ქცევითი თერაპევტები მერიისგან პროგრამის დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ

სალომე გორგოძე

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ქცევითი თერაპევტები ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

აღნიშნული პროგრამის დაფინანსების გაზრდის თხოვნით 320-მდე ქცევითმა თერაპევტმა ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელთან“ ერთად თბილისის მერს უკვე მიმართა.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას თბილისის მერია 2015 წლიდან ახორციელებს. ამჟამად პროგრამის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარზე მეტია და 1557 ბავშვს აფინანსებს. თითოეული ბავშვი ყოველთვიურად 400-ლარიან ვაუჩერს იღებს, –  პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თვეში თერაპიის 20 სეანსი; თითო თერაპიაზე 20 ლარია გამოყოფილი, ვაუჩერის სახით, რომლითაც მშობელი თავად ირჩევს კერძო ცენტრს, სადაც ბავშვებს თერაპია უფინანსდებათ.

ამ ვაუჩერით იფარება თერაპევტების ხელფასი, ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოებისა და საკანცელარიო ნივთების ხარჯი. მერიის მიერ  არ არის გაწერილი, რა პროპორციით უნდა გადანაწილდეს აღნიშნული საჭიროებებისთვის თანხა; ამას თავად ცენტრები განსაზღვრავენ.

თერაპევტები ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება თითო თერაპიაზე, საშუალოდ, 6-10 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ფასების ზრდისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ძალიან მწირი ანაზღაურებაა და პროგრამიდან კვალიფიციური კადრების გადინებას განაპირობებს.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ თერაპევტებს მერიასთან არანაირი შრომითი ხელშეკრულება არ აკავშირებთ. ისინი კერძო სერვისპროვაიდერების თანამშრომლები არიან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებიც დამსაქმებელთან უნდა გადაწყდეს.

ეთერ მაისურაძე უშუალოდ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 3 წელია, ქცევით თერაპევტად მუშაობს. ეთერი „პუბლიკას“ უყვება, რომ სერვისის მიმწოდებელი თავად წყვეტს, თერაპევტს რამდენი გადაუხადოს; ამის შესახებ სტანდარტი არ არსებობს; ეს საკითხი შიდა რეგულაციით წყდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თბილისში ქცევითი თერაპევტის საათობრივი ანაზღაურება უმეტესად, 6-10 ლარის ფარგლებში მერყეობს რაც თვეში, დაახლოებით, 600-800 ლარს შეადგენს.

ეთერი ამბობს, რომ თერაპევტების მთავარი მოთხოვნაა, გაიზარდოს ვაუჩერის საათობრივი დაფინანსება. მისი განმარტებით, მართალია, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ემატება ბავშვების რაოდენობა, მაგრამ არ იზრდება მათთვის განკუთვნილი ვაუჩერის ღირებულება; შესაბამისად, წლების განმავლობაში უცვლელი რჩება თერაპევტების ანაზღაურებაც. მისი თქმით, 2015 წელთან შედარებით მათი ხელფასის მსყიდველუნარიანობა განახევრებულია, ანაზღაურება ძალიან მცირეა.

„კერძოდ თუ მივალ ბავშვთან სახლში, ერთი საათის ანაზღაურება იწყება 30 ლარიდან და მერყეობს 100 ლარამდე მაშინ, როცა მერიის პროგრამაში თერაპევტის ერთი საათის ანაზღაურება, საშუალოდ, 6-8 ლარია.

ბუნებრივია, თუ მაინცდამაინც თავის გაწირვა არ გინდა ამ საქმისთვის, არ დარჩები ამ პროგრამაში; საყოფაცხოვრებო საჭიროებებს რომ გავწვდე, ძირითად დროს მოახმარ კერძო მუშაობას ან მერიის პროგრამულ ბავშვებს დაიტოვებ მინიმალური რაოდენობით. თუ ასე გაგრძელდა, გამოცდილი კადრები მასობრივად გაედინება“, – ამბობს ეთერ მაისურაძე.

იმის გასარკვევად, თუ რას აპირებს მერია, „პუბლიკა“ ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს, გელა ჩივიაშვილს დაუკავშირდა.

როგორც ჩივიაშვილი განმარტავს, მერია აფინანსებს ბავშვებს, შემდგომ კი მერიის ვაუჩერით ხარჯი როგორ გადანაწილდება კერძო ორგანიზაციის შიგნით, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობაა და ამის შესახებ მერიას ინფორმაცია არ აქვს.

„ჩვენი ბენეფიციარები არიან ბავშვები, შესაბამისად, თერაპევტები ჰყავთ დაკონტრაქტებული ამ სერვისპროვაიდერებს და მათთან არსებულ კონტრაქტს რასაც დაეთანხმებიან, მათი გადასაწყვეტია. მერია ამ შემთხვევაში არ არის ის, ვინც განსაზღვრავს მათ ხელფასს, რაოდენობას.

არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული, თითქოს მერია უხდის მათ ხელფასს. მერია მათ ხელფასს არ უხდის, ვინაიდან მერიას არ აქვს მათთან კონტრაქტი. ჩვენ ვაფინანსებთ ბავშვებს; შესაბამისად, ის ორგანიზაციები, ვინც უკვე ეწევა სერვისს, ქცევითი თერაპევტები არიან მათი თანამშრომლები და არა მერიის“,- უთხრა ჩივიაშვილმა „პუბლიკას.“

ჩივიაშვილი ამბობს, რომ პროგრამის ბიუჯეტი იზრდება პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობის ხარჯზე. მერიას კომუნიკაცია აქვს სერვისის მიმწოდებლებთან და სწორედ მათგან იღებს ინფორმაციას, რამდენი ბავშვის მომსახურებას შეძლებენ. რაც შეეხებათ უშუალოდ თერაპევტებს, მათი გადასაწყვეტია, „რომელ ორგანიზაციაში დასაქმდებიან და რა ანაზღაურებაზე.“

მისივე თქმით, ორგანიზაციის შემოსავალი არ არის მხოლოდ მერიის პროგრამა, რადგან ისინი ემსახურებიან იმ ბავშვებსაც, რომლებიც მერიის მიერ დაფინანსებულ პროგრამათი არ არიან ჩართულები.

„დღეს გვქონდა შეხვედრა ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და დაადასტურეს რომ აქვთ სხვადასხვა სახის კონტრაქტი ამ თანამშრომლებთან, პროგრამულიც და არაპროგრამულიც; ასევე, სხვა მუნიციპალიტეტებსაც ემსახურებიან, ანუ ესენი არ არიან მერიის პროგრამის თერაპევტები და ასეთი ცნება, ზოგადად, მერიის პროგრამის თერაპევტი არ არსებობს;

აქედან გამომდინარე, ის ორგანიზაცია, სადაც მათ აქვთ შრომითი კონტრაქტი, განსაზღვრავს ანაზღაურებას ყველა იმ გაწეული სერვისის მიხედვით, რასაც ეს თერაპევტები ეწევიან მერიისა თუ სხვა მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში, თუ არაპროგრამული, ანუ კერძო გადასახადისაგან, საიდანაც იღებენ სხვადასხვა ანაზღაურებას. ეს ანაზღაურება განისაზღვრება მათი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის დირექციის მიერ და არანაირ კავშირში არ არის მერიის პროგრამასთან.“

შეკითხვაზე, თუ რას აპირებს მერია თერაპევტების მიმართვასთან დაკავშირებით ჩივიაშვილი პასუხობს, რომ დღესვე შეატყობინებენ წერილის პასუხად თერაპევტებს, რომ მიმართონ იმ ორგანიზაციებს, ვისთანაც აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და „პრეტენზიები მათთან გაარკვიონ“.

თერაპევტები ფიქრობენ, რომ მერია ცდილობს, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა და მთლიანად დააკისროს  ცენტრებს, რომელთაც რეალურად მცირე თანხის განაწილება უწევთ. თერაპევტი თეო მანაგაძე, როემლიც 8 წელია ამ სფეროშია გადაქმებული ამბობს, რომ თუკი ვაუჩერი გაიზრდება, თერაპევტების ანაზღაურების წილიც მოიმატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამას კვალიფიციური კადრები ტოვებენ.

„პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. კი, დამსაქმებელთან გვაქვს კონტრაქტი,  მაგრამ პროგრამის ხელმძღვანელები არიან თავად და პრობლემაა მათ მიერ განსაზღვრულ ტარიფში და არა ცენტრის მიერ თანხის გადანაწილებაში. ცენტრი ისედაც მინიმალურ თანხას ანაწილებს ბევრ საჭიროებაზე, მათ შორის, ჩვენს ხელფასზე. მით უმეტეს, როცა ხედავენ ამ გარემოებებს, ინფლაციას, კადრების გადინებას და ა.შ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ“,- უთხრა „პუბლიკას“ თაო მანაგაძემ.

თერაპევტები ამბობენ, რომ რეაგირებისთვის მერიას 10 სამუშაო დღის ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ იმსჯელებენ, თუ როგორ გააგრძელონ, კანონის ფარგლებში, ამ საკითხზე მუშაობა.

რას ამბობს კვლევა

ქცევით თერაპევტთა შრომა და ანაზრაურება გასულ წელს „სოლიდარობის ქსელმა“ იკვლია.

ქცევითი თერაპევტის თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებული თერაპიების (სესიების) ქცევით თერაპევტთა შრომა და ანაზღაურება სოლიდარობის ქსელი 28 რაოდენობაზე. თერაპევტი ანაზღაურებას იღებს ბენეფიციარისთვის ჩატარებულ სესიაში.

როგორც კვლევის ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, ქცევის თერაპევტებისთვის შრომის ანაზღაურება ფიქსირებული არ არის;

• გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 62.7% საკუთარი თვიური შრომის ანაზღაურებით უკმაყოფილოა;

• გამოკითხულთა 29.3%-სთვს ყოველთვიური შემოსავალი 601-800 ლარია, 25.3%- ისთვის 801-1000 ლარი, 17.3%-სთვის 401-600 ლარი, ხოლო 13.3%-ისთვის 1200 ლარზე მეტია, 10.7%-სთვის 1001-1200 ლარია, 4.1%-სთვის კი 400 ლარზე ნაკლებია.

• გამოკითხულთა 86.7%-ს ხელფასი ქვეყანაში არსებულ ოფიციალურ (რომლის ოდენობა 2020 წლის მონაცემებით 1 239.5 ლარია) საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასზე ნაკლები აქვს;