გაკრეფილი შუის დილემა

 ირაკლი აბსანძე

პოლიტიკოსებს შორის პოლარიზაცია არ არის ტრაგედია. უფრო მეტიც – ბრიტანულსა და ამერიკულ პოლიტიკაში, სადაც პარლამენტები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ირჩევა – ეს დემოკრატიული კულტურის ნაწილია.

მაშ, რატომ ითხოვს ევროკომისია 9 რეკომენდაციიდან მესამეში პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლას – მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე?

ვითარებაში გასარკვევად გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის პირველი და მკაფიო გზავნილი, რომელიც მან ვრცელ ინტერვიუში 2011 წელს ია ანთაძეს უთხრა: „შუა უნდა გაიკრიფოს. იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება. მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს – დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები, რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ. ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს. ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება. ისეთი პოლარიზება კი არა, სამოქალაქო დაპირისპირება რომ დაიწყოს – ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან – არამედ ის, რომ ხალხს ჰქონდეს შავისა და თეთრის გარჩევის საშუალება“.

ამ ციტატაში არსად ფიგურირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი კონკრეტულად სააკაშვილსა და მას შორის არჩევანზე ლაპარაკობს.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ივანიშვილი ერთადერთ ლიდერად არ პოზიციონირებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მან შექმნა ფართო კოალიცია. მაშინ მასთან ერთად წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილე პოლიტიკოსების უმრავლესობა ახლა ოპოზიციაშია. კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პარტია კი საჯარო პოლიტიკაში აღარც არსებობს (ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები; ზვიად ძიძიგურის „კონსერვატიული პარტია“; კახაბერ შარტავას „ეროვნული ფორუმი“). ეს შემთხვევით არ მომხდარა – ქართული პოლიტიკის პოლიტიკისგან დაცლის პროცესის ნაწილია. დღეს „ქართულ ოცნებას“ სულ სხვა ხალხი წარმოადგენს, მათი უმრავლესობა ტექნოკრატია და ივანიშვილთან დასაქმებამდე სხვა პოლიტიკური გამოცდილება არც ჰქონიათ. მეორე მხრივ – სააკაშვილი „ვივამედში“ მკურნალობს, მის მიერ დაფუძნებული პარტია კი პოლიტიკურ კარიკატურად იქცა.

„არის მიხეილ სააკაშვილი და არის ბიძინა ივანიშვილი – ორივე ამ ადამიანს აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა, პოლარიზაციის საწარმოებლად“, – გვეუბნება კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელმაც ქართულ პოლარიზაციას „ბოროტი იდილია“ შეარქვა და დასძენს – „ამ ინფრასტრუქტურაში შედიან მათი პარტიები, შედიან მათი მომხრე ექსპერტები, შედიან სატელიტი პარტიებიც, მათ შორის მედიები“.

დღევანდელი მმართველი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიები, კლასიკური გაგებით პარტიები არც არიან. ორივეს აქვს ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება, მაგრამ ისინი არ არიან შეთანხმებული რაიმე ღირებულებით ღერძზე. თუ დავაკვირდებით, 2016 წლიდან მოყოლებული, მათ საარჩევნო პროგრამული დაპირება თითქმის არ ჰქონიათ, გარდა ერთმანეთის განადგურების ჟინისა.

ამ თეზისში 2020 წლის არჩევნებში „ოცნების“ სიის პირველი ნომერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია ნაწილობრივ გვეთანხმება: „ დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური რეალობა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეძახის „რუსულ ოცნებას“. „ოცნება“ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძახის, რომ რუსეთზე უარესი პრობლემაა ქვეყნისთვის. ამ რადიკალიზმში ისინი ხედავენ თავიანთი თვითგადარჩენის ყველაზე დიდ რესურსს და ეხმარებიან ერთმანეთს. „ოცნება“ არის ბედნიერი, როდესაც ჰყავს ისეთი ოპოზიცია, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“; და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბედნიერი იმით, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსი აქვს“.

ასე ვერ გაგრძელდება ობიექტური გარემოებების გამო. საკონსტიტუციო ცვლილებებით ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადავიდა. ამ წლის მიწურულს პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული არჩევნები. გახარია ამბობს, რომ მათ ფაქტობრივად უნდათ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში საპრეზიდენტო რესპუბლიკის შესაბამისი ძალაუფლებით მართონ. ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ პარლამენტში. ევროპული ქვეყნებისთვის, სადაც კოალიციური მართვის ტრადიცია გასული საუკუნის 20-ანი წლებიდან მუშაობს, სულ არ არის უცხო, როცა პარლამენტში, მაგალითად, პრემიერის კონკრეტულ კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ, შეთანხმებული არიან მთავარზე – რაც უნდა ჭრელი იყოს არჩეული შემადგენლობა, ყველას აქვს პარლამენტში მუშაობის უფლება და შესაძლებლობა. ერთმანეთის ლეგიტიმაციასა და პოლიტიკაში ყოფნის უფლებას იქ ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

გამოცდილი პოლიტიკოსი, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია შეთანხმების აუცილებლობას ასე განგვიმარტავს: „არ არსებობს სისტემა, რომელიც ღირებულების გარეშე ადამიანებსა და ლიდერებში თავისთავად დაგიცავს. უბრალოდ არ უნდა ჩაითვალოს, რომ სადმე გარანტირებულია ის თავისუფლებები და ის რესპუბლიკა, ის თავისუფლების წესრიგი, რომელიც მოიტანა დასავლურმა ცივილიზაციამ“.

ბოკერია ანგლოსაქსური მოდელის მომხრე უფროა, ვიდრე ცენტრალურ ევროპაში დამკვიდრებული საპარლამენტოსი, მაგრამ ყველა რესპონდენტი თანხმდება, რომ ქართული დემოკრატია ახალ, პრინციპულად სხვა ეტაპზე ვერ გადავა, თუ მანამდე რეალური თვითმმართველობისა და მიუკერძოებელი სასამართლოსკენ ნაბიჯების გადადგმას არ დავიწყებთ.

პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა თავად ივანიშვილმაც დაადასტურა, როცა, გავრილოვის ვიზიტით აგორებული სახალხო პროტესტის მოთხოვნების კვალდაკვალ, დაპირება პირადად გასცა და ცოტა ხანში უკან წაიღო. გახარიას აზრით, ამაში სწორედ პოლარიზაციის შემცირების საფრთხე დაინახა და იმიტომ.

„როცა შენ სრულად აკონტროლებ მედიასივრცეს, როდესაც გყავს ისეთი პარტნიორი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაინტერესებულია, რომ, სანამ შენ სრულ ცვეთას არ განიცდი, დარჩე ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ნომერ მეორე ის იქნება და შენ ეხმარები იმაში, რომ ნომერ მეორე ადგილი შეინარჩუნოს, ისინი მზად არიან ამას ელოდონ ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი, ათი წელი, ოცი წელი. ის ელოდება უბრალოდ, რომ, როდესაც შენ განიცდი ცვეთას, სხვა არჩევანი საქართველოს მოქალაქეებს უბრალოდ არ ექნებათ“, – გვითხრა გახარიამ.

ივანიშვილის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ დამკვიდრებული პოლიტიკური კორუფციის პირობებში მთელი საჯარო სივრცე პოლარიზაციის ტყვეა. საჯარო მოხელეები იცვლებიან სამინისტროებში ივანიშვილის მიერ როტაციით დანიშნულ-გადაყენებული მინისტრების კვალდაკვალ. მსხვილი ტელევიზიების უმრავლესობა პოლიტიკური პოლუსების მედია-გაგრძელებაა. ეს ტელევიზიები მაყურებლებს ორ სრულიად განსხვავებულ რეალობაზე უამბობენ, რაც ამომრჩეველს ართმევს ინფორმირებული არჩევანის უფლებასა და შესაძლებლობას.

მაგრამ, არჩევანი აქვთ შუიდან ვერგაკრეფილებს. 12 ნაბიჯი და 9 რეკომენდაცია იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ბრიუსელელ ჩინოვნიკებს თავი მოვაწონოთ – ამ ქვეყნის ბევრჯერ დადასტურებული ცივილიზაციური არჩევანია უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასავლური ქოლგის ქვეშ მოხვედრა. ევროკავშირში გაწევრიანების შანსის მნიშვნელობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოგვცა, საზოგადოებას კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ამ შანსის დასაცავადაც არის მზად. რაც უნდა მგზნებარე პოლიტიკური სიტყვები წარმოთქვას სასამართლოზე პალატიდან დისტანციურად ჩართულმა სააკაშვილმა (სხვათა შორის, სასამართლო სხდომის პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენება აკრძალულია და ეს ორივე პოლუსმა კარგად იცის), ან, რამდენ პატარა ტრიუკზეც არ უნდა მუშაობდეს საჯარო სივრცეში მესამედ ვითომ შემობრუნებული ბიძინა ივანიშვილი, ორივე პოლუსის მიმართ ნდობა წლიდან წლამდე იკლებს, შუა კი იკრიბება.