მოსკოვიდან თბილისამდე - როგორ შთააგონებს „აგენტების კანონი“ პრორუსულ რეჟიმებს

პუბლიკა

ავტორები: ნინო აფაქიძე, თამთა ჩხაიძე

„ამ კანონმა უბრალოდ გაანადგურა რუსული სამოქალაქო საზოგადოება, გააქრო ყველა ძლიერი ორგანიზაცია, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. „უცხოელი აგენტები“ ოფიციალურად არიან გარიყული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. დღეს, რუსეთში, უცხო ქვეყნის აგენტი შეიძლება გახდე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სტატუსის მქონე ადამიანთან ურთიერთობ“.

რუსი მკვლევარი და ანტიკორუფციული აქტივისტი, ალიონა ვანდიშევა რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. მან ქვეყანა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა. კანონში (უცხოელი აგენტების შესახებ) შესული ცვლილებების პარალელურად, რუსეთში კორუფციის კვლევა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის საქმიანობა პირადი და სამართლებრივი რისკების გარეშე შეუძლებელი გახდა.

კანონი უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთში 2012 წელს მიიღეს. თავდაპირველად, ის მხოლოდ იმ არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხებოდა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. „კანონის ფორმულირება თავიდანვე გაურკვეველი იყო, რაც ხელისუფლებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა. როცა რეგულაციას სიცხადე აკლია, ამან შეიძლება ძალზე საეჭვო სამართალპრაქტიკა წარმოშვას“, – ამბობს ალიონა.

წლების განმავლობაში კანონის სამიზნე პირთა წრე გაფართოვდა.

  • კანონის მიღებიდან 7 თვის შემდეგ, პირველი დარტყმები მიიღეს რესურსცენტრებმა და უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა. უფლებადამცველის შეფასებით, „ამ გზით ხელისუფლება მიზნად ისახავდა, მნიშვნელოვნად შეეზღუდა ჟანგბადი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას“.
  • მომდევნო ფაზაზე კანონმა მოიცვა ფიზიკური პირები და არარეგისტრირებული ორგანიზაციები.
  • 2017 წელს უცხოური აგენტების სიას მედიასაშუალებებიც შეემატა.
  • დღეს, გადაწყვეტილების მიმღებთა შეხედულებების მიხედვით, ნებისმიერი ორგანიზაცია/მოძრაობა/ფიზიკური პირი შეიძლება მოხვდეს აგენტების სიაში.

სუბიექტთა სიის გაფართოებასთან ერთად, გამკაცრდა რეგულაციები და აგენტებად გამოცხადებულ ორგანიზაციებს/პირებს შეეზღუდათ სამოქმედო არეალი.

  • თავდაპირველად სავალდებულო იყო მხოლოდ აუდიტის ჩატარება, რასაც ორგანიზაციები ისედაც უზრუნველყოფდნენ.
  • „აგენტის“ სტატუსის მიღების შემდეგ ორგანიზაციები ვალდებული გახდნენ, საჯარო განცხადებებზე შესაბამისი დათქმა დაერთოთ.
  • ეტაპობრივად აიკრძალა „უცხოური გავლენის აგენტების“ მონაწილეობა ისეთი სფეროების რეგულირებაში, რომლებიც სახელისუფლებო რეჟიმის სტაბილურობისთვის სარისკოდ ითვლებოდა (მაგ. არჩევებზე დაკვირვება).
  • თანდათან შეზღუდვები გავრცელდა უცხოელი აგენტების მონაწილეობაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროექტებში.

დღესდღეობით მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეიძლება გახდეს უცხოეთის აგენტის სტატუსის მინიჭების წინაპირობა, ამისთვის უცხოური დაფინანსების მიღება საჭირო აღარ არის. „საშიშია მონაწილეობა ისეთ ღონისძიებაში, რომელიც უცხოელი აგენტის მიერაა ორგანიზებული, ასე შეიძლება თქვენც მოხვდეთ მათ სიაში. წარმოიდგინეთ, იწყებ ურთიერთობას აგენტთან და თვითონ ხდები უცხოეთის აგენტი“, – გვეუბნება ალიონა.

ამჯერად რუსული კანონი მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტივობებს, არამედ საგარეო გავლენას. „რა არის საგარეო გავლენა? წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ხართ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობთ – ეს უკვე საგარეო გავლენაა. თუ თქვენ გაქვთ გარკვეული მოლაპარაკებები უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ეს უკვე განიხილება, როგორც უცხო ქვეყნის გავლენა”, – ამბობს ალიონა ვანდიშევა.

უფლებადამცველი იხსენებს, რომ „აგენტების კანონს“ რუსეთში მასობრივი პროტესტი არ მოჰყოლია. „სოციალური პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს სჯეროდათ, რომ ეს მათ არ შეეხებოდათ, რადგან პოლიტიკის მიღმა იყვნენ. ხალხის ნაწილი ამბობდა: რატომ უნდა ვწუხდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ბედზე, მათ მხოლოდ დაფინანსების წყაროების წარდგენა ევალებათ და ჯაშუშობა აქ არაფერ შუაშია. ხელისუფლება ამერიკული ფარას კანონთან ავლებდა პარალელს”.

კანონის ამოქმედებამ გამოიწვია რეალური სამოქალაქო საზოგადოების – დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და აქტივისტების სტიგმატიზაცია, რომლებიც უმრავლესობის თვალში კოლექტიური დასავლეთის მიერ დაფინანსებული მტრები გახდნენ. „მე, როგორც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციის წარმომადგენელს, არასდროს მიმიღია არანაირი დირექტივა, როგორ განმეხორციელებინა პროექტი. ისინი [დონორები] ჩვენგან ელოდნენ ინიციატივებს. მიზანი იყო რუსეთის საზოგადოებაში რაღაცის გაუმჯობესება. მით უფრო, რომ კორუფცია ტრანსსასაზღვრო პრობლემაა და ამას მხოლოდ გარკვეული ქვეყნის საზღვრებში ვერ შეებრძოლები“, – განმარტავს ალიონა.

ანტიკორუფციული მკვლევრისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ „აგენტების კანონი“ იყო ინსტრუმენტი, რომელიც აქტიურ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საჯარო სფეროდან გააძევებდა. „რუსეთში ამჟამად თითქმის შეუძლებელია ანტიკორუფციული საქმიანობა. ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში აქტიურობდა, შეტანილია უცხოური აგენტების ან თუნდაც არასასურველი ორგანიზაციების სიაში, ან მიჩნეულია ექსტრემისტად, ან ტერორისტად”.

ალიონა ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში ინიიცირებულ კანონს რუსულ ვერსიასთან ბევრი მსგავსება აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა ავტორიტარული რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების დასათრგუნად ინსტრუმენტს ქმნის, შემდეგ კი სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ იმავე ინსტრუმენტების გამოყენება. ს ერთგვარი სწავლებაა, როგორ დავთრგუნოთ ადამიანები, როგორ ჩავახშოთ დამოუკიდებელი ორგანიზაციები. უ აგენტების რუსულ კანონს სხვა ქვეყანაშიც მიიღებენ, ხალხის წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ამუშავდება, რისგანაც ისინი თავს ვეღარაფრით დაიცავენ.