„ემიგრანტი ქალები საკუთარი თავისთვის შემოსავლის მინიმუმს იტოვებენ“ - ახალი კვლევა შრომით მიგრანტ ქალებზე

პუბლიკა

„საქართველოში შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ – ეკონომიკური სტაბილურობა“ – ასე ჰქვია ახალ კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ის შრომითი მიგრანტი ქალების საჭიროებებს აანალიზებს დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კონტექსტში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ შრომითი მიგრაციის არარეგულარული ხასიათის გამო რთულია მისი ზუსტი მაჩვენებლების განსაზღვრა. ასევე, საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობას სხვადასხვა წყარო სხვადასხვანაირად განსაზღვრავს.

UN DESA-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის საქართველოდან წასული მოსახლეობის რაოდენობამ 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია  და აქედან 51% არის ქალი. საქსტატის მიხედვით, კი, 2021 წლისთვის ემიგრანტების რაოდენობამ 99 974 შეადგინა, რომელთა 38% ქალია.

კვლევის მიგნებები ეყრდნობა 22 სიღრმისეულ ინტერვიუს შრომით მიგრაციაში მყოფ და დაბრუნებულ ქალებთან და ასევე, საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების ანალიზს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ უმუშევრობა და სიღარიბე კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს გამოწვევად, რასაც ადასტურებს როგორც საერთაშორისო ეკონომიკური საზომები, ისე მოსახლეობის დამოკიდებულებები. სწორედ ამის გამო, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ძიებაში, ქალების ემიგრაცია, ხშირად, უკიდურესი გამოსავალია.

როგორც მიგრანტ ქალებთან საუბარმა აჩვენა, მათი ნაწილი მოელოდა, რომ დიდი ხნით მოუწევდა ემიგრაციაში ყოფნა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, ზოგი კი ვარაუდობდა, რომ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებდა, ან საქართველოში სამსახურის გამოჩენის შემთხვევაში დაბრუნდებოდა. თუმცა, საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების საჭიროებები მუდმივად იზრდება და ემიგრანტი ქალები შვილების შემდეგ შვილიშვილების კეთილდღეობისთვის აგრძელებენ შრომას ემიგრაციაში.

„ვამბობდი, რომ პრობლემებს მოვაგვარებ და დავბრუნდები, მაგრამ პრობლემა პრობლემას ემატებოდა ეკონომიური მხრივ, უკან-უკან წავიდა ქართული ყოფიერება…“ (ემიგრანტი ქალი, 48 წლის).

კვლევის მიხედვით, ეს სურათი მიუთითებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომლის გამოც ოჯახები თაობათა ცვლის პროცესშიც კი რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულნი.

საქართველოს ეკონომიკაზე ფულადი გზავნილების გავლენა ყოველწლიურად იზრდება. ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, უშუალოდ მუშაკთა გზავნილებმა 2022 წელს 2. 3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს დაახლოებით 9%-ია. წინა წლებს, განსაკუთრებით პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 916. 3 მლნ აშშ დოლარი იყო, მშპ-ს დაახლოებით 5% .

„სამწუხაროდ, სქესის ნიშნით სეგრეგირებული ინფორმაცია ფულადი გზავნილების შესახებ არ არსებობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იტალია და საბერძნეთი – ქართველი ემიგრანტი ქალების მთავარი მიმღები ქვეყნები – სიის სათავეში არიან, შეიძლება ვიმსჯელოთ ემიგრანტი ქალების მნიშვნელოვან ეკონომიკურ კონტრიბუციაზე, „- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევები აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულში ფულადი გზავნილები წარმოადგენდა მიმღები შინამეურნეობების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა რთულია მის მდგრად ეკონომიკურ გავლენებზე საუბარი, რამდენადაც ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი იხარჯება ისეთ პირველად საჭიროებებზე, როგორებიცაა საკვები (79%), კომუნალური გადასახადები (63%) და ტანსაცმელი (53%). ფულადი გზავნილების მიმღებთაგან, მხოლოდ 7% ახერხებს დანაზოგის გაკეთებას ბიზნესის დასაწყებად და უძრავი თუ მოძრავი ქონების შესაძენად.

ეს ტენდენცია ნათლად გამოჩნდა ამ კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუებიდანაც. ემიგრანტი ქალები საკუთარი თავისთვის შემოსავლის მინიმუმს იტოვებენ და ცდილობენ მაქსიმუმი გამოაგზავნონ ოჯახებში, რაც ხშირ შემთხვევაში, საქართველოში დატოვებული ოჯახისა თუ გაფართოებული ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებს და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას ხმარდება.

კვლევაში ნათქვამია, რომ ოჯახისა და სახლისგან შორს ყოფნის ტკივილს თან ერთვის შესრულებული სამუშაოს ფიზიკური და ემოციური სირთულეები, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ემიგრანტი ქალების სამუშაო ხშირად ძალიან სტრესულია, გულისხმობს მუდმივად სხვის ოჯახში, „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრებას და თან სდევს შრომითი უფლებების დარღვევა. ხანგრძლივი ემიგრაცია კი, თითქმის გარდაუვალად იწვევს ოჯახთან და საზოგადოებასთან გაუცხოების პრობლემას, რაც ქალებს თავს „ზედმეტად” აგრძნობინებთ საქართველოში და რემიგრაციის მიზეზიც ხშირად ხდება.

„ოჯახებისგან შორს ყოფნასა და რთულ სამუშაო პირობებთან ერთად, ემიგრანტი ქალებისთვის სტრესულია ემიგრაციაში არალეგალურად წასვლისა და ყოფნის გამოცდილებებიც. არალეგალურად წასვლის მსურველები არაერთხელ ყოფილან თაღლითობისა და ტყუილის მსხვერპლნი, რაც კიდევ უფრო დიდ ფინანსურ ტვირთად აწვებოდა მათ. ხოლო არალეგალურად საზღვრების კვეთა ხშირად უზარმაზარ სტრესსა და საფრთხეს უკავშირდება. სტრესულია საზღვარგარეთ არალეგალურად ყოფნის გამოცდილებაც მუდმივად დეპორტაციის შიშის გამო, „- ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება კვლევაში მონაწილე დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ისტორიებს, მათი დაბრუნების მიზეზები განსხვავდება, თუმცა უფრო ხშირად პირად და ოჯახთან დაკავშირებულ ვალდებულებებს უკავშირდება, ვიდრე – ფინანსური თვითკმარობის მიღწევას.

კვლევის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები ბრუნდებიან ფიზიკური ან ემოციური რესურსის ამოწურვის გამო, ზოგჯერ – მოხუცი მშობლის ან შვილიშვილის მოსავლელად. უფრო იშვიათად კი, ბრუნდებიან ემიგრაციის „მიზნის” მიღწევის შემდეგ, რაც შესაძლოა, მაგალითად, ვალების გასტუმრებას, უძრავი ქონების შეძენას გულისხმობდეს. თუმცა, ეს დაბრუნების შემდეგ ფინანსური კაპიტალის არსებობას და მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას არ ნიშნავს.

დაბრუნებული მიგრანტი ქალების ეკონომიკური სტაბილურობის ხელის შემშლელად, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და დაბალი ანაზღაურება დასახელდა. შრომის ბაზარზე რეინტეგრაცია განსაკუთრებით უჭირთ 50 წელს გადაცილებულ, დაბრუნებულ მიგრანტ ქალებს, ვინაიდან ფორმალურ სექტორში, თითქმის ყველა პოზიციაზე, დამსაქმებლები, ძირითადად, ახალგაზრდა და გამოცდილ კადრს ეძებენ, რაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ინტერვიუებიდანაც ჩანს და რასაც ოფიციალური მონაცემებიც მოწმობს.

კვლევის ავტირების შეფასებით, შრომითი მიგრანტი ქალების გამოცდილება აჩვენებს გენდერული პერსპექტივისა და ხედვის ნაკლებობას საქართველოს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და სახელმწიფო პროგრამებში, რაც ხელს უშლის შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებასა და მდგრად რეინტეგრაციას.

კვლევაში ასევე განხილულია საქართველოში არსებული სოციო-ეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ბარიერები, რომლებიც ზღუდავს მიგრანტი ქალების მონაწილეობას ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ასეთ ბარიერებს შორისაა: უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, პროფესიული კვალიფიკაციის დაკარგვა მიგრაციის დროს, ზრუნვის ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზები,  დაბალი პენსიები, ძვირადღირებული ჯანდაცვა, საბინაო გამოწვევები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები კომერციულ სესხებზე.

კვლევაში საუბარია რეკომენდაციებზეც, რომელიც განკუთვნილია როგორც საჯარო უწყებებისთვის, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის. რეკომენდაციების შემუშავებისას, გათვალისწინებული იყო კვლევის მიგნებები და საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.

რეკომენდაციები განსაკუთრებით უსვამს ხაზს შემდეგ საკითხებს: შრომითი მიგრანტი ქალების დროული და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა, მიგრაციის ფემინიზაციის სოციალური ფასის შემცირება, და დაბრუნებული შრომითი მიგრანტების პოტენციური წვლილის გაზრდა ქვეყნის განვითარების პროცესში. გარდა ამისა, რეკომენდაციებში ასახულია სისტემური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და სახელმწიფო პროგრამებში გენდერული ხედვის ინტეგრირებას ითვალისწინებს.

კვლევა მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.  კვლევის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.