პრევენციის ევროპული კურიკულუმი | ვისთვის შეიქმნა და რას გვასწავლის

„პრევენციის ევროპული კურიკულუმი“ – ეს არის ნივთიერებების მოხმარების მტკიცებულებითი პრევენციის სახელმძღვანელო, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე პირებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის შეიქმნა.

სახელმძღვანელო ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მხარდაჭერით მომზადდა, ქართულად კი ევროკავშირის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტმა თარგმნა.

დაინტერესებული მკითხველი მიიღებს ცოდნას მტკიცებულებაზე დაფუძნებული ყველაზე შედეგიანი ჩარევებისა და მიდგომების შესახებ. მასში ნახავთ უფრო ზოგად შესავალსაც პრევენციის მეცნიერებაში.

რატომ მტკიცებულებითი პრევენცია? – ამგვარი მიდგომები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სთავაზობს ზოგიერთ პოპულარულ, მაგრამ ნაკლებშედეგიან და ზოგჯერ − ზიანის მომტან მიდგომაზე ბევრად უფრო სასარგებლო ალტერნატივებს.

სახელმძღვანელოს ავტორები გამოთქვამენ იმედს, რომ სათანადო ცოდნით აღჭურვა წაახალისებს მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული მიდგომების განხორციელებას და არაშედეგიანი მიდგომების შეწყვეტას; შექმნის გარემოს, რომელიც პრევენციის პირველად რგოლში დასაქმებულ პრაქტიკოს მუშაკებს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისკენ უბიძგებს.

პრევენციის ევროპული კურიკულუმი (EUPC) – რას ნახავთ მასში

სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ ნივთიერებების მოხმარების პრევენციის მიზანია, ადამიანებს ხელი ააღებინოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაზე ან გადაავადოს ის. კერძოდ, შეამციროს მოხმარების პერიოდი. ანუ თუ მაინც გასინჯა მოზარდმა, უფრო გვიან გასინჯოს და უფრო ადრე შეწყვიტოს მოხმარება.

პრევენციას უფრო შორს მიმავალი მიზანიც აქვს: ხელი შეუწყოს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღ და უსაფრთხო განვითარებას, რათა მათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ. ეს ხერხდება ბავშვებისა და მოზარდების ჯანსაღი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით ოჯახის, სკოლის, თემის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დონეზე.

მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციის დანერგვა ფასეული, ეფექტიანი ინსტრუმენტია სხვადასხვა ქვეყანასა და გარემოში ამ პრობლემების მქონე მოსახლეობასთან მუშაობისთვის. მოცემული კურიკულუმი შედგენილია, პირველ რიგში, ევროპაში პრევენციის სფეროში მომუშავე გადაწყვეტილებათა მიმღები, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე, და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისთვის და მიზნად ისახავს, გააცნოს მათ:

  • შესავალი პრევენციის მეცნიერებაში;
  • პრევენციული ჩარევების შერჩევისა და განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის მიმოხილვა;
  • ინფორმაცია მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციის მეთოდების შესახებ;
  • ინფორმაცია მტკიცებულებაზე დაფუძნებული   ჩარევების განხორციელებისა და შეფასების კოორდინაციის ინსტრუმენტებზე;
  • შესავალი ოჯახზე, სკოლაზე, სამსახურზე, თემზე, გარემოზე და მედიაზე დაფუძნებული პრევენციის პრინციპებსა და პრაქტიკაში.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც მოცემული სახელმძღვანელო გთავაზობთ, არის პრევენციის მეცნიერება. პრევენციის მეცნიერება იძლევა ცოდნას ნივთიერებების მოხმარების დაწყებასთან და პროგრესირებასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე; რა გავლენას ახდენს ნივთიერებების მოხმარება ინდივიდებზე, ოჯახებზე, სკოლებზე, თემებსა და ქვეყნებზე, და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა შედეგიანი სტრატეგიებით, პოლიტიკითა და ჩარევებით.

„პრევენციის მეცნიერება მიიჩნევს, რომ ნივთიერებების მოხმარება და მსგავსი ქცევითი პრობლემები დაკავშირებულია ადამიანის განვითარების პრობლემებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაქტორები, რომლებიც იწვევს ჯანმრთელობისთვის სარისკო ქცევებში ჩართვას, იწყება ადრე, ხოლო თავად არასასურველი ქცევები კი, როგორც წესი, გვიანდელ ბავშვობასა და მოზარდობაში ვლინდება. შესაბამისად, აუცილებელია გვესმოდეს, როგორ უნდა ვიმუშაოთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან – დაწყებული ჩვილებიდან და მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებიდან, დამთავრებული უფრო მოწყვლადი თინეიჯერული თუ ახალგაზრდა ზრდასრულობის ასაკით, და – შემდეგ ზრდასრულებთანაც.

ნივთიერებების მოხმარება და სხვა სარისკო ქცევები, როგორც წესი, გარემო ფაქტორებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების ურთიერთქმედების შედეგია. აქ ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, წარუმატებელი სოციალიზაცია იყოს. მაგალითად, ალკოჰოლის ინდუსტრიის მარკეტინგული ხრიკი (მაგ., სპორტის სპონსორობა), სავარაუდოდ, უფრო ადვილად იმოქმედებს იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ბუნებით შეგრძნებათა მაძიებლები არიან და, ამავე დროს, არ ჰქონიათ ოჯახის მხრიდან აღზრდის დადებითი გამოცდილება.

ამ თვალსაზრისით, უფრო დაცული იქნებიან ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახებშიც ზრუნვაზე ორიენტირებული დადებითი და თანმიმდევრული აღზრდის სტილია. მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენცია გვთავაზობს ამ განსხვავებულ ვითარებებზე მორგებულ ჩარევებს – იქნება ეს ოჯახი, სკოლა, სამსახური, თემი თუ სხვა გარემოცვა. მტკიცებულებითი ჩარევები მიმართულია იმისკენ, რომ გააუმჯობესოს ურთიერთობა ბავშვებსა და მშობლებს, ბავშვებსა და სკოლას, თანამშრომლებსა და სამსახურს, თემის წევრებსა და თემს თუ უფრო ფართო გარემოცვას შორის, და გაუძლიეროს მათ დაცულობისა და მხარდაჭერის განცდა“, – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

ახლა კი საქართველოზე – რა გამოწვევები გვაქვს პრევენციის მიმართულებით და როგორია ჩვენი ქვეყნის გამოცდილება? – ამ საკითხებზე კურიკულუმის ქართული ვერსიის ადაპტირების პროექტის ხელმძღვანელმა, წიგნის სამეცნიერო თანარედაქტორმა, ჯანა ჯავახიშვილმა ისაუბრა:

„პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ მტკიცებულებითი პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები ყველა ქვეყანაში გამოწვევაა. არ არის ისე, რომ მხოლოდ საქართველოში გვაქვს პრობლემები. ეს მამშვიდებს, რასაკვირველია.

როდესაც ნენსი რეიგანის გახმაურებული ანტინარკოტიკული მედიაკამპანია – „Just say no to drug” ჩაფლავდა, გაჩნდა ნეგატიური წინასწარგანწყობა და ეს ინერციაც დიდხანს შენარჩუნდა, რომ „პრევენცია არ მუშაობს“. სინამდვილეში კი, არ მუშაობს არამტკიცებულებითი პრევენცია“, – იწყებს საუბარს ჯანა ჯავახიშვილი.

რაც შეეხება საქართველოს, მან ისაუბრა ტენდენციაზე, რომელიც საქართველოში ფონად გასდევდა გადაწყვეტილების მიმღებთა დამოკიდებულებას.

„ბევრ სხვადასხვას შორის, ერთ-ერთი ასეთი მოარული ფრაზა, რომელიც ძალიან დიდი ხანია გვესმის, არის – „ნარკომანია თუ ნარკოტიკები ერის გენოციდია”. ეს აბსოლუტურად მითია, რადგან სტატისტიკა რომ ნახოთ, ბევრად მეტია ნასვამ მდგომარეობაში სახმელეთო ავარიებში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა. ალკოჰოლის ზემოქმედებით ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობაც დიდია. ზოგადად, ასეთ პრობლემებზე საუბარი, გინდაც ალკოჰოლზე, გენოციდის და კატასტროფიზაციის რეჟიმში, ნამდვილად არ უწყობს ხელს პრობლემის მართვას. აბსოლუტურად არასწორ ემოციებს რთავს საქმეში და ხელს გვიშლის, რაციონალურად, პრაგმატულად განვსაზღვროთ კარგი სტრატეგია, რომელიც პრობლემის გადაჭრას დაეხმარება“, – ამბობს ჯავახიშვილი.

მისი თქმით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან წამოსული „მორალური პანიკაც“ კონტრპროდუქტიულ შედეგს იძლევა.

„მეორე არის მორალური პანიკა და ეს ეკლესიიდანაც არის წამოსული. გვახსოვს ალბათ ხომ, გარკვეული ხნის წინ პატრიარქმაც თქვა, რომ ნარკომანია სირცხვილია. მართალია, ამის შემდეგ მას ეს აღარ გაუმეორებია, მაგრამ ვიცით, როგორი წონა აქვს მის სიტყვას მოსახლეობაში.

ეს მორალური პანიკა ნამდვილად არ გვიწყობს ხელს, რომ წამალდამოკიდებულების პრობლემა გადავჭრათ. ეს იწვევს სტიგმატიზაციას, იწვევს უარყოფით წინასწარგანწყობებს…“, – ამბობს ის.

ჯავახიშვილის თქმით, მესამე გამოწვევა არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის პარადიგმა. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში სტრატეგიასაც კი „ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია“ ჰქვია. „დროა, რომ ენა და დისკურსები შეიცვალოს“, – ამბობს ის.

„ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი გასულ საუკუნეში დაიწყო. 1961 წლის გაეროს კონვენციის გამოქვეყნებასთან ერთად, სადაც ბრძოლის ენა იყო გამოყენებული, იყო საუბარი, რომ ეს არის ბოროტება და საფრთხე მთელი კაცობრიობისთვის, აქედან იღებს სათავეს ეს ყოველივე. შემდეგ იყო ნიქსონის კამპანია „war on drugs“ – ამ კამპანიის ინერცია დღესაც ძალიან ძლიერია ყველა ქვეყანაში, თუმცა ბევრმა მათგანმა წარმატებით მოახერხა ტრანსფორმაცია.

პრევენცია საქართველოში ხშირად გაგებულია, როგორც პიარი, ხმამაღალი ლოზუნგები – „ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნარკოტიკის, ნარკოტიკი ცუდია“. ეს არ არის პრევენცია, ძალიან ხშირად ეს უნებლიე პოპულარიზაციასაც უწევს ნარკოტიკებს. პრევენციის დანერგვიდან 10 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ დადებითი შედეგები მოვიმკათ. ამიტომ, მისი დაფინანსება გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის არ არის მომხიბლავი“, – ამბობს ჯავახიშვილი.

მისი განმარტებით, პრევენცია ნიშნავს, რომ რისკის ფაქტორები შევამციროთ და გავზარდოთ დაცვითი ფაქტორები. „ესაა პრევენცია, სტრატეგიას ასე ვადგენთ და ჩვენი სტრატეგიის დოკუმენტიც ასეა აგებული“.

„პრევენცია იწყება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნიდან და გრძელდება ადამიანის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე“, – ამბობს ფსიქოლოგი, გამოცემის თანარედაქტორი მარიამ რაზმაძე პრეზენტაციისას.

„ზოგადად ეს დრამატიზმი, რაც ხშირად გამოიყენება ხოლმე, ვიცით, რომ არ მუშაობს. შიში თუ გავლენას ახდენს, უმეტესწილად იმათზე, ვინც ისედაც არ აპირებდა მოხმარებას. ასევე, შფოთვა მოხმარების ტრიგერია. გაიხსენეთ საშინელებათა ფილმები, რამხელა აუდიტორია ჰყავს ამ დარგს. ანუ, ინტენსიური ემოციები, ასევე შიშის ემოციები, არის დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ეს უყვარს… დრამატული ცხოვრება, პრობლემებით გაჯერებული, ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც გარკვეული კუთხით მიმზიდველიც კი იყოს“, – ამბობს ის.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინის ჩამოყალიბება. მიდგომა – პრევენცია, როგორც ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა არსებულ პრობლემას გადაჭრის, არ არის სწორი.

არსებობს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისადმი განსაზღვრული მიდგომები, რის ცოდნაც დაგვეხმარება ჯანსაღი მოლოდინებისა და ინტერვენციების დაგეგმვაში.

როგორია პრევენციის ზოგადი საფეხურები:

მარიამ რაზმაძის განმარტებით, პრევენციას აქვს სხვადასხვა სახე – უნივერსალური, შერჩევითი და მიზანმიმართული. პრევენციაზე საუბრისას ასევე შეგვიძლია გამოვყოთ სხვადასხვა დონე – პრევენცია ოჯახის დონეზე, სკოლის დონეზე, ჯანდაცვის სექტორის, თემის და ა.შ.

თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა და დანიშნულება აქვს. მაგალითად, უნივერსალური პრევენცია ემსახურება ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას, საჭირო სოციალური უნარების განვითარებას. ანუ ეს არის პრევენცია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ექვემდებარებიან ისინი რისკებს.

შემდეგი არის შერჩევითი პრევენციული მიდგომები, როდესაც მოზარდი ავლენს ემოციის/ იმპულსის მართვის სირთულეს, შეიძლება ჰქონდეს აგრესიული/ოპოზიციური ქცევა. ანუ, როდესაც მის განვითარებაში გარკვეული სირთულეები შეიმჩნევა.

ხოლო, როდესაც მოზარდი იწყებს ნივთიერებებით ექსპერიმენტირებას, საქმეში უკვე მიზანმიმართული პრევენცია უნდა ჩაერთოს.

„ამ დონეების გამოყოფის გარეშე ძალიან რთული იქნება, რომ მოზარდის საჭიროებებს ეფექტიანად და ადეკვატურად ვუპასუხოთ. ასევე, დაგროვილია ცოდნა იმაზე, რომელი ინტერვენციაა ეფექტიანი ადრეულ თინეიჯერობაში, რომელი ზრდასრულობაში და ა.შ. აი, ეს დაყოფა გვეხმარება, რომ ვიყოთ უფრო ეფექტიანი და ვუპასუხოთ იმ საჭიროებებს, რომლებიც ამა თუ იმ დონეზე არსებობს“, – ამბობს რაზმაძე.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.