„ეს არის სისტემის წმენდა „არაჩვენიანებისგან“ – ლიკა ღლონტი

სალომე გორგოძე

Erasmus+  ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს, ლიკა ღლონტს 13-წლიანი მუშაობის შემდეგ, კონტრაქტი აღარ განუახლეს. ღლონტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის პოლიტიკურ შეხედულებებსა და სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის პოსტებს უკავშირებს.

ეს არის, უბრალოდ, სისტემის წმენდაარაჩვენიანებისგან“, როგორც უწოდებენ იმ ხალხს, რომელსაც შეუძლია კრიტიკული აზრი გამოთქვას“,  – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ლიკა ღლონტი და მიიჩნევს, რომ, ვინაიდან პროგრამა წლების განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იყო წარმატებული, მათი გუნდის ჩანაცვლების გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მოტივირებული „პროფესიული ნიშნით ვინმეს დაწუნების გამო.“

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ეროვნული ოფისები ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში მოქმედებს. ეროვნული ოფისის საქმიანობა  უნივერსიტეტებისთვის არსებული პროგრამების ახსნა-კონსულტირებას ითვალისწინებს, ასევე – მათთვის საგრანტო განაცხადების მომზადებაში მხარდაჭერასა და პარტნიორი ქვეყნების მოძიებას. ლიკა ღლონტი ამბობს, რომ სამინისტროს ჩართულობა „ერაზმუსის“ პროგრამის განხორციელებაში ყოველთვის იყო „ძალიან ფორმალური და ზედაპირული.“

ლიკა ღლონტს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის პოზიცია  2009 წლიდან ეკავა. როგორც ის გვიყვება, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდგომ არსებობდა, გარკვეულწილად, ფორმალური პროცედურა, რომლის მიხედვითაც, Erasmus+ სათავო ოფისი ეკითხება სამინისტროს, სურს თუ არა, რომ ეროვნულმა ოფისმა იმავე შემადგენლობით განაგრძოს მუშაობა. სამინისტრო წლების განმავლობაში ადასტურებდა, რომ სურდა, ეროვნულ ოფისს იმავე შემადგენლობით გაეგრძელებინა მუშაობა და, შესაბამისად, ახლდებოდა 2009 წელს დადებული კონტრაქტი. მორიგი კონტრაქტის ვადა შარშან დეკემბერში ამოიწურა.

„სათავო ოფისმა ტრადიციულად მიმართა კითხვით სამინისტროს და მიიღო უარი. მათ თქვეს, რომ უნდოდათ ახალი კოორდინატორი. ის ფაქტი, რომ სამინისტრომ ავტომატურად არ განაახლა კონტრაქტი, როგორც ხდებოდა მანამდე, წლების განმავლობაში, იყო მთავარი მტკიცებულება, რომ მათ უკვე ახალი ადამიანი უნდათ  ამ თანამდებობაზე.“

ხელმძღვანელის პოზიციაზე ერთობლივად აცხადებენ კონკურსს ბრიუსელში „ერაზმისის“ სათავო ოფისი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა იყო 15 დეკემბერი. 25-26 იანვარს ჩატარდა წერითი გამოცდა და ზეპირი გასაუბრება, შედეგები ცნობილი გახდა აპრილში.

ლიკა ღლონტის თქმით, არალოგიკურია, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება მოტივირებული ყოფილიყო ეროვნული ოფისის მუშაობის შედეგებით, ვინაიდან მათ ჰქონდათ საუკეთესო შედეგები და შესაბამისი აღიარებაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„აქ არის საერთო ხაზი წმენდისა, როგორსაც მაგალითად, წულუკიანის უწყებაც ატარებს. ახლა ეს დაწყებულია განათლების სამინისტროში. ჩვენიანები და არაჩვენიანები, ასე ხდება ამის დაყოფა. მე ადრეც მეუბნებოდნენ, „ფეისბუქში“ რომ მთავრობას აკრიტიკებ, ეს შეუმჩნეველი არ რჩებაო. შარშან სექტემბერში, როცა შეკვეთილში გვქონდა გასვლითი სემინარი, იქაც მქონდა საუბარი მინისტრის მოადგილესთან [ნუნუ მიცკევიჩი] და იგივე დაადასტურა. ასე რომ, ვიცოდი, ეს მოხდებოდა, რომ მათ ეს აღიზიანებდა.“

ლიკა ღლონტი გვეუბნება, რომ სოციალურ სივრცეში მისი კრიტიკის ობიექტი არასდროს არ ყოფილა პერსონალურად კონკრეტული მინისტრი, თუმცა არ ერიდებოდა, კრიტიკული აზრი გამოეხატა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით:

„საჯარო სივრცეში კრიტიკული აზრის გამოთქმის პრობლემა არსებობს და ეს არ არის ჩემი შემთხვევა მხოლოდ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს, რომლებსაც აკონტროლებენ, არათუ რა სტატუსს გამოაქვეყნებენ, არამედ სხვის სტატუსზე რა კომენტარს გააკეთებენ და რამე ისეთი ხომ არ „დაალაიქეს“, რაც არ უნდა „დაელაიქებინათ.“  ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობისგან, მათ შორის, განათლების ს(ს)იპ-ებში მომუშავე ხალხისგან ვიცი, რომ ძალიან ფრთხილობენ, იმის გამო, რომ რამდენჯერმე დაუბარებიათ და უთქვამთ, რომ ესა და ეს არ უნდა გაეკეთებინათ…

ზოგადად, ყოველთვის გამოვთქვამდი აზრს, რომ რაღაცების გაკეთება უკეთ შეიძლებოდა. მაგალითად, იმაზე, რომ ჩვენ დღემდე არა გვაქვს სტრატეგია დამტკიცებული, ასევე, დღემდე არ დაგვიმტკიცებია დანაპირები უმაღლესი განათლების დაფინანსების სქემა და საერთოდაც, ძალიან ბევრ სფეროში განათლების სამინისტროს მუშაობა ვერ უძლებს კრიტიკას.“

ლიკა ღლონტი ამბობს, რომ სამინისტროს პოზიციამ, თავის მხრივ, გავლენა იქონია სათავო ოფისის პოზიციაზე, გადაწყვეტილების მიღებისას, – სათავო ოფისისთვის „მთავარი მოთამაშე“ არის სამინისტრო და როცა სამინისტროს პოზიციაა, რომ არ სურს კონკრეტულ ადამიანთან თანამშრომლობის გაგრძელება, სათავო ოფისი ამას ითვალისწინებს. ამბობს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ გამოიყენა.

„ნამდვილად არ მინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ვიღაცები.  დელეგაციასაც ვესაუბრე და ჩემს სათავო ოფისსაც, რომელთანაც ამდენი წელია, ვთანამშრომლობ და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო კონტექსტი, ამ გადაწყვეტილების მიღების. შესაბამისად, ამას [გასაჩივრებას] აზრი არ ექნებოდა.“

მისივე თქმით, მეორე მხრივ, ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ჩანაცვლება ვერ იქნება დადებითი შედეგის მომტანი პროექტის წარმატებისთვის – ახალ ხელმძღვანელს მოუწევს ოფისის ნულიდან აწყობა, კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით კი, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყნის შიგნით ახალი ინსტიტუციები დაიჩაგრება.

„ლოგიკურია ფიქრი იმაზე, რომ ახალი ადამიანი, რომელიც შემოვა ამ ოფისში, ბევრად უფრო კომპეტენტური უნდა იყოს, მაგრამ იმ ახალ ადამიანს, რომელიც შეარჩიეს, არანაირი გამოცდილება არ აქვს „ერაზმუსთან“ მიმართებით და უფრო მეტიც, არანაირი გამოცდილება არ აქვს განათლების სისტემასთან მიმართებით. შესაბამისად, მას ნულიდან მოუწევს ამ ოფისის აწყობა, კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, პროგრამაში გარკვევა… და არა მგონია,  ეს ძალიან დადებითი ცვლილება იყოს ამ წუთას პროგრამის განხორციელებისთვის ქვეყნის შიგნით.“

რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „პუბლიკამ“ განათლების სამინისტროს  მიმართა შეკითხვებით. სამინისტრომ პასუხად მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია პროცედურა, თუ როგორ ირჩევენ პროგრამის ეროვნულ კოორდინატორს და როგორია ოფისის დაკომპლექტების წესი, ასევე ახსნილია ის, თუ რატომ გამოცხადდა კონკურსი და რატომ შეარჩიეს ახალი კოორდინატორი.

აქვე განმარტავენ, რომ ევროკავშირის მიერ აღნიშნული კონკურსი (12 კანდიდატი) გამოცხადდა 2021 წლის დეკემბერში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დამოუკიდებლად. კონკურსის შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა ახალი კოორდინატორი, რომელიც „ახალ საკოორდინაციო ოფისთან ერთად ახალი, უფრო გაფართოებული ფუნქციებით შეუდგება მუშაობას უახლოეს მომავალში.“

სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან დაკავშირებით საკითხის გადასამოწმებლად უშუალოდ მას უნდა დავუკავშირდეთ. მინისტრის მოადგილე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, შეტყობინებაზე კი, რომელიც მას მივწერეთ, ჯერჯერობით, არ უპასუხია. მისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ეროვნული ოფისის კოორდინატორის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „პუბლიკამ“ შეკითხვებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასაც მიმართა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.