„მოსვა წრუპი, გაზაფხული გაიხსენა“

დავით ბუხრიკიძე

ფრიდონ ნიჟარაძის გამოფენამაუდისსახელოვნებო სივრცეში

თანამედროვე საგამოფენო დარბაზები თუ სივრცეები დღეს ისე არიან  გაფაციცებულგაყოჩაღებულნი, რომ თითქმის აღარ გვიტოვებენთეთრ ლაქებს“. დავიწყებულ, მიკარგულ, უცნობ არტისტებსა და ხელოვანებს ეძებენ, იკვლევენ. შემდეგ ნაპოვნს ამზეურებენ და თუ საჭიროა სენსაციურ გამოფენადაც აქცევენ. ერთერთი ასეთი აღმოჩენა რამდენიმე წლის წინ, 2019 წელს ვიხილეთ ქარვასლის საგამოფენო დარბაზში. ესაა თვითმყოფადი და გამორჩეული ნიჭის მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, რომელიც წლების განმავლობაში სვანეთში, მშობლიურ უშგულში ცხოვრობდა და რომელიც პანდემიის დროს, 2020 წლის შემოდგომაზე, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციური სივრცემაუდი“, რომელიც ყოფილი მაუდკამვოლის კომბინატის ტერიტორიაზე, წერეთლის პროსპექტზე მდებარეობს, სწორედ ამ უნიკალური მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის რეტროსპექტულ გამოფენას გვთავაზობს. ნამუშევრები (დაახლოებით 60) მისივე სახლ-მუზეუმიდან, უშგულიდან არის ჩამოტანილი და 3 ივნისამდე, „მაუდისსაგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი. 

ფრიდონ ნიჟარაძე მართლაც უნიკალური მოვლენაა უახლეს ქართულ  სახვით ხელოვნებაში. შემოქმედებითი საწყისები ალბათ უძველეს ისტორიაში, ტრანსფორმირებულ მითებში და მის ერთგვარ ფსიქოდელიურ აზროვნებაში უნდა ვეძიოთ. მხატვრის ნამუშევრებში კულტურული და სიმბოლოები მოულოდნელად ერწყმის ერთმანეთს და ამ პარადოქსული გადაკვეთაშერწყმით ახალი, მოულოდნელი და ალეგორიული სახეხატები იქმნება.

გამოფენა მოიცავს ფერწერას, კოლაჟებს, გრაფიკას გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან 21-ე საუკუნის 20-იან წლებამდე, ანუ ლამის მხატვრის გარდაცვალებამდე. მრავალფეროვანი და სრულიად განსხვავებული სტილის ნამუშევრები გაგრძნობინებთ მხატვრის ძიების გზასაც და შინაგანი ზიგზაგებით სავსემხატვრულ მარშრუტსაც“, რომელსაც ყოველთვის მოულოდნელ აღმოჩენებამდე მიყავხართ.

მხატვრის ნამუშევრების პარალელურად, გამოფენაზე ნახავთ ფრანგი დოკუმენტალისტის, ჟან ბიჟოუ პოლას დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტებს, რომელშიც ფეიდონ ნიჟარაძის შემოქმედება სრულიად განსხვავებული, მოულოდნელი კუთხითაა დანახული.

ფრდონ ნიჟარაძე მესტიის რაიონში, სოფელ უშგულში დაიბადა. ხატვა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დაიწყო. ხატავდა ტალახზე, თოვლზე, ფანქრით, კირით, ჯოხით ქვიშაზე, უფრო იშვიათად გუაშითერთი სიტყვით ყველა მასალით, რაც ხელთ მოხვდებოდა. ხატავდა ძირითადად, კოშკებსა და ზღაპრის გმირებს. სხვათა შორის, სკოლაში სწავლის პერიოდში უკვე ბევრს საუბრობდნენ ფრიდონ ნიჟარაძის ნიჭისა და უკიდეგანო ფანტაზიის შესახებ.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის სამთო ტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ კი საბჭოთა ჯარში მსახურობდა. იქ ხშირად აკეთებდა გრაფიკულ ჩანახატებს  და პორტრეტებს. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი კონფლიქტი პროფესიულ დოგმებთან თუ საბჭოური განათლების სისტემასთან. ფეთქებადი და უკომპრომისო ბუნების გამო მოუწია აკადემიის დატოვებაც, მოგვიანებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვდა

შემდეგ სამხატვრო აკადემიაში აღადგინეს, რომლის დამთავრების შემდეგ სვანეთში ბრუნდება და მუშაობას იწყებს სკოლაში. ასწავლის ხატვას, ხაზვას, ასტრონომიასმის ნამუშევრებში ჯერ უშგულის პეიზაჟები სჭარბობს მოგვიანებით კი პეიზაჟი აბსტრაქციით იცვლება. 80-იანი წლებიდან ფრიდონ ნიჟარაძე მუშაობას იწყებს უშგულის ჩაჟაშის მუზეუმში. ამ პერიოდიდან სრულიად იცვლება ნამუშევრების თემატიკაც, რომლისაწაკითხვადღეს ავტორის გარეშე საკმაოდ რთულია.

ფრიდონ ნიჟარაძის თითოეული ნამუშევარი ეს არის ფიქრი და რეფლექსია სამყაროს მოწყობაზე, მიუღწეველ ჰარმონიაზე, ისტორიისა და რელიგიის ახლებურად თუ სუბიექტურად გააზრებაზე. ასეთივე ფილოსოფიური ხედვითაა სავსე მისი ლექსებიც, რომელთა წერასაც ის ფერწერის პარალელურად ახერხებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისი ნამუშვრები არასოდეს სარგებლობდა მოწონებით ადგილობრივ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც გარკვეული შიშითა და უნდობლობით აღიქვამდნენ მის შემოქმედებას.

საბჭოთა სისტემის დაშლისა და საზღვრების გახსნის შემდეგ ფრიდონ ნიჟარაძის სახელოსნო უშგულის გამორჩეულ არტსივრცედ გადაიქცა, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს, ქართველი თუ უცხოური დამთვალიერებლების ნაკადი არ წყდება. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ კი მისი შემოქმედებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს უკვე მისი შემოქმედების მასპინძელიც და მცველიც ფრიდონის ძმა, თემურ ნიჟარაძეა, რომლის წყალობითაც მოხერხდა გამოფენის მოწყობამაუდისსახელოვნებო სივრცეში და ასევე ცოცხალი საგამოფენო ატმოსფეროს შენარჩუნება უშგულში, სადაც ქმნიდა და ხატავდა ფრიდონ ნიჟარაძე და სადაც დაწერა ეს ლექსიც:

მოსვა წრუპი, გაზაფხული გაიხსენა

მიმინოს სკინტლს მიაწყევლა

და მუცელი დაიწვრილა, დაიბრტყელა

მერე მისდგა წყაროს თვალში

მზესთან პირი დაიბანა, ცას უყელა,

, ეს წელი გასწელა და გამოსწელა,

შემოიბა საქორწინო ცისარტყელა…“.