღკვეთილის პოპულარიზაციისთვის გადადგეს.

როგორც „საბუკოს“ წევრები ამბობენ „პუბლიკასთან“, მათ სურთ, რომ ჭაჭუნას აღკვეთილი უფრო პოპულარული გახდეს, მეტმა ადამიანმა გაიცნოს და ამით მის განვითარებასაც დაეხმარონ.

ჭაჭუნას აღკვეთილის შესახებ ახლა მართლაც მეტი ადამიანი იგებს, იზრდება დამთვალიერებელთა რაოდენობა, მაგრამ როგორც თინათინ არველაძე ამბობს, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, აღკვეთილს ტურიზმიდან მეტი შემოსავალი სჭირდება.

თინათინ არველაძე დასძენს, რომ მეტი პოპულარობისთვის იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც გადაწყვიტეს. ჭაჭუნას აღკვეთილში „საბუკოს“ ორგანიზებით კოტეჯი და „ლეშიჭამიების რესტორანი“ ეწყობა.

„ლეშიჭამიების რესტორანი“ მოზრდილ მინდორზეა, სადაც სპეციალურად გამოიყო ადგილი, რომ ლეშიჭამია ფრინველებს საკვები დაუტოვონ, იქვე მდებარე ჯიხურიდან კი დამთვალიერებლებმა ფრინველებზე დაკვირვება შეძლონ.

content image
content image
content image

ამასთან, თინათინ არველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღკვეთილის სტატუსის მიუხედავად, რაც მაგალითად, ნაკრძალთან შედარებით ადამიანის უფრო მეტი ჩარევის შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა ბიომრავალფეროვნებისთვის. მცირე ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისეთი სახეობები ნახოთ, რომელთა ერთად ნახვა აქაც, უცხოეთშიც ძნელი სანახავია.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღკვეთილის სტატუსი არ იყოს იმისი წინაპირობა, რომ ეს ტერიტორია არ იყოს საკმარისად დაცული. პირიქით, მაქსიმალურად მეტი კონსერვაციული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. არ უნდა შეეწიროს თუნდაც ეკონომიკურ განვითარებას და რესურსების ათვისებას“, – ამბობს თინათინ არველაძე „პუბლიკასთან“.

 

როგორ გააგრძელებს „საბუკო“ მუშაობას?

ახლა, ჭაჭუნას აღკვეთილში ერთი ეტაპი სრულდება. კვლევები, კანონებსა თუ ველზე მუშაობა, მეცხვარეებსა და ხელისუფლებასთან მუშაობა. „საბუკომ“ როგორც მისი წარმომადგენლები ჰყვებიან, გარკვეული შედეგები უკვე მიიღო. თუმცა, ისინი აღკვეთილში მუშაობის შეჩერებას არ აპირებენ. როგორც თინათინ არველაძე ჰყვება, სურთ, რომ ჭაჭუნაში არსებული გამოწვევები ფუნდამენტურად გადაიჭრას, რის გამოც, იქ დარჩენა და მუშაობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„ახლა უკვე სხვა კომპონენტებიც გვაქვს, ასევე იზრდება საპროექტო ტერიტორია, მოიცავს ჭაჭუნას, ვაშლოვანს, სამუხსა და კოწახურას ქედს. მაგრამ ვრჩებით ერთიანი ეკოლოგიური ქსელის ტერიტორიაზე. ჩვენ უკვე პირველი ეტაპით გვაქვს ის საბაზისო მონაცემები, რომელთანაც ახლა დაგეგმილი კვლევებით მიღებული მონაცემების შედარება შეგვეძლება.

იგივე შესაძლებლობა მივიღეთ ქვაყრილის მოწყობამდე იმ ტერიტორიების შესწავლით, როცა პირველად კვლევას შევადარეთ შემდეგ არსებული სიტუაცია, ასევე ღობეების მოწყობამდე და მოწყობის შემდეგ არსებული მონაცემებით.

ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს მდგრადობაც და გვსურს, დავრჩეთ ამ ადგილას და მივაღწიოთ იმას, რომ ამ ტერიტორიების ნაწილი მაინც მეტად იყოს დაცული, სხვა ადგილებში კი დავარეგულიროთ ადამიანების ჩარევა“, – ჰყვება თინათინ არველაძე.

არველაძის თქმით, კონსერვაციისკენ მიმართულ მოქმედებებს დრო სჭირდება, დრო დასჭირდება, რომ ამ გზით ადამიანებმა სარგებელი ნახონ, თუმცა მისთვის მთავარია, სახელმწიფომ თუ მოქალაქეებმა დაინახონ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მდგრადად მართვა და სარგებლის გრძელვადიან პერსპექტივაში დანახვა, ვიდრე ის, რომ ბუნების ხარჯზე ახლავე აითვისონ ყველა რესურსი.

„ეს არის მთავარი იდეა, რომ ადამიანმა და ბუნებამ – ორივემ ერთმანეთისგან რაღაც სარგებელი მიიღოს. ამაზე გვინდა დავაშენოთ მთლიანად ეს პროექტი. აქ სოციალური საკითხებიც და ბიომრავალფეროვნების დაცვაც  დიდი დოზითაა და რაღაც კარგ მაგალითად შეიძლება იქცეს, როგორ თანაარსებობდეს ეს ორი ჰარმონიულად.