პირაკრული კულტურის სახელით

დავით ბუხრიკიძე

Covid-კრიზისმა მსოფლიოს კულტურა არნახული პრობლემების წინაშე დააყენა. გაჩერდა ყველა მნიშვნელოვანი თეატრალური, მუსიკალური თუ კინოფესტივალი, გაუქმდა საკონცერტო ცხოვრება, დაიხურა გალერეები და აიკრძალა მასკულტურული ღონისძიებები. გაჩერებული ცხოვრების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ისეთი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს კულტურის სფეროში მომუშავეთა ზარალის მაქსიმალურად შემცირებას და შემოქმედებითი ინდუსტრიის თუნდაც რაიმე ფორმით მხარდაჭერას, ხოლო შემდგომში ამუშავებას.

კრიზისული დროის დასაძლევად ბევრმა ქვეყანამ (უმთავრესად, ევროპაში) სრულად გაიაზრა არსებული მდგომარეობა და კულტურას, როგორც ძალიან მყიფე და დაზარალებული სფეროს, უპრეცედენტო მატერიალური და მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა. ამგვარი საერთაშორისო ფონის გათვალისწინებით კი, საქართველოში სრულიად საპირისპირო სურათი გამოიკვეთა.

აპრილის ბოლოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში კულტურის სექტორი ნახსენები და ნაგულისხმებია გასართობი ინდუსტრიისა და აზარტული თამაშების გვერდით (?), რაც შეიძლება აღვიქვათ, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, ზოგადად, კულტურასთან მიმართებაში. გარდა ამისა, 2020 წლის ზაფხულის ბოლომდე შეუძლებელია რაიმე სახის კულტურული აქტივობა დახურულ სივრცეში, რაც გასაგები და ლოგიკურია პანდემიის გამო, თუმცა არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა უკვე განვლილი დროის შემდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირაკრული და დროის მიერ „დახურული“ კულტურის გასაცოცხლებლად.

კულტურის სექტორში მომუშავე დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც შედიან ექსპერტები, მენეჯერები, პროდიუსერები და კურატორები, საქართველოს მთავრობას საგანგებო პეტიციით მიმართა. ეს მიმართვა ასევე ითვალისწინებს კულტურის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ინიციატივასა და პოზიციას. საინიციატივო ჯგუფის წევრები – ალექსანდრე სოსელია, გიორგი სპანდერაშვილი, მარიკა ჯაბუა და ხატია ჭოხონელიძე – მიიჩნევენ, რომ კულტურის პრიორიტეტისადმი  ასეთი მიდგომა და უკანა პლანზე გადაწევა მნიშვნელოვნად აზარალებს ათასობით ადამიანს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ საჯაროდ მიმართეს სახელმწიფო სტრუქტურებს.

მას შემდეგ, რაც შეჩერდა ყოველგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა დაკარგეს მინიმალური საარსებო წყარო. ამის ფონზე კულტურის სფეროზე პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს არ გამოუთქვამთ ინიციატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, თუნდაც ონლაინ შეხვედრის ფორმატში გაგვეზიარებინა მათთვის სფეროში კრიზისით განპირობებული გამოწვევები და გვემსჯელა მათი გადაჭრის გზებზე. 

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არ მომხდარა კულტურის სფეროში არსებული დარგებისა და მასში მომუშავე ადამიანების ინტერესების გააზრება, დაცვა და ადვოკატირება. ქართული თანამედროვე და ტრადიციული კულტურა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იდენტობას და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგრადობას, სწორედ შემოქმედებით სექტორებში მომუშავე ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ინიციატივების/ინდივიდების საქმიანობის შედეგად იქმნება.

სწორედ ამიტომ, საჭიროდ ვთვლით, რომ გაუქმებული ან შეჩერებული პროგრამების, კონკურსების და დაფინანსების პირობებში, ყოველგვარი შემხვედრი განცხადების გარეშე დარჩენილებმა  (მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, პროდიუსერები, მენეჯერები, კურატორები, რეჟისორები) ერთობლივად დავიცვათ სფეროს და ჩვენი ინტერესები. 

მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს კულტურის სფეროსთვის  ოსტკრიზისული ხედვის, სამოქმედო ეგმის მის შემუშავება და საზოგადოებისთვის წარდგენა. მათ შემუშავებაში ჩართული უნდა იყვნენ კულტურის შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები…  კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.

P.S. ამ მიმართვიდან უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან რეაგირება საერთოდ  არ ყოფილა. მხოლოდ თითო-ოროლა ზოგადი და ეგზისტენციური ფრაზა გავიგეთ, სოციალურ ქსელში გამართულ მცირემეტრაჟიან დისკუსიას წავაწყდით და სატელევიზიო სიუჟეტები ვნახეთ… მეტი არაფერი!

როგორც ჩანს, მოახლოებული არჩევნებისა და შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ხელისუფლებას გაცილებით რთული ამოცანების გადაჭრა მოუწევს. ამიტომ კულტურასა თუ „კულტურულად“ სანდო თუ საჭირო სახე-სახელებს ის მხოლოდ საარჩევნოდ გამოიყენებს. რაც უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტითაა ნაკარნახევი. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სპეციფიკის გათვალისწინება, ტოტალური კრიზისის ფონზე კულტურის გადარჩენის პროგრამა, მისი სათანადო მხარდაჭერა, კულტურის სფეროში სამუშაო ადგილების რეალურად შენარჩუნება და მსგავსი „ლირიკული“ წიაღსვლები მის საოცნებო ინტერესებში არც შედის.

კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სპეციფიკა სათანადო მხარდაჭერის პირობებში იძლევა საშუალებას, თუნდაც კრიზისის ფონზე შექმნას სამუშაო ადგილები. მიმდინარე გრანტებისა თუ გამოცხადებული კონკურსების ადაპტირება და არა მათი შეჩერება დადებითად აისახებოდა სექტორის მდგრადობასა და შემოქმედებით პროცესზე.

სფეროს წარმომადგენლებთან დროული კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა ადამიანური რესურსებისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება, რაც მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლებას, კონკრეტული მიმართულებების ფუნქციონირებას.

სრული პასუხისმგებლობით, აგრეთვე, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ვიაზრებთ რა ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ვაცნობიერებთ იმის აუცილებლობას, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და კრიზისის დაძლევისთვის საჭირო მასტიმულირებელი ინიციატივების, თვალთახედვისა და სამოქმედო გეგმის წარმოდგენა.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.