„ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“

დავით ბუხრიკიძე

რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლიაქციამარო მაყაშვილის დღიურიდასავლეთ საქართველოს თეატრებში წარმოადგინეს.

საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ 122 ვერსზე ვართ მტრისგან. თუმცა მტერი ჯერ შორს არის და ძალიან სცხებენ ჩვენები. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთთავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. მაინცა და მაინც არ ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშიანათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“… 

ეს არის ფრაგმენტი მარო მაყაშვილის დღიურიდან, რომლის ტექსტსაც ცხინვალის, ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობებითამარ გოგიძე, თინა კობალაძე, მაკა გელაძე, დალი დოიჯაშვილი, მადონა ტეხური და ანა ხურციძე დაახლოებით 75 წუთის განმავლობაში შთამბეჭდავი და განსხვავებული ფსიქოემოციური მდგომარეობით უზიარებენ მაყურებელს.

სპექტაკლი სახელწოდებით,მარო მაყაშვილის დღიურიჯერ კიდევ ზაფხულში უჩვენეს პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ცხინვალის თეატრის ეზოში მოწყობილ სახელდახელო სივრცეში. დევნილი თეატრის შენობა  ჯერ დამთავრებული არაა და ამიტომ ღია სივრცეში წარმოდგენილი სპექტაკლი უფრო სახელოვნებოპოლიტიკურ აქციას ჰგავდა. 

ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის, გოჩა კაპანაძის თქმით, მარო მაყაშვილის დღიურის ამგვარი ადაპტაცია მას გარკვეულწილად სივრცემ და გარემომ უკარნახა. სპექტაკლის პუბლიცისტური და პატრიოტული მოტივები კამერული დღიურების ჟანრს ერთგვარად უერთდება და ერითმება კიდეც.

უკვე მომდევნო თვეების განმავლობაში, სექტემბეროქტომბერში, სპექტაკლიმარო მაყაშვილის დღიურიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში უჩვენეს. ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდის, სენაკის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის თეატრების სცენებზე წარმოდგენამ უფრო კამერული შინაარსი და ფსიქოლოგიური სიმძაფრე შეიძინა! მსახიობები და მთლიანად დევნილი ცხინვალის თეატრის დასი გრძნობდა მაყურებლის დიდ ინტერესს 1921 წლის თებერვალში, 19 წლის ასაკში დაღუპული ეროვნული გმირის ბიოგრაფიის მიმართ. მარო მაყაშვილი ხომ ერთერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

რეჟისორ გოჩა კაპანაძის მთავარი გზავნილი სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე ახალგაზრდა ქალის გმირად ტრანსფორმაციის მიზეზების ძიებაა. და მართლაც, გოგონა, რომელიც მწერალ კოტე მაყაშვილის შვილი იყო და ლამის უზრუნველად ცხოვრობდა, აღფრთოვანებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას („ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდაპარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ – „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“)… და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასვე შეეწირა.

აღსანიშნავია, რომ მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და რომელიც მომდევნო თაობებისთვის თავისუფლების, პატრიოტიზმისა და დიდი იდეალებისათვის თავგანწირული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

სპექტაკლის მხატვარი და სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე სცენურ გარემოს კამერული დეტალებით ავსებსსკამები, ჩარჩოები, ფოტოები, ყვავილები... თუმცა ამ ყველაფრის მიღმა ბობოქარი და დაძაბული პოლიტიკური მოვლენები იგრძნობა, რომელსაც უფრო ხმაურით, მუსიკალური ჩანართებითა და თავად მარო მაყაშვილის დღიურის საშუალებით ვიგებთ.

სპექტაკლის დასაწყისში მსახიობები თითქოს პოულობენ ან აღმოაჩენენ დღიურებს და იწყებენ  კითხვას, რაც ხელახლა აცოცხლებს ეპოქას. რეჟისორი მონტაჟურად დანაწევრებულ ტექსტებს ემოციური და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებითჩამოურიგებსმსახიობებს, რომელთა მონოლოგები პოლიფონიური თხრობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ლირიკული განცდები და მონოლოგები დრამატულ თხრობას ენაცვლება, ხოლო ლაღი და ნაივური იუმორიმაროს უჩვეულოდ მომწიფებულ პოლიტიკურ შეხედულებებს. 

იმისდა მიხედვით, როგორია ტექსტი, იცვლება მსახიობების დამოკიდებულება დღიურების სხვადასხვა ფრაგმენტის მიმართ. ომის დაწყების ეპიზოდებს დამოუკიდებლობით გამოწვეული აღფრთოვანება ცვლის, ამ აღმაფრენას ისევ ბოლშევიკების შემოსვლა ახშობს 

მსახიობთა თხრობა აცოცხლებს ქართული კულტურის იმდროინდელი გარემოსაც: ოპერის თეატრის გახსნასაბესალომ და ეთერით“, იმდროინდელ ლიტერატურულ გარემოს, მარო მაყაშვილის მეგობრების-  ვავა ვაჩნაძისა და ელენე ვაჩნაძის სახეებსასევე, პირველ და ვერგანდობილ სიყვარულს, რომელიც მხოლოდ მინიშნებებითაა დღიურებში ასახული.

მარო მაყაშვილის მამა, კოტე მაყაშვილი ასევე ახალგაზრდა, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მაროს ოჯახის წევრები არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე. მაროს დაღუპვიდან ორ თვეში დაიბადა მისი და, რომელსაც მარიამი დაარქვეს და რომელიც 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ ის ინახავდა მაროს შესახებ მასალებს და მის ნივთებს, რომლებიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე  ლიტერატურის მუზეუმს გადასცა. 

შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალის თეატრის სპექტაკლი დღევანდელ მოვლენებსაც ეხმაურება და მუდმივად შეგვახსენებს რუსულ ოკუპაციასა და თავისუფლებისათვის ბრძოლაზე…