სინოდის სხდომის შემდგომ საკითხავი

 

„Судия П…ст!“ – დაახლოებით ამ ბანალური ფრაზის მსგავსი კომენტარით დატოვა მეუფე პეტრე ცაავამ 31 ოქტომბრის (სწორედ ამ დღეს გამოაკრა მარტინ ლუთერმა საკუთარი 95 თეზისი ვინთერბერგის კათედრალის კარზე) სინოდის სხდომა.

სხდომამდე არსებული რეალიები ამგვარ ფინალზე არანაირად არ მიგვანიშნებდნენ, თუმცა ჭყონდიდელი პირველი არ ყოფილა, ვინც პატრიარქს „საეკლესიო კანონიკური ჰომოფობიის“ (ცნების ავტორი თეოლოგი ბ. მინდიაშვილი) პოზიციებიდან დასდო ბრალი ნორმების დარღვევაში.

ამგვარ მხილებას ადგილი ჰქონდა მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის მხრიდანაც 1983 წელს. პატრიარქისადმი გაგზავნილ მის წერილებში იგი ილია მეორეს ჰომოსექსუალი სასულიერო პირების მფარველობასა და ფავორიტიზმში ადანაშაულებდა. არსებობდა თუ არა ბრალდების რეალური საფუძველი, ამის გარკვევა ვერ მოხერხდა, რადგან ძალიან მალე პატრიარქმა ეპისკოპოსის ხარისხისგან განაყენა ბრალმდებელიც და ბრალდებულნიც.

აღსაყდრებიდან დღემდე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ განკვეთილ იქნა სულ ოთხი ეპისკოპოსი, ხოლო მღვდელმოქმედება აეკრძალა კიდევ ხუთს. განკვეთილ იქნენ მიტროპოლიტები გაიოზ კერატიშვილი (1980 წ.) და ნიკოლოზ მახარაძე (1983), მთავარეპისკოპოსები იოანე ანანიაშვილი (1983) და ამბროსი ქათამაძე (1998). მღვდელმოქმედება აეკრძალათ და წმინდა სინოდის წევრობა ჩამოერთვა მიტროპოლიტებს რომანოზ პეტრიაშვილს (1978) და შიო ავალიშვილს (1986), ეპისკოპოსებს ილარიონ სამხარაძეს (1978) და ქრისტეფორე წამალაიძეს (1995). სულ ბოლოს კი მათ რიგს მიტროპოლიტი პეტრე შეურთდა (2019).

ყველა ჩამოთვლილი საქმის ნამდვილი არსის გამოკვლევას ის ფაქტორი აფერხებს, რომ სინოდის მიერ ხელმოწერილ შესაბამის აქტში მიზეზად ყოველთვის რჯულის კანონის ესა თუ ის მუხლი სახელდება და არა რეალური საბაბი სასჯელისა. სწორედ იგივე მდგომარეობა გვაქვს მოცემულ მომენტში, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს „რჯულის კანონით“ ეხმალავება.

ამ კონტექსტში მეტად ყურადსაღებია შემდეგი გარემოებები. საეკლესიო კანონთა ეს კოდექსი, რომელიც ეკლესიის დოგმატური სწორებების განმსაზღვრელი და ადმინისტრაციული მოწყობის საფუძველია, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურულ ძეგლს წარმოადგენს, რადგან საქართველოს ეკლესიას არ გააჩნია საეკლესიო სასამართლო, რის გამოც „კანონიკებზე“ საუბარი აბსურდია, რადგან გამორიცხულია სამართალწარმოება შესაბამისი ინსტიტუციისა და პრეცუდურული მიმდინარეობის გარეშე.

საეკლესიო სასამართლოს ფუნქციები შეთავსებული აქვს სინოდს, თუმცა აქაც სერიოზული ჩავარდნაა. კონკრეტულად კი, სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით საქართველოში არ არსებობს საკათალიკოსო საბჭო ან რაიმე სხვა სინოდის მუშაობის მაკოორდინებელი ინსტიტუცია. შესაბამისად, სინოდის მუშაობის ხანგრძლივობა მოიცავს წელიწადში მხოლოდ ექვს ან მაქსიმუმ ცხრა საათს. ეს დრო კი დამეთანხმებით სრულიად არასაკმარისია დიდი რაოდენობით დაგროვილი სამართლებრივი საკითხების გარკვევისათვის.

სინოდის სხდომაზე წამოჭრილი ურთიერთბრალდებების მუხლობრივი შესაბამისობების განხილვა დასახელებულ მიზეზთა გამო უსაგნოა. მით უმეტეს, რომ მეუფე პეტრესთან მიმართებაში არსებულ იურიდიულ დარღვევებზე უკვე ამომწურავად ისაუბრა კანონისტმა ვლადიმერ ნარსიამ. თუმცა საინტერესოა შემდეგი გარემოება. სინოდის პრაქტიკიდან გაქრა სახარებაში ქრისტეს მიერ ნაქადაგები (მათე 18, 15-17) და მოციქულთა დროიდან მოყოლებული ეკლესიის პრაქტიკული მხარის ქვაკუთხედი – საჯარო კრებსითობა.

უფრო პრაქტიკულად რომ ჩამოვაყალიბოთ, არც მიტროპოლიტ პეტრეს დასჯას უძღოდა წინ რეალური კენჭისყრა, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის თანხლებით და თავის მხრივ არც მეუფე პეტრეს მიეცა, საშუალება საკუთარი სათქმელის ჩამოყალიბებისა და ორი მოწმის წარდგენისა. შესაბამისად მივიღეთ სრული გაუგებრობა. ისე გამოვიდა, თითქოს ამდენი სისტემური პრობლემის მქონე ეკლესიაში პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქის სექსუალური გემოვნება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იყოს. არადა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მანამდე, მართალია ძალიან სუსტად, მაგრამ მაინც ავითარებდა საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის სისტემურ კრიტიკას.

რატომ მოუნდა მაინცდამაინც ახლა მღვდელმთავარს სინოდის თავმჯდომარის „სოდომიაში“ მხილება, ბუნდოვან საკითხად რჩება. ეს შეიძლება გამოეწვია პატრიარქის ჯიუტ, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, დაესაჯათ მიტროპოლიტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საჯაროობის გამო. სავარაუდოდ, ეს უფრო ორი იერარქის შეჭიდება იყო, რომელთაგან ერთი მეორის „დაჩაგვრას“ ესწრაფვოდა, ხოლო მეორემ  თავდაცვის მიზნით „კონტრთავდასხმა“ განახორციელა.

სინოდის სხდომის ამგვარად, შუა გზაზე შეწყვეტამ სერიოზული გაურკვევლობა შექმნა პროცედურული თვალსაზრისით – რა მოხდება თუ მეუფე პეტრე არ დაემორჩილება სინოდის უმთავრეს მოთხოვნას და არ შეწყვეტს საჯაროდ საუბარს? სრულიად განკვეთენ მას სასულიერო ხარისხისაგან, თუ იგი სააპელაციოდ მიმართავს, მაგალითად, კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს? ასევე გაურკვეველი რჩება, სინოდს მართლაც სურს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება, თუ ეს მორიგი ნაბიჯია დროის გაწელვისა და მისი მუქარების გასანეიტრალებლად. ამ ბუნდოვანებაში ერთი სიცხადე მაინც იკვეთება. სავარაუდოდ, მეუფე იაკობის ბოლო სკანდალური ინტერვიუ, რომელშიც ის ხელისუფლებას ეკლესიის ინსტრუმენტალიზებისა და პატრიარქის გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებდა, იყო თავად საპატრიარქოსთან შეთანხმებული თავდაცვითი ღონისძიება, მოსალოდნელი დაძაბულობის ფონზე.

ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის სათავისოდ გამოყენების სურვილი დიდი ხანია ღია მისწრაფებაა. ეს იცის პატრიარქმა და ცდილობს, არ მივიდეს საქმე ღია კონფლიქტამდე და მეორე მხრივ, არ მოახდინოს მთავრობამ შიდა კონფლიქტების სათავისოდ გამოყენება. შესაბამისად, მოცემულ მომენტში, როდესაც საპატრიარქოს შიგნით მუდმივად არსებულმა შინაომებმა ღია სივრცეში გადმოინაცვლეს, საჭიროა ფრთხილი ბალანსის დაცვა. საპატრიარქო, ერთი მხრივ, ახმოვანებს ხელისუფლების წადილს ეკლესიის სრული დამორჩილებისა და, მეორე, მხრივ ეძებს მასში მოკავშირეს, საკუთარი ოპოზიციის წინააღმდეგ. თუ ეს ჩანაფიქრი წარმატებით დაგვირგვინდება მთავრობა პატრიარქს დაიცავს, მეუფე პეტრეს დაადუმებენ, მედიასაშულებებიც ამ პროცესის გაშუქებას შეწყვეტენ და მოსახლეობა ისევ ბედნიერი იქნება.

არადა, ეს კრიზისი შეიძლებოდა დანახული ყოფილიყო როგორც სერიოზული შანსი ქრისტიანობაზე ნამდვილად მოქცევისა და გამოყენებული ყოფილიყო ნამდვილ ქრისტიანულ კულტურად ქცევისათვის. თუმცა ამ საკითხებზე შემდგომ წერილებში მოგითხროთ.

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორი.