ხატია ბუნიათიშვილი პარიზის ფილარმონიის საკონცერტო სეზონს გახსნის

დავით ბუხრიკიძე

10 სექტებერს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სასიამოვნო ამბავი ელით: ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ტელეარხი MEZZO პირდაპირ ეთერში გადასცემს  ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს, რომელიც პარიზის ახალი ფილარმონიის მუსიკალურ სეზონს გახსნის. მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ბეთჰოვენის N1 საფორტეპინო კონცერტს (C major, Op. 15) შეასრულებს, რომელსაც ამერიკელი მარინ ალსოპი უდირიჟორებს. მეორე განყოფილებაში კი შესრულდება დიმიტრი შოსტაკოვიჩის სიმფონია N5 (D minor, Op. 479.

მარინ ალსოპი
მარინ ალსოპი

აღსანიშნავია, რომ მარინ ალსოპი მეოცე საუკუნის გამოჩენილი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის მოწაფეა და დღეს ყველაზე ცნობილი დირიჟორი-ქალია ამერიკაში. მარინ ალსოპი 2008-2012 წლებში ბოსტონის ცნობილი სიმფონიური ორკეტრის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ამ პოსტზე სახლგანთქმული დირიჟორი, სეიჯი ოზავა შეცვალა. ამჟამად კი სან-პაულოს სიმფონიური ორკეტრის მუსიკალური ხელმძღვანელია.

ხატია ბუნიათიშვილის ყოველი გამოჩენა საკონცერტო სცენაზე ყოველთვის  მოვლენაა. მისი შარმი, მუსიკალურობა, ტექნიკა და პუბლიკასთან ურთიერთობის გასაკუთრებულობა თუ უშუალობა, ლამის წინასწარვე განსაზღვრავს თაყვნისმცემელთა აღფრთოვანებულ დამოკიდებულებას. ისევე, როგორც, კრიტიკოსთა ნაწილის ნეგატიურ განწყობას, რომლებიც თვლიან, რომ ბუნიათიშვილმა კლასიკური მუსიკის საზღვრები წაშალა და კიჩისა თუ პოპმუსიკის მოსაზღვრე მდგომარეობად აქცია.

რადიკალური შეფასებების მიუხედავად, ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე აღიარებულ პიანისტად ითვლება და მისთვის ყველა ცნობილი საკონცერტო დარბაზი ღიაა. 2015 წელს ხატიამ უკვე შეასრულა ბეთჰოვენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად თელ-ავივში, სახელოვანი მესტროს, ზუბინ მეტას იუბილეზე, რომელსაც თავად  ზუბინ მეტა დირიჟორიბდა. კონცერტი 2016 წელს Paramax Films-მა ჩაწერა და მისი ნახვა youtube-ზე შესაძლებელია.

სწორედ თელ-ავივში გამართული ბეთჰოვენის პირველი საფორტეპიანო კონცერტის შემდეგ აღნიშნა ხატია ბუნიათიშვილის შესახებ ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა რობერტ დარკმა: „ის უბრალოდ მშვენიერია! გლენ გულდის მსგავსად, ის გამორჩეული არტისტულობით უბრუნებს ბრწყინვალებას კლასიკურ მუსიკას. ცალკე საკითხია მისი კავშირი პოპკულტურასთან. მისი დახვეწილი კაბები წითელსა და ვარდისფერში, ან მისი მარცხენა ხელი გაცილებით შთამბეჭდავი და სექსუალურია, ვიდრე ლედი გაგას ან მადონას რეპერტუარი, გარდერობი და ცეკვა ერთად აღებული… ექსპრესიულობის ათიოდე წუთი, რასაც ხატია ბეთჰოვენის ფორტეპიანო კონცერტის მესამე ნაწილში (რონდო) ქმნის, რიტმული ბგერების მრავალფეროვნებითა და დიაპაზონით, მართლა გამაოგნებელია. რა ძალას, სილამაზესა და ვნებას ასახავს ხატიას დაკვრა ამ კონცერტში!“

კონცერტი პარიზის ფილარმონიის ახალ შენობაში გაიმართება, რომლის ფუტურისტული პროექტი და დიზაინი ცნობილმა არქიტექტორმა, ჟან ნუველმა შექმნა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი, გამორჩეული და ძვირადღირებული არტობიექტია მსოფლიოში, რომელიც 2015 წლის იანვარში, პარიზში  სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმიდან ორიოდე კვირაში გაიხსნა. არქიტექტურული სითამამით, სიახლით, ფორმითა და მასშტაბით პარიზის ფილარმონია ალბათ სიდნეისა და ოსლოს საოპერო თეატრებს შეიძლება შევადაროთ.

ფილარმონიის კომპლექსი მოიცავს რამდენიმე სარეპეტიციო დარბაზს, სტუდიებს, საგამოფენო სივრცესა და რესტორანს ქალაქის ულამაზესი ხედებით. ფილარმონიის დიდ დარბაზში 2500 ადამიანი ეტევა, ხოლო აკუსტიკა, სპეციალისტების აზრით, ლამის იდეალურია. მშენებლობის დასრულებას – რვა წელი, 386 მილიონი ევრო და სოციალისტური მთავრობის დიდი ვნებათაღელვა დასჭირდა.