იტალიურიდან ჩვენამდე მკაფიოდ მოღწეული ხმები  

გიორგი ლობჟანიძე

ვიცი, რომ ცოცხალი მწერლების დახარისხება ყოველთვის ძალიან პირობითი და უკიდურესად სუბიექტურია, მაგრამ მაინც მგონია, რომ დღევანდელ იტალიურ ლიტერატურას არ ჰყავს დაჩა მარაინის მსგავსი, მისი დონისა და სიღრმის ცოცხალი კლასიკოსი. მარაინიმ, რომელიც რამდენჯერმე იყო ნობელის პრემიაზე წარდგენილი. მართალია, ეს პრემია ჯერჯერობით ვერ მიიღო, მაგრამ აქვს მთავარი – მკითხველის დიდი სიყვარული, რომელიც ყველა პრემიაზე მეტია ყოველთვის, ყველა დროსა და ქვეყანაში!

დაჩა მარაინი

83 წლის დიდი იტალიელი მწერლის ცხოვრება უკვე თვითონ არის ნამდვილი რომანი. დაჩა მარაინი იმდენი ერის, გენეტიკის, ისეთი განსხვავებული კულტურების ნაერთია, რომ შეუძლებელია, უინტერესო ადამიანი ყოფილიყო.

დღეს უკვე მთელ იტალიაში სახელმოხვეჭილი და საყვარელი მწერალი 1936 წელს დაიბადა, ფლორენციის პროვინციის ქალაქ ფიეზოლეში. დედამისი, ტოპაზია, პროფესიით მხატვარი და სიცილიური არისტოკრატული გვარის ალიატა სალაპარუტას ჩამომავალი, თავის მხრივ, დედით ჩილელი იყო (სონია ორტუზარ ოვალე, ჩილელი დიპლომატის ქალიშვილი და ოპერის მომღერალი). მამა – ფოსკო მარაინი – ნახევრად ინგლისელი (მისი დედა, ცნობილი ინგლისელი მწერალი იოი პავლოვსკა გროსი თავის მხრივ იყო ნახევრად პოლონელი), – იყო ცნობილი მწერალი და ანთროპოლოგი, მრავალი ნაშრომისა და ფოტოგრაფიული ალბომის ავტორი ტიბეტისა და იაპონიის შესახებ.

1938 წელს ფოსკო მარაინი მთელი ოჯახით იაპონიაში, კერძოდ, ჰოკაიდოში გადაშენების გზაზე მყოფი ქერა და ცისფერთვალება ტომის ჰაინუს (სავარაუდოდ, კავკასიიდან წასული ტომის) შესასწავლად გაემგზავრა.

1943 წელს იტალიასა და გერმანიასთან ალიანსში მყოფმა იაპონიის მთავრობამ ცოლ-ქმარ მარაინებს მოსთხოვა ხელი მოეწერათ სალოს ფაშისტური რესპუბლიკის მხარდამჭერთა პაქტზე და სასტიკი უარის გამო ანტიფაშისტი ცოლ-ქმარი მცირეწლოვან სამ ქალიშვილთან ერთად ნაგოიას საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესა. უკიდურესი შიმშილის, სიცივისა და დამცირების ორწლიანი ტყვეობა მეორე მსოფლიო ომთან ერთად დასრულდა და ამერიკელების მიერ გათავისუფლებული მარაინების ოჯახი გემით სიცილიაში, ალიატების მოშლილ და გაღარიბებულ მამულში, ბაგერიაში დაბრუნდა.

პირველდაწყებითი განათლების მიღებისა და პალერმოს გარიბალდის სახელობის ლიცეუმის დამთავრების შემდეგ თვრამეტი წლის დაჩა მარაინი მეუღლეს გაშორებულ მამასთან რომში გადადის საცხოვრებლად,  სადაც აგრძელებს სწავლას და პარალელურად, ხელმოკლეობის გამო, მუშაობს ხან არქივში, ხან ფოტოგრაფის თანაშემწედ, ხან მდივნად.  ოცდაერთი წლის ასაკში მეგობრებთან ერთად აარსებს ჟურნალს სახელწოდებით „ლიტერატურის დრო“. იმავე პერიოდში იწყებს თანამშრომლობას ლიტერატურულ ჟურნალებთან „ პარაგონი“, „ახალი არგუმენტები“ და „ ილ მონდო“.

1959 წელს ცოლად მიჰყვება მილანელ მხატვარს ლუჩო პოცის, რომელსაც ოთხი წლის  შემდეგ გაშორდება.

1962 წელს გამოსცემს პირველ რომანს „არდადეგები“; მომდევნო წელს ხელნაწერი  რომანისთვის „ უქეიფობის ასაკი“  იმსახურებს გამომცემელთა საერთაშორისო პრემიას „ფორმენტორი“; იმავე წელს გაიცნობს ალბერტო მორავიას, რომელიც მისი გულისთვის ელზა მორანტეს მიატოვებს და მათი სიყვარული ოთხმოციან წლებამდე გასტანს.

1966 წელს გამოსცემს პოეტურ კრებულს სათაურით „სისასტიკე ღია ცის ქვეშ“.

1967 წელს გამოდის მისი მესამე რომანი „ზეპირად“; ამავე წელს ცნობილ ინტელექტუალებთან ერთად აარსებს თეატრს სახელწოდებით „მაჩვზღარბას თეატრი“, სადაც იდგმება მისი პიესა “შანტაჟი თეატრის წინააღმდეგ“ და რომელსაც სხვა ახალ პიესებთან ერთად გამომცემლობა ეინაუდი დასტამბავს.

1968 წელს გამოდის მისი მოთხრობების კრებული „ჩემი ქმარი“; ამ პერიოდიდან იწყება მისი დაინტერესება სოციალური საკითხებით, ადამიანისა და განსაკუთრებით ქალთა უფლებით. მანამდე, 1964 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას გაიცნობს ფემინისტ  კატრინ კლევერს და სამშობლოში დაბრუნებისთანავე აქტიურად ჩაებმება ფემინისტურ მოძრაობაში. 1968 წელსვე იდგმება სცენაზე მისი პიესები „როლის შესრულება სცენაზე“ და „ვენერა“; წერს პროზაულ  ნაწარმოებს „მანიფესტი ციხიდან“, მოგვიანებით პიესებს „ჩენტოჩელე, ფაშიზმის წლები“ და „სრულყოფილი ქალი“,  ეს უკანასკნელი წარმატებით იდგმება ვენეციის თეატრის სცენაზე და ვენეტოელი სასულიერო პირების სასტიკ პროტესტს იწვევს მასში წამოჭრილი აბორტის თემის გამო.

1973 წელი ფრიად ნაყოფიერი გამოდგა მწერლისთვის: გამოდის მისი რომანი „ქურდი ქალის მოგონებები“, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა კარლო დი პალმამ გადაიღო ფილმი „ქურდი ტერეზა“ მონიკა ვიტის შესრულებით; პიესების კრებული „გაუმარჯოს იტალიას“, ინტერვიუების კრებული „ და შენ ვინა ხარ?“; იმავე წელს თეატრალური „კომპანია ბლუს“ დაშლის შემდეგ აარსებს ახალ თეატრს „მადალენა“, რომელსაც მხოლოდ ქალები ხელმძღვანელობენ და რომლის სცენაზეც 1978 წელს იდგმება მისი პიესა „ მეძავი ქალის დიალოგი კლიენტთან“; მომდევნო წლებში ეს პიესა დაიდგა ბრიუსელის, პარიზის, ლონდონის და სხვა 14 ქვეყნის სცენებზე. „მადალენას“ სცენაზე ასევე დაიდგა მისი პიესა „მონაზონი ხუანა“.

1974 წელს დაჩა მარაინი აქვეყნებს ფემინისტური ხასიათის პოეზიის კრებულს „ჩემო ქალებო“ და ორტომეულს „თეატრის შექმნა,“ რომელიც მოიცავს მის ოცდაათწლიან მოღვაწეობას თეატრის სფეროში.

1975 წელს გამოდის რომანი „ქალი ომში“, რომელიც მოგვიანებით ექვს ენაზე ითარგმნება; ამავე წელს აქვეყნებს პიესას „მარიამ სტიუარტი“, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუპოვა, 22 ენაზე ითარგმნა და დაიდგა.

1978 წელს გამოდის პოეტური კრებული „ გნებავს, შემჭამე“.

1980 წელს მსახიობ პიერა დელი ესპოსტისთან ერთად წერს წიგნს „ პიერას ამბავი“, რომელიც მოგვიანებით ფილმად იქცა მარჩელო მასტროიანის მონაწილეობით.

1981 წელს გამოდის „კლიტემნესტრას სიზმრები და სხვა პიესები“, ასვე რომანი „წერილი მარინას“.

1982 წელს გამოდის პოეზიის კრებული „დავიწყების დავიწყება“; იმავე წელს პიესა „სიყვარულის გაკვეთილები“.

1984 წელს აქვეყნებს რომანს „ჰელსინკისკენ მიმავალი მატარებელი“, რომელიც ხუთ ენაზე ითარგმნა (მათ შორის რუსულზე და ავტორი პრეზენტაციაზეც იყო მიწვეული).

1985 წელს გამოცემულმა რომანმა „ იზოლინა“  ფრეგენის საერთაშორისო პრემია მოიპოვა.

1986 წელს იბეჭდება „ალბერტო – ბავშვი“, ვრცელი ინტერვიუ ალბერტო მორავიასა და მის დებთან.

1987 წელს გამომცემლობა „რიცოლი“ აქვეყნებს ადრე პრესაში დაბეჭდილ ერთ წიგნად შეკრულ მის პუბლიცისტურ წერილებს სათაურით „ ქერა, შავგვრემანი და სახედარი“.

1990 წელს გამოდის მისი რომანი „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმად გადაიღო რობერტო ფაენცამ და რომელმაც დაიმსახურა პრემია „სუპერკამპიელო“, დასახელდა წლის საუკეთესო წიგნად, მიიღო ნეაპოლის, კუადრივიოს, აპოლოს და რეჯო კალაბრიის პრემიები; ითარგმნა ცხრამეტ ენაზე; დაიდგა კატანიის თეატრის სცენაზე.

1991 წელს გამოდის პოეტური კრებული „მელიის ნაბიჯით მოგზაურობისას“, რომელიც ქალაქ პენეს პრემიით დაჯილდოვდა. იმავე წელს დაიბეჭდა პიესა „ვერონიკა, კურტიზანი და მწერალი“, რომელმაც მომდევნო წელს „ფონდო ლა პასტორას“ პრემია დაიმსახურა.

1993 წელს გამოდის რომანი „ბაგერია“.

1993 წელს აქვეყნებს “მადამ ბოვარისადმი“ მიძღვნილ კვლევას „ემას ძებნაში“.

1994 წელს გამოდის რომანი „ხმები“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმად იქცა.

1996 წელს აქვეყნებს პუბლიცისტურ ნაშრომს „ არალეგალი ბორტზე“.

1996 წელს გამოდის საბავშვო წიგნი „ გოგონასათვის მოყოლილი ამბები ძაღლების

შესახებ“ (დაჯილდოვდა ანდერსენის პრემიით).

1997 წელს გამოდის რომანი “ თავისთავად ტკბილი“.

1998 წელს გამოსცემს პოეზიის ანთოლოგიას „თუ ძლიერ გიყვარს“.

1999 წელს გამოცემული მოთხრობების კრებული „უკუნი“ სტრეგას პრემიით აღინიშნება.

2001 წელს გამოდის „ კობესკენ მიმავალი გემი“, რომელშიც გამოიხმობს იაპონიაში საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ დღეებს.

2001 წელს გამოსცემს საბავშვო ზღაპრების კრებულს „ ცხვარი, სახელად დოლი“.

2002 წელს გამოსცემს წიგნს „მწერლობის სიყვარული“, რომელიც დაიბადა მისივე საავტორო სატელევიზიო გადაცემის „მე ვწერ, შენ წერ“ შედეგად. ეს არის, ფაქტობრივად, სახელმძღვანელო სამწერლო ხელოვნებით დაინტერესებული პირებისათვის.

2004 წელს იბეჭდება რომანი „კოლომბა.“

2007 წელს გამოდის მამისადმი მიძღვნილი წიგნი „სამყაროს თამაში. წარმოსახვითი დიალოგი მამასა და ქალიშვილს შორის“. ამავე წელს – „ აჩქარებული ნაბიჯები“, რომელიც ქალზე ძალადობას ეძღვნება და რომელიც ავტორმა შემდეგ პიესად გადააკეთა.

2008 წელს გამოსცემს რომანს „ უკანასკნელი ღამის მატარებელი“

2009 წელს აქვეყნებს მოთხრობების კრებულს „გოგონა მაკუედას ქუჩიდან“.

2010 წელს  გამოდის სტატიების კრებული მოგზაურობის შესახებ  „ სხვა მხარეების საცდური“.

2011 წელს აქვეყნებს მოგონებათა წიგნს „ დიდი დღესასწაული“.

2012 წელს გამოდის მოთხრობების კრებული „მოპარული სიყვარული“.

2013 წელს გამოდის წიგნი „კიარა ასიზელი, ქება დაუმორჩილებლობისა“.

2014 წელს ქალაქ არონის ლიტერატურისა და თეატრის ფესტივალზე იდგმება (წყალზე – ტბაზე, ვინაიდან ფესტივალს სწორედ ასე ჰქვია „თეატრი წყალზე“) მისი პიესა რუსი ანარქისტის ბაკუნინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

2015 წელს აქვეყნებს რომანს „გოგონა და მეოცნებე კაცი“.

2017 წელს გამოდის რომანი  “სამი ქალი. სიყვარულის და უსიყვარულობის ამბავი.”

2018 წელს – რომანი “ბედნიერი სხეული. ამბავი ქალებისა, რევოლუციებისა და შვილისა, რომელიც მიდის”.

ვიცი, რომ ასეთი დაწვრილებითი ბიოგრაფიის კითხვა მოსაწყენია ერთ რეცენზიაში, რომელიც არსებითად, მწერლის შემოქმედების მთელ ანალიზს კი არა, მისი ერთი გამორჩეული რომანის ბრწყინვალე ქართული თარგმანის წარდგენას ისახავს მიზნად, მაგრამ მაინც წავედი ასეთ რისკზე, რადგან თუკი ვინმეს მოთმინება ეყოფა და ჩემს სტატიას არ ჩაკეცავს, იმასაც მიხვდება, რატომ გავაკეთე ასეთი რამე.

როდესაც მწერლობაზე ვლაპარაკობთ, ხშირად გულუხვად ვიყენებთ ეპითეტებს, მაგალითად, „დიდს“ ან „განუმეორებელს“ და ეს ეპითეტები ასევე ხშირად გამოიყურება ყოვლად შეუსაბამოდ და ცინიკურად, რადგან ზურგს მხოლოდ ამა თუ იმ მწერლის ერთი ნამუშევარი (ზოგჯერ – მართლაც ძალიან კარგი რომანი) უმაგრებს.

დაჩა მარაინი კი ნამდვილად იმ თითებზე ჩამოსათვლელ მწერალთა რიცხვშია, ვისაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი და ვინც ამ მაღალ წოდებას მთელი თავისი შემოქმედებით, თავისი მართლაც გამორჩეული ბიოგრაფიით იმსახურებს.

დაჩა მარაინის მხოლოდ ცხოვრებასაც რომ თვალი გადავავლოთ, ეს ბიოგრაფია თვითონვეა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ცოცხალი რომანი – ფაქტებით, ძიებებით, ადამიანური იმედგაცრუებებითა და სიხარულით აღსავსე დრამა, რომლის მთავარი გმირიც, ამ ცხოვრების პარალელურად, ახერხებს, არაფერი დარჩეს უყურადღებოდ და რაც კი ცხოვრებაში ხვდება წილად, ყველაფერი აღწეროს, ახალ – მხატვრულ განზომილებაში გადაიტანოს და ამით ხელახალი სიცოცხლე მიანიჭოს.

დასანანია, რომ დაჩა მარაინის ნაწარმოებებიდან ქართულად ჯერჯერობით ბევრი არაფერია თარგმნილი. ადრე ჟურნალ „ ახალ საუნჯეში“ დაიბეჭდა მაია ტურაბელიძის მიერ გადმოქართულებული მისი რამდენიმე მოთხრობა, რომელიც გემოვნებიან მკითხველს ნამდვილად აგრძნობინებდა, რა დონის მწერალთან ჰქონდა საქმე, მაგრამ დაჩა, როგორც ბრწყინვალე რომანისტი, აქამდე ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობი იყო.

და, აი, გამომცემლობა „საგამ“ (საქართველოს აკადემიური გამომცემლობა) დიდებული საქმე გააკეთა მისი გამორჩეული რომანის – „ხმების“ ქართულად გამოცემით, რომლის თარგმანიც, იტალიურიდან ნუნუ გელაძის მიერ შესრულებული, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად ბოლოდროინდელი ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ნამდვილ შენაძენად მესახება.

„ხმები“ 25 წლის წინათ გამოქვეყნდა იტალიაში და მაშინვე მიიქცია ლიტერატურის კრიტიკოსთა და მკითხველი საზოგადოების ყურადღება. რომანი უკვე 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მის ანალიზს იტალიასა თუ მის ფარგლებს გარეთ არაერთი წერილი თუ საგაზეთო სტატია მიეძღვნა.

დაჩა მარაინის „ხმები“ იტალიისა და, როგორც რომანიდან ირკვევა, მთელი დასავლეთისათვის მნიშვნელოვან საკითხს – ფემიციდის პრობლემას ეხება.

ამ რამდენიმე წლის წინათ, იტალიაში ჩემი პირველი მოგზაურობისას, მილანში დიდი იტალიელი პოეტი ქალის – ალდა მერინის მუზეუმში მოვხვდი. გამაოგნა მუზეუმის კედელზე გაკეთებულმა ერთმა მემორიალურმა გამოფენამ, რომელიც იტალიაში მამაკაცების (ძირითადად, ქმრებისა თუ შეყვარებულების) მიერ დახოცილი ქალების ხსოვნას ეძღვნებოდა. უამრავი მსხვერპლი იყო – ულამაზესი, სიცოცხლით სავსე გოგონებისა და ქალების ფოტოები, რომლებიც მათივე უახლოესმა მამაკაცებმა დახოცეს.

იმ გამოფენამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ასეთი შემთხვევები დღეს საქართველოში თუღა ხდებოდა. თურმე ვცდებოდი და ფემიციდი დღევანდელი იტალიისთვისაც კი უმწვავესი პრობლემა ყოფილა.

დაჩა მარაინის ამ რომანის წაკითხვის შემდეგ კი ისიც გავიგე, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ 25 წლის წინათ ისე მწვავედ მდგარა იტალიაში, რომ ამ დიდებულმა მწერალმა ასეთი სიღრმისეული რომანი მიუძღვნა.

სამწუხაროდ, უკვე საერთოდ შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ლიტერატურას სინამდვილის გარდაქმნა შეუძლია.

ასე რომ იყოს, თუნდაც დაჩა მარაინის ეს წიგნიც სრულიად საკმარისი იქნებოდა რეალობის უკეთესობისაკენ შესაცვლელად, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, სინამდვილეში ასე არ ხდება და ლიტერატურას მხოლოდ ის თუ შეუძლია, რომ დიაგნოზი დასვას და რამდენიმე ადამიანის, ცალკეული ადამიანების ბედისწერაზე მაინც იმოქმედოს.

თანაც მიუხედავად პრობლემის სოციალური ჟღერადობისა, დაჩა მარაინის რომანი სრულებითაც არ არის მშრალი მოხსენებითი ბარათი, რომელსაც რომელიმე ორგანიზაცია პრესაში გაავრცელებს. ის რთული სტრუქტურის მხატვრული ნაწარმოებია და სტატისტიკა აქ მხოლოდ ფონს ქმნის, რომანის ჩვენთან საურთიერთობო ენა კი ის სკაფანდრია, რომელიც როგორც საიმედო აღჭურვილობა, პრობლემის სიღრმეებში ჩასაყვინთად უნდა გამოგვადგეს.

ნაწარმოები ისეა აგებული, რომ ბელეტრისტიკის ყველა ჟანრის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებები დასაწყისი გვერდებიდანვე ოსტატურად არის გათამაშებული. იწყება, როგორც ჩვეულებრივი დეტექტივი და არსებითად ბოლომდე მისდევს ამ ჟანრის კანონს, რადგან ნამდვილ მკვლელს წიგნის ბოლო გვერდამდე ვერ გავიგებთ. ყოველი ახალი პერსონაჟის გაცნობისას კი გვიჩნდება ეჭვი, რომ მკვლელი სწორედ ეს პერსონაჟი უნდა ყოფილიყო.

გარდა ჟანრის კანონების დაცვისა, ამ ხერხით მჟღავნდება რომანის ძირითადი იდეაც, ან, როგორც ახლა ამბობენ, მწერლის უმთავრესი მესიჯიც: თითოეული მოკლული ქალის მკვლელი, ვინმე კონკრეტული ბოროტმოქმედი კი არა, მთელი საზოგადოებაა.

საზოგადოება, რომელმაც თავისი პატრიარქალური კანონებით, რელიგიისა თუ სხვა ინსტიტუციების გამოყენებით, ქალს საუკუნეების განმავლობაში მიაკუთვნა მეორეული როლი და მორალისტური აღვირიც ამოსდო, როგორც რაღაც საშუალოს – ცხოველსა და ადამიანს შორის, უკეთეს შემთხვევაში, ყველაზე კარგი შედარება რომ მოვიხმოთ, როგორც, ვთქვათ, ჯიშიან ბედაურს, მაგრამ მაინც ცხოველს, რომელიც უნდა მართო და,  თუ საჭიროა, უნდა დაკლა კიდეც.

ამიტომაც არ ჩანს და დაფარულია ანჯელას მკვლელიც, ანჯელასი, რომელსაც შემთხვევით სრულებითაც არ ჰქვია ეს სახელი (ანგელოზი).

ამ შეფარული ინტრიგით კი მარაინი ჩვენს წარმოსახვას ისე ათამაშებს, რომ კითხვის დაწყების შემდეგ წიგნს ვეღარ ვწყდებით და ჩვენთვის შეუმჩნევლად გავდივართ ბოლოში, ოღონდ ეს დეტექტივი ჩვენ თვალწინვე გარდაიქმნება ხან უაღრესად პოეტურ პროზად, ხან ფსიქოლოგიურ დრამად და ხანაც მაგიური რეალიზმის ბრწყინვალე ნიმუშად.

მთელი ამ კალეიდოსკოპის ჯადოსნური შუშა კი არის სწორედ ენა, რომელიც ოსტატურად ინაცვლებს თავის ყველაზე დაბალი მხატვრული რეგისტრიდან (სალაპარაკო ან ჟურნალისტური ენიდან) ყველაზე მაღალმხატვრულ – პოეტური მეტყველების ურთულეს – რეგისტრამდე.

მთარგმნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქართულ თარგმანში ყველა ეს რეგისტრი სათანადოდ არის მოხელთებულიცა და ამოჟღერებულიც. საერთოდ, ჩემი ფიქრით, ძალიან იშვიათია ასეთი კულტურული თარგმანი.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ ითარგმნება ქართულად (და ზოგი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს; სულაც – პირიქით), ჩემი აზრით, დღევანდელი თარგმანების უმეტესობა გადასაყრელია და გადასაყრელია სწორედ იმიტომ, რომ მთარგმნელსა თუ მთარგმნელებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რას ნიშნავს მთარგმნელობითი საქმე. მათ ეს მექანიკური პროცესი ჰგონიათ, სადაც ერთი უცხო სიტყვის ჩანაცვლება მისი ნებისმიერი ქართული ეკვივალენტით ყოველთვის შესაბამის ნაყოფს გამოიღებს; რომ არაფერი ვთქვათ სიტყვის მიმართ აბსოლუტურ უგრძნობლობაზე, რაც ხანდახან ისეთი ზედმეტი მხატვრულობის, გადაპრანჭულობის ელფერს იღებს, რომ გულისრევის შეგრძნებას გიტოვებს.

სხვათა შორის, ეგებ ამ წერილში არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ამგვარი გულისრევით მოვისროლე ამასწინათ ამავე გამომცემლობა „საგაში“ დასტამბული ერთი თარგმანი, რომელიც სიტყვის ზემოთ აღნიშნული უგრძნობლობის გამო დათაფლულობის ისეთ წებოვან შეგრძნებას მიტოვებდა, რომ ქართულად ყველაფერი იყო ფემინისტი, თვითმკვლელი მწერლის უმკაცრესი და უზუსტესი რომანის მეტი.

ამ ფონზე ძალზე იშვიათად გამოერევა ხოლმე ისეთი ღრმა თარგმანი, როგორიც ნუნუ გელაძის ეს ბრწყინვალე ნამუშევარია. აქ ყველა სიტყვა თავის ადგილას ზის, მიზანში ხვდება და უფაქიზესად ქმნის ერთიან  მხატვრულ ქსოვილს, რომელიც აბრეშუმივით არის დაფენილი ჩვენი ადამიანური შეგრძნებების თვალწინ.

მიუხედავად იმისა, რომ წეღან, საპირისპირო ნიმუშებზე მსჯელობისას, თარგმანის თეორიის უცოდინრობაზე მივანიშნე, ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ სასწაულს, რასაც მთარგმნელი ნუნუ გელაძე სჩადის, ვერანაირი თეორიის ცოდნა ვერ შეგაძლებინებს. ეს ნიჭი მართლა ზემოდან მიემადლება ადამიანს; დანარჩენი კი შეხვედრის ამბავია: ან ხვდება დიდ მწერალს თავისი რანგის მთარგმნელი, ან – არა.

დაჩა მარაინის „ხმების“ ქართულ ვარიანტში სწორედ ეს შეხვედრა შედგა და ამიტომაც „ხმები“ ჩემთვის უკვე ქართული ლიტერატურის ორგანული და განუყოფელი ნაწილია, დიდი იტალიური სათავიდან წამოსული და დიდ ქართულ მდინარეს შეერთებული ღონიერი, ღრმა, წყალუხვი მეტყველების განუმეორებელი ტოტი.

ამ წერილში საგანგებოდ არ ჩავღრმავებივარ წიგნის უამრავ პასაჟს, რომელიც დაჩა მარაინის მწერლური დიდოსტატობის ნამდვილი დასტურია. მკითხველი, რომელიც რომანით დაინტერესდება, ამას უჩემოდაც გაართმევს თავს. მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: ეგებ საქართველოში მოხერხდეს დაჩა მარაინის მოწვევა და მასთან შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, მწერალს, რომელიც ყველა საერთაშორისო ფესტივალისა თუ ფონდების ხალხმრავალი აუდუტორიების მუდმივი სტუმარია, ჩვენთვისაც უამრავი რამ ექნება მოსაყოლი.

მითუმეტეს, რომ ის განყენებულად არ ცხოვრობს და განყენებულად არ წერს: წერა მისთვის ცხოვრებაა და ცხოვრება არის წერა. ამიტომაც დაჩა მარაინი აქტიური დამცველია ყველასი და ყველაფრისა, რაც კი დაცვას საჭიროებს. ფემინისტობაზე უკვე მოგახსენეთ. გარდა ამისა, ის აქტიურად იცავს ბავშვთა, მიგრანტთა, უმცირესობათა უფლებებსა და თავისუფლებებს. თავგანწირვით ეწინააღმდეგება ისლამის დემონიზაციასა და რასიზმს, აღვირახსნილ ფუფუნებასა და ბავშვთა შრომის დაკაბალებას.

აქვე, ბარემ ბოლომდე რომ გავამჟღავნო ჩემი ლიტერატურული სურვილები, მაგალითად, სიამოვნებით მოვისმენდი დაჩა მარაინისა და მასზე ცოტათი უმცროსი, მაგრამ ჩვენი ლიტერატურისათვის მისი მნიშვნელობისა და რანგის მწერლის ნაირა გელაშვილის ერთობლივ ვორქშოფს თუნდაც ჩვენი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში. ვორქშოფის თემა შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი მწერალი მამაკაცის გვერდით მცხოვრები ასევე დიდი მწერალი ქალების საკითხი: როგორ ინარჩუნებენ ისინი თავისთავს ამ „დამანგრეველი“ მამაკაცური ენერგიების გვერდით, რას იღებენ მათგან და რას სწირავენ სანაცვლოდ.

როგორც აღინიშნა, დაჩა მარაინი თანამედროვე იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის ალბერტო მორავიას გვერდით 15 წელი ცხოვრობდა და მათ მორავიას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს მეგობრობა და ურთიერთსიყვარული.

ამ რომანის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რატომ მოხდა ასე. ორი ერთმანეთის თანასწორი ენერგია იხარჯებოდა ერთმანეთის გვერდით და ორივემ დიდი ეპოქა შექმნა იტალიურ ლიტერატურაში.

ამაში დაჩა მარაინის ეს ერთადერთი ქართულად თარგმნილი რომანიც იოლად მარწმუნებს და იმედს ვიტოვებ, რომ ისევ ნუნუ გელაძის არაჩვეულებრივი ქართულით აჟღერებული მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვის საშუალებაც მალე მოგვეცემა.