დაავადებული დროის სიმულაკრები

დავით ბუხრიკიძე

საბა ასლამაზიშვილის ადაპტირებული მოლიერი ჭიათურის თეატრში: სამი მსახიობისა და სამი უნიტაზის დახმარებით

ერთი შეხედვით, ეს არც დაცინვაა და არც პაროდია. ჭიათურის, აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში, რომელშიც სტალინისტური არქიტექტურის ჯერ დაუმარცხებელი სული და რობერტ სტურუას მამის (ასევე რობერტის) მიერ მოხატული ჭერი ერთმანეთს არაკონტრასტული სიმშვიდით ავსებენ, თამაშობენ გაცვეთილი, მაგრამ ყოველთვის მოულოდნელი კლასიკოსის, მოლიერის პიესას… და იქ, დარბაზში, სამი მსახიობი პარტერში დამონტაჟებული სამი უნიტაზის მიმართ უფრო კონფრონტაციაშია, ვიდრე თუნდაც ნეიტრალურ დამოკიდებულებაში.

მოლიერის ბოლო პიესა სახელწოდებით „ეჭვით ავადმყოფი“, რომელიც რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დადგა, კარგი მაგალითია, რომ ექსტრემალური სიტუაცია ზოგჯერ უკეთ აფხიზლებს, ვიდრე ნაყოფიერი შემოქმედებითი სიმშვიდე. ასე რომ,  სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორმა „ავადმყოფობის სიმულაცია“ უწოდა, რეალურობის შეგრძნებას სიმულაკრის დახმარებით ქმნის.

პანდემიის ჟამმა, რომელსაც შეგვიძლია გაჩერებული ან „დაავადებული დრო“ ვუწოდოთ, გამოააშკარავა ჩვენი დაფარული შიშები, გაზვიადებანი თუ კომპლექსები. რაც, სხვათა შორის, აისახა სწორედ პანდემიის ჟამს საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლებში. ხავერდის სავარძლები და ოქროსფრად მოვარაყებული დარბაზები რეჟისორს არც არასოდეს იზიდავდა. მისი სტიქია მაინც „შიშველი თეატრია“ (ერთ-ერთ ინტერვიუში მან სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა), რომელშიც ნებისმიერი ტექსტი, კლასიკური თუ თანამედროვე, ფეთქებადი, თუ მსხვრევადი, ნევროზული თუ პარანოიდული – სწორედ ახალი, დაავადებული დროის საგანგაშო სიგნალების მიღება-ტრანსლირებას წააგავს.

ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს, კლუბ „U-ban“-ში საბა ასლამაზიშვილმა დადგა კონკურს „ქართულ პიესაში“ გამარჯვებულის, ანა-მარია გურგენიშვილის პიესა „ბიოციდი“, რომელსაც საკლუბო გარემო და ახალგაზრდული დრაივით გაჯერებული სივრცე შეურჩია. შემდეგი „თეატრალური გაჩერება“ საბურთალოს სასაფლაოს გადათხრილი და აუთვისებელი ნაწილი აღმოჩნდა. 2020 წლის ივლისში, რეჟისორმა კიდევ ერთი, სრულიად მოულოდნელი სივრცე შეარჩია და სპექტაკლი „ფერიცვალებულნი“ წარმოგვიდგინა (ტექსტის ავტორები – ია კელერმანი და საბა ასლამაზიშვილი).

პანდემიის ჟამის კიდევ  ერთი სპექტაკლი დავით კლდიაშვილის „უბედურებას“ უკავშირდება, რომელიც საბა ასლამაზიშვილმა სასტუმრო „კაჭრეთის“ ეზოში, ფესტივალ Mooz-Art-ის, ანუ ციფრული თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დადგა. ღია სივრცეში, ნაგავსაყრელზე წარმოდგენილი სპექტაკლი უფრო სიყვარულის შეუძლებლობის უბედურებაზე მიგვანიშნებდა, ვიდრე სოციალურ ან ცრურწმენებით ნაკვებ უბედურებაზე…

მოკლედ, პანდემიამ პანდორას ყუთი გახსნა და იმდენი დაფარული თუ გადამალული თემები ამოატივტივა, რომ თეატრალურ ექსპერიმენტებს  კიდევ წლების განმავლობაში გამოკვებავს. რასაკვირველია, სცენური სივრცის ტოტალური ცვლილება-ტრანსფორმაცია „სიმულაციის“ კიდევ ერთი გადამწყვეტი მიზეზია. უკვე ბევრჯერ გამოყენებული სარკისებური ეფექტი – მაყურებელი სცენაზე, მსახიობები  – დარბაზში, ამჯერად ძალიან კარგადაა მორგებული რეჟისორის კონცეფციას და მსახიობთა თამაშის წესს.

ძველ, მომწვანო და უკვე გაცვეთილი ხავერდით შემოსილ სკამებს მსახიობები თითქოს არც იმჩნევენ და ბარიერებზე „დაგეშილი“ მარჯვე მორბენლებივით გადაევლებიან მათ. დრო და დრო ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს უზარმაზარი პარტერის (არადა, ჭიათურის თეატრის პარტერი მართლაც ასეთია) ყოველ კუთხე-კუნჭულს რეჟისორი არქიტექტორივით ითვისებს და მსახიობს საგანგებო დავალებებს უმზადებს  – ჯერ წინა რიგებში, შემდეგ პარტერის სიღრმეში, მერე სადღაც ბოლოში. კარები პერსონაჟთა ჩანაცვლებისა და შემოყვანის დამატებითი საშუალებაა: გადის ერთი და იქიდან უკვე სხვა შემორბის, რომელსაც ასევე ვიღაც ცვლის…. და ეს ყველაფერი საგანგებოდ აჩქარებულ ტემპში ხდება.

და მაინც, ნიღბების ამ უსასრულო ცვლილებების ფონზე, მაყურებლის ყურადღებას პარტერში „გაბნეული“ სამი უნიტაზი იწვევს, რომელსაც ბატონი არგანი დანიშნულებისამებრ იყენებს, სპექტაკლის დასაწყისში კი ყველაზე წინ დამონტაჟებულ უნიტაზზე ჯდება და რეალურად ინტერაქტიულ კონტაქტში შედის მაყურებელთან. მოლიერის პიესის მთავარ გმირს, არგანს (გიორგი ჩაჩანიძე) არარსებული დაავადების შიში თუ ტკივილი სტანჯავს, რითაც სარგებლობს უკლებლივ ყველა – მსახურ ტუანეტით დაწყებული (ანდრია ვაჭრიძე), მისი ქალიშვილით, ანჟელიკით და მეორე ცოლით დამთავრებული (ამ როლებს თამარ ჯაჯანაშვილი ასრულებს). აღსანიშნავია, რომ მოლიერთან მსახური ქალია – ტუანეტა და არა მამაკაცი (ტუანეტი), რაც დამატებით პაროდიულ სივრცეს ტოვებს თუ ქმნის მსახიობისთვის.

ამ მოულოდნელ ტრანსფორმაციას დამატებითი და ვიტყოდი, გროტესკულ-დამცინავი დეტალები შემოაქვს თავად ანდრია ვაჭრიძის თამაშში. გარდა ამისა, ის ერთდროულად უმკლავდება ყველა სხვა როლსაც: არგანის ძმა, არგანის პირადი ექიმი, აფთიაქარი ფლერანი, ბატონი დიფუარუსი, ანჟელიკის საქმრო, ნოტარიუსი… ეს ყველაფერის კი ნიღბებით თამაშის ისეთ ტემპო-რიტმსა და ხასიათების ცვლილებას მოითხოვს, რომ ეს ყველაფერი ერთი მსახიობის შესაძლებლობას აღემატება. სადღაც წარმოდგენის მეორე ნახევარში მართლაც დგება კრიტიკული მომენტი, როცა მსახიობს ნიღბები და ტექსტი „ერევა“ და იწყება ნამდვილი არტისტული იმპროვიზაცია, რასაც ანდრია ვაჭრიძე თავს მშვენივრად ართმევს.

მთელი დარბაზი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია ოქროსფერი წვიმით, რომელიც გამოყოფს სათამაშო სივრცეს და გვაიძულებს შევხედოთ მოვლენებს ჯერ პერსონაჟების, შემდეგ მაყურებლის თვალით (დეკორაცია და კოსტიუმები – ბარბარა ასლამაზი). ესეც ერთგვარი სიმულაკრია, რაც საშუალებას აძლევს რეჟისორს წარმოსახვა და რეალობა, არტისტი და ნიღაბი ერთმანეთისგან მუდმივად გამიჯნოს.

თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში გიორგი ჩაჩანიძე და ანდრია ვაჭრიძე ნიღბებით თამაშის სტიქიაში გვამყოფებენ. ერთი მხრივ, ვხედავთ რა ემართება გაფუყულ, შიშებითა და კომპლექსებით შეპყრობილ არგანს, რომლის თამაში და ცრუ ავადობა ტრაგიკულად მთავრდება და ამავე დროს, როგორ იცვლებიან ანდრია ვაჭრიძის პერსონაჟებიც. საბოლოოდ, მაინც ლაღი, გაიძვერა, მოხერხებული და სხარტი გონების ტუანეტი  მაინც გვაბრუნებს რეალობაში და გვაფხიზლებს კიდეც: მუდმივ სიმულაციაში ყოფნა უბრალოდ სახიფათოა.

დაბოლოს, შენიშვნები:  სპექტაკლის ფორმა ჯერ არ არის მკაფიოდ და ზუსტად ჩამოყალიბებული, რადგან იმპროვიზაციისა და ინტერაქტივის ნაწილი ოდნავ გადაჭარბებულია და დამღლელი. როცა მსახიობი ამდენ პერსონაჟს თამაშობს, რაღაც მომენტში მაყურებელს ეკარგება კონცენტრაცია და ვინ ვინ არის, ბოლომდე ვერ იგებს. რეჟისორი, როგორც ჩანს, უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობი-მამაკაცების დუელსა თუ დუეტს, რის გამოც თამარ ჯაჯანაშვილის პერსონაჟები შედარებით ჩრდილში მოექცნენ.

ჭიათურის თეატრმა, პანდემიის მიუხედავათ, გასულ წელს რამდენიმე პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მამუკა ცერცვაძემ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ეზოში წარმოადგინა სპექტაკლი „რაც არ იწვის არ ანათებს“, აკაკის პოეზიისა და პუბლიცისტური ნაწარმოებების მიხედვით (მხატვრობა – ბარბარა ასლამაზი, კომპოზიტორი – ბეჟო ამირანაშვილი). 2021 წლის გაზაფხულზე კი თეატრმა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის „განკიცხულის“ სცენური ვერსია შესთავაზა მაყურებელს (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე, მხატვარი და სცენოგრაფი – ბარბარე ასლამაზი). გარდა ამისაა, ივნისში გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით  რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა დადგა თოჯინური სპექტაკლი „მთავარი როლის შემსრულებელი“.