ოზურგეთში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნასა და სოციალური პროგრამების დანერგვაზე მუშაობენ

გურიაში, ოზურგეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათი ოჯახის წევრები და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები მუშაობენ პროექტზე, რომლის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შშმ პირთა საბჭოს დებულების დახვეწა და სტრატეგიული გეგმის ზოგადი რეკომენდაციების შემუშავება.

სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საბჭოს დებულებაში ცვლილების მოსამზადებლად შეიკრიბა, უკვე ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომელთა მოგვარება, მათი პოზიციით, აუცილებელია საბჭოს ქმედუნარიანობისა და ეფექტურობის გასაზრდელად.

ამისთვის სამუშაო ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრა გამართეს,  შეისწავლეს დედაქალაქის გამოცდილება და შშმ პირთა საკითხებში თბილისის მერიის საკონსულტაციო საბჭოს  წევრის, ექსპერტ ლია ტაბატაძის რეკომენდაციებიც მოისმინეს.

რა ცვლილებები უნდა შევიდეს შშმ პირთა საბჭოს დებულებაში?

სამუშაო ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ საბჭოს დებულებაში უნდა განისაზღვროს:

  • რომ საბჭოს წევრი იყოს არჩევითი და განისაზღვროს მისი უფლებამოსილების ვადა;
  • შემუშავდეს საბჭოს სამწლიანი სამოქმედო გეგმა;
  • შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საბჭოს საქმიანობას;
  • საბჭოში განსაზღვრული უნდა იყოს კვოტა, რომელიც მოიცავს შშმ პირების, მათი ოჯახის წევრების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების თანაბარ რაოდენობას;
  • საბჭოს წევრს არასაპატიო მიზეზით რამდენიმე შეხვედრის გაცდენის შემთხვევაში შეუწყდეს უფლებამოსილება.

პირველ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისიდან მოწვეული ექსპერტი, ლია ტაბატაძეც ესწრებოდა, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ადამიანებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან მუშაობის დროს წლების განმავლობაში აწყდებიან.

მათი თქმით, მერთან მოქმედი საბჭოს ეს შემადგენლობა წინასწარ დათქმული ვადით არ არჩეულა. საბჭოში მუნიციპალიტეტის 8 წარმომადგენელი და 7 შშმ თემის წევრია.

საქველმოქმედო ასოციაცია „გურიის“ წარმომადგენელი თამუნა ლურსმანაშვილი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, ამბობს, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საბჭო იღებს პრობლემებზე ცნობებს, თუმცა მათ მუშაობას შედეგი არ აქვს. იგივე შეხედულება აქვთ გასული 4 წლის განმავლობაში მომუშავე საბჭოს წევრებსაც, რომლებიც სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

„მოსმენით გვისმენდნენ, მაგრამ არაფერი იცვლება. გვისმინეს და „გაატარეს“, მეტი არაფერი. ჩვენი უშუალო ჩართულობა პროექტების განხორციელების პროცესში არ ხდება. თუ ჩვენი ჩართულობა არ იქნება, ყველაფერი ფარატინა ფურცელზე დარჩება“, – ამბობს თამუნა, რომელმაც შეხვედრაზე საბჭოს მუშაობის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საკითხი სწორედ ამ მიზეზით დააყენა.

შშმ ბავშვის ბაბუა, ვალერიან კოტრიკაძე, რომელიც „მშობელთა მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელია, ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა.

„ჩვენ ბევრი დაპირება მიგვიღია, მაგრამ არცერთი არ განხორციელებულა. ოზურგეთში ინფრასტრუქტურის უმეტესობა მოვალეობის მოხდის მიზნითაა გაკეთებული“, – ამბობს ის.

სამუშაო ჯგუფის წევრებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, საბჭოს წევრები თავიანთ მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. თამუნა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ოზურგეთის წინა მერი, რომელიც ოფიციალურად საბჭოს თავმჯდომარეა, შეხვედრებს არასდროს დასწრებია.

თამუნა ლურსმანაშვილის პოზიციით, საბჭოს წევრი უნდა იყოს ინფორმირებული, კომპეტენტური და გადაწყვეტილებებს ამის მიხედვით უნდა იღებდეს.

„მე ადაპტირების კუთხით ვმუშაობ და არასდროს განმიხილავს ისეთი საკითხი, რომელიც ჩემს კომპეტენციას ცდება.

მაგალითად, ელექტრონულ ეტლს სხვა დახრის პანდუსი სჭირდება, ჩემს პატარა ეტლს – სხვა… ამას კიდევ თავისი კომპეტენცია სჭირდება.

15 წელიწადია, ეტლში ვზივარ. მინდა, ჩემი ქალაქი იყოს ადაპტირებული. მინდა, ჩავერთო საზოგადოებრივ აქტივობებში. საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ გარკვეულ სერვისებს აფინანსებდნენ, მაგრამ გვინდა, გავაუმჯობესოთ და შედეგი დავდოთ“, – ამბობს თამუნა.

ოზურგეთში შშმ თემის პრობლემების მოსმენის შემდეგ ექსპერტმა, ლია ტაბატაძემ სამუშაო ჯგუფს თბილისის გამოცდილება გაუზიარა და რეკომენდაციებიც გასცა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა, რადგან მისი მუშაობა საბჭოში ასე უფრო მეტად ნაყოფიერი და ეფექტური გახდება. ასევე ტაბატაძეს მიაჩნია, რომ საბჭოს მუშაობის მონიტორინგის ჯგუფი უნდა იყოს სათანადო უფლებამოსილებითა და აღსრულების მექანიზმით აღჭურვილი სპეციალური ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეული, რომელიც მუდმივ  კოორდინაციასა და მონიტორინგს გაუწევს და შეაფასებს გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიმდინარეობას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეს სამსახური უშუალოდ მერის ან ვიცე-მერის დაქვემდებარებაში იყოს, რათა ისეთივე უფლებამოსილება ჰქონდეს, როგორც საქალაქო სამსახურს.

რა გამოსავალს სთავაზობს მათ მუნიციპალიტეტი?

„ოზურგეთს ერთი პერიოდი ვეძახდი კიბეების ქალაქს. არცერთი პანდუსი არ გაუთვალისწინებიათ, ამაზე მწვავე შეფასებები მქონდა“, – გაუზიარა თავისი პერსონალური პოზიცია შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფს ოზურგეთის ვიცე-მერმა, გიორგი ღურჯუმელიძე.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრას დაესწრო და მათთან ერთად მოისმინა თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, გიგა სოფრომაძის პრეზენტაცია, რომლითაც მან სამუშაო ჯგუფს თბილისის საბჭოს დებულება და წევრების შერჩევის კრიტერიუმები გააცნო.

ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე აღიარებს, რომ საბჭო თავისი ფუნქციით არ მუშაობს, თუმცა, მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ახალი მერი დაინტერესებულია, რომ შშმ თემის ხმა ისმოდეს და მათ საჭიროებებს ყურადღება მიექცეს.

ოზურგეთის ვიცე-მერი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, საბჭოში ბალანსი იყოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა და დაინტერესებული პირების რიცხვი თანაბრად განაწილდეს. მისივე თქმით, მერიის ახალი ადმინისტრაცია სოციალური პაკეტების გადახედვას აპირებს, რაშიც შშმ პირთა საბჭოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.

გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი დაფინანსებას სწორად ვერ გასცემს. შესაქმნელია მონიტორინგის სისტემაც.

„მესმის, თქვენი პრობლემა არ იცდის, ამას სჭირდება დროული ყურადღება, თუმცა ამ ეტაპზე უნდა დავიწყოთ ისე, როგორც ამის შესაძლებლობა აქვს მუნიციპალიტეტს.

ჩვენი სოციალური ბიუჯეტი არის 1 800 000 ლარი, რომელიც თბილისში შეიძლება ერთი ქვეპროგრამის ტოლფასი იყოს… რაღაც ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომ არც შშმ პირთა ინტერესი იყოს უგულებელყოფილი და  გამოყოფილი თანხა მიზანმიმართულადაც დაიხარჯოს“, – განაცხადა ღურჯუმელიძემ.

თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა სოფრომაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს პრობლემის დროულად და ეფექტურად მოგვარებისთვის რამდენიმე რჩევა მისცა.

მისი თქმით, პატარა მუნიციპალიტეტებში უპირველესი მიზანი უნდა იყოს საბჭოს ეფექტურად მუშაობა.

სოფრომაძე ამბობს, რომ შესაძლებელია, კონსენსუსის შედეგად შეირჩეს – ვინ წარმოადგენს საბჭოში დაინტერესებული პირების ინტერესს.

„მაგალითად, შშმ პირების მშობლებმა იმსჯელონ, ვინ იყოს მათი წარმომადგენელი საბჭოში და დანარჩენებმა გარედან მუშაობით ზურგი გაუმაგრონ მას.

არათანაბარი მდგომარეობა იქნება, უსინათლო წევრს ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს და მშობლებს – 5. მშობელთა ინტერესები გადაწონის, ეს ეფექტი იქნება გასათვალისწინებელი“, – თქვა სოფრომაძემ.

გიგა სოფრომაძის ხედვით, მნიშვნელოვანია, ყველა მუნიციპალიტეტი ერთი, სტანდარტული დებულებით ხელმძღვანელობდეს, ვინაიდან, როცა ყველა მუნიციპალიტეტის საბჭოს თავისი დებულება ჰქონდა, ორგანო ეფექტურად ვერ მუშაობდა.

მისივე პოზიციით, მნიშვნელოვანია, საბჭოს დებულების შემუშავებაში შშმ პირები მონაწილეობდნენ.

მან სამუშაო ჯგუფს თბილისის მერიის მიერ შშმ პირების დაფინანსების პრინციპები გაუზიარა. მისი თქმით, არსებული პრაქტიკით, მილიონობით ლარი იხარჯება ერთჯერად დახმარებებში, რაც არაეფექტურია. სოფრომაძის პოზიციის თანახმად, პროგრამები არ უნდა იყოს მიბმული სოციალურ ქულაზე, როცა არაერთჯერად მომსახურებაზე დიდი თანხაა დასახარჯი.

„მაგალითად, თბილისში 1 600 000 ლარი იხარჯება ბავშვების დასვენებაზე, როცა სხვა პროგრამები, მაგალითად, პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა არ გვაქვს.

პროგრამის ბიუჯეტი ვერ იქნება უსასრულო და შინაარსითაც ვერ მოემსახურება ყველას. თბილისში შშმ პირებისთვის გამოყოფილი ეს პროგრამები ითვალისწინებს 3-დან 20 წლამდე ასაკის ხალხის დახმარებას, ბათუმში – 30 წლამდე, კასპში – ასაკი შეუზღუდავია, თუმცა იქ სულ 30 ბენეფიციარი სარგებლობს ამ დახმარებით, ჩვენთან 2000-მდე განაცხადი იყო შემოსული.

ვფიქრობ, საკურორტო მომსახურებასა და დასვენებაში ამხელა თანხის გადახდა არ არის მიზნობრივი და საჭირო – დღეს დაისვენებს, ხვალ დაისვენებს, გახდება 19-ის და ვეღარც ამ პროგრამას იღებს, ვერც განათლებას და შესაბამისად, ვერ მუშაობს და გვრჩება ადამიანი, რომელსაც პენსია უნდა მივცეთ.

სოციალურად დაუცველი, უმუშევარი ადამიანისთვის განსაზღვრული პენსიის თანხაც არასაკმარისია და ასეთი ადამიანები სახელმწიფოს იმედად რჩებიან“, – ამბობს სოფრომაძე.

სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული შშმ პირების საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება საბოლოო სახით უკვე მზად არის მერიაში გადასაგზავნად. ასევე მომზადდა 4-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტის ზოგადი რეკომენდაციებიც.


პროექტი „მდგრადი განვითარება თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად” დაფინანსებულია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ. მას ახორციელებს „მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი”.

პროექტის მთავარი მიზანია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა. პროექტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი თემის წარმომადგენლებისგან, რომლებიც არიან თავად შშმ პირები, მშობლები და  ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობენ.