დინოზავრის „მოკლემეტრაჟიანი“ ნაკვალევი

დავით ბუხრიკიძე

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი ფესტივალი გაიმართება.

„სავარდო და სამაისო“ ქალაქი ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. კინოხელოვნების ცენტრი „აია“, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქუთაისის მერიის ხელშეწყობით 8-დან 12 მაისამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს სწორედ აქ გამართავს.

საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დაფუძნება ალბათ ბოლო დროის მნიშვნელოვან სოციალურ და კულტურულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ საერთოდ, დასავლეთ საქართველოსთვის. ქუთაისის გამოჩენა საერთაშორისო კინოფესტივალების რუკაზე ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და საშუალებას მისცემს ქალაქს იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში შევიდეს.

ქუთაისი პირველი ქართველი კინემატოგრაფისტის, გამოჩენილი კინოდოკუმენტალისტის, ვასილ ამაშუკელის მშობლიური ქალაქია. აქ დაიბადნენ დიდი ქართველი მსახიობები – ლადო ალექსი-მასხიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, იპოლიტე ხვიჩია… კინორეჟისორი – რეზო ჩხეიძე, მწერალი, სცენარისტი და ცნობილი მარიონეტების თეატრის დამფუძნებელი თბილისში – რეზო გაბრიაძე. ხელოვანთა სიის გაგრძელება კი დაუსრულებლად შეიძლება.

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ორ პროგრამას მოიცავს: 10-დან 30-წუთამდე და 1-5-წუთიან საერთაშორისო პროგრამებს. გაიმართება ასევე ვორქშოფები, მასტერკლასები და რეტროსპექტივები. ფესტივალში მონაწილეობენ არა მარტო პროფესიონალი კინემატოგრაფისტები, არამედ კინოუნივერსიტეტის სტუდენტები და კინოს მოყვარულები.

ფესტივალი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ კინემატოგრაფისტებს უცხოელ კოლეგებთან პროფესიული კავშირების დამყარებაში. საერთაშორისო ფესტივალების დირექტორთა თუ წარმომადგენელთა მოწვევა და კონტაქტები მათ საშუალებას მისცემთ თავიანთი შემოქმედება საერთაშორისო არენაზე გაიტანონ. გარდა ამისა, ფესტივალის მუშაობაში მოხალისეებად ჩაერთვებიან ქუთაისის უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში კინოს პოპულარიზაციას.

მაყურებელი შეძლებს არა მხოლოდ მეინსტრიმფილმების ნახვას, არამედ მსოფლიო კინოში გამორჩეული და საინტერესო მოკლემეტრაჟიან ნამუშევრების გაცნობასაც. გაიმართება ვორქშოფები და მასტერკლასები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეჟისორების, სცენარისტების, ოპერატორების, კომპოზიტორების, პროდუსერების, ტექნიკური პროფესიების წარმომადგენლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

სამწუხაროდ, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქუთაისში არ ფუნქციონირებდა არცერთი კინოთეატრი. მათ შორის, ჯერ კიდევ 20-30-იან წლებში დაარსებული „რადიუმი“, სადაც  თავის დროზე მნიშვნელოვანი კინოპრემიერები იმართებოდა. ერთადერთი ადგილი, სადაც დროდადრო ფილმებს უჩვენებდნენ, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი იყო. საბედნიეროდ, უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისში აშენდა ტექნიკურად მაღალ დონეზე აღჭურვილი ოთხდარბაზიანი თანამედროვე მულტიპლექსი-კინოთეატრი, რომელიც სავსებით შეესაბამება საერთაშორისო კინოფორუმის ჩატარების მოთხოვნებს.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნება 8 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეო გაბრიაძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმით „ჰარი-ჰარალე დედაო!“. ფილმის მხატვრობა და სცენარი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მიხეილ კობახიძისა და ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური ჩვენებები.

გამარჯვებულები 12 მაისს გამოვლინდებიან და ამ ფესტივალისთვის დამზადებული სპეციალური პრიზით – „ოქროს დინოზავრით“ დაჯილდოვდებიან. ასე რომ, ფესტივალის სლოგანი -„დატოვე შენი ნაკვალევი“, შემთხვევითი სულაც არ არის და ის დინოზავრის „მოკლმეტრაჟიან“ ნაკვალევს გამარჯვებულთა მეხსიერებაში ნებისმიერ შემთხვევაში აღბეჭდავს.

ქუთაისის კინოფესტივალის გენერალური დირექტორის, ნინო მხეიძის თქმით, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ის რამდენჯერმე გადაიდო. 2021 წელს გადაწყდა, რომ ფესტივალი 8-12 მაისს, ქუთაისში რეგულაციების სრული და მკაცრი დაცვით გაიმართება.

ნინო მხეიძე: „ფესტივალზე ორი საკონკურსო პროგრამა გვექნება: 10-30-წუთიანი და 1-5-წუთიანი. პირველ კონკურსში 15 ფილმი მონაწილეობს, რომლიდანაც სამი ქართულია; მეორეში – 28 ფილმია წარმოდგენილი. სულ საფესტივალო განაცხადში 500-მდე ფილმი შემოვიდა, საიდანაც საკმაოდ შრომატევადი სელექციის შედეგ საკონკურსო პროგრამის შედგენა მოვახერხეთ. დაწესებული გვაქვს ორიგინალური პრიზი – „ოქროს დინოზავრი“, რაც ცხადია, ქუთაისსა და სათაფლიაში დინოზავრის ნაკვალევს უკავშირდება. პრიზები რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა… მომავალი წლიდან ფესტივალი ყოველი წლის შემოდგომაზე გაიმართება და ერთ კვირას გასტანს. ამჯერად კი 8-12 მაისს ვატარებთ, შედარებით მცირე ფორმატით. რასაკვირველია, სრულად ვითვალისწინებთ რეგულაციებს“.