მკვდარი ზონის გაცოცხლება | დალის მთის წყალსაცავის ისტორია

სოფო აფციაური

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დალის მთის წყალსაცავი დღეს უფუნქციოდაა. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ – „საბუკო“უკვე მეორე წელია, მდინარე ივრის ჭალის ტყის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში „საბუკოს“ ინიციატივაა, დალის მთის წყალსაცავიდან წყლის პერიოდული გამოშვებით დაიტბოროს მიმდებარე ჭალის ტყეები და ამით იქ არებული ჰაბიტატი ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. კვლევებით დგინდება, რომ წყალსაცავის გამო, მდინარე ივრის ქვემო ნაწილში ისეა შეცვლილი ჰიდროლოგიური რეჟიმი, რომ მან შესაძლოა, ბიომრავალფეროვნებისთვის სერიოზულსაფრთხე შექმნს.

დალის მთის წყალსაცავის ისტორია გასული საუკუნის 80-იან წლებში იწყება. საქართველოში სიდიდით მეორე წყალსაცავის მშენებლობა უბრალო მოვლენა, წესით, არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც იტყვიან, მას დღის სინათლე არასდროს უნახავს – ის ფუნქცია, რომელიც თავიდან იყო ჩაფიქრებული, არასდროს შეუსრულებია. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან სულ მალე, 1992 წელს  ექსპლუატაციაში შევიდა და მისი გამოყენება ოფიციალური ვერსიით, საირიგაციო მიზნებისთვის გადაწყდა. სარწყავად გაშენებული წყალსაცავის მშენებლობის მიზანი ჭაჭუნის აღკვეთილის მიდამოებში ორი სოფლის გაშენება და მიწების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისება უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი მეუბნება, მისი გახსნის წელსვე ივრის ხეობაში წყალდიდობა მოხდა. კაშხალში წყალმა ისე სწრაფად მოიმატა, თანამშრომლები შეშინდნენ და გადაწყვიტეს, გაეხსნათ ფარები და მალე დაეცალათ კაშხალი. თუმცა, მეორე ვერსიით, წყალსაცავის მშენებლობა რეალურად, ბოლომდე არ იყო მიყვანილი. შედეგად: „ზედა ნაწილი დაცურდა და დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია“, – მეუბნება ჰიდროლოგი.

ამ თუ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, დალის მთის წყალსაცავს თავისი ფუნქცია არასდროს შეუსრულებია. დღეს დალუქულია და მისი ოპერირება მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ფარებიდან სანიტარულ ხარჯს ატარებენ და წყალსაცავში წყლის სტაბილურ დონეს ინარჩუნებენ (წყალსაცავი შპს საქართველოს მელიორაციის დაქვემდებარებაშია). გარდა ამისა, იქვე ერთ-ერთ კერძო მეწარმეზე გარემოს დაცვის სამინისტროს 2030 წლამდე გაცემული აქვს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია და, ფაქტობრივად, მხოლოდ ეს კერძო პირი იყენებს მას სარწყავად და თევზჭერისთვის.

სხვა მხრივ, დღეს დალის მთის წყალსაცავს მკვდარ ზონად მოიხსენებენ. „ტრიალ მინდორში მდგარი უფუნქციო რეზერვუარი“, – ასე ახასიათებს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიზო ჭელიძეც ამ, თავის დროზე, მასშტაბური პროექტის ახლანდელ მდგომარეობას.

ჭაჭუნის აღკვეთილის ზემო ნაწილის ბოლოს, წყალსაცავამდე უზარმაზარ ხიდს სათავე ნაგებობის მისადგომთან მივყავართ. ეს შენობა წლებია მიტოვებულია და ახლა იქ ფრინველების დროებითი თავშესაფარია. ნახევრადჩამომსხვრეული შუშაბანდიდან მტრედების გუნდის ექოებიღა მოისმის.

თუმცა, ეს არაა უწყინარად და მდორედ დაგუბებული რეზერვუარი, მიტოვებული ინფრასტრუქტურით – ამბობენ „საბუკოს“ მკვლევრები და საფრთხეებზე საუბრობენ, რაც უფუნქციოდ არსებულმა წყალსაცავმა შეიძლება შეუქნას ადგილობრივ ეკოსისტემას და მის ქვემოთ არსებული ჭაჭუნის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნებას.

დალის მთის წყალსაცავი კახეთში, დედოფლისწყაროში, დალის მთის დაბლა მდებარეობს. მის ქვემოთა ნაწილშია 5200 ჰა ფართობის ტერიტორიაზე გადაშლილი ჭაჭუნის აღკვეთილიც, რომელიც 1996 წელს დაარსდა და ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოსაა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, წლიური ნალექების რაოდენობის შემცირების პარალელურად, აღკვეთილში მიწის საფარის მნიშვნელოვანი ნაწილი დეგრადირებულია. ამის მიზეზი, ჭარბი ძოვება და საძოვრების არარაციონალური გამოყენებაა. ასევე, სულ უფრო მცირდება ჭალის ტყის საფარიც, რადგან ცხვარმა საძოვრების დეგრადაციის გამო, სულ უფრო ქვემოთ, ჭალის ტყისკენ გადაინაცვლა.

„ჭალის ტყის გაქრობა ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ფრინველებისთვის, როგორიცაა, დურაჯი, ბექობის არწივი, ფსოვი, ქრება საბუდარი ადგილები, საბუდარი ხეები; და აქ გავრცელებული ისეთი ძუძუმწოვრებისთვის, როგორიცაა: მაჩვები, გარეული ღორები, მაჩვზღარბები, მგლები, ტურები… – ქრება თავშესაფარი, საკვები და დასაწყურებელი ადგილები.

ამიტომ, როცა თავშესაფარი ვიწროვდება, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს მათ არსებობაზე“, – მეუბნება ხატია ბასილაშვილი, რომელიც „საბუკოს“ კონსერვაციული კვლევების ხელმძღვანელია და ამჟამად, ჭაჭუნის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნებას იკვლევს.

ფოტო: National Geographic Magazine-Georgia/Vakho Khetaguri

სწორედ ჭაჭუნის აღკვეთილში დაწყებულმა საქმიანობამ მიიყვანა „საბუკო“ დალის მთის წყალსაცავამდე და სწორედ ჭაჭუნის აღკვეთილისთვის შექმნილი საფრთხე გახდა მიზეზი იმისა, რომ დაფიქრებულიყვნენ, როგორ აღედგინათ ფუნქცია წყალსაცავისთვის.

2019 წელს ჩატარდა ტყის სიჯანსაღის კვლევა, დალის მთის წყალსაცავის როგორც ზედა, ასევე ქვედა ნაწილში. შესაბამისი დარგის სპეციალისტების რეკომენდაცია იყო, გამოეკვლიათ, რამდენად იცვლის ტყის მასივი ფორმას და შემოდიან თუ არა მცენარეთა ისეთი სახეობები წყალსაცავის ქვემო ნაწილში, რომლებიც მშრალი უდაბნოს კლიმატისთვისაა დამახასიათებელი.

ორგანიზაციის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ფლორისტული შემადგენლობით დიდი განსხვავებაა წყალსაცავის ზედა და ქვედა ბიეფში. ჭაჭუნის აღკვეთილში, რომელიც დალის მთის წყალსაცავის ქვემოთაა, გაცილებით ბევრია არიდული ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი სახეობები. ზემოთა ნაწილში კი ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობებია: „ეს შეიძლება იყოს პირდაპირ დამოკიდებული დატბორვის რეჟიმთან და ინტენსივობასთან, რომელიც დალის წყალსაცავის ამოქმედების შემდეგ უნდა შეცვლილიყო“.

არსებულ მდგომარეობასა და ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით „საბუკომ“ ჰიდროლოგიური კვლევა ჩაატარა და შესაბამისი დატბორვის არეალებიც გამოავლინა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ნიკა წითელაშვილის თქმით, სპეციალისტებმა გამოავლინეს, რომ დალის მთის წყალსაცავიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ჰიდროლოგიური რეჟიმი. ფაქტობრივად, აღარ ხდება აღარც წყალმოვარდნები, აღარც წყალდიდობები, მყარი მასალის გადაადგილება წყალსაცავის ზედა ბიეფიდან ქვედა ბიეფში, მდინარეში „გაფილტრული“ წყალი მოედინება. ეს კი ხელს უწყობს ხეობის გვერდით და  სიღრმით ეროზიას. სიღრმითი ეროზიის გამო კი კალაპოტი დაღრმავდა და დღეს მდინარეს ჭალის დატბორვის გარეშეც კი შეუძლია, გაატაროს წყლის ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც წყალსაცავიდან შეიძლება გამოთავისუფლდეს.

გარდა ამისა, მიმდინარე პროცესებზე გავლენა იქონია მდინარე ივრის წყალშემკრებში არსებულმა სხვა ჰიდროტექნიკურმა ნაგებობებმაც. მათ შორის, სიონის წყალსაცავმა და პალდოს წყალმიმღებმა, რომლებიც თბილისის ნაწილსა და რუსთავს სასმელი წყლით ამარაგებს. ორივე მათგანი ჰიდროლოგიური რეჟიმის მთავარი მაკონტროლებელი ობიექტებია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჭალის ტყეზეც.  შესაბამისად, დღეისათვის იორი სათავიდან შესართავამდე დარეგულირებულია და მასზე წყალდიდობები, წყალმოვარდნები აღარ ხდება. მნიშვნელოვნადაა გაუარესებული მყარი მასალის გადაადგილებაც.  ამას კი, დალის მთის წყალსაცავის უფუნქციობა ემატება და მდინარეზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება ან კლება პრაქტიკულად არ შეინიშნება, რაც ეკოსისტემაზე ნეგატიურად მოქმედებს და მის დეგრადაციას იწვევს.

ამიტომ, „საბუკოს“ ინიციატივით გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ასევე შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ მოლაპარაკებები დაიწყო იმის თაობაზე, რომ დალის მთის წყალსაცავში დაგროვილი წყალი მდინარეზე შეცვლილი ჰიდროლოგიური რეჟიმის საკომპენსაციოდ და ჭალის ტყის აღდგენისთვის გამოიყენონ.

როგორ, რა რაოდენობით და რა პრინციპით? – მდინარე ივრის ჭალის ხელოვნურად დატბორვის შემთხვევაში და წყლის გაშვების დროს, გასათვალისწინებელია რამდენიმე ასპექტი, მათ შორის ის, რომ მდინარის კალაპოტი და ფსკერი ეროზირებულია. ხოლო ეროზირებულ უბნებზე პირველი ტერასის სიმაღლე ზოგან 1.2 მეტრსაც აღწევს. „საბუკოს“ კვლევაში წერია, რომ აუცილებელია ჩამქრობის გამართული მუშაობა, რათა წყლის ნაკადის სიჩქარე შემცირდეს და მინიმუმამდე დავიდეს სიღრმით ეროზიის ხელოვნური დაჩქარება.

ფოტო: საბუკო

 

წყლის რაოდენობას რაც შეეხება, ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი მიხსნის, რომ თავიდან გაცილებით მეტი რაოდენობის წყლის გაშვება სურდათ, თუმცა, იმის გამო, რომ წყალსაცავის ერთი ფარი სრულიად დაზიანებულია და ამ პირობებში მხოლოდ მეორე ფარის გახსნაა შესაძლებელი, მაქსიმუმი, რისი გამოთავისუფლებაც აუზიდან შეუძლიათ, 70 მ3/წმ-ია.  ეს მოხდება სეზონურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გაზაფხულზე 2-ჯერ 6-6 საათით დაიტბორება ჭალის ტყეები, შემოდგომაზეც მსგავსი ინტენსივობით, რაც ნიშნავს, რომ წელიწადში რეზერვუარიდან სულ 24 საათის განმავლობაში გამოუშვებენ წყალს: „ეტაპობრივად გავუშვებთ წყალს, რათა ეფექტი ან უარყოფითი მხარეებიც დავინახოთ“, – ჰიდროლოგის განმარტებით, გასათვალისწინებელია გვერდითი შენაკადების გავლენა მდინარის ჭალაზე: „ამიტომ სასურველია კაშხლიდან წყლის გამოთავისუფლება შენაკადებზე წყალდიდობას დაემთხვეს“.

70 მ3/წმ არაა ის რაოდენობა, რომელიც ჭალის ტყეს მთლიანად დატბორავს. ამიტომ „საბუკო“ პარალელურად მუშაობს ჰიდროინჟინერიის კუთხითაც – წყალდიდობით მაქსიმალური შედეგის მიღწევის მიზნით სასურველია წინასწარ შერჩეულ ადგილებში მოეწყოს შემტბორავი ნაგებობები ან, ე.წ ბარაჟები, რომლებიც ასევე მოახერხებს მდინარის სიჩქარის შემცირებას, კალაპოტში წყლის დონეს ასწევს და სიღრმით ეროზიას შეამცირებს. ამისთვის „საბუკომ“ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე წარუდგინა ორი ლოკაცია, სადაც შესაძლოა ამ ხერგილების მოწყობა: „ეს იქნება 2 მცირე ზომის კონსტრუქცია, რომელთათვისაც შეიძლება გამოყენებული იყოს ქვა, ლოდი ან სხვა ინერტული მასალა. რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეროზია შევამციროთ. შესაბამისად, მდინარეში დონე აიწევს და იმავე ეფექტს მივიღებთ, როგორიც ნორმალურ სიტუაციაში უნდა ყოფილიყო ჭალის ტყის დასატბორად“, – ამბობს ჰიდროლოგი.

ფოტო: საბუკო

დალის წყალსაცავთან დაკავშირებით აზრი გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიზო ჭელიძეს ვკითხეთ. ის ამბობს, რომ სამინისტრო ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, ისედაც უფუნქციო წყალსაცავის სასარგებლოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, კითხვები აქვს – უშუალოდ რეზერვუარში არის თუ არა წყლის იმდენი რესურსი, რომ ჭალის ტყის დატბორვისთვის საკმარისი აღმოჩნდეს?

„რეზერვუარში არსებული წყლის რაოდენობა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ „საბუკომ“ შეძლოს ივრის ტყის ჭალების დატბორვა“, – ამბობს საქართველოს მელიორაციის პროექტების მართვის მენეჯერი ზურაბ ქაჯაია.

მისი განმარტებით, თავდაპირველად, დალის მთის წყალსაცავი გათვალისწინებული იყო 180 მილიონ მ3-ზე, საიდანაც მკვდარი მასა 40 მლნ მ3 უნდა ყოფილიყო (ეს ნიშნავს, რომ წყალსაცავს საფრთხე რომ არ შეექმნას და არ დაიბზაროს, მასში მუდმივად უნდა იყოს 40 მლნ მ3 წყალი). თუმცა, იმის გამო, რომ მშენებლობა ბოლომდე არ იყო დასრულებული, ამდენი წყლის დაგროვება მასში ახლა საშიშია: „როგორც ვიცი, ამ დროისთვის 70 მლნ მ3-ია რეზერვუარში. ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, ეს სრულიად ეყოფა ჭალის ტყეების დატბორვას“, – ამბობს შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენელი.

რაც შეეხება, ზოგადად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას, როგორ ხედავენ ისინი დალის მთის წყალსაცავის მომავალს, გიზო ჭელიძე ამბობს, რომ სამინისტროში თითქმის ყოველ წელს აქტუალური ხდება შეკითხვა – რა ვუყოთ დალის წყალსაცავს?

„ნაწილი ამბობს, რომ უნდა დავანგრიოთ, ნაწილი მის რეკონსტრუქციას უჭერს მხარს. მე ცალსახა პასუხი ამაზე არ მაქვს. ორივე ძალიან დიდ ფულად რესურსთანაა დაკავშირებული. დანგრევასაც თანხები სჭირდება და მის აღდგენაზე ფიქრიც სარისკოა“, – ამიტომ, როგორც გიზო ჭელიძე ამბობს, მსოფლიო ბანკმა დაიწყო პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში 30-მდე წყალსაცავის შესწავლას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი მათ შორის დალის მთის წყალსაცავი იქნება: „სწორედ ეს კვლევა გასცემს პასუხს შეკითხვას – გვიღირს თუ არა დალის წყალსაცავის მომავალზე ფიქრი? სხვა მხრივ, მე ხელები ამიწევია და ვამბობ, რომ ეს წყალსაცავი ისედაც უფუნქციოა და მას თუ ვინმე სასარგებლოდ გამოიყენებს, პირიქით, მივესალმები. მაგრამ, კიდევ ვამბობ, რომ იქამდე, ბევრი რამეა შესასწავლი“.

პროექტი „ალაზანი-ივრის მდინარეთა სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტირება“ ფარგლებში, „საბუკოს“ რეკომენდაცია ასახულია დოკუმენტში – „ალაზანი-ივრის მდინარეთა აუზის მართვის გეგმა (RBMP) – თემატური მიმოხილვა”. დალის მთის წყალსაცავთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ „საბუკოს“ კვლევების გაანალიზების შემდეგ, შემუშავდა სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის: მდინარე ივრის ქვედა წელში ბუნებრივი დატბორვის რეჟიმის აღდგენა, დალის წყალსაცავის ნაწილობრივი გახსნა ბუნებრივი დატბორვის იმიტაციის მიზნით; ასევე, დალის წყალსაცავის ინფრასტუქტურის განახლება.

„ეს ყოველივე უზრუნველყოფს დატბორვის რეჟიმისა და ინტენსივობის კონტროლს, რაც დალის წყალსაცავის ქვედა მხარის ეკოსისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – წერია დოკუმენტში.

მიუხედავად იმისა, რომ წყალსაცავიდან წყლის გამოშვებისა და ჭალის ტყის დატბორვის მიზანი ჭაჭუნის აღკვეთილის ჰაბიტატის აღდგენა და აქ არსებული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, ისმის შეკითხვა – ხომ არ იქონიებს ეს უარყოფით გავლენას აქ მყოფ მტაცებელ ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე?

„ეს არ იქნება წყალი, რომელიც ყველაფერს წალეკავს. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ მდორედ წამოვიდეს, ცოტ-ცოტა და სეზონურად, ისე, რომ ფრინევლთა ბუდეები არ მოანგრიოს. რაც შეეხება ძუძუმწოვრებს, ეს შესაძლოა, მეტად პრობლემური იყოს. თავდაპირველად, წყალი მივიდეს მათ ბუნაგებამდე და დაუზიანოს. თუმცა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ნელ-ნელა ისინი ჭალის ტყის სიღრმეში გადაინაცვლებენ და მათი საცხოვრებელი არეალიც გაფართოვდება“, – ასე განმარტავს „საბუკოს“ კონსერვაციული კვლევების ხელმძღვანელი ხატია ბასილაშვილი და აქვე მიხსნის, რომ ჭალის ტყის გაფართოებით, გაფართოვდება იქ არსებული სახეობებისთვის საცხოვრებელი: „და ამით გამრავლდება სახეობებიც, რაც მთელი ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია“.


სტატია მომზადდა მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომელიც Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ლისბეტ რაუსინგისა და პიტერ ბოლდვინის საქველმოქმედო ფონდი არკადიას დახმარებით ხორციელდება საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის, საბუკოს მიერ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და Birdlife International-ის თანამშრომლობით.