ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი | რატომ ვერ გვარდება პრობლემა დღემდე

სალომე გორგოძე

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს, ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიეცათ.

რა სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და რა ბერკეტები რჩებათ ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესს ადვოკატირებას უწევენ? „პუბლიკა“ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტების ხელმძღვანელს, ნანა გოჩიაშვილს ესაუბრა.

გოჩიაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბარს ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სისტემის მიმოხილვით იწყებს და ყურადღებას ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე ამახვილებს, რომლებიც დღის წესრიგში კვლავ მწვავე პრობლემად დგას.

„ბავშვზე ზრუნვის სისტემა მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული ბავშვის ოჯახურ გარემოში შენარჩუნებაზე, ან ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნებაზე, მაგრამ სადაც ამის შესაძლებლობა არ არის, ალტერნატიული ზრუნვის ფორმები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ოჯახურ გარემოსთან. ეს არის ბავშვზე ზრუნვისა და ბავშვის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი. რა რეალობა გვაქვს საქართველოში? მემკვიდრეობად გვერგო დიდი ზომის ბავშვთა სახლები, რაც თავისთავად ბავშვთა უფლებების დარღვევაა.

ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული გატარდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებული 46 დიდი ბავშვთა სახლი დაიხურა. ამის პარალელურად კი აღმოცენება დაიწყო არალიცენზირებულმა დაწესებულებებმა. ეს არალიცენზირებული დაწესებულებებია, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში მყოფი, ასევე – ცოტა უფრო მოგვიანებით დაარსებული – მუსლიმური თემის კონფესიის სკოლა-პანსიონები.

ამას თავისი მიზეზები აქვს, როგორც, მაგალითად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, ეს შეიძლება იყოს ხელმისაწვდომობის პრობლემა სხვადასხვა სერვისზე, როგორიც არის, მაგალითად, განათლება, არ არის სოფლებში სკოლა და მშობელი იძულებულია, ბავშვები გაუშვან სხვაგან, ოჯახისგან მოშორებით სკოლა-პანსიონში. ეს პირდაპირ მიუთითებს განათლების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან ხარვეზზე. ეს ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზია.

დანარჩენ შემთხვევაში, ძალიან ხშირია  ბავშვების ღარიბი ოჯახებიდან გამოყვანა და მათი არალიცენზირებულ დაწესებულებებში მიყვანა, რაც ხშირია მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს შემთხვევაში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვა ყველა მიმართულებით იმდენად ხარვეზიანია, რომ ალტერნატიული ზრუნვის არალიცენზირებული დაწესებულებები „კარგად იკვებებიან“ არსებული პრობლემებით“.

გოჩიაშვილი ამბობს, რომ არალიცენზირებული დაწესებულებების რაოდენობა, არასამთავრობო სექტორის ხელთ არსებული ინფორმაციით, 38-მდეა. მისივე თქმით, როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე სახალხო დამცველი უკვე წლებია, ყურადღებას ამახვილებს მათი დახურვის საჭიროებაზე, რათა ქვეყანაში აღარ არსებობდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლები. მისივე თქმით, სიტუაცია არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ამგვარი დაწესებულებებისთვის ლიცენზია გახდა საჭირო. ლიცენზია მხოლოდ სამმა დაწესებულებამ მიიღო, სამივე მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ექვემდებარება.

„ქვეყანაში არსებობს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი 24-საათიანი დაწესებულებებისთვის. აღნიშნული სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილება ლიცენზიის მიღების წინაპირობაა. სამმა დაწესებულებამ ლიცენზია მიიღო. მოთხოვნა, რომ ვინც ლიცენზიას ვერ მიიღებდა, მათგან ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოეყვანათ, არ შესრულებულა. ბავშვები დღემდე იქ ცხოვრობენ. ვინც მიიღო ლიცენზია რამდენად რეალურად აკმაყოფილებდნენ სტანდარტს, ეს ცალკე თემაა. მაგრამ არალიცენზირებული დაწესებულებები დღემდე აგრძელებენ ფუნქციონირებას. ჩვენ არ ვიცით, იქ რამდენი ბავშვია, რა მდგომარეობაში არიან, რატომ არიან იქ და ა.შ.“.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ერთ-ერთი ლიცენზირებული დაწესებულებაა. როგორც გოჩიაშვილი განმარტავს, ლიცენზირება გულისხმობს, რომ გარდა იმისა, რომ იქ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს იქ მცხოვრები ბავშვების მდგომარეობას. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას კი სოციალური მუშაკის მეშვეობით მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს იქ მყოფ ბავშვებთან. რადგან ბავშვები სახელმწიფო მზრუნველობაში იმყოფებიან, მათი კანონიერი წარმომადგენელი არის სახელმწიფო და არა იმ დაწესებულებების რომელიმე თანამშრომელი.

„გარდა ამისა, ლიცენზია გულისხმობს, რომ სახალხო დამცველს აქვს მანდატი და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებამოსილება, რომ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შევიდეს დაწესებულებაში და მონიტორინგი გაუწიოს ბავშვების უფლებრივ მდგომარეობას. მათ შორის წამყვანი არის ინფორმაციის მიღება ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების გზით.

მეორე მხრივ, როდესაც დაწესებულება ლიცენზირებულია, ეს გულისხმობს, რომ ოფიციალურად უნდა მომხდარიყო ბავშვების აღრიცხვა. სოციალურ მუშაკს უნდა დაეწყო მათი შეფასება და ნელ-ნელა ბავშვები გამოეყვანა იქიდან, სადაც შესაძლებელი იყო ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება (ამ ოჯახების გაძლიერების გზით), ხოლო, სადაც ეს შეუძლებელი იქნებოდა, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაეყვანა, რასაც სახელმწიფო დღემდე არ აკეთებს.

უკვე წლებია, ეს მწვავე პრობლემად დგას დღის წესრიგში. 2018 წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში შეუშვეს, მაგრამ არ მისცეს ბავშვებთან ინდივიდუალურად გასაუბრების საშუალება, ეს ფაქტობრივად საქმიანობაში ხელის შეშლაა. 2015 წლის ანგარიშის შემდეგ, სადაც  აღწერილია უმწვავესი დარღვევები, 2018 წელს დაწესებულებამ სახალხო დამცველს ბავშვებთან გასაუბრების შესაძლებლობა აღარ მისცა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიტუაცია არ შეცვლილა, იმიტომ, რომ, თუ დასამალი არაფერი გაქვს და იცავ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტს, პრობლემაც არ გექნება, რომ იქ შეუშვა ადამიანი, რომელიც ინფორმაციას გამოიტანს.

წელს საერთოდ არ მისცეს შესვლის საშუალება. სწორედ ეს გახდა საფუძველი ჩვენნაირი ორგანიზაციისთვის, რომელიც დიდი ხანია, ამ თემის ადვოკატირებას ახდენს, სამართალწარმოება დაწყებულიყო. ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია იქ მცხოვრები 57 ბავშვი, მაშინ, როდესაც წინა წლებში სახალხო დამცველის ანგარიშები უმძიმესი ძალადობის, აღზრდის ძალადობრივი ფორმების, ბავშვის საჭიროებების გაუთვალისწინებლობის ძალიან კონკრეტულ ფაქტებს აღწერდა.“

როგორც გოჩიაშვილი განმარტავს, სახალხო დამცველის მონიტორინგზე ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია, რადგან ის არის ერთადერთი ორგანო, რომლსაც ამ ტიპის დაწესებულებაში შესვლის მანდატი აქვს. თუკი სახალხო დამცველი არის გარე მონიტორი, ყოველდღიურ მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო სოციალური მუშაკის თუ ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სხვადასხვა სამსახურის მხრიდან. გოჩიაშვილის შეფასებით, ფაქტები მეტყველებს, რომ სახელმწიფო ამ ფუნქციას ვერ ასრულებს.

გოჩიაშვილი გვიყვება, რომ თავდაპირველად ორგანიზაციამ საქალაქო სასამართლოს მიმართა და ორი რამ მოითხოვა: დაუყოვნებლივ მიეღო გადაწყვეტილება – დაევალდებულებინა სახელმწიფო, უზრუნველეყო სახალხო დამცველის მონიტორინგის შეუფერხებლად განხორციელება, რაც თავის მხრივ ბავშვებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებსაც მოიცავს; და მეორე – გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ზომის ბავშვთა სახლები დაეხურა, და ბავშვები იქიდან გამოეყვანა.

გოჩიაშვილი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ, წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, ვერ დაინახა ბავშვის უფლებების დარღვევა და მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც ორგანიზაციამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სწორედ ამის შემდგომ მიმართეს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ არსებულ სიტუაციაში?

„სახელმწიფო არის ამ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი, ანუ თვითონ შეუფერხებლად უნდა განახორციელოს მონიტორინგი ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. სოციალურ მუშაკს, რომელიც ადგილზე მუშაობს, უნდა ჰქონდეს ყოველდღიური კონტაქტი ბავშვებთან და არა – მივიდეს დაწესებულებასთან, გაიარ-გამოიაროს და მერე გამოვიდეს. ბავშვებთან ინდივიდუალურად გასაუბრება, ბავშვებისგან ინფორმაციის მიღება, თუ რა მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება, ეს არის მონიტორინგის საფუძველი. გარდა ამისა, ლიცენზიის მიღების საფუძველი არის ის, რომ ეს დაწესებულება უნდა ცნობდეს სახელმწიფოს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს დაწესებულება არ ცნობს სახელმწიფოს, სახელმწიფოს არცერთ ინსტიტუტს, არცერთ კონსტიტუციურ ორგანოს, როგორიც არის სახალხო დამცველი, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო. ეს ნიშნავს, რომ ის არღვევს ლიცენზიის პირობებს.

ლიცენზიის პირობის დარღვევა უნდა იყოს მისთვის ლიცენზიის შეწყვეტისა და იმ დაწესებულებიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის საფუძველი. ეს არის ის, რასაც ნორმალური სახელმწიფო გააკეთებდა.

გარდა ამისა, აქ ვხედავ პარლამენტის ძალიან მნიშვნელოვან როლს. როცა მსგავსი ტიპის პრობლემა არსებობს, ეს უნდა იყოს დღის წესრიგის ნაწილი – უნდა მოუწოდებდნენ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ დაიცვას ყველა მოთხოვნა და შესაბამისად, დაიცვას იქ მყოფი ბავშვების უფლებები.

ამის პარალელურად კი გვესმის სრულიად გაუგონარი განცხადებები, რაც არის მწვანე შუქის ანთება იმ დაწესებულების თანამშრომლებისა თუ საპატრიარქოსთვის, რომ არსებული პოლიტიკა გააგრძელონ“.

მაშინ, როდესაც, მცდელობის მიუხედავად, უკვე მეორედ ეთქვა უარი სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაწესებულებაში შესვლას, არ სრულდება გაეროს რეკომენდაცია – რა ბერკეტი რჩებათ ბავშვის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს? რა გამოსავალს ხედავენ?

„მთავარი ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაა. გაეროს ჩვენ კიდევ გავუგზავნით განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ხდება ამ დაწესებულების გარშემო. მივაწვდით ინფორმაციას მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრების განცხადებების შესახებ, რომლებიც სრულიად არაადეკვატური და შეუსაბამოა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნებთან და ამ ფლანგზე გავაგრძელებთ ადვოკატირებას.

ახლა ვამზადებთ ანგარიშს ბავშვთა უფლებათა კომიტეტისთვის, ალტერნატიულ ანგარიშს რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იგზავნება. სავალდებულოა, რომ გაეროს გავაცნოთ ბავშვების უფლებების მდგომარეობა, როგორც სახელმწიფომ, ასევე არასამთავრობოებმა. იქ ძალიან დეტალურად განვიხილავთ ამ თემას. კომიტეტში არის ხოლმე ზეპირი მოსმენები და იქ ვეცდებით, რომ ეს კითხვები კომიტეტის წევრებს სახელმწიფოსთვის დავასმევინოთ – რას აპირებს სახელმწიფო? როდის აპირებს ამ დაწესებულებების დახურვას?

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული ანგარიშების შემთხვევაში ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ეს ბავშვთა სახლები იყო. გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას საერთაშორისო დონეზე, რომ ეს თემა მაქსიმალურად მოვქციოთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რომ სახელმწიფომ როგორმე ზეწოლის ფონზე მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება, დახუროს ეს დაწესებულებები და გამოიყვანოს იქიდან ბავშვები“.