კენზო - ქალისა და მამაკაცის მოდის დამსხვრეული სტერეოტიპები

დავით ბუხრიკიძე

კოვიდ-19 რომ ლეგენდებსაც ისევე ერჩის, როგორც მოკდავებს, კარგა ხანია დადასტურებულია. 4 ოქტომბერს, საღამოს, პარიზის ამერიკულ ჰოსპიტალში, 81 წლის ასაკში კორონავირუსით ლეგენდარული იაპონელი დიზაინერი – კენზო ტაკადა გარდაიცვალა.

კენზო მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა დახვეწილი და მონიმალისტური გრაფიკით, აღმოსავლური ეგზოტიკური შთაგონებით და ქსოვილებში ფერის სრულიად ახლებური, ეკლექტიკური გამოყენებით.

ის იყო პირველი იაპონელი დიზაინერი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა პრეტენზიული ფრანგული მოდის სამყაროში.

პარიზის მერმა ენ იდალგომ მას Twitter- ზე მიაგო პატივი:  „ უდიდესი ნიჭის დიზაინერმა ახალი ფერი და განათება შესძინა ჩვენს მოდას. პარიზი ახლა თავის გამორჩეულ შვილს გლოვობს ”.

ცნობილი დიზაინერის სიკვდილს ბევრი იაპონელი ასევე გამოეხმაურა სოციალური ქსელების საშუალებით. ბევრი მათგანი იზიარებს მოსაზრებას, რომ ის დღმდე ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული იაპონელი დიზაინერია.

კენზო ტაკადა 1939 წელს ოსაკასთან ახლოს, ჰიმეძიში დაიბადა. უკვე 18 წლის ასაკში მოდელიორი გახდა, თუმცა იაპონიაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და 1965 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც დასახლდა და საიდაც დაიწყო კიდეც მისი აღმავალი კარიერა. დღეს მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ბრენდი KENZO 60-იანი წლების ბოლოს დაარსა.

თავიდან მან ესკიზები მოდის სახლებს მიჰყიდა, მაგრამ მოგვიანებით ამის გაკეთება საკუთარი ძალებით, პატარა მაღაზიის გახსნით შეძლო, რომელსაც Jungle Jap უწოდა: „ერთ-ერთი პირველი ნახატი, რომელიც პარიზში ვნახე და რომელიც მომწონდა, იყო ჯუნგლების ნახატი და ეს ჩენი მაღაზიის სახელწოდების შთაგონება გახდა“.

„ტვიტერისა“ და „ფეისბუსკის“ უამრავი მომხმარებელი წერს, რომ მათ ჰქონდათ და აქვთ კენზოს ცხვირსახოცები, პერანგები, აქსესუარები, რომელიც დღესაც ძალიან  პოპულარულია მთელს მსოფლიოში. ცხადია, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია იაპონურმა ფერწერულმა მინიმალიზმმა და დიზაინის თავისებურმა მსოფლმხედველობამ.

ტაკადას თქმით, „მას არ სურდა გაეკეთებინა ის, რასაც ფრანგი დიზაინერები აკეთებენ”.

KENZO-ს საერთაშორისო წარმატება მაინც 80-იან წლებს უკავშირდება, როცა მისი წარმოება გაფართოვდა და ბრენდის სახელი საერთაშორისო მასშტაბით გახდა  ცნობილი. 1983 წელს მან შექმნა მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი, შემდეგ კი სპორტული ტანსაცმლის ხაზები – Kenzo Jeans და Kenzo Jungle. რასაც მალევე მოჰყვა კენზოს სუნამო და სათვალეები.

„ის ყოველთვის იყენებს ნათელ ფერებსა და საოცარ მოცულობებს“ – აღნიშნავს კირკ ჰენესტროსა, სინგაპურში ლასალის ხელოვნების კოლეჯის მოდის სკოლის ხელმძღვანელი – „ფიქრობ, რომ იგი უსწრებდა დროს და იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, ვინც  გაბედულ ექსპერიმენტებს ანხორცილენდა ასექსუალური მოდის იდეების დამკვიდრებაში… და რაც მთავარია, არასდროს ეთანხმებოდა ქალისა და მამაკაცის მოდის სტერეოტიპებს“.