ფარდობითობა მაკბეტს, ხანუმასა და ედიტ პიაფს შორის

დავით ბუხრიკიძე

ვიდრე ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე მომდევნო უცხოურ სპექტაკლებს წარმოადგენენ (პოლონური „ეშმაკნი“, თურქული „შინელი“, ესპანური „ჩემი დიდებული ნამუშევარი“), ქართულ რეპერტუარს მიმოვიხილავთ. ადგილობრივ თეატრალებსა და უცხოელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბათუმის თეატრებში დადგმული წარმოდგენები მცირე დროის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში ენახათ. რატომ მხოლოდ ბათუმის თეატრები და არა სხვა, ეს ცალკე განსჯისა თუ მსჯელობის საგანია, თუმცა ფესტივალი უფრო ადგილობრივი ტურიზმისა და კულტურის ერთობლივი კონცეფციის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ.

სტუმრებმა და მასპინძლებმა უკვე რამდენიმე ქართული წარმოდგენა ნახეს – რეჟისორ ანდრო ენუქიძის „სინდრომი, ანუ ვის უგალობ, ვისაო?“ და „ხანუმა“, ასევე გიორგი სიხარულიძის „ედიტ პიაფი“ და გიორგი ჩხაიძის „მაკბეტი“. პირველი სამი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში წარმოადგინეს, რომელიც, ფაქტობრივად, ფესტივალის ეპიცენტრია, ხოლო „მაკბეტი“ – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებლის მიმდებარე სივრცეში, რომელსაც ცოტა უცნაური და დამაინტრიგებელი სახელწოდება აქვს – „ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“. ასე რომ, ბოლოდან დავიწყოთ…

„თუ მაყურებელი არ მიდის თეატრში, მაშინ თეატრი მიდის მაყურებელთან“ – სწორედ ამ პრინციპს ირჩევს ექსპერიმენტული თეატრი და მისი დამაარსებელი, რეჟისორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, შექსპირის „მაკბეტს“ შეეჭიდა. თანაც ისე, რომ ტრაგედიის ტექსტი გაანახევრა, ხოლო თავად სპექტაკლი ერთ საათში ჩაატია. ძირითადი აქცენტი მაკბეტისა და ბანკოს ვნებათაღელვაზეა გადატანილი, რომლებიც ორი კუდიანის წინასწარმეტყველებით (როგორც შემდეგ გაირკვევა, ლედი მაკბეტი თავადაა მესამე კუდიანი) არიან შეპყრობილნიც და წაქეზებულნიც. შოტლანდიის მეფის, დანკანის მკვლელობა, როგორც ავბედითი წინასწარმეტყველების აღსრულება და ძალაუფლებისთვის აუცილებელი სისხლიანი აქტი – სპექტაკლის მთავარი თემაა. თუმცა ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ მაკბეტი ფინალში ცოცხალი რჩება (ასეთი ვერსია ნამდვილად არსად მინახავს!) და სადღაც სცენის სიღრმეში, ბოლით გაზავებული სინათლის ჯოჯოხეთურ პერსპექტივაში იკარგება.

თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი თავად სპექტაკლის ფორმაა, რაც კრიტიკული განწყობის შემთხვევაშიც შთამბეჭდავ ზემოქმედებას ახდენს: მაყურებლის თავზე და მთელ დარბაზში, სამი მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმულია ობობას გიგანტური ქსელი, რომელიც თოკებითაა ნაქსოვი და რომელშიც მსახიობები თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში მარჯვედ მოძრაობენ, დარბიან და იხლართებიან. ბევრი შეკითხვა ჩნდება შემოკლებული ტექსტისა და თავად რეჟისურის მიმართაც, თუმცა საყოველთაო და გავრცელებული საპასუხო ალიბია – რატომაც არა, თუ ეს კონცეფციაა?! მიუხედავად იმისა, რომ მეტაფორა – მაკბეტის სასახლე, როგორც ობობას ქსელი, ვიზუალურად შთამბეჭდავია, სპექტაკლში ბუნდოვანი დეტალები ბლომადაა და არც მსახიობებს აქვთ ბოლომდე გააზრებული, რას და რატომ აკეთებენ.

„ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“ 2013 წელს დაარსდა და მისი ხელმძღვანელია გიორგი ჩხაიძე. თეატრის მიზანია მრავალგვარი სივრცის ათვისება და მორგება (ძველი შენობებითა და საწყობებით დაწყებული, გაუქმებული ქარხნითა და პორტის ტერიტორიით დამთავრებული). „თანამედროვე თეატრს შეუძლია გვერდი აუაროს სტანდარტულ სივრცეებს, დარბაზებს, ფიცარნაგს და ნებისმიერ გარემოში თქვას თავისი სათქმელი“ – ეს რეჟისორისა და თავად თეატრის პოზიციაა.

ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრმა ფესტივალზე ანდრო ენუქიძის ორი სპექტაკლი წარადგინა: ერთი, შედარებით მოთელილი და უკვე ნაცნობი – „სინდრომი, ანუ ვის უგალობ, ვისაო?!“, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იყო წარდგენილი; და მეორე – 2019 წლის გაზაფხულზე დადგმული „ხანუმა“, რომელსაც დღეს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ბათუმის თეატრში.

„სინდრომი“ თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით დაიდგა. ეს არის უცნაური, სასტიკი და თითქმის ბოდვანარევი ისტორია თოფით შეიარაღებულ ბაბუაზე, რომელიც ოკულისტის კაბინეტში შვილიშვილებთან ერთად შეიჭრება და ვინმე კარლოს მოკვლას აპირებს. რეჟისორს ადაპტირებული აქვს პიესა სვანური „აქცენტითა“ და ეგოზტიკური პერსონაჟებით. საბოლოოდ, გამოვიდა მსუბუქად ბრუტალური, თითქმის სარკასტული და უფრო მეტად სიმღერებით გაზავებული აბსურდი ექიმზე, რომელიც მოძალადეების გავლენით ჩამშვები თავად ხდება. ფინალი ეფექტურია, თუმცა აშკარა პოლიტიკური აქცენტებით გამოირჩევა და ოდნავ ხელოვნურია.

უცხოელი პროდიუსერებისა და კრიტიკოსების მოწონება უფრო მეტად „ხანუმამ“ დაიმსახურა, რომელიც ასევე ადაპტაციად შეიძლება ჩაითვალოს. ანდრო ენუქიძე შეეცადა ცაგარელის არქეტიპულ კომედიაში მეტი სიხალისე, ირონია, თანამედროვე პოლიტიკური ქვეტექსტი და ახალი დრამატურგიული ხაზები შეეტანა. მაგალითად, თავადი ვანო ფანტიაშვილის (ზაალ გოგუაძე) ტექსტი და როლი გაცილებით გაფართოებულია. ის უფრო „გაახალგაზრდავდა“, დარდიმანდიცაა და ცეკვა-თამაშში კოტეს (ძალიან კარგია ამ როლში მამუკა მანჯგალაძე) ტოლს არ უდებს.

მშვენიერ სახასიათო როლებს ქმნიან ასევე იმპროვიზებული ტექსტებით ტიტე კომახიძე (ტიმოთე) და ოთარ ქათამაძე (აკოფა). ხანუმას როლში კი თათია თათარაშვილი ცნობილი ქართველი ქალი-რეჟისორის პლასტიკურ პაროდიას ქმნის, რომელიც გამომსახველიცაა და სასაცილოც. ეფექტური და მოულოდნელია სცენოგრაფია (გოგლა გობიბერიძე), რომელიც მბრუნავი სცენის პრინციპს ეყრდნობა და თან საბავშვო კარუსელს ჰგავს. ფინალი, როდესაც ყველაფერი ირკვევა და ხანუმასგან გამასხარავებულმა ფანტიაშვილმა კოტესა და სონას ქორწილში წესით უნდა მოილხინოს, ის მოულოდნელად პუბლიცისტურ „სპიჩს“ წარმოთქვამს: რა მოხდება 150 წლის შემდეგ, როდესაც ომი იქნება და ხეებსაც ამოთხრიან… თუმცა ამ გამოსაფხიზლებელ მოწოდებას „ხანუმას“ პერსონაჟები ისევ ლხინსა და გართობას ამჯობინებენ, რომელსაც ჟამიანობის აჩრდილიც დასდევს.

კიდევ ერთი ქართული სპექტაკლი, რომელმაც მაყურებლის ყურადღება მიიპყრო, „ედიტ პიაფია“. აღსანიშნავია, რომ მთავარი როლის შემსრულებელს, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს, მაია ცეცხლაძეს ედიტ პიაფის როლის შესანიშნავი შესრულებისათვის თეატრალური საზოგადოების პრემიაც გადაეცა. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ სპექტაკლი ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით დადგა, რომელიც ლეგენდარული ფრანგი შანსონიეს სიცოცხლის ბოლო დღეებზე მოგვითხრობს… მძიმე სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფ მომღერალს სიმღერას უკრძალავენ, თუმცა ვალებში ჩავარდნილი ედიტი და მისი მეუღლე თეო ლამბუკასი (ტიტე კომახიძე) პროდიუსერების თხოვნას თანხმებიან, რომ პიაფმა კონცერტი გამართოს. რადგან, პიაფისთვის „სიმღერა ერთადერთი, ყველაზე დიდი სიყვარულია“.

კამერული, ემოციური და ფსიქოლოგიური ნიუანსებით სავსე წარმოდგენა პატარა სცენაზე უფრო კარგად წარმოაჩენს მსახიობთა შესაძლებლობებს, თუმცა ერთგვარად ჩაიკარგა სცენოგრაფიული შრე (თეო კუხიანიძე), რომელიც ფარდებით გამოყოფილი, მრავალგანზომილებიანი სივრცეების პრინციპზეა აგებული და ფაქტობრივად, პიაფის ბიოგრაფიის, მისი წარსულისა და მოგონებების ფრაგმენტებს ინახავს. სპექტაკლში დაახლოებით 10-ჯერ ჟღერს პიაფის ცნობილი სიმღერა „Non, Je ne regrette rien“, თუმცა მაყურებელზე ემოციურად მაინც მოქმედებს.

ფესტივალის ბოლო დღეები ისევ უცხოელ თეატრალურ დასებს დაეთმობათ, რომელთა წარმოდგენები ბათუმის თეატრის დიდ და მცირე სცენაზე გაიმართება. ფესტივალი კი 20 დეკებერს იტალიური თეატრის „ნო გრავიტის“ მიერ დადგმული „ღვთაებრივი კომედიით“ დასრულდება. დანტეს შედევრს რეჟისორი ემილიანო პელიზარი ყოვლად არაღვთაებრივი ხერხებითა და ტექსტის გარეშე გაუსწორდა. თუ როგორ, ამაზე სხვა დროს…