COVID-19 ვაქცინაცია გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეა

თენგიზ ვერულავა

იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თავისი მნიშვნელობით იგი სუფთა წყლის შემდეგ მეორე ადგილზეა. იმუნიზაციის შედეგად, ყოველწლიურად, სავარაუდოდ, 2.5 მილიონ ადამიანზე მეტი გადარჩება სიკვდილისაგან, რაც ამცირებს კონკრეტული დაავადების მკურნალობის ხარჯს. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც შეიძლება გამოვიტანოთ COVID-19-თან დაკავშირებული გამოცდილებისგან, არის უმთავრესი აქცენტის გადატანა დაავადების მკურნალობიდან პრევენციაზე.

დიდია იმუნიზაციის როლი დაავადებათა პროფილაქტიკაში. დაავადებების თავიდან ასაცილებლად ვაქცინების გამოყენება ბავშვებში, მოზრდილებსა და მოხუცებში ამცირებს სამედიცინო ვიზიტების, დიაგნოსტიკური ტესტების, მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვის ხარჯის შეკავებას. გარდა ამისა, იმუნიზაციას აქვს დადებითი  გრძელვადიანი ეფექტი, რაც გამოიხატება საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და, თავის მხრივ, ზრდის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, COVID-19-ით გამოწვეული იმუნიზაციის პროგრამების შეფერხების გამო, დაახლოებით 80 მილიონი ერთ წლამდე ასაკის ბავშვი დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება. COVID-19-ის ვაქცინაცია ყველასათვის საჭიროა. საყოველთაო საჭიროების გამო, ვაქცინაზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, აღემატება მიწოდებას, რაც განსაკუთრებით პრობლემატურია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.

წარსული პანდემიებიდან მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, ვაქცინას უფრო დიდხანს ელოდებიან, ვიდრე მდიდარი ქვეყნები. ეფექტური ვაქცინების ხელმისაწვდომობის შემთხვევაშიც კი, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების დაუცველ პირებს, როგორც წესი, გარკვეული დროით არ აქვთ ვაქცინაზე წვდომა. ამ ვითარებას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის, ვაქცინაციის პროგრამების მაღალი ფასი როგორც, ზოგადად, ქვეყნებისთვის, ასევე ოჯახებისა და ინდივიდებისთვის, არახელსაყრელი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და კონკურენციის გამო ვაქცინის არასაკმარისი მიწოდება.

ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, გააფართოვოს მრავალი ცენტრიდან COVID-19-ის ეფექტიანი ვაქცინების კვლევისა და შემუშავების მხარდასაჭერად გაერთიანების პროცესი. პრიორიტეტი უნდა იყოს COVID-19 ვაქცინაციის ფონდის შექმნა, დაბალშემოსავლიანი, ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად. სამართლიანობის ეთიკური ასპექტის გარდა, გასაგები უნდა იყოს, რომ ვაქცინაციაზე სამართლიანი წვდომა პანდემიის აღმოფხვრის ყველაზე სწრაფი მექანიზმია.

აღნიშნულთან მიმართებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკისრია დიდი როლი, უზრუნველყოს COVID-19-ზე საპასუხო ქმედებებისა და ვაქცინის შემუშავებისადმი მიმართული ღონისძიებების კოორდინაცია. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულმა ხელისუფლებამ ფინანსურად უნდა შეუწყოს ხელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მეტი ინვესტიციები მიმართოს ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გასაძლიერებლად, განსაკუთრებით მდგრადი იმუნიზაციის პროგრამების განვითარებაზე.

დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში COVID-19-ის პანდემიის ეფექტიანად მართვისათვის მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული მხარეები გაერთიანდნენ ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის ვაქცინის კვლევას, შემუშავებას და წარმოებას, ფასის შესახებ შეთანხმებას და მათი სამართლიანად განაწილების უზრუნველყოფას. ეს ინიციატივა ცნობილია COVAX-ის სახელით.

2020 წლის ნოემბერში 186 ქვეყანა შეუერთდა COVAX- ის ინიციატივას. COVAX-ის საწყის მიზანს შეადგენდა ვაქცინის 2 მილიარდი დოზის ხელმისაწვდომობა 2021 წლის ბოლოსთვის, საიდანაც 1 მილიარდი გადაეცემა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობას. მკვლევართა ვარაუდით, განაწილების ეს დონე საკმარისი იქნება სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების დასაცავად.

COVAX-ის ინიციატივის მონაწილეები ასევე იმედოვნებენ, რომ ფასს შეამცირებენ გაერთიანებული შესყიდვის საშუალებით. საამისოდ მთავრობები ერთიანდებიან კომბინირებული მსყიდველობითი შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

თუმცა გაერთიანებულ შესყიდვას ხელს უშლის ვაქცინების მიმწოდებლებსა და ცალკეულ ქვეყნებს შორის ორმხრივი საქმიანი გარიგების შესაძლებლობა. COVID-19-მა ნათელი გახადა ეფექტიანი ვაქცინის შექმნისათვის ფართომასშტაბიანი პოლიტიზებისა და არალეგიტიმური ძალაუფლების თამაშები.

COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შეძენაზე გაჩაღებული შეჯიბრების გამო, ცხადია, მდიდარი ქვეყნები ცდილობენ, თავიანთი მოსახლეობისთვის უზრუნველყონ COVID-19 ვაქცინაზე ადრეული წვდომა. ასეთი ქვეყნები COVAX-ის ინიციატივის გვერდის ავლით, ვაქცინების მიმწოდებლებთან აწარმოებენ ორმხრივ გარიგებას თავიანთი მოსახლეობის ვაქცინით უზრუნველსაყოფად, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები ჯერაც არ შეერთებია COVAX-ის ინიციატივას. მდიდარი ქვეყნები უკვე შეუთანხმდნენ მწარმოებლებს მილიარდობით დოლარის გადახდაზე, ვაქცინის მიწოდებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ორმხრივი გარიგების საფუძველზე, ქვეყნებმა წინასწარ შეუკვეთეს სხვადასხვა ვაქცინის დაახლოებით 2 მილიარდი დოზა. ამგვარი მოთხოვნა ხელს უწყობს ფასის ზრდას და ზღუდავს COVAX-ის ინიციატივის ფარგლებში ვაქცინების მიწოდების შესაძლებლობებს.

ორმხრივი გარიგებების უმეტესობა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა ფასების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იძლევა აშშ-ის მთავრობასა და ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ს და ბიოტექნიკურ პარტნიორ BioNTech SE-ს შორის ვაქცინის შესაძენად გამოცხადებული გარიგება. მთავრობამ განაცხადა საწყისი შეკვეთა 100 მილიონი დოზისთვის, 1,95 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით, რაც საკმარისია 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის.

ვაქცინის მიწოდების შეფერხებას ამწვავებს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მიერ ვაქცინის მარაგის წინასწარი შეძენა. ასე იყო, მაგალითად, 2009 წლის H1N1 პანდემიის დროს, როდესაც მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა 2009-H1N1 ვაქცინაზე დიდი მოცულობის წინასწარი შეკვეთების შედეგად შეიძინეს წარმოებული ვაქცინის დიდი ნაწილი.

საქართველო შეუერთდა COVAX-პლატფორმას და უკვე გადაიხადა პირველი შენატანი – დაახლოებით 4 მილიონი დოლარი, რაც საშუალებას იძლევა, რომ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა მიიღოს. საწყის ეტაპზე იგი განკუთვნილია მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციისათვის. ამ რისკჯგუფებს განეკუთვნება სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებებით ხანდაზმულები, მოხუცთა სახლის ბინადარნი.

როგორც საზოგადოების ჯანმრთელობის გლობალურ ქარტიაშია ხაზგასმული, ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია პრევენცია, კონკრეტულად კი, COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, პირველადი პრევენცია ეფექტიანი და სამართლიანი ვაქცინაციის საშუალებით.

ვაქცინაცია არის გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე. COVID-19-ის კრიზისს, დაავადების გავრცელების გარდა, აქვს და კიდევ დიდხანს ექნება ფართო და გრძელვადიანი გლობალური ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური შედეგები. გრძელვადიან, სტრატეგიულ გეგმებსა და მდგრადი დაფინანსების მექანიზმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პანდემიის სამართავად და მის აღმოსაფხვრელად. ამ მიზნის მიღწევის ფუნდამენტური ნაბიჯია COVID-19-ის ვაქცინაციაზე თანაბარი, სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.