„მირანდას ღვინო“ ტვიშის მთებიდან

პუბლიკა

ალბათ, საქართველოში არაა ადამიანი, ვისაც სოფელი ტვიშისა და აქაური ღვინის შესახებ არ სმენია. ცაგერის მუნიციპალიტეტის ეს ულამაზესი სოფელი ჯერ კიდევ რჩება იმ გამონაკლისად, სადაც ადამიანის ხელმა ბუნებას ვერ აჯობა. ამიტომ, აქ ყურძენიც განსაკუთრებულია და ღვინოც ასეთივე გამოდის.

მეღვინე, მირანდა ჩხეტიანის სახლი სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზეა აშენებული. აქედან სოფლის ხედთან ერთად, ხელისგულზე მოჩანს მირანდას ვენახებიც. მაგრამ აქ ცხოვრება ასეთივე მარტივი არაა, როგორც ამ ხედით ჩანს. სოფელ ტვიშამდე მოსახვედრად, დაახლოებით, 40-კილომეტრიანი ხრეშიანი და რთული გზის გამოვლაა საჭირო, რომელსაც გადაადგილებისთვის თითქმის სამმაგი დრო სჭირდება. ეს გზა წლების წინ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სოფელში ამბობენ, რომ უკვე აღარ სჯერათ ამის.

მირანდა ახალგაზრდა მეწარმეა და სოფლის ამ სახლში, ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სახლს გარშემო ბაბუის დატოვებული ვენახები აკრავს, რომელიც საქართველოში დამსახურებული აგრონომი იყო. ვაზის მოვლა-პატრონობაში ბავშვობიდან თვითონაც ჩართულია: „ბაბუას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ალბათ, რაღაც სისხლის ყივილი იყო, რომ ეს უნარი გამომყვა“.

60-70 წლის ვენახები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ჰქონდათ. ძველი ყურძენი სიმბოლურად ცოტა დატოვა და დანარჩენი, თავიდან დაამუშავა, 2013 წელს გააშენა ახალი ვაზიც.

„მირანდას ღვინო“ ტვიშის ცოლიკაურს აწარმოებს. გამოწურვის შემდეგ 6 თვე ყოვნდება ღია ცის ქვეშ ქვევრში. პირველი დუღილის გავლის შემდეგ, მარტის ბოლოდან უკვე მარანში, უჟანგავ ჭურჭელში გადააქვთ.

პირველად, 2017 წელის მოსავლით, მეგობრების დახმარებით სულ რამდენიმე ბოთლი ჩამოასხა, რაც ძირითადად, ან ფესტივალებზე გავიდა, ან გაჩუქდა.

გარშემო ყველას ისე მოეწონა, 2019 წლიდან ეს რაოდენობა 300-400 ბოთლამდე გაიზარდა და მირანდას მარანი ახლა, წელიწადში საშუალოდ, 1000 ბოთლი, ნატურალურ, ორგანულად წარმოებულ ტვიშის ცოლიკაურს ასხამს.

ამ ყველაფერში, მირანდას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა.

თავიდან საკუთარი მარანი არ ჰქონდა. ღვინის შენახვის პრობლემის წინაშე იყო სულ. და მაშინ სხადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, იყიდა გადამამუშავებელი ინვენტარი და ღვინის ჩამოსასხმელი.

„კი, ხედავთ აქ რამდენი ბარიერი გვაქვს – გზა ცუდია, მოშორებული ვართ გარესამყაროს და ბევრი პრობლემაა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის დახმარება და ხელისშეწყობა“, – ამბობს მირანდა.

2019 წლიდან „მირანდას ღვინო“ თბილისში, რამდენიმე კაფე-ბარშია და რაც მთავარია, გადის აშშ-ში, სადაც გაყიდვების გაფართოებას წელს კიდევ უფრო მეტად აპირებს.