ხელისუფლება გვიანბრინჯაოს ხანაშია, ხალხი – 21-ე საუკუნეში – ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან 

ზურა ვარდიაშვილი

ანტისახელისუფლებო აქციებმა უწყვეტი ხასიათი მიიღო. „ერთად ერთის წინააღმდეგ” – ამ ლოზუნგით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – ვადამდელი პროპორციული არჩევნები. თავის მხრივ, საჯარო განცხადებების მიხედვით, არც ხელისუფლება აპირებს დათმობას. გეგმები, საფრთხეები, შესაძლებლობები, პროგნოზი… პუბლიკა ბოლო პერიოდში მკვეთრად გააქტიურებული „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს ესაუბრა:

არსებობს ამგვარი სახელისუფლებო სტრატეგია, რომ ყველა, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, „ნაციონალია“. ეფექტიანია ეს სტრატეგია? მოქმედებს?

აღარ, წლების განმავლობაში გადიოდნენ  ამით იოლას, რომ, აი, ნაცები… ნაცები… დღეს ეს აღარ მუშაობს.

ჯერ ერთი, ძალიან რთულია, მე „ნაციონალობა“ დამაბრალო. ყველა ჩემმა მხარდამჭერმა იცის, რომ მათთან არაფერი მაკავშირებს. ეს კლანჭი გაცვდა. მეორეც, ვინ ამბობს ამას? სულ „ნაციონალები“ არიან „ქართულ ოცნებაში“ – აჩიკო თალაკვაძიდან დაწყებული, მაჟორიტარებით გაგრძელებული. ყველა ან დამფინანსებელი იყო, ან წევრი, ან სხვა გზით დაკავშირებული.

მათთვისაც მითქვამს და იციან, ჩემთვის დიდი დისკომფორტია „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერების გვერდით დგომა, მაგრამ ქვეყნისთვის პერსპექტივის დაკარგვა სხვა განზომილების ცუდი ამბავია. იმის გამო, რომ ვინმემ არ თქვას, რატომ დგახარ „ნაციონალებთანო“,  ბრძოლაზე უარის თქმა სისულელეა.

რას უწოდებ ქვეყნისთვის პერსპექტივის დაკარგვას?

ეს ქვეყანა გადაიქცევა ერთი კაცის სათამაშოდ. მას 2012 წლიდან მოყოლებული არანაირი დაპირება არ შეუსრულებია. არანაირი დემოკრატიზაცია არ მომხდარა. კარგი, ვთქვათ სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, ტერიტორიულ მთლიანობას ეგ ვერ აღადგენდა, გაზს და დენს ვერ გააიაფებდა, მაგრამ წესიერი არჩევნები მაინც რომ გამართულიყო, მართლა თავისუფალი გამხდარიყო სასამართლო, ესეც დიდი საქმე იქნებოდა. ესეც არ გააკეთა.

დაბოლოს სისხლით, თვალების დათხრითა და ბრძოლით მოვიპოვეთ შედეგი – გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე. ეს იყო პროპორციული არჩევნების დაპირება. მთელი მსოფლიოს წინაშე დადებული. მართლა იდიოტები ხომ არ ვართ – წულუკიანმა რომ თქვა, ეს იდეა იყო და არა დაპირებაო.

ამ გადაგდებაზეც თუ არ გვექნება რეაქცია, მერე ეს კაცი გვაკადრებს ყველაფერს.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა დანაპირების უკან წაღება?

კვლევები ნახეს. მანამდე ფიქრობდა, რომ ნულოვანი ბარიერით, უბლოკო სისტემით  და სხვა მაქინაციებით  მაინც მოახერხებდა უმრავლესობის მოპოვებას, მაგრამ გაზომა და ნახა, რომ მისი პარტიის საქმე უკან-უკან მიდიოდა.

„ამხილე ფეოდალი მაჟორიტარები“ – ამ ლოზუნგით ჩადიხართ რეგიონებში და ხალხს ხვდებით, ესაუბრებით შერეული სისტემის გაუმართაობაზე. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ხალხი ვერც კი არჩევს საარჩევნო სისტემებს შორის განსხვავებას… შენი გამოცდილებით, მოსახლეობისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია?

ხალხი გამაოგნებლად ცხადად ხედავს ყველაფერს. ხომ არსებობს მოსაზრება, რომ ხალხს უნდა განუმარტო, აუხსნა… აქეთ გვიხსნიდნენ და გვიმარტავდნენ. მშვენივრად ხედავენ, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება, რადგან ეს წურბელები არიან მომჯდრები მასზე.

ადრე ხალხი ცუდი ხელისუფლების წასვლას მოითხოვდა ხოლმე. ახლა ასე აღარაა. ხალხს სურს, რომ ესენი წავიდნენ, მაგრამ შეიქმნას ადეკვატური პოლიტიკური სისტემა, რაც არც ბიძინას დატოვებს ერთპიროვნულ ხელისუფლებაში, არც მიშას დააბრუნებს და არც გრიშას.

42 წლის გავხდი და ძლივს მოვესწარი ამ ქვეყანაში იმას, რომ მხოლოდ „გადადექი“ კი არ ისმის აქციებზე, არამედ ხალხი მოითხოვს რეალურ სისტემურ ცვლილებას.

დღეს საზოგადოება გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლება გვიან ბრინჯაოს ხანაშია, ხალხი – 21-ე საუკუნეში.

გამომყვნენ, ავტობუსებით საკრებულოების თანამშრომლებს კი ნუ მიგზავნიან, გამომყვნენ და მოისმინონ, ხალხი რასაც ლაპარაკობს. კვლევებიც ამას ადასტურებს და პირადადაც ვისმენდი გორის ბაზარში, ბოდბისხევის ბაზარში…

ბოლო შეთავაზება – არ დაეყენებინა მაჟორიტარი კანდიდატები ხელისუფლებას იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „მისი დანამატები“არ იქნებოდნენ, როგორ აღიქვით?

ეს იყო ძალიან იაფი ილეთი იმ გათვლით, რომ, იქნებ ოპოზიციაში განხეთქილება შეეტანათ. იქნებ, ვიღაც გამათხოვრებულიყო ერთ და ორ მაჟორიტარულ მანდატზე.

პროპორციული არჩევნები იმიტომ მინდა, რომ ქვეყნისთვისაა უკეთესი, თორემ არც მაჟორიტარულის ეშინია არავის. დამიდგნენ, მაგალითად, საბურთალოზე და ვნახოთ, რა ბიჭები არიან. უბრალოდ, ქვეყნისთვის არ ვარგა ეს სისტემა.

თუ ოპოზიციის ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო, თუ ქვეყანა 2020 წლის არჩევნებამდე ამ სისტემით მივიდა, რა არის გეგმა ბ?

მაინც მგონია, რომ ყველაფერი შეიცვლება. ბიძინა არც ისეთი კერკეტი კაკალია, როგორადაც თავს წარმოაჩენს. პირადი შემადგენლობა წკიპზეა, რომ გაფიცვა არ დაიწყოს. ძალიან გაღიზიანებულები და დაღლილები არიან. შიგნით, გუნდშიც, ბიძინა რომ არ აშანტაჟებდეს პირადი ჩანაწერებითა და კორუფციული საქმეებით, ყველა გამოქცეული იქნებოდა უკვე.

ეს გუნდი არ არსებობს, რეალურად ჩამოშლილია.

გარდა ოპოზიციის ბრძოლისა, რამ შეიძლება, მოახდინოს გავლენა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე? მეტი ბერკეტი რა არის?

აი, მაგალითად, ბოლო შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მკაცრი.

რომელზეც თავად ივანიშვილმა თქვა, კითხვა არ ჰქონიათ საერთოდო…

პირიქით. ლამის ძიუდო გაიმართა, ისეთი ამბავი იყო და მან პირობა დადო, რომ თუ გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამაზე დასთანხმდება.

ახლა ვაგზავნით ერთობლივად ქართულ რეალობაზე მორგებულ მოდელს ვენეციის კომისიაში და ვნახოთ, იქიდან თუ დასტური მოვიდა, მერე რა არგუმენტი ექნება ძალადობის გარდა? და ღია ძალადობაზე ვინ, ვინ და ქართველმა ერმა იცის ადეკვატური პასუხის გაცემა. ასე გადავრჩით და მოვედით აქამდე. შაჰ აბასმა, ჯალალედინმა და თემურ ლენგმა მოიტეხეს აქ კბილი. ისევ ქართველები გვქვია, ამ ქვეყანას კი – საქართველო და ივანიშვილისნაირ ფუყე დიქტატორს არაფერი გაუვა.

დაახლოებით რა შედეგს უწინასწარმეტყველებ შენს პოლიტიკურ ძალას საპარლამენტო არჩევნებზე?

ძალიან სერიოზულს. არანაკლებ 10%-ისა. და კარგი მუშაობის შემთხვევაში – გაცილებით  მეტს

აქციების დროს, როდესაც მოქმედებას იწყებს სპეცრაზმი, ხშირად გხედავთ მათ პირისპირ. გაწევ-გამოწევაში. რატომ აკეთებთ ამას?

თავად სპეცრაზმელებს არც არაფერს ვერჩი. ძალიან„კორექტული“ ბრძოლა გვქონდა. ერთი ეპიზოდი იყო, ძალიან პატარა ბიჭი ჩანდა. წვივში ჩამარტყა ფეხი ამ ჯაჯგურის დროს. ფარი ჩამოვუწიე და რას აკეთებ-მეთქი, და ბოდიშიო მითხრა. მერე ვიჩხუბეთ პატიოსნად. მოგვერივნენ, მაგრამ მაინც ვიჩხუბეთ.

9 აპრილს პატარა ვიყავი და იმ ღამეს რუსთაველზე არ ვყოფილვარ. ძალიან მძაფრად მახსოვს 7 ნოემბერი. იმის მერე, სპეცრაზმს რომ ვხედავ, ჩემი მემართება. არ შემიძლია, რომ, როგორც ვახერხებ, წინააღმდეგობა არ გავუწიო. იმ დღეს ძალიან გავბრაზდი, რუსთაველზე ისე მწყობრი ნაბიჯით დადიოდნენ, ეს ოხერი, ვისურვებდი, მენახა ცხინვალსა და სოხუმში ან ვაჟა გაფრინდაშვილის გამოხსნისას.  დიახ, ქართული სპეცრაზმი უნდა დადიოდეს ცხინვალსა და სოხუმში, ოსური და აფხაზური ქვედანაყოფებიც დაემატონ მერე. სპეცრაზმი იმისთვის კი არ არსებობს, რომ მე მეჭიდაონ და გამწუწონ შუა ნოემბერში, არამედ იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არ იჯდეს იზოლატორში და ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელები არ იყვნენ ცოცხლები ან, სულ მცირე, ქართულ ციხეში ისხდნენ.

ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით , როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას ობიექტურად არაფერი შეუძლია თუ დიდ ენთუზიაზმსაც არ იჩენს?

არ სცხელათ ამისთვის. ახლა იმით არიან დაკავებულნი, პარლამენტში როგორმე შეძვრნენ ხოლმე სხვადასხვა მეთოდით. ეს ხომ სახელმწიფო არ არის. ეს ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებელი სააგენტოა. ამას წინათ აბასთუმანში ავიდა, თვითმფრინავებმა შეაწუხა და საჰაერო ხაზები შეაცვლევინა… ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ, ვაჟა გაფრინდაშვილი დიდი ხნის გამოხსნილი უნდა იყოს – ამ გზით… იმ გზით… სპეცოპერაციით, მოლაპარაკებით. ყველა მეთოდს უნდა მივმართოთ,რომ ეს ღირსეული კაცი იქიდან გამოვიხსნათ.

რას ფიქრობთ „გირჩის“ იდეაზე – არ მოხვდეს ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში?

არაფერში არ ვეთანხმები „გირჩს“, ობიექტების პრივატიზების გარდა და აი, ამ იდეას დავეთანხმე. ძალოვან უწყებებზე არ უნდა ჰქონდეს გავლენა არც ერთ პარტიას და მით უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

ეს ხომ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს…

ეს ჩვეულებრივი მოცემულობა არ არის. მეგის ქარდავას და დათა ახალაიას დაბრუნება გამორიცხულია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი ჰყავს.  ბევრი სფეროა ამ ქვეყანაში ჩაოხრებული. თუ ვინმე ივარგებს და იყოჩაღებს, მიხედოს. არ არის პრობლემა.

თავად იდეის ადრესატებს რა რეაქცია აქვთ?

ნიკა მელიამ თქვა, რომ  მხარს უჭერს. სააკაშვილი არ უჭერს. ბოკერიამ არც ის თქვა და არც  ეს. სხვა პოლიტიკურ ძალებში კონსენსუსია ამაზე.

ინტერვიუს ნახავდით ბიძინა ივანიშვილთან. საკითხი, რასაც გამოყოფდით…

ყველაზე აღმაშფოთებელი და ამაზრზენი ის იყო, რომ აქ სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, აგიღებთ ბილეთებს და დაახვიეთ აქედანო, რომ თქვა.  გვითხრა, ვინც ჩემი მონა იქნებით, დარჩით, სიღარიბეში გაცხოვრებთ და ორ ლუკმას გადმოგიგდებთო. დანარჩენები, ვინც არ მეთანხმებით, წადით აქედანო. ეს შეიძლება ქვეყანას, ერს აკადრო?

რისკები, რასაც ამ პროცესში ხედავთ.

წასულია ამ ხელისუფლების ამბავი. საკითხი იმაზე დგას, რამდენად მტკივნეულად ან უმტკივნეულოდ გავუშვებთ. შეიძლება ძალიან დიდი ჯანჯღარი გველოდეს წინ, მძიმე შეტაკებები. დანის პირზე დავდივართ.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც, რბილად რომ ვთქვათ, რთულად საოპონენტო ძალა იყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილი განსხვავებული მოთამაშეა. ის პოლიტიკური თამაშის წესებს არ ექვემდებარება. რა განსხვავებულ სირთულეებს ქმნის ეს ოპოზიციისთვის?

სააკაშვილს ჰქონდა საერთაშორისო წითელი ხაზები, ქვეყნის შიგნით – არა. იმედის დარბევის შემდეგ ის დაექვემდებარა ზეწოლას და გადადგა, ამას კი ამ ხაზების აღქმა არ გააჩნია. იმას იძახის, ტრამპს უნდა მივწერო, NDI და IRI რა საზიზღრები არიანო. მისი წითელი ხაზი შეიძლება იყოს ფულის დაკარგვის საფრთხე. მაქამდე თუ მივიდა საქმე, ე.ი. უკვე ძალიან ღრმად ექნება შეტოპილი. უვიცი და ახირებული კაცის დარწმუნება ძალიან რთულია.

„ფეოდალი მაჟორიტარების მხილება“ – ქიზიყი, გორი… სად იქნება შემდეგი გაჩერება?

პირველი წრე  იმ მაჟორიტარებისაა, რომლებიც ვითომ აჯანყდნენ. ჯერ მაგათ მივხედავთ და მერე სხვებისთვისაც მოვიცლით. აქამდე ფეისბუქზე ვწერდით ხოლმე, ახლა აღარ გავაფრთხილებთ, პირდაპირ ვესტუმრებით და მათსავე ამომრჩეველს ავუხსნით, ვინ არიან ისინი. ამ მხილების კამპანიას გავაგრძელებთ.