რა არის ე.წ. სველი ბაზარი, რომელსაც COVID19-ის გავრცელებას უკავშირებენ

ნინო ავქაფაშვილი

რა არის „სველი ბაზარი“, რომელსაც ექსპერტები კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ? ეს არის ბაზარი, სადაც იყიდება ცოცხალი და მკვდარი ცხოველები – თევზი, ღამურა, მაჩვი, კუ და ა.შ., თქვენ წარმოიდგინეთ, ქათამიც.

ვუჰანის „სველი ბაზარი“ – აქ ზღვის ცხოველებით გამომწყვდეული თავმოხდილი კასრებიდან წყალი იღვრება გამოშიგნული თევზითა და დახოცილი ცხოველების სისხლით წითლად აჭრელებულ იატაკსა და სამუშაო მაგიდებზე. ამ ანტისანიტარიაში ცოცხალი კუები ერთმანეთზე ცოცავენ სიკვდილამდე, ჯავშნების მოჭრამდე. არცაა გასაკვირი, რომ ამ პირობებში მომაკვდინებელმა ვირუსმა იფეთქა. ეს ბაზრობები სავსეა დასტრესილი, შეშინებული ცხოველებით და მზა ნიადაგია კოვიდ-19-ის მსგავსი დაავადებებისთვის.

თვალი შევავლოთ ველური ცხოველებით ვაჭრობის ისტორიას:

90-იანი წლებიდან, როდესაც ჩინეთში ეკონომიკის ტრანსფორმაციის ეტაპი დაიწყო, ინდუსტრიულ დონეზე გაიზარდა სურსათის წარმოება. როგორც ანთროპოლოგები მიუთითებენ, ამას შედეგად მოჰყვა მცირე მეწარმე ფერმერების მიერ თავიანთი ბიზნესის იაფად გაყიდვა. იძულებულნი გახდნენ, გასულიყვნენ მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიიდან. თავის რჩენის ახალი საშუალებების ძებნისას ზოგმა მათგანმა დაიწყო ველური ცხოველებით ვაჭრობა, თუმცა მანამდე ამ ცხოველების საკვებად გამოყენება ჩინეთში მხოლოდ საარსებო საშუალება იყო.  შემდეგ ველური ცხოველებით ვაჭრობა ფორმალიზდა მრეწველობის დარგად, ამგვარი ცხოველით კვება კი თანდათან ფუფუნებად იქცა. რამდენადაც ინდუსტრიული ფერმერობა დაკავშირებულია მიწების ფართო ათვისებასთან, ეს მცირე მეწარმეები გეოგრაფიულადაც იძულებულნი გახდნენ, გადაენაცვლათ არაკულტივირებულ ზონებში, ტყეების კიდეებთან, ღამურებსა და „ჩასაფრებულ“ ვირუსებთან ახლოს. ფიზიკურმა სიახლოვემ და კონტაქტების სიხშირემ შექმნა დაავადებების გავრცელების რისკი.

ამგვარად, ადამიანი შეიჭრა ხელშეუხებელ ეკოსისტემებში, რამაც ხელი შეუწყო ზოონოზური დაავადებების გავრცელებას. ეს არის ცხოველური წარმოშობის ინფექციები, რომლებიც ადამიანზე გადადის. მათ შორისაა: ებოლა, ეიჩაივი, ახლა უკვე კოვიდ-19. თუმცა ამის უკან არის კიდევ ერთი საკითხი – გზა, რომლითაც ვაწარმოებთ საკვებს. აგრობიზნესის თანამედროვე მოდელი ხელს უწყობს ზოონოზური დაავადებების წარმოშობას. მაგალითად, გრიპმა, რომელსაც მაღალი პანდემიური პოტენციალი აქვს, ბოლო 500 წლის განმავლობაში გამოიწვია 15 პანდემია.

ეპიდემიოლოგი მარიას ჯილბერტი ფიქრობს, რომ აშკარაა კავშირი ფრინველის გრიპის ვირუსებსა და ინტენსიურ მეფრინველეობასთან.

ამ საკითხს ვეხები იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოს დიდი ქსენოფობიური ბრალმდებელი საჩვენებელი თითი მიმართულია ჩინეთისკენ. ბევრმა ბოლო პერიოდში შეიტყო ე.წ. სველი ბაზრების არსებობის შესახებ. იმის შესახებაც, რომ, თურმე, ჩინელები მაჩვებსა და პანგოლინებს მიირთმევენ და თანაც ეს, როგორც ზემოთ ვთქვი, მხოლოდ მდიდრებისთვის ხელმისაწვდომი „სიამოვნებაა“, მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ მსგავსი „სველი ბაზრები“, მხოლოდ ჩინეთის პრობლემა არაა? რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ მსგავსი ბაზრები მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზეა? აფრიკა, აზია, ევროპა, ამერიკა… ასეთი ბაზარი მხოლოდ ნიუ-იორკში 80-ზე მეტია.

ორგანიზაციამ  „ხალხი ცხოველთა მიმართ ეთიკური მოპყრობისთვის“ მოამზადა პეტიციამსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციისთვის“, რომლითაც „სველი ბაზრების“  აკრძალვას მოითხოვს. გვეძლევა შანსი, რომ მომავალში ზოონოზური დაავადებები სველი ბაზრებიდან აღარ გავრცელდება.

ეს ქსენოფობიური თითი საკმარისად ჯერ არ დაბნეულა,  ამიტომ მოგიყვებით ამერიკაში არსებულ რესტორნებზე, რომლებიც ცოცხალი, დასახიჩრებული რვაფეხებითა და სხვა ცხოველებით ვაჭრობენ. 2016 წლის სექტემბერში ორგანიზაცია „ხალხი ცხოველთა მიმართ ეთიკური მოპყრობისთვის“ შევიდა ამგვარ რესტორნებში და დააკვირდა აქ არსებულ პრაქტიკას ცხოველთა მიმართ. ცოცხალი კრევეტების „მომზადების“ წესი ასეთია – მოჭრილ კუდს თეფშზე თავის მოძრავ სხეულს ან ეგზოსკლეონს „ლამაზად“ უწყობენ, ისე, რომ „ვახშამს“ პირდაპირ თავისი ლეშით შეუძლია გამოკვება. კიბორჩხალებზეც ვრცელდება კუდის მოჭრის პრაქტიკა – თეფშზე იაპონური საშიმის სტილზე უწყობენ ცხოველის დასახიჩრებულ, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალ სხეულს, რესტორნის სტუმრების სიამოვნებისთვის. ზოგიერთ რესტორანში ორთქლში ცოცხლად ხარშავენ რვაფეხებს, კიბორჩხალებსა და სხვებს. თეფშზე არსებულ „სანახაობაზე“ მოხითხითე სტუმრებს კი შეფები აფრთხილებენ, რომ არ მისცენ ცხოველს გაქცევის საშუალება.

ვუჰანის ანტისანიტარიული სველი ბაზრობის საპირწონედ კი მინდა გითხრათ, რომ არანაკლები ანტისანიტარიაა შინაურ  ცხოველთა ფერმებში. ფერმის ინდუსტრია განსაკუთრებით დიდია ამერიკასა და ავსტრალიაში, მაგრამ მეთოდები და საშუალებები ფერმების მუშაობისა ყველგან ერთმანეთის მსგავსია. შინაური ცხოველები, რომელთაგან ზოონოზური დაავადებები ტრანსმისირდა ადამიანზე, არის ღორი და ქათამი. რა ხდება მათ ფერმებში? უამრავ წიწილას და ქათამს ტენიან ვიწრო გალიებში ან ფარდულებში, მათივე ექსკრემენტებით დაბინძურებულ სივრცეებში. ასეთივე პირობებში ამწყვდევენ ღორებს. შემდეგ კი ამ ცხოველებს ხოცავენ სისხლით, შარდითა და ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა სითხეებით დაბინძურებულ სასაკლაოებზე.

მანამ, სანამ ზოონოზური დაავადებები შინაური ცხოველებიდან ვრცელდება ადამიანებზე, ვერ დავადანაშაულებთ მხოლოდ ჩინეთის „სველ ბაზრებს“. ზოონოზური დაავადებები არ არის „სველი ბაზრებისა“ და ველური ცხოველების პრობლემა. კოვიდ-19 შექმნა ადამიანთა ქმედებებმა და დამოკიდებულებამ ცხოველთა მიმართ.

H1N1 და BSE  შექმნა ორმაგმა სტანდარტებმა და ხორცის ინდუსტრიამ. ამ ორმაგი სტანდარტების მიხედვით, ქათამი და ძროხა საჭმელია, ადამიანის დომინაციის გავრცელების ობიექტი; ძაღლი და კატა – ადამიანის მეგობარი.

რძის წარმოება, რომელსაც ძროხა ორსულობისას გამოიმუშავებს მხოლოდ შვილის გამოსაკვებად, სიკვდილამდე ცხოველის ყოველწლიურ ფიზიკურ ტანჯვასთანაა დაკავშირებული – იმისთვის, რომ არ შეწყვიტოს რძის წარმოება. წლიდან წლამდე ხელოვნურად ანაყოფიერებენ მტკივნეული გზებით. ყოველწლიურად ცხოველი განიცდის ერთსა და იმავე ემოციურ ტკივილს, დედა-შვილის დაშორებისგან გამოწვეულს, რასაც ხბოს დაბადებიდან 24-72 საათის განმავლობაში აკეთებენ ფერმერები, რადგან ამ პერიოდში ძროხისგან ყველაზე მეტი რძის მიღებაა შესაძლებელი. მაღალკალორიული საკვების მიღების, გაუთავებელი იძულებითი რძის წარმოებისა და ფერმის აუტანელი პირობების გამო, ხშირად დაავადებულიც, კვდება ნაადრევად, საშუალოდ, 25-ის ნაცვლად 6 წელიწადში, ხშირად ბუნებრივი გარემო-პირობებისგან სრულიად გაუცხოებული. ამ ინდუსტრიაში მამრი ცხოველების სიკვდილი ერთგვარი „გვერდითი ეფექტია“, რადგან რძეს არ გამოიმუშავებენ, ფურების შემთხვევაში კი სიკვდილი ხანგრძლივი ექსპლუატაციის ლოგიკური შედეგია. იგივე ხდება ქათმების შემთხვევაშიც – ხელოვნური განაყოფიერება, კვერცხის აცლით გამოწვეული სტრესი და ამიტომ კვერცხის კვერცხზე დება, ზედმეტი საკვებით ფეხზე დგომის უუნარობა, განვითარებული ძვლის დაავადებები და, საბოლოოდ, ნაადრევი სიკვდილი. როგორც პოლ მაკარტნი ამბობს: „ცხოველთა სასაკლაოებს რომ შუშის კედლები ჰქონდეთ, ყველა ვეგეტარიანელი იქნებოდა“.

შეიძლება, მიიჩნევთ, რომ ახლა ცხოველებზე წუხილის დრო არაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორედ ახლაა დრო, გავიაზროთ საკუთარი კულტურა, ქმედებები, დამოკიდებულება. სწორედ ახლაა დრო, გავიაზროთ, რაში ვიხდით ფულს და ვის ვამდიდრებთვყიდულობთ პროდუქტს, რომელიც არაა ჯანსაღი, როგორც გვგონია და ვამდიდრებთ კომპანიებს, რომლებიც მხოლოდ გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულნი; ვამდიდრებთ კომპანიებს, რომლებიც გვიმალავენ, რა ხდება მათ შიგნით; ვამდიდრებთ კომპანიებს, რომლებიც ფულს იხდიან იმისთვის, რომ გვჯეროდეს, რომ მათი წარმოებული პროდუქტი ჯანსაღი და საჭიროა; ვამდიდრებთ კომპანიებს, რომლებიც ხოცავენ ცხოველებს და გვხოცავენ ჩვენც.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი, ისე სხვა სახეობის მიმართ, რომლის გააზრებაც სწორედ ახლაა საჭირო, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მომაკვდინებელი დაავადებები. კიდევ რამდენი ცხოველი უნდა მოკვდეს? ან კიდევ რამდენი მომაკვდინებელი დაავადება უნდა გავრცელდეს? ან კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს ჩვენივე საგემოვნო რეცეპტორებს? შეგახსენებთ, რომ ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკფაქტორებად მსოფლიოს ჯანმრთელობის, გაერთიანებული ერების საკვებისა და აგროკულტურის და ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციების საერთო მოხსენებაში დასახელებულია ცხოველურ პროტეინზე გაზრდილი მოთხოვნა.

ახლა სხვების გაკილვითა და შეურაცხყოფით ვართ დაკავებულნი, იმის ნაცვლად, რომ  რეალური პირადი პასუხისმგებლობა გავიაზროთ. საერთო ჯამში, პრობლემა არაა ისეთი ვიწრო, როგორც გვგონია. ის არაა არც ჩინეთში, არც ამერიკულ რესტორნებში, არც ბაზრებში, არც პანგოლინებში, ღამურებსა და მაჩვებში, არც ქათმებში, ძროხებში, ინდაურებსა და ღორებში. პრობლემა ჩვენს დამოკიდებულებებსა და ორმაგ სტანდარტებშია.