კორონავირუსმა ცნობილი რუსი რეჟისორი, რომან ვიკტიუკი იმსხვეპლა

დავით ბუხრიკიძე

კოვიდ 19-ის სასიკვდილო ცელს მორიგი და გამორჩეული პერსონა ემსხვერპლა: 84 წლის ასაკში, მოსკოვის ბახრუშევის სახელობის კლინიკაში ცნობილი რუსი თეატრალური რეჟისორი, რომან ვიკტიუკი გარდაიცვალა. ის ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს მოათავსეს კლინიკაში  კორონავირუსის დიაგნოზით, ხოლო ბოლო დღეების განმავლობაში სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული.

რომან ვიკტიუკი დაიბადა 1936 წელს ლვოვში. 1956 წელს, „გიტისის“ (მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი) დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ლვოვის, კიევის, ვილნიუსის თეატრებში. 70-იან წლებში კი ლიტვის რუსულ დრამატულ თეატრში მთავარ რეჟისორად.

ვიკტიუკი საბჭოთა დროის გამორჩეული პერსონა და ხელოვანია. შეიძლება ითქვას, სკანდალური არტისტი დღევანდელი გაგებით. შემთხვევითი არ არის, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა კრიტიკოსმა მას „საბჭოთა ეპოქის თეატრალური ფარაჯანოვი“ უწოდა. ის არის სრულიად გამორჩეული ხელწერის რეჟისორი, მოულოდნელი სოციალური მზერით, სექსუალური თემების უჩვეულო ინტერპრეტაციით. განსაკუთრებული და დაუმორჩილებელი არტისტული ვნებითა და ზოგჯერ სიშლეგით გამორჩეულიც.

ეგზიბიციონისტული გულწრფელობითა და სექსუალური გულახდილობით გამოირჩეოდა მისი სპექტაკლები უკვე „პერესტროიკის“ ეპოქაში, მოსკოვისა თუ სხვა საბჭოთა ქალაქების თეატრებში, რის გამოც უამრავი პრობლემა ექმნებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ 60-70-იან წლებში, როდესაც ლვოვის დრამატულ თეატრში მუშაობდა, საკმაოდ მწვავე და ექსტრემალური ფორმით გამორჩეულ სპექტაკლებს დგამდა, რის გამოც ბევრი მათგანი აკრძალეს კიდეც.

მისი მეგობრის, მსახიობ იური კოპოსოვის მკვლელობის შემდეგ (რომელიც დღემდე გაუხსნელი დარჩა), იძულებული იყო ჯერ კიევში, შემდეგ კი ვილნიუსში გადასულიყო, თუმცა მუდმივი პრობლემებისა და წინააღმდეგობის გადალახვა უწევდა.

რომან ვიკტიუკმა დაახლოებით ორასამდე სპექტაკლი დადგა რუსეთსა  და ევროპაში, თუმცა გამორჩეული წარმოდგენები მაინც გასული საუკუნის 80-90-იან წლებსა და „პერესტროიკის“ შემდეგ პერიოდს უკავშირდება. მოსკოვში მან დადგა „მოახლეები“ (ჟან ჟენეს პიესების მიხედვით), M. Butterfly (ჩინური ოპერის მსახიობი კაცისა და ფრანგი დიპლომატის სასიყვარულო ისტორია), „მუსიკის გაკვეთილები“ (ლუდმილა პეტრუშევსკაიას პიესის მიხედვით), „მარიამ სტიუარტი“ (ფრიდრიხ შილერის მიხედვით). მოგვიანებით ასევე დადგა სპექტაკლები იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში.

უნდა აღინიშნოს, რომ რომან ვიქტიუკი ერთადერთი საბჭოთა ხელოვანია, რომელმაც მიიღო იტალიის დრამატული ინსტიტუტის პრიზი თანამედროვე დრამის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის. 1991 წელს კი მოსკოვში, სტრომინკას ქუჩაზე გახსნა საკუთარი თეატრი, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.