„ეს არის ვანდალიზმი“ - IX-X საუკუნის ეკლესიის აღდგენა ბეტონითა და პემზის ბლოკით

ქრისტინე მუჯირი

„ეს არის ვანდალიზმი“, – ასე ეხმაურება არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი ხინოწმინდის მონასტრის აღდგენით სამუშაოებს გავრცელებული ფოტოების მიხედვით.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა IX-X საუკუნეებით დათარიღებული ძეგლის, ხინოწმინდის მთავარი ტაძრის ფოტოები. ფოტოების მიხედვით, შუა საუკუნეების ძეგლის ნანგრევზე აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში გამოყენებულია ბეტონი და პემზის ბლოკი.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღდგენით სამუშაოებს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გაეცნო. მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება და ძეგლის აღდგენისთვის 750 000 ლარი დაიხარჯება.

არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი ამბობს, რომ ძეგლზე მუშაობისას არ უნდა დაზიანდეს ავთენტური ფენა და, იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის სრულად აღდგენა იგეგმება, ძეგლი მაქსიმალურად იმავე ტიპის, ავთენტური მასალებით უნდა აღდგეს. ხოლო, თუ სამუშაოები ამგვარად არ მიმდინარეობს და არ არის გათვალისწინებული ძეგლის პირველადი მასალა, მაშინ აღდგენითი სამუშაოები ძეგლის დაზიანებად შეიძლება ჩაითვალოს და ეს არ ჯდება სარესტავრაციო მეთოდოლოგიაში.

„ვინაიდან კონკრეტულ პროექტს არ ვიცნობ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თანამედროვე პემზა ბლოკია გამოყენებული და ეს რესტავრაცია უკვე აღარ არის.

ძეგლზე რაიმე სამუშაოს ჩატარებას აქვს თავისი გარკვეული ნორმა. კანონი კრძალავს ზოგიერთი მასალის გამოყენებას. ამ კანონს საფუძვლად უდევს ქარტიები რესტავრაციის შესახებ. აუცილებელია, რომ სარეაბილიტაციო თუ სარესტავრაციო პროცესში გათვალისწინებული იყოს ის მასალა, რომელიც არის ავთენტური.

შესაძლებელია, კონსტრუქტორმა მოითხოვოს დაზიანებული ძეგლის აღსადგენად რკინა-ბეტონის გამოყენება რიგ ადგილებში, მაგრამ ეს დასაშვებია მხოლოდ შეფარული მეთოდით,ხოლო თანამედროვე ბლოკისა და ამდაგვარი მასალის გამოყენება, რაც ფოტოზე ჩანს, ყველა ზღვარს სცდება…

პემზა ბლოკის გამოყენება გულისხმობს ძეგლის დაზიანებასა და დამახინჯებას, ძველი – აუთენტური კედლის წყობის უპატივცემლობასა და არგათვალისწინებას“, – ამბობს არქიტექტორ-რესტავრატორი.

ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

„პუბლიკა“ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით დაუკავშირდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ წულაძე აღდგენითი სამუშაოებზე კრიტიკული შეფასებების პასუხად ამბობს, რომ აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტებმა შეისწავლეს ძეგლი და გაცემულია შესაბამისი დასკვნები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს მშენებლობა. მისი თქმით, ნებართვა მოპოვებულია საქართველოს კულტურის სამინისტროდან.

წულაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ნინოწმინდობის დღესასწაულს საზოგადოება აღდგენილ ეკლესიაში შეხვდეს.

„უპირველეს ყოვლისა, მთელი თავისი შინაარსით, ამ ტაძრის აღდგენა არის მართლმადიდებლური სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და მე ვულოცავ ამ ამბის გულშემატკივრებს. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მომავალ წელს ნინოწმინდობის დღესასწაული უკვე აღდგენილ ტაძარში მოვილოცოთ“, – განაცხადა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა.

თენგიზ წულაძის თქმით, პროექტის მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორია სერგი კულუმბეგაშვილი და სამუშაოებს შპს „ტაო ტბელი“ აწარმოებს.


ხინოწმინდის მონასტერი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსის ძირითადი ნაგებობაა მთავარი ტაძარი, რომლის ირგვლივაც არის განლაგებული დანარჩენი შენობა-ნაგებობები – გალავანი და დამხმარე ნაგებობები. ტაძარი დანგრეულია. 2016 წელს სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, იმ პერიოდისთვის შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატებოდა. ეკლესია წარმოადგენს ბაზილიკური ტიპის ნაგებობას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური გეგმის ტაძარი საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლებად არის ცნობილი“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

ძეგლი თავისი არქიტექტურულ-მხატვრული სახით შეფასებულია როგორც „ძალიან მაღალი“ ღირებულების და ის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, რადგან მის გეგმარებას ანალოგი არ მოეძებნება.

ფოტო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო