კლოუნი გაბზარული გულით და შეცვლილი ნიღბით

დავით ბუხრიკიძე

თეატრალური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტმა, ირაკლი ბიბილურმა, სადიპლომო ნამუშევრი, „კლოუნის თვალთახედვა“ თეატრ სახელოსნო 42-ის უზარმაზარ სივრცეს მოარგო – კამერული თვალთახედვით და დეკონსტრუქციის სურვილით.

სიმართლე რომ ვთქვა, არც მახსენდება ცნობილი გერმანელი მწერლის, პუბლიცისტის და სცენარისტის, ჰაინრიჰ ბიოლის რომელიმე მოთხრობა, ან რომანი ქართულ თეატრში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სადმე დაედგათ. ჯერ კიდევ გაუხუნარი თეატრალური მეხსიერება ისევ საბჭოთა დროის თეატრალურ არტეფაქტს მკარნახობს, რომელიც 1963 წელს დაწერილი რომანის – „კლოუნის თვალთახედვის“ სცენურ ვერსიას უკავშირდება.

1968 წელს, მოსკოვის „მოსსავეტის“ თეატრის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილმა მსახიობმა, გენადი ბორტნიკოვმა ასეთი ავანტურა წამოიწყო: ამბობენ, მას ძალიან უნდოდა „ინოსტრანნაია ლიტერატურაში“ უკვე დაბეჭდილი რომანის, „კლოუნის თვალთახედვის“ მიხედვით სპექტაკლის დადგმა და მწერალს აბსურდულ მისამართზე მისწერა: „დასავლეთი გერმანია, კიოლნი, ჰაინრიჰ ბიოლს“ (დაახლოებით ისე, როგორც პატარა ვანკა ჟუკოვმა მისწერა ბაბუას, ჩეხოვის ცნობილ მოთხრობაში – „ნა დერევნე დედუშკი“).

საოცრება ალბათ ის იყო, რომ დაახლოებით ერთ თვეში, ავტორის მიერ გამოგზავნილი და უშიშროების სამსახურის მიერ მრავალჯერ შემოწმებული პასუხი დადგმის უფლების თაობაზე, მსახიობმა მაინც მიიღო.

სპექტაკლი თავად გენადი ბორტნიკოვმა იმავე წელს დადგა, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ლამის ოცი წლის განმავლობაში შემორჩა „მოსსავეტის“ სცენას. აღსანიშნავია, რომ მარი დერკუმის როლს მარგარიტა ტერეხოვა თამაშობდა. 80-იან წლებში, გორბაჩოვის ეპოქაში, მოსკოვში დავეწარი ამ უკვე გაცვეთილ, მითოლოგიურად შერაცხულ წარმოდგენას მობერებული ბორტნიკოვის მონაწილეობთ (ცხადია, ჰანს შნირის როლში), თუმცა მას განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნამდვილად არ მოუხდენია.

დროის მკვეთრი ცვლილება, ესთეტიკური თუ პოლიტიკური კონიუნქტურა, ხშირად აფერმკრთალებს ყველაზე ნატიფ მითოლოგიურ წარმოდგენებსაც კი. ამდენად, გასაგებია, რომ ოდესღაც გადატენილი დარბაზების აღფრთოვანებასა და კრიტიკის ქება-დიდებას დრო მაინც დაუნდობლად და დამცინავად ატარებს საკუთარ საცერში.

ახლა, რაც შეეხება ირაკლი ბიბილურის დაახლოებით ერთსაათიან და უსიტყვო წარმოდგენას, რომელშიც მთავარ როლს თავად რეჟისორი ასრულებს. ძნელია წარმოიდგინო, რომ დაახლოებით 300 გვერდიანი რომანი, თავისი მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით, შინაგანი მონოლოგებით, გრძელი სატელეფონო დიალოგებით კლოუნთან, რომელმაც დაკარგა სამსახური და მუხლიც დაზიანებული აქვს, დაყვანილია უსიტყვო, ქორეოგრაფიულ წარმოდგენამდე.

სცენაზე მხოლოდ ორნი არიან: კლოუნი ჰანს შნირი (ირაკლი ბიბილური) და მისი შეყვარებული მარი დერკუმი (თამარ ცანავა, რომელიც ასევე სპექტაკლის ქორეოგრაფიცაა). თავად ჟანრობრივი მოცემულობა – კამერული ქორეოგრაფიული წარმოდგენა, თავისთავად კარნახობს რეჟისორს, უარი თქვას ნაწარმოების მძაფრ სოციალურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ კონტექსტზე და აქცენტი ჰანსისა და მარის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ურთიერთობაზე გადაიტანოს.

„მე კლოუნი ვარ, ოფიციალურად კომიკოსი მსახიობი, არცერთ პარტიას და არცერთ საეკლესიო კონფესიას არ ვეკუთვნი და 27 წლის ვარ“. ბიოლის ამ ფრაზას, ისევე როგორც დანარჩენს რომანის ცოცხალი და ფხიზელი ირონიით გაჯერებული ტექსტიდან, ცხადია ვერ მოისიმენთ სპეტაკლში. თუმცა კლოუნის, ისევე როგორც არტისტის თვითდამკვიდრების მძაფრი სურვილი და გზავნილი, სპექტაკლში აშკარად საგრძნობი და გასაგებია…

ჰანსი საკუთარ ბინაში შემოდის და თან ასაწყობი ქალი – „თოჯინა“ შემოაქვს. ეს ორმაგი და ოდნავ დამაბნეველი თამაშია. მაყურებელი ვერ ხვდება, მართლა თოჯინას ხედავს, თუ ქალს, რომელიც თოჯინას თამაშობს. სპექტაკლის მთავარი კონცეფციაც ამის ირგვლივ იგება – ჰანსისა და მარის სიყვარული ნამდვილია თუ ასაწყობი და სათამაშო კონსტრუქციაა? რაღაც თვალსაზრისით, ეს ჰოფმანის ზღაპარის სიუჟეტს ემსგავსება, როცა პოეტს მექანიკური თოჯინა, ოლიმპია უყვარს. მელომანებს კი გარკვეული ასოციაცია გაუჩნდებათ ჟაკ ოფენბახის ოპერასთან „ჰოფმანის ზღაპრები“.

რეჟისურისა და ქორეოგრაფიის თანხვედრა უფრო მრავალმნიშვნელოვანი ხდება, როცა სცენები ჯერ იატაკზე დაგებულ ლოგინზე, ხოლო შემდეგ და საგრიმიოროს სარკეების წინ თამაშდება. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ მრავალჯერ გამეორებულ და სინქრონულ მოძრაობებს, რაც მიანიშნებს „ფსიქოფიზიკურ პარალელიზმზე“, ანუ გრძნობათა თანხვედრაზე და მეორეს მხრივ, სარკეებში არეკლილი სახეები და ირგვლივ მიმოყრილი კლოუნის მოსაძრობი წითელი ცხვირები არამუდმოვობასა და გრძნობათა ქაოსზე მიუთითებს… და ეს ორაზროვნება სპექტაკლის ფინალამდე გაგრძელდება, ვიდრე ჰანსი – კლოუნი გაბზარული გულით და შეცვლილი ნიღბით,
ისევ გარეთ, ქუჩას არ შეუერთებს საკუთარ არტისტულ პროტრესტს, ბრაზს, წარმოსახვას.

„კლოუნის თვალთახედვაში“ მაინც გამოკრთება ორი ეპიზოდი, როცა სოციალურ-პოლიტიკური მოტივები აშკარაა. პირველი – როცა ჰანსი ჩემოდნიდან ქუდსა და რევოლვერს ამოიღებს, ქუდზე კი სვასტიკაა მიხატული (აქ უსიტყვოდაც საგრძნობია თავად ნაწარმოებში მკაცრად გაკრიტიკებული ანტისემიტიზმი) და მეორე – როცა სცენის სიღრმეში, ეკრანზე რამდენიმე წამით პროეცირდება რატომღაც 17 მაისის კადრები და გავეშებული ხალხი. რითაც უნდა ვიფიქროთ, რომ რაც გარეთ, ქუჩაში ხდება, მას ვერსად გექცევი, რამდენი დეკონსტრუქციაც არ უნდა მოიფიქრო.

სცენაზე არტისტული ქაოსის ატმოსფეროს ქმნის უწესრიგოდ მიმობნეული საგნების, ნივთების და „წითელი ცხვირების“ გროვა, რომელსაც უგრძნობლად დაჰყურებს სკამზე მჯდომი კლოუნის კონსტრუქცია (მხატვარი და სცენოგრაფი – მამუკა ერქომაიშვილი), კოსტიუმები ნამდვილად ეფექტურია და ცოტათი თანამედროვე ოპერის ატმოსფეროს წააგავს (ნინი კერატიშვილი).

თამარ ცანავას საკმაოდ რთული დატვირთვა აქვს – გაუმკლავდეს მარის პერსონაჟს, როგორც უგრძნობ თოჯინას და ამავე დროს, როგორც ქალს. ირაკლი ბიბილური -ჰანსი კი კლოუნის, არტისტის და ხელოვანის კარჩაკეტილ სამყაროს ფინალში ქუჩის „ხმაურსა და მძვინვარებას“ უპირისპირებს: ჰანსი სცენიდან გადის და შემდეგ მას ეკრანზე, შლაპით ხელში, ქუჩაში ვხედავთ. სპექტაკლში ჭრელი და მრავალფეროვანი საუნდია გამოყენებული – კლასიკოს სოფია გუბაიდულინათი და თითქმის მოდერნისტ ალისა არიათი დაწყებული, ალექსეი სიუმაკით, მიშა ზაქაიძით, ელიას ჰედედით, ჯგუფ dark piano-თი დამთავრებული.