Ecclesia semper reformanda (est) – შვეიცარიელი თეოლოგის კარლ ბარტის ამ პოპულარულ ფრაზას ქართულ რელიგიურ კონტექსტში თუ მოვიხმობთ, ჩვენ ენაზე დაახლოებით ასე ჟღერს: „ეკლესია სულმუდამ რეფორმის პროცესში“.
რეფორმა აქ არ უნდა გავიგოთ დასავლური რეფორმაციის ექვივალენტად, არამედ ცვლილებების, კონტექსტის აღქმის და შესაბამისად ქრისტეს მისტიური სხეულის ამქვეყნიური ხილული მხარის განახლების, განწმენდის, კონკრეტული ეპოქის მიერ მოტანილი გამოწვევებისა და პრობლემების დაძლევის გზების მოძიებად…
იესო ქრისტეს მოწმობა და სახარების ქადაგება ქრისტიანულ ეკლესიას სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, პოლიტიკურ სისტემებსა თუ რეჟიმებში უწევდა. ერთმანეთს ანაცვლებდა დევნის, პრივილეგიების, სიბნელისა, განხეთქილების თუ განახლების ჟამი.
Ecclesia semper reformanda-მ განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში დასავლეთის ეკლესიებში არსებულმა კრიზისმა კვლავ გაახსენა თეოლოგებისა და სასულიერო იერარქიის ერთ ნაწილს თავი (მაგ. კარლ ბარტი, ჰანს კიუნგი), როდესაც ქრისტიანული ეკლესიები და მისი სამწყსო ტრაგიკული მოვლენების მოწმე თუ თანამონაწილე გახდა, იქნებოდა ეს ხშირად წმინდა წერილით ეკლესიის უმაღლესი იერარქიის მხრიდან გამართლებული კონფესიური, რასობრივი თუ ეთნიკური შეუმწყნარებლობა, რელიგიური კონფლიქტები, ტოტალიტარული რეჟიმები ფაშიზმი და კომუნიზმი, ქრისტიანულ კონტინენტზე წარმოქმნილი ორი მსოფლიო ომი და მისგან მიღებული უმძიმესი შედეგები.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული საეკლესიო, მორალური თუ საღვთისმეტყველო კრიზისი მისტიური გადმოსახედიდან ისევ საღვთო დაშვებულობის შედეგია. ეს არის ერთგვარი შანსი მეტანოიისა, ეკლესიის ხილული მხარის წარმომადგენლების ამ წუთისოფელში თვითსინანულში ჩავარდნისა, პირობითად „უმაღლესი“ იერარქიიდან ეკლესიის რიგითი წევრების, ერისკაცების ჩათვლით. ჩვენ კი ბოლო მოვლენებმა (ფართო მასებს მედიის დახმარებით) ნათლად დაგვანახა ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები: ეკლესიის საკადრო პოლიტიკა, საპატრიარქოს დახურული სისტემა და კორუფცია, საღთისმეტყველო განათლების სიმწირე, საგარეო პოლიტიკა, ქრისტიანობის უნივერსალური გზავნილის ვიწრო რელიგიური ნაციონალიზმით ჩანაცვლება, მორალური კრიზისი (განსაკუთრებით სასულიერო იერარქიისა და სასულიერო ელიტის), საეპარქიო და სამრევლო ცხოვრებაში მთელი რიგი დარღვევები და სხვა.
ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა არსებული კრიზისიც არის შანსი პრობლემების გაცნობიერების, ანალიზის და გამოსავლის სასწრაფოდ მოძიების, სადაც ჩართული იქნება ეკლესიის თითოეული წევრი. ასე მაგალითად უფსკრული, მტრობა და გაუცხოება უმაღლეს იერარქიასა და თეოლოგებს შორის უნდა დაიძლიოს.
ათეულობით წლების განმავლობაში ნაწილმა სასულიერო პირებმა უზრუნველად მიიღეს რა ძალაუფლება და სახელმწიფო „ბონუსები“, რამაც მათი ჭეშმარიტი მოწოდება დაავიწყა და საქმეში დააუძლურა.
ქრისტეს სახელით სიყვარულის, შენდობის, ურთიერთპატივისცემის, სოლიდარობის, სამართლიანობის ქადაგების ნაცვლად, სასულიერო დასის ერთი ნაწილი ხშირად ირაციონალური მტრების ძიებას და ნადირობას უთმობდა დროს.
დავიწყებულმა და ოქროვერცხლში ჩაკეტილ-დადუმებულმა სახარებამ ვერ შემოკრიბა ღვთის ხალხი ქრისტეს მისტიურ სხეულში საეკლესიო საიდუმლოებებში თანამონაწილეობით, რომელიც შემდგომში თითოეულ ადამიანში იქნებოდა ნაპერწკალი ღვთივსათნო ცხოვრების და იმავდროულად ღირსეული და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქედ გარდაქმნისა.
ეკლესიის სასულიერო იერარქიისა და ელიტის ნაწილმა პირადი კაპიტალის, ძალაუფლების, გავლენების და კეთილდღეობის შენება-განმტკიცება ამჯობინა, რომელიც დაფუძნებული იყო ცენტრისადმი ყველაფრისფასად ერთგულებასა და მლიქვნელობაზე, ეკლესიის წიაღში წარმოქმნილი პრობლემების უგულვებელყოფით, გადაფარვითა თუ შემდგომში წახალისებით.
არსებული მდგომარეობა არ არის ტრაგედია ან აპოკალიფსი, არამედ შანსი, ეკლესიის თითოეული წევრი დავფიქრდეთ ქრისტეს წინაშე ჩვენი როგორც ცალკეული თავისუფალი მოაზროვნე პიროვნება, იმავდროულად ქრისტიანული თემის წევრებმა გავაცნობიეროთ ჩვენი მნიშვნელობა ქრისტეს ეკლესიის წინაშე და შევახსენოთ, გამოვაფხიზლოთ ან სულაც შევაზანზაროთ ძალაუფლების ვერტიკალში მსხდომნი (ასევე მათ გარშემო მორბენალი ფარისეველი ჯგუფები) რიგითი მღვდელთავრის თუ მღვდლის ჩათვლით სმე-ში, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება! და რომ ტაძრები, მონასტრები, რეზიდენციები….. ღვთისა და ხალხის მსახურებისათვის ებოძათ მათ!
ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გახდეს წვდომადი, ღია და დიალოგის უნარით აღიჭურვოს საპატრიარქო მთელი თავისი ქვემორე ორგანიზაციებით.
დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებები თეოლოგიური განათლების კუთხით, სასულიერო სემინარია-აკადემიიის ათწლეულობით უძრაობის, ტყუილებისა და უმოქმედობის ეპოქა უნდა დასრულდეს. დაფუძდეს ძლიერი საღვთისემტყველო ცენტრი (მაგ. უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩინდება, პედაგოგების გადამზადება თუ სემინარისტების გაცვლით-პროგრამები წამყვან საღვთისმეტყველო სკოლებთან).
საღვთისმეტყველო ცოდნის გარდა უნდა შედგეს სამღვდელო ფორმაციისათვის აუცილებელი რამდენიმეწლიანი სასულიერო სემინარია, სადაც მომავალი სამღვდელო კადრები სამღვდელო მსახურების პრაქტიკულ და სულიერი მხარეს შეისწავლიან.
ამ ორი პირობის და მკაცრი კომისიის გავლის შემდეგ მოხდეს სასულიერო პირების კურთხევა.
შეიქმნას საეკლესიო სასამართლო არა მხოლოდ საეკლესიო ცენტრში საპატრიარქოში, ასევე დიდ მიტროპოლიებში, სადაც ობიექტურად იქნება თითოეული საქმე თუ საჩივარი განხილული, იქნება მომჩივარი ეპისკოპოსი, მღვდელი თუ ერისკაცი.
ფაქტიურად არაქმედითი სინოდალური ფორმის მმართველობა უნდა გაუქმდეს, საჭიროა ახალი მმართველობითი ფორმის და შინაარსის ძიება, სადაც მხოლოდ პატრიარქი და მღვდელმთავრები არ იქნებიან ეკლესიის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიმღებნი…. (მაგ. შეიქმნას მცირე მუდმივმოქმედი სინოდი თავისი სამდივნოთი, ან აღდგეს გაუქმებული საკათალიკოსო საბჭო, მრჩეველთა წრით: ანალიტიკოსებით, თეოლოგებით, სოციოლოგებით, ისტორიკოსებით და ა.შ.) ეპარქიებშიც უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი მრევლის თუ მღვდლების ხმა საეკლესიო მმართველობის პროცესში…
ყველა ღიად გაჩენილ მწვავე კითხვებს ეკლესიამ ნათელი უნდა მოჰფინოს, გასცეს პასუხი და რიგ შემთხვევებში არა მხოლოდ სიტყვიერ ბოდიშს, არამედ საკუთარ საეკლესიო ხარისხის დათმობასაც დასჯერდეს.
მოხდეს ეკლესიის დეცენტრალიზაცია, გადაიხედოს კონკორდატი და მართვა გამგეობის წესსი.
მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისათვის დაფინანსების სრული ფილტრაცია.
მოხდეს საღვთისმეტყველო განათლების გარეშე ნაკკურთხი სასულიერო პირების სულმცირე ეტაპობრივი გადამზადება.
შედგეს სამონასტრო დებულება, რომლის აღსრულება მკაცრად დაევალება ყველა მონასტერს. ეს უკანასკნელი ძალიან მცირე ნაბიჯი იქნება სამონასტრო ცხოვრების აღდგენისაკენ გადადგმული…
მოხდეს სრული აღრიცხვა სასულიერო პირების და მონაზვნობის.
გახდეს ფინანსები მაქსიმალურად ღია, შევიდეს აუდიტი ყველა საეკლესიო დაწესებულებასა თუ საპატრიარქოში.
ჩამოყალიბდეს სამრევლო და საეპარქიო საბჭოები, ერისკაცების მონაწილეობის უფლებით (ასევე ქალების).
მოხდეს რიგითი სასულიერო პირების (განსაკუთრებით) რეგიონებში მოღვაწე მრავალშვილიანი მღვდლების სოციალური მხარდაჭერა, მოხუცებული სასულიერო პირებისათვის განისაზღვროს პენსია, სამედიცინო დაზღვევა და ა.შ.
ნაბიჯ-ნაბიჯ დაბრუნდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენურ, ინტერრელიგიურ თუ საერთომართლმადიდებლურ ფორუმებზე, სადაც აქტიურად იქნება წარმოდგენილი საკუთარი პოზიციებით მისი მეტნაკლებად ინტელექტუალური შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც იქნება ერთგვარი პლატფორმა ეკლესიის, სრულიად საქრისტიანოს თუ გლობალური (ასევე სახელმწიფოს) გამოწვევებზე თუ პრობლემებზე სასაუბროდ. მაგ: ოკუპაცია, სოციალური უთანასწორობა, რელიგიური შეუმწყნარებლობა, მშვიდობის თუ ეკოლოგიის მნიშვნელობაზე, ეთნიკურ ნიადაგზე დევნა-შევიწროება.
გავცდეთ მოსკოვის საპატრიარქოსთან მჭიდრო კავშირებს და დაიწყოს აქტიური ურთიერთობა სხვადასხვა ადგილობრით მართლმადიდებელ თუ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან.
მოხდეს თითქმის ყველა მღვდელმთავრის ეტაპობრივი ჩანაცვლება შემდგომ თხუთმეტ-ოც წელიწადში პატიოსანი, ქრისტეს და ადამიანების მოყვარე, განათლებული და პატრიოტი სასულიერო პირების მიერ.
უფრო მეტად გაძლიერდეს სოციალური მსახურება განსაკუთრებით რეგიონებში, ეკლესიას აქვს პოტენციალი დაარსოს ძლიერი სკოლები, საბავშვო ბაღები, თავშესაფრები, სოციალურ სამსახურები ან უკვე არსებული გააძლიეროს…
მოხდეს სახელმწიფოს და ეკლესიის მაქსიმალური გამიჯვნას, ეკლესიამ არ მისცეს პოპულისტ სახელმწიფო თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს რელიგიური გრძნობების ინსტრუმენტალიზირებით ზემოქმედება მოახდინოს ჩვენ მოქალაქეებზე.
მზად იყოს საეკლესიო ცენტრი, მღვდელმთავრები თუ მღვდლები გააჟღერონ საკუთარი პროფეტული ხმა, გახდნენ მოწყალე სამარიტელნი როდესაც საზოგადოებაში რომელიმე კონკრეტული იროვნების თუ თემის ღირსება ფეხით ითელება, იდევნება, იჩაგრება, განურჩევლად სხვადასხვა სოციალური კლასის, ეთნოსის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის….ვინაიდან ამბობს უფალი „არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც“ (ლუკ 16:13)
ეს არის იქნება პირველი სუნთქვა ამის გარდა უამრავი კითხვები, გამოწვევები და პრობლემები რჩება, თუმცა „სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში“ (ლუკ 10:2)
რაც შეეხება თეოლოგების (საერო თუ სასულიერო ხარისხის მქონე) როლსა და მნიშვნელობას კრიზისულ პერიოდში, ეს ნიშნავს „მუდმივ პროტესტს“ ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე, მოწოდებას იერარქიისადმი, არ დააკარგინოს კავშირი ხალხს ღმერთთან და ეკლესიასთან, მის ჭეშმარიტ საეკლესიო სწავლებასთან, იქნება ეს დოგმატური, სამოძღვრო, კანონიკური თუ ეთიკური სახის… თეოლოგების დახმარებით გააზრებულ იქნეს ეკლესიის სწავლება და გზავნილი, გახადოს ის ასევე გარკვეულწილად გონებით წვდომადი დაწყებული უმაღლესი იერარქებიდან დამთავრებული ტაძარში შემთხვევით მოხვედრილი რიგითი თეისტი თუ ათეისტისათვის. თეოლოგები უნდა იყვნენ პროფეტები თავიანთი ცხოვრებითა და ხმით, შეიძლება მარგინალიზირებულები, თუმცა საქმესა და სიტყვეში რწმენით სავსენი და გაბედულები.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, იქნება ეს სასულიერო თუ საერო, უნდა შევთანხმდეთ ეკლესიაში ცვლილებების, გარდაქმნის, რეფორმის თუ განახლების საკითხზე. და ბოლოს უძრაობის წლების დასრულების დროა!
P.s. თითქმის ყოველი მაღალი სასულიერო იერარქის ეკრანებზე გამოჩენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეკლესიაში არსებულ მძიმე და რთულ პრობლემებს, ამისათვის ქართულ მედიას დიდი მადლობა ეკუთვნის!
შოთა კინწურაშვილი – თეოლოგიის მაგისტრი
მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი