„დიოგენესთვის“ ახალი სიცოცხლე იწყება | ინტერვიუ თამარ ლებანიძესთან

ბასტი მგალობლიშვილი

„დიოგენე“ ნოემბერში 25 წლის გახდა. „პუბლიკა“ გამომცემლობის ხელმძღვანელს, თამარ ლებანიძეს განვლილ წლებზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. წელს გამომცემლობამ მკითხველს არაერთი პროექტი შესთავაზა. მათ შორის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი, რომელიც სხვადასხვა პირობითა და ნომინაციით აქამდე 5-ჯერ გაიმართა. ამ კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ დღეს, 10 დეკემბერს გამოავლინა. გამარჯვებულთა ნამუშევრები კრებულის სახით გამოიცემა.

პანდემიის მიუხედავად, „დიოგენემ“ მკითხველს არაერთი პროექტი შესთავაზა. მათ შორის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი. რამდენად დიდი იყო დაინტერესება მთარგმნელთა მხრიდან?

სანამ წლევანდელ წელს შევეხები, მინდა ისტორიულად მიმოვიხილო ეს კონკურსი. ბატონი ვახუშტი რომ გარდაიცვალა, ჩვენ, რა თქმა უნდა, სულ გვქონდა სურვილი, რომ რაღაცნაირად მის სახელთან დაკავშირებული პროექტები განგვეხორციელებინა, მანამდე სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვმეგობრობდით და ვთანამშრომლობდით ბატონ ვახუშტისთან და სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო ახალგაზრდა მთარგმენელებისთვის ჩატარებული მასტერკლასი, წიგნადაც გამოვეცით ამ მასტერკლასის მასალები. მერე 2010 წელს ჩავატარეთ პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის კონკურსი, მერე 2011-ში ჩავატარეთ იგივე კონკურსი, ნამდვილად ძალიან საინტერესო შედეგები იყო და იმ დროისთვის ბევრი ახალი სახელი გაჩნდა, რომელიც დღეს უკვე ცნობილია ქართულ ლიტერატურულ წრეებში.

და მერე გვქონდა პაუზა, ბევრი მიზეზის გამო, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ „დიოგენეს“ გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა, თავიდან ბოლომდე ჩვენი დაფინანსებით ტარდებოდა 2010-სა და 2011-ში ეს კონკურსები. მერე უკვე 2016, 2017 და 2018 წლებში დავიწყეთ თანამშრომლობა მწერალთა სახლთან. მწერალთა სახლს ჰქონდა ინიციატივა, რომ ეს კონკურსი აღედგინა და, საბედნიეროდ, სრული მხარდაჭერაც ჰქონდა კულტურის სამინისტროდან, შესაბამისად, 2016, 2017 და 2018 წლებში ეს კონკურსი ჩატარდა, ოღონდ ცოტათი სახეცვლილი, იმ თვალსაზრისით, რომ პრემია გაიცემოდა ორ ნომინაციაში – ლიტერატურული პერიოდიკა და წიგნად გამოცემული თარგმანი. არ იყო ასაკობრივი შეზღუდვა. ამის შემდეგ 2019-ში, სამწუხაროდ, არ ჩატარებულა და აი, წელს – 2020-ში გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა.

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი წელს ვახუშტი კოტეტიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო სიმპოზიუმის გამართვას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო, სამწუხაროდ, გადაიდო. და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ეს კონკურსი, რომელიც ისევ ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის არის. მონაწილე მაქსიმუმ 35 წლის შეიძლება იყოს. გავზარდეთ ნომინაციების რიცხვი და, გარდა მხატვრული პროზისა და პოეზიისა, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნომინაცია – არამხატვრული ტექსტები და, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება. ვნახოთ, რას როგორ ართმევენ თავს ახალგაზრდა მთარგმნელები და შესაბამისად, სტიმული მიეცეთ მათ, ვისაც აინტერესებს არამხატვრული ტექსტების თარგმნა.

60 თარგმანი შემოვიდა, 60 კონკურსანტი გვყავს, რაც ძალიან კარგი შედეგია. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან აქტიურად დაინტერესდნენ ახალგაზრდები და იმედი გვაქვს, რომ საინტერესო ახალ სახელებს აღმოვაჩენთ, როგორც ყოველთვის ყველა კონკურსის მერე ასე ხდება ხოლმე. რაც შეეხება სამომავლოდ ამ კონკურსის ბედ-იღბალს, ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება და იმის იმედიც მაქვს, რომ მწერალთა სახლთან თანამშრომლობაც გაგრძელდება იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, წინა წელს ეს ვერ მოხერხდა რიგი მიზეზების გამო და მომავალ წელს – ვნახოთ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული და მათ შორის, რა თქმა უნდა, ფინანსურ საკითხებზე.

რახან არამხატვრული ტექსტებიც ახსენეთ, ხომ არ გეგმავს „დიოგენე“ არამხატვრული ტექსტები გამოცემას თუნდაც სერიის სახით?

ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ჩვენი მკითხველი, რომელიც ენდობა „დიოგენეს“ ხარისხს, განსაკუთრებით სერიოზული ტექსტების თარგმნის შემთხვევაში. კი, ნამდვილად გამოვცემთ, არ ვიცი, სერიის სახე ექნება თუ არა, მაგრამ ძალიან საინტერესო სიურპრიზები ელოდება ჩვენს მკითხველს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვართ გეგმებისა და არამარტო გეგმების ჩამოყალიბების სტადიაში. განახლდა ჩვენი შემადგენლობა – სერიოზული სიახლეებია ახალი კადრების თვალსაზრისით და შესაბამისად, ახალ იდეებს ინტენსიურად ვამუშავებთ.

უახლოეს მომავალში, შემიძლია გითხრათ, რომ გამოვცემთ ალფრედ ადლერის ნაშრომს და ეს იქნება უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში, მაგრამ ამის გარდა ვგეგმავთ, რომ კარლ გუსტავ იუნგის შრომები ცალკე გამოვცეთ – ეს პროექტიც დამუშავების სტადიაშია და ის ცნობილი ტექსტები, რომელთა რეპრინტსაც ელოდება საზოგადოება, აუცილებლად შედგება.

მხატვრულ ნაწარმოებებზეც ხომ ვერ გაგვიმხელდით, რა სიურპრიზები ელოდება მკითხველს?

ძალიან საინტერესო სიახლეების წელი გველოდება. „დიოგენე“ 25 წლის გახდა და დადგა დრო, ასე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე დავიწყოთ, თუ გნებავთ ამას რებრენდინგი დაარქვით, თუ გნებავთ ახალი სასიცოცხლო ციკლი. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ამდაგვარი ხდება ახლა. მხატვრულ ტექსტებს რაც შეეხება, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რაშიც ჩვენი მკითხველი ყოველთვის მოგვყვებოდა, ეს არის ახალი სახელების შეთავაზება და აღმოჩენა. ეს ახალი სახელები, რა თქმა უნდა, ის სახელებია, რომლებსაც დასავლეთში იცნობენ და არამარტო დასავლეთში – აღმოსავლეთშიც, თუმცა ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ.

რამდენიმე ავტორი მე უკვე დავაანონსე, მაგალითად, უილიამ ტრევორი, ნატალია გინზბურგი და პრიმო ლევი, მაგრამ არის კიდევ ერთი – კანადელი მწერალი ქალი – მეივის გალანტი, მის მოთხრობების კრებულს რამდენიმე თვეში გამოვცემთ და ეს სიახლეები ჩვენს მკითხველს ელის უახლოესი ერთი თვის განმავლობაში.

რა გეგმები გაქვთ მთარგმნელთა სახელოსნოსთან დაკავშირებით?

ორი სამომავლო გეგმა გვაქვს და იმედია, პანდემია დასრულდება და ადამიანური, ცოცხალი ურთიერთობების საშუალება მოგვეცემა. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს გასვლით, რამდენიმედღიან სესიას; ცოცხალ რეჟიმში, როდესაც რამდენიმე საათი ზედიზედ შეუძლიათ მონაწილეებს, იმუშაონ, „დაიხოცონ“ მუშაობით და, შესაბამისად, შედეგიც უფრო ნაყოფიერი იქნება.

ჩვენ კიდევ ერთი ჩანაფიქრი გვაქვს, რაც შეეხება ახალგაზრდა და გამოცდილი მთარგმნელების ურთიერთობას, ძალიან საინტერესო ექსპერიმენტული ჩანაფიქრია, რომელსაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე განვახორციელებთ.

24 ნოემბერს „დიოგენე“ 25 წლის გახდა. როგორ შეაჯამებდით ამ წლებს? რა ძირითად პრობლემებს წააწყდით როგორც გამომცემელი?

პრინციპში, გამომცემელს ნებისმიერ ქვეყანაში დაახლოებით ერთსა და იმავე პრობლემებთან უწევს ჭიდილი. რას ვგულისხმობ – გამომცემელი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციუმთან და შესაბამისად, გარემო მისთვის არის უმნიშვნელოვანესი. მე ვგულისხმობ ფინანსურ გარემოს, პოლიტიკურ გარემოს (ამ შემთხვევაში სიტყვა „პოლიტიკურს“ არა პოლიტიკური დატვირთვა აქვს, არამედ დარგის პოლიტიკას ვგულისხმობ, კერძოდ, წიგნის განვითარების პოლიტიკას). სასაცილოა, მაგრამ ის, რაზეც ვლაპარაკობდი პირადად მე 10-15 წლის წინ, თუნდაც 20 წლის წინ, დღესაც ძალაშია, რადგან დღესაც არ არსებობს კანონი წიგნის შესახებ, რომელიც, მგონია, რომ სასურველია ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს. იმიტომ, რომ ასეთი კანონმდებლობა საშუალებას გაძლევს, დაინახო მთლიანი ინდუსტრია, მთლიანი დარგი, როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე კულტურული კუთხით და შესაბამისად, შენ როგორც სახელმწიფომ, დასახო კურსი ამ დარგის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ სტრატეგიული გეგმა. სასურველია, ასეთი დოკუმენტი არსებობდეს.

რას გულისხმობს წიგნის შესახებ კანონი? რას უნდა არეგულირებდეს?

ბევრ რამეს არეგულირებს, მაგალითად, ჩვენთვის მნიშვნელოვანს – საგადასახადო გარემოს. იმისათვის, რომ დარგი განვითარდეს, ჩვენ გვჭირდება, ჩემი აზრით, შემოქმედებით ინდუსტრიების მხარდასაჭერადაც მნიშვნელოვანია, მაგალითად, დაბეგვრის რეჟიმის მოწესრიგება. ასევე, სასურველი იქნებოდა, საშემოსავლო გადასახადის წესის სხვაგვარად ფორმულირება ისევ იმისათვის, რომ დარგს ჰქონდეს მეტი მხარდაჭერა და წიგნების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მოკლედ, ბევრი საკითხია – დაწყებული წიგნის ცნების ფორმულირებით – რას ნიშნავს წიგნი? –  ბოლო წლებში ელექტრონული წიგნების რეალობა დაგვემატა და ძალიან მნიშვნელოვანია, კანონში ზუსტად იყოს ფორმულირებული, რას ვეძახით ჩვენ წიგნს. თითქოს დეტალია, მაგრამ ეს არის ფუნდამენტი – ელემენტარული განსაზღვრების დონეზე კანონმდებლობის მოწესრიგება საჭიროა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საბიბლიოთეკო სისტემა, ამ სისტემაში პრინციპების დალაგება, განვითარების გეგმის შემუშავება. აქაც, რა თქმა უნდა, მე მაქვს მოსაზრებები და არსებობს კარგი ქვეყნების გამოცდილება, საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გვიბიძგებს რაღაც გადაწყვეტილებებისკენ… სამწუხაროდ, ამ თემის შესახებაც ნაკლებად მიდის მსჯელობა.

სახელმძღვანელოებსა და საგანმანათლებლო კუთხით პოლიტიკას ახლა არ შევეხები, თუმცა ეს ძალიან მტკივნეული საკითხია.

ვფიქრობ, თუ გამომცემლები, ავტორები, მთარგმნელები და ამ საქმესთან დაკავშირებული ხალხი იქნება ცოტა უფრო მშვიდად და მათ ექნებათ სტაბილური განვითარების საშუალება, ეს აუცილებლად მოგვცემს სწორად, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას. კრიტიკულ აზროვნებაში ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მდაბიო კრიტიკა, რომელიც ესოდენ გავრცელებულია. კრიტიკულ აზროვნებაში იგულისხმება კომპლექსური ანალიზის უნარი და პრაქტიკა, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს საზოგადოებას განვითარებისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ აბსოლუტურად ყველა სფეროში სწორი ხედვის ჩამოყალიბება და მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ ქართველ გამომცემლებსა და იმ ადამიანებს, ვინც ქართულ წიგნსა და ქართულ ენას ემსახურება, გაცილებით მეტი მისია აქვთ, უფრო მნიშვნელოვანი მისია, ვიდრე სახელმწიფო ხედვაში და თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტშია ეს ამ წუთას ციფრებში გამოხატული.

გვერდს ვერ ავუვლით პანდემიას. როგორ აისახა გამომცემლობის მუშაობაზე პანდემია და რა პრობლემები შეგიქმნათ? ან პირიქით, ახალი გზები ხომ არ გაგიხსნათ? მაგალითად, პენ-მარათონი ხომ ონლაინრეჟიმში ჩატარდა.

ნებისმიერ რაღაცას უნდა შევხედოთ შესაძლებლობების კუთხით, ეს არის ყველაზე საინტერესო გამოცდილება, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. შესაძლებლობების აღმოჩენა იქ, სადაც თითქოს გზები დახშულია.

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიყოჩაღებთ, ჩვენზე – ამ შემთხვევაში ადამიანებს და არა მაინცდამაინც ქართველ გამომცემლებს არ ვგულისხმობ. მგონია, რომ, რასაც მე ვუკვირდები გლობალურად, იმდენად საინტერესო ცოდნა დაგროვდა საკუთარი თავის შესახებ, რომ აუცილებლად დადგება ახლო მომავალში მომენტი, როდესაც ამის გადააზრებას პრაქტიკულად სხვაგვარად დავიწყებთ და იმედი მაქვს, რომ ჰუმანიზაციის ტენდენციები გაძლიერდება იმიტომ, რომ ნამდვილად იყო დეჰუმანიზაციის პრობლემა ყველგან და ეს იყო მანიპულირების საგანი სხვათა შორის, ცუდი მანიპულირების საგანი. იმედი მაქვს, რომ უფრო ჭეშმარიტ ღირებულებებს მივუახლოვდებით.

სამომავლო გეგმებზე კიდევ რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რაც მკითხველმაც უნდა იცოდეს?

მკითხველმა უნდა იცოდეს ისიც, რომ, გარდა კონკრეტული გეგმებისა, „დიოგენეს“ პრიორიტეტად რჩება – მაქსიმალურად პოზიტიური სოციალური ეფექტის მქონე პროექტები, ბევრი ქველმოქმედება და ბევრი ინტერაქცია. იქნება ისეთი პროექტებიც, რომელთაგანაც სარგებელს ჩვენი კოლეგა კონკურენტებიც ნახავენ. ეს სექტორს მთლიანად გააძლიერებს და ამ თვალსაზრისით „დიოგენეზეც“ ძალიან კარგად აისახება, გარდა რეპუტაციული პლუსებისა. ყველაფერს ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მაგრამ მთელი გულითა და სულით ველოდები ამ სიახლეს მე თვითონ, როგორც ამ სიახლეების ერთ-ერთი სულისჩამდმელი და მონაწილე. ველოდებით საზოგადოების მხრიდან კეთილგანწყობასაც, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია.