გაუპატიურება და მასობრივი მკვლელობები | HRW უკრაინის ისტორიებს ჰყვება

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ მათ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების არაერთი შემთხვევა უკვე აღრიცხეს დოკუმენტურად.

დანაშაულები მოიცავს არაერთხელ გაუპატიურებას, მუქარას, სიკვდილით დასჯის მასობრივ შემთხვევებსა და ძალადობას. აღრიცხულია სამხედროების მიერ სამოქალაქო ობიექტების ძარცვის შემთხვევებიც, მათ შორის, საკვების, ტანსაცმლისა და შეშის წაღება, რომლებიც მოქალაქეებს გადასარჩენად სჭირდებოდათ. ჯერჯერობით დოკუმენტურად აღრიცხულია შემთხვევების მხოლოდ ნაწილი – 27 თებერვლიდან 14 მარტამდე.

„ენით აღუწერელია ბოროტებისა და ძალადობის ის დონე უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც ჩვენ მიერ აღრიცხულ საქმეებში ჩანს… გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი აქტები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს, გამოძიებული უნდა იქნას ომის დანაშაულის მუხლით“, – თქვა HRW-ის წარმომადგენელმა ჰიუ უილიამსონმა.

Human Rights Watch თავის განცხადებაში აღწერს გაუპატიურებისა და მკვლელობის რამდენიმე შემთხვევას. ისტორიები ემყარება 10 ადამიანის მონათხრობს, რომლებიც თავად შეესწრო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ ძალადობას.

ხარკოვი, ძალადობა და გაუპატიურება

13 მარტს რუსმა ჯარისკაცმა სცემეს და არაერთხელ გააუპატიურეს ოლჰა [სახელი შეცვლილია], 31 წლის ქალი მალაია როჰანიდან, სოფლიდან, რომელიც რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული.

ოლჰა იხსენებს, რომ მათ სოფელში რუსი სამხედროები 25 თებერვალში შევიდნენ. მაშინ სოფლის 40-მდე მოსახლე, ძირითადად ქალები და ბავშვები სკოლის სარდაფს აფარებდნენ თავს. ისიც იქ იყო, თავის 5 წლის ქალიშვილთან, დედასთან, 13 წლის დასა და 24 წლის ძმასთან ერთად.

ავტომატით შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი სკოლაში 13 მარტის ღამით შეიჭრა. „ფანჯრები ჩაამსხვრია და მოსთხოვა დარაჯს, რომ სკოლაში შეეშვა“, – იხსენებს ოლჰა.

სკოლის სარდაფში ჩასვლის შემდეგ მან მოსთხოვა იქ მყოფთ, რომ ერთ ხაზზე, მუხლებზე დამდგარიყვნენ. ოლჰას ძმას კი თან წაყოლა და მისთვის საჭმლის მოპოვება მოსთხოვა. ქალი იხსენებს, რომ ჯარისკაცი მის ძმასთან ერთად 1-2 საათის შემდეგ დაბრუნდა. ღამით კი, როცა ხალხი სარდაფში, იატაკზე იძინებდა, ის მიუახლოვდა ოლჰას და მოსთხოვა თან გაჰყოლოდა.

ერთ-ერთ საკლასო ოთახში შეიყვანა, სადაც ქალს იარაღი მიუშვირა და უბრძანა, გაეხადა. „მომთხოვა ორალური სექსი და თან საფეთქელთან იარაღს მაბჯენდა. ორჯერ ჭერშიც გაისროლა და მითხრა, რომ ამით მეტ „მოტივაციას“ მაძლევდა“, – იხსენებს ოლჰა.

ქალი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც სამხედრომ გააუპატიურა, უბრძანა ოთახში დარჩენილიყო. ოლჰამ ითხოვა, რომ ოთახში ციოდა და ტანსაცმელს ჩაიცვამდა, მან კი მხოლოდ ზედატანის ჩაცმის უფლება მისცა. „სანამ ვიცვამდი, მითხრა თავისი სახელი, რომ რუსი ჯარისკაცი იყო, 20 წლის და მის თანასკოლელს ვგავდი“, – იხსენებს ძალადობის მსხვერპლი.

ამის შემდეგ სამხედრომ მას მოსთხოვა, დაბლა ჩასულიყო და ნივთები ამოეტანა, რომ ღამე მასთან გაეტარებინა, ოლჰას კი ამ მდგომარეობაში ჩასვლა არ სურდა, შვილს და ოჯახს რომ არ დაენახა. რუსმა ჯარისკაცმა კი კიდევ ერთხელ გააუპატიურა, ყელზე დანა მიაბჯინა და უთხრა, რომ თუ კიდევ უნდოდა შვილის ნახვა, ის გაეკეთებინა, რასაც უბრძანებდა.

შემდეგ დანა დაუსვა ლოყაზე, კისერზე და თმა მოაჭრა. თან სახეში ურტყამდა. ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რამდენიმე დღის შემდეგ ფოტოებიც გადაიღო მტკიცებულებად, რაც HRW-ს წარუდგინა.

მოძალადე სამხედრომ სკოლის შენობა მეორე დღეს დატოვა. ოლჰამ კი ოჯახთან ერთად სოფელს თავი დააღწია და ხარკოვში ჩავიდა, სადაც დაეხმარნენ. „იღბლიანი ვარ, რომ კიდევ ცოცხალი გადავრჩი“, – ამბობს ოლჰა.

Human Rights Watch წერს, რომ მათ სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე შემთხვევის შესახებ შეიტყვეს.

მასობრივი მკვლელობები და ძალადობის სხვა შემთხვევები

ჩერნიჰივი

27 თებერვალს რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს 6 კაცი სოფელ სტარი ბიკივში, ჩერნიჰივში და ერთად დახოცეს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციას ტატიანა უყვება სოფელ ნოვი ბიკივიდან, რომლის სახლიც მეორე სოფელთან დამაკავშირებელ გზასთანაა. მისი თქმით, რუსებმა ჯერ ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი ხიდი დაბომბეს, შემდეგ კი მათი კოლონები სტარი ბიკივში შევიდნენ.

„ხალხის უმრავლესობა დაბომბვისას სარდაფებში იმალებოდა, ჯარისკაცები კი კარიდან კარზე გადადიოდნენ“, – იხსენებს ტატიანა, რომელსაც რუსების ძალადობაზე მოკლულთა ნათესავებმა მოუთხრეს.

„მათ სხვადასხვა ოჯახიდან  6 კაცი წაიყვანეს. ერთ-ერთი ქალი ჰყვებოდა, რომ მათ შორის იყო მისი ორივე შვილი. წაყვანილთა შორის იყო ბოგდანიც, 30 წლამდე კაცი, რომლის დედასაც კარგად ვიცნობ. ბოგდანის დედა მიყვებოდა, რომ მას უბრძანეს მოეცადა, სანამ მის შვილს „დასაკითხად“ გადაიყვანდნენ. როგორც გავიგე, იგივე უთხრეს სხვა ოჯახებსაც. ისინი სოფლის ბოლოში გაიყვანეს და დახოცეს“, – ჰყვება ტატიანა.

Human Rights Watch ესაუბრა თავად ბოგდანის დედას, ვიქტორიასაც. ის საერთაშორისო ორგანიზაციასთან 27 თებერვლის დღეს იხსენებს.

„მათ წაიყვანეს ჩემი ბიჭი, ბოგდანი და ჩემი დის ქმარი – საშა [ოლექსანდრი, 39 წლის]. ჩვენ სარდაფში ვიმალებოდით და კარგად ვერ ვხედავდით, რა ხდებოდა, სულ კვამლი იდგა. შემდეგ ჩვენმა მეზობელმა მოირბინა და გვითხრა, რომ ბოგდანი და საშა სხვებთან ერთად რუსებმა წაიყვანეს“, – ჰყვება ვიქტორია.

ვიქტორიამ ქუჩა გადაკვეთა და სთხოვა იქ მყოფ რუსებს, ეთქვათ მისთვის, რა ხდებოდა. „მათ გვითხრეს, რომ არ გვენერვიულა, ისინი ცოტას შეაშინებდნენ ბიჭებს და გამოუშვებდნენ. ჩვენ გავიარეთ ალბათ 50 მეტრი და… სროლის ხმა გავიგეთ“, – იხსენებს ვიქტორია.

ვიქტორია იხსენებს, რომ მან და მისმა დამ სროლის ადგილზე მხოლოდ მეორე დღეს მოახერხეს მისვლა. იქ მოკლულთა გვამები ნახეს.

„სამი მათგანი შენობის ერთ მხარეს იყო, მაგრამ არა ჩემი ვაჟი და სიძე. ჩვენ გავიქეცით მეორე მხარეს და ისინიც ვიპოვეთ. იწვნენ. ტყვიები თავში ჰქონდათ ნასროლი, ხელები ზურგს უკან შეკრული. ჩემი ვაჟის სხეულთან მივედი, ჯიბეები დაცარიელებული ჰქონდათ, აღარც ტელეფონი, აღარც გასაღები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები“, – ჰყვება ვიქტორია.

მან რუს სამხედროებს სთხოვა, მოკლულთა დაკრძალვის ნება მიეცათ, მაგრამ უარი მიიღო. სოფლის გარშემო დაბომბვის ხმა მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა. ვიქტორია იხსენებს, რომ ბოლოს რუს სამხედროებს თხოვნით 7 მარტს მიმართა, რომ დაემარხათ თავიანთი ოჯახის წევრები და თანხმობა მიიღო.

„ჩვენი ყველა მეზობელი გამოვიდა, ალბათ 75-მდე ადამიანი იქნებოდა, მოკლულები ცალ-ცალკე საფლავებში, ყველა ერთ დღეს დავმარხეთ“, – ჰყვება ვიქტორია.

ბოგდანისა და საშას გარდა, რუსებმა იმ დღეს მოკლეს: ვოლოდიმერი, 40 წლის; ოლექსანდრი, 40 წლის და ძმები – იგორი და ოლეგი – 31 და 33 წლის.

ტატიანას თქმით, შემდეგ რუსებმა თან წაიღეს სოფლის მცხოვრებლების შეშა და მოსახლეობა  საშინელ სიცივეში გათბობის გარეშე დატოვეს.

ბუჩა

Human Rights Watch-თან თვითმხილველი აღწერს შემთხვევას, როცა რუსმა სამხედროებმა მოკლეს კაცი ბუჩაში და კიდევ ოთხ სხვას სიკვდილით დაემუქრნენ. ის იხსენებს, რომ რუსული ჯავშანტექნიკა 4 მარტს დილით ადრე შევიდა მათთან, ბუჩაში. შეიჭრნენ სახლებში, გაჩხრიკეს იქაურობა და უბრძანეს მოსახლეობას, რომ მათ გაჰყოლოდნენ.

„ერთ-ერთ მოედანზე მათ შეგვკრიბეს. ჩვენი უმეტესობა ქალები და 50 წელს გადაცილებული კაცები იყო. 30-მდე სამხედრო იქნებოდა, მათ ხელმძღვანელს მედესანტის ნიშანი ეკეთა, ცენტრალური რუსეთის აქცენტით საუბრობდა. მეც რუსეთში დავიბადე და კარგად ვიცი. ჯარისკაცები იყვნენ გამხდრები და ცუდად ჩაცმულები“, – იხსენებს ის.

მასწავლებელი ბუჩადან ჰყვება, რომ მოსახლეობა სიცივეში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ მოედანზე შეკრებილი. რაღაც დროის შემდეგ კი სამხედროებმა ახალგაზრდა კაცები მოიყვანეს, ჯერ – ერთი, შემდეგ კიდევ – ოთხი.

„სამხედროებმა მათ უბრძანეს, რომ ფეხსაცმელები და ქურთუკები გაეხადათ. შემდეგ გზის გადასწვრივ მუხლებზე დააყენეს. მაისურები ზურგიდან აუწიეს და თავზე გადააცვეს. მერე ერთ-ერთ მათგანს უკნიდან თავში ესროლეს. მახსოვს, როგორ დაეცა და როგორ კიოდნენ ქალები. დანარჩენი ოთხი მათგანი მუხლებზე დატოვეს.

მათმა ხელმძღვანელმა დანარჩენებს მოგვმართა – არ ინერვიულოთ, თქვენთან ყველაფერი რიგზე იქნება, ეს კი ჭუჭყი იყო. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ამ ჭუჭყისგან გაგწმინდოთ“, – იხსენებს მკვლელობის თვითმხილველი. როგორც ის ამბობს, როცა მოსახლეობა სახლებში გაუშვეს, 4 ახალგაზრდა კაცი ისევ მუხლებზე დაჩოქილი ჰყავდათ რუს ჯარისკაცებს. 5 დღის შემდეგ, როცა მან ბუჩას დატოვება მოახერხა, მოკლული ისევ იქ იწვა.

ირპინი

HRW ჰყვება კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც ირპინთან ახლოს სოფელ ზაბუჩნაიაში 4 მარტს მოხდა.

ზაბუჩნაიას მცხოვრები იხსენებს, რომ ის კიდევ 10 ადამიანთან ერთად იმალებოდა. მათ შორის იყო თავისი ქალიშვილი, რომელიც ცალკე ინტერვიუში ადასტურებს მომხდარს. რუსმა სამხედროებმა მათ მიაგნეს სახლის სარდაფში და დაიწყეს ჩხრეკა.

„ჯარისკაცები ჩემს ვაჟს ეძებდნენ, რომელიც ტერიტორიულ თავდაცვაშია. ის მოვიდა მათთან. გვეკითხებოდნენ – ვინ იყო კიდევ სახლში და დაიწყეს ჩხრეკა, თავდაყირა დააყენეს იქაურობა. ეზოში ჩემი სანადირო თოფი და ბენზინი იპოვეს, რის გამოც იარაღზე იტაცეს ხელი. მათმა მეთაურმა კი უბრძანა სამხედროებს, რომ ხესთან დავეყენებინეთ და დავეხვრიტეთ.

გარეთ გაგვიყვანეს. შემდეგ ისევ დაგვაბრუნეს უკან და უბრძანეს ჩემს ვაჟს რომ გაეხადა, ამბობდნენ, რომ ნაციონალისტურ ტატუს ეძებდნენ. მერე წავიდნენ და სხვა სახლების ჩხრეკა დაიწყეს“, – იხსენებს სოფლის მცხოვრები.

ვორზელი

40 წლის დმიტრო საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჰყვება, რომ მან ბუჩა, რომელიც უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო, 7 მარტს დატოვა. არაფერი იცოდა უსაფრთხო დერეფნების შესახებ. ამიტომ ოჯახთან ერთად თეთრი ფურცლების ჰაერში ქნევით სოფელ ვორზელამდე 5 კილომეტრი გაიარა.

დმიტრო იხსენებს, რომ ვორზელში 2-სართულიანი სახლის სარდაფში, ადგილობრივებთან ერთად მათ ორი ღამე გაატარეს. იქ კი დახვდათ ქალი, ვისაც მკერდსა და ფეხებზე ჭრილობები ჰქონდა.

ადგილობრივებმა მას უთხრეს, რომ ქალს რუსმა სამხედროებმა ესროლეს. ისინი ვორზელში შესვლის შემდეგ მოულოდნელად შეიჭრნენ სახლში, ისროლეს ყუმბარა, რომელიც კვამლს უშვებს და ატეხეს სროლა. სროლისას ქალი დაიჭრა, 14 წლის ბავშვს კი ტყვია თავში მოხვდა და დაიღუპა.

დმიტრო იხსენებს, რომ მეორე დღეს დაიღუპა ის ქალიც, რომელიც დაჭრილი ნახა და ადგილობრივებთან ერთად თავშესაფრის გარეთ დაკრძალა.

Human Rights Watch წერს, რომ უკრაინაც და რუსეთიც პასუხისმგებლობას იღებენ, დაიცვან საერთაშორისო კანონმდებლობა, მათ შორის ჟენევის 1949 წლის კონვენცია. დანაშაულებზე პასუხისმგებელია ის ძალა, რომელიც ამა თუ იმ დასახლებაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

საომარ ვითარებაში კი აკრძალულია განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება და სხვა სახის სექსუალური დანაშაული, წამება და არაადამიანური მოპყრობა სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. აკრძალულია ძარცვა და ძალადობა.

ისინი, ვინც მსგავს რამეს სჩადის ან სხვას ჩადენაში ეხმარება, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე. ასევე ომის დანაშაულზე არიან პასუხისმგებელი მათი მეთაურები, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია ომის დანაშაულზე ან უნდა ჰქონოდა და არაფერი მოიმოქმედა მათ შესაჩერებლად ან დასასჯელად.

„რუსეთს ეკისრება ვალდებულება, რომ აწარმოოს მიუკერძოებელი გამოძიება, მისი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე“, – აცხადებს HRW-ის წარმომადგენელი.