რა არის კვებითი აშლილობა და მკურნალობენ თუ არა მას საქართველოში?

თათია ხალიანი

რა არის კვებითი აშლილობა? რას უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეს დარღვევა? რა იწვევს კვებით აშლილობას და მისი რა ფორმებია ყველაზე გავრცელებული? როგორ ხდება დიაგნოსტირება და არსებობს თუ არა საქართველოში კვებითი აშლილობის მკურნალობის პრაქტიკა? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ექიმ-ფსიქიატრ მარინე კურატაშვილს ესაუბრა.

რა არის კვებითი აშლილობა?

ტერმინი „კვებითი აშლილობა“ კრებითი სახელწოდებაა ისეთი ფსიქიკური აშლილობებისა, სადაც წამყვანია საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, კვებითი აშლილობის მიზეზები კომპლექსურია. ის ძირითადად ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. აღნიშნული აშლილობების განვითარებას ხელს უწყობს როგორც მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ასევე  მასზე გავლენას ახდენს პიროვნების ხასიათი, სოციო-კულტურული გარემო, მაგალითად, რა ღირებულებითი კონტექსტია სოციუმში, როგორია, ე.წ., სილამაზის სტანდარტი და ა.შ.

კვებითი აშლილობის სხვადასხვა ფორმა შეიძლება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში შეგვხვდეს, თუმცა სტატისტიკურად ის ყველაზე ხშირად თინეიჯერებსა და ქალებში გვხვდება.

კვებითი აშლილობა, განსაკუთრებით მისი ერთ-ერთი ფორმა – ნერვული ანორექსია, სპეციალისტების დროულ ჩარევას საჭიროებს, სხვა შემთხვევაში მას შეიძლება მოჰყვეს ლეტალური შედეგი.

კვებითი აშლილობის გავრცელებული ტიპები

როგორც ექიმი – ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი ამბობს, კვებით აშლილობაში გაერთიანებულია რამდენიმე დიაგნოზი, მათგან ყველაზე ცნობილია – ნერვული ანორექსია, ნერვული  ბულიმია და Binge Eating Disorder (ე.წ. ბინჯ ითინგ სინდრომი -უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა)

„სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ზუსტად ეს მესამე ფორმაა უფრო გავრცელებული (მოგვიანებით ვიტყვი – რატომ არის ასე), მაგრამ პირველ ორ ფორმას უფრო იცნობენ, განსაკუთრებით – ნერვულ ანორექსიას“, – ამბობს ის.

გარდა ამ სამი ძირითადი ფორმისა, არსებობს, კვებითი აშლილობების ე.წ. ქვეტიპებიც. როგორც ექიმი-ფსიქიატრი ამბობს, ფსიქიატრიაში რომელიმე აშლილობის დიაგნოზის დასმის დროს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით ხელმძღვანელობენ, სადაც ჩამოთვლილია, რა სიმპტომთა ერთობლიობა უნდა არსებობდეს, რომ ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზი დაისვას. ასე ხდება როგორც ნერვული ანორექსიის, ისე ნერვული ბულიმიის დიაგნოზის დასმისას.

ნერვული ანორექსია

ნერვული ანორექსია ძირითადად თინეიჯერულ ასაკში იწყება, 14-15 წლის ასაკიდან და ის უფრო მეტად გოგოებშია გავრცელებული.

როგორც ექიმი-ფსიქიატრი ამბობს, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ნერვული ანორექსია არ ნიშნავს უმადობას. თავდაპირველად ადამიანს ჩვეულებრივი მადა აქვს, უბრალოდ თანდათან იკარგება საკვების მიღების მოთხოვნილება.

„ამ დაავადების დროს ირღვევა /არასწორად ხდება საკუთარი სხეულის აღქმა, ანუ ადამიანს, გოგოს ჰგონია, რომ მას აქვს ზედმეტი წონა და ამის გამო იწყებს საკვების შეზღუდვას“, – ამბობს ექიმი.

ნერვული ანორექსიის დროს ადამიანებს წონაში კლების გამძაფრებული სურვილი აქვთ და საჭმლის მიღებას ზღუდავენ მაშინაც კი, როცა წონა მნიშვნელოვნად დაკლებული აქვთ.

ექიმი-ფსიქიატრი ამბობს, რომ ნერვულ ანორექსიაზე საუბრობენ უკვე მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 17.5-ზე ნაკლებია და უფრო ქვემოთაც ჩამოდის. ანუ თუ ადამიანის სიმაღლისა და ასაკის შესაბამისი ნორმალური  წონის 15% იკარგება, მდგომარეობა საგანგაშოა.

„ამ დროს ადამიანები საოცრად გამომგონებლები არიან, ათასნაირ ხერხს მიმართავენ, რომ წონაში დაიკლონ და თან ეს მცდელობები ირგვლივმყოფთათვის შეუმჩნეველი დარჩეს. თავიანთ აღქმაში ჯერ ისევ მსუქნები არიან. ნახატიც არსებობს ასეთი, რომელიც ზუსტად გამოხატავს ამ აშლილობას – ადამიანი იყურება სარკეში, ფაქტობრივად ჩონჩხია დარჩენილი, მაგრამ ის თავის თავს სარკეში ხედავს მსუქან ადამიანად.

უმადობის გამო კი არ ამბობს უარს საკვებზე, არამედ საკუთარი სხეულის სწორი აღქმა აქვს დაკარგული. ოჯახის წევრების დასანახად ვითომ ჭამს, მაგრამ მერე გარბის და ფარულად გულს ირევს, იღებს საფაღარათოებს, შარდმდენებს, იწყებს ჭარბ ფიზიკურ აქტიურობას, საათობით ვარჯიშობს და ა.შ.“, – ამბობს მარინე კურატაშვილი.

როდესაც ნერვული ანორექსიის შორს წასულ ფორმასთან გვაქვს საქმე, ის ვიზუალურადაც თვალშისაცემია არაბუნებრივი სიგამხდრის გამო. როგორც ექიმი-ფსიქიატრი ამბობს, ნერვული ანორექსია არის იმ მცირერიცხოვანი ფსიქიკური აშლილობებიდან ერთ-ერთი, რომელიც შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს. ამ დაავადების გართულებული შემთხვევების დაახლოებით 5%-ში ლეტალური შედეგი დგება.

„თუ არ ხდება დროული ჩარევა და კომპლექსური მკურნალობა, ბოლოს ამას მოჰყვება სომატური ჯანმრთელობის  პრობლემები – პირველ რიგში წყდება მენსტრუაცია, ამენორეა; იწყება თმის ცვენა; იმტვრევა კბილები; ზიანდება ძვლები, მოზარდები ჩამორჩებიან ზრდაში; ასევე, ზიანდება საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემა და შესაძლოა, ეს ყველაფერი სიკვდილით დასრულდეს. თუმცა, მკურნალობის შედეგად უმეტეს შემთხვევაში ეს დაძლევადია“, – ამბობს მარინე კურატიშვილი.

ნერვული ბულიმია

ნერვული ბულიმიის მქონე ადამიანები მცირე დროში ჭამენ დიდი რაოდენობით საჭმელს. მაგალითად, ადამიანი 2 საათში იღებს ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტ საჭმელს, ვიდრე ზოგადად დროის ამ მონაკვეთში შეუძლია მიიღოს.

ნერვული ბულიმიის დროს ადამიანი კარგავს კონტროლს მიღებული საკვების რაოდენობაზე და მხოლოდ მაშინ შეუძლია გაჩერება, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელი ხდება საჭმლის მიღება. ამას მოჰყვება წუხილი, სინდისის ქენჯნა, თვითგვემა და მცდელობა, არ აისახოს ჭარბი რაოდენობით მიღებული საკვები წონაზე. ამიტომ სხვადასხვა საშუალებით უკან იღებს საკვებს, ამასთან, ჭარბი კვების შუალედებში იცავს მკაცრ დიეტას, შიმშილობს და ასე შემდეგ.

სწორედ ამიტომ ნერვული ბულიმიის დროს ადამიანს, ძირითადად ჩვეულებრივი წონა აქვს და ის დაფარული პრობლემაა. ამაზე საუბარიც უჭირთ და მეტწილად  არ მიმართავენ შესაბამის სპეციალისტს.

თუმცა, როგორც ექიმი-ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი ამბობს, ნერვული ბულიმიის დროს მიზეზი განსხვავებულია და, მეტწილად სხვა დაავადებასთანაა შეჭიდული, მაგალითად, ყველაზე ხშირად უკავშირებენ დეპრესიას.

„ნერვული ბულიმიის დიაგნოზი რომ დაისვას, არ არის საკმარისი, რომ, მაგალითად, ორ თვეში ერთხელ გქონდეს ასეთი კვებითი შეტევა. ამ აშლილობის დიაგნოზს მაშინ სვამენ, როდესაც ამგვარი უკონტროლო კვებითი შეტევა მინიმუმ კვირაში ერთხელ არის და სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში გრძელდება“, – ამბობს მარინე კურატაშვილი.

Binge Eating Disorder

ამ ტიპის კვებითი აშლილობის ზუსტი ქართული შესატყვისი არ არსებობს, მას უფრო უწოდებენ, ე.წ. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებულ აშლილობას. ეს სინდრომი ჰგავს ნერვულ ბულიმიას, რადგან ესეც დაკავშირებულია საკვების უზომო რაოდენობის მიღებასთან.

თუმცა, ამ აშლილობის მქონე ადამიანები მოკლე დროში ჭარბი საკვების მიღების შემდეგ არ მიმართავენ საკვების უკან ამოღების სხვადასხვა საშუალებას – გულისრევას ან მედიკამენტურ საშუალებებს. მათ ეს აწუხებთ, მაგრამ არ ცდილობენ ამ ჭარბი კვების შედეგების დამალვას. ამიტომ ამ სინდრომის მქონე ადამიანები ძირითადად ჭარბწონიანები არიან.

როგორც ექიმი-ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი ამბობს, როგორც აღმოჩნდა სტატისტიკურად კვებითი აშლილობის ეს ტიპი ყველაზე გავრცელებულია.

რაც შეეხება ასაკობრივ განსხვავებებს, ყველაზე ადრეულ ასაკში იწყება ნერვული ანორექსია, 14-15 წლიდან. ცოტა მოგვიანებით, 18-20 წლის ასაკში და ზემოთ უკვე  იწყება ნერვული ბულიმიის შემთხვევები, ხოლო 30-დან 50 წლამდე ასაკისთვის უფრო ტიპურია მესამე ფორმა – Binge Eating Disorder.

„ეს ის ასაკია უკვე, როდესაც ბევრი რამე გაქვს გავლილი, იმედგაცრუება, არარეალიზებულობა და ა.შ. და აქაც ხშირად, ეს მესამე ფორმა დეპრესიასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ამის შველა შესაძლებელია შესაბამისი  ჩარევით, ანტიდეპრესიული მედიკამენტებით, ფსიქოთერაპიით. მაგრამ მაინც ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია“, – ამბობს ექიმი.

კვებითი აშლილობის მკურნალობა

როგორც ექიმი-ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი ამბობს, კვებით აშლილობას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა და მულტიპროფესიული გუნდი. მ გუნდში უნდა შედიოდეს – ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, დიეტოლოგი/კვების სპეციალისტი და შესაბამისი კვალიფიკაციის სხვა მედპერსონალი.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ნერვული ანორექსიის შორს წასულ შემთხვევაში, შეუძლებელია შედეგის მიღწევა სტაციონარისა და კომპლექსური მკურნალობის გარეშე. ძირითადად, შემთხვევათა 90%-ში დროული ჩარევის შემდეგ ხდება მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ამისთვის საჭიროა სპეციალიზებული კლინიკები და მრავალპროფილური გუნდი.

„მაგალითად, მე პირადად, ვილნიუსში მაქვს ნანახი ასეთი განყოფილება. არსებობს ცალკე კვებითი აშლილობის სამკურნალო განყოფილებები, სადაც მკურნალობის მეთოდები დამუშავებულია და ამ აშლილობის მქონე ადამიანების მკურნალობას მრავალპროფილური სპეციალისტების გუნდი ხელმძღვანელობს.

ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტური მკურნალობა გამორიცხულია, მაგრამ ის არ არის წამყვანი კვებითი აშლილობისას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გუნდში ფსიქოთერაპევტი და კვების სპეციალისტი, ნუტრიცოლოგი. მარტო წამლით ამას ვერ მოახერხებ, თუმცა ხშირად ინიშნება მედიკამენტებიც, მაგრამ ეს საკმარისი არაა“, – ამბობს ის.

არსებობს თუ არა საქართველოში კვებითი აშლილობის მკურნალობის პრაქტიკა

საქართველოში, განსაკუთრებით ამბულატორიულ განყოფილებაში, როგორც ექიმი-ფსიქიატრი ამბობს, ამ დაავადების დიაგნოზები პრაქტიკულად არ ისმება. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ, როგორც წესი, ამ აშლილობის მქონე ადამიანები ფსიქიატრიულ ამბულატორიას არ აკითხავენ. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაც განსაზღვრულია  ის ფსიქიკური დაავადებები, რომლებიც ფინანსდება, კვებითი აშლილობა არ შედის.

„ჩვენთან ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, მკურნალობის ძირითადი მეთოდი არის ბიოლოგიური, ანუ მედიკამენტებით მკურნალობა, რაც ნერვული ანორექსიის ან ბულიმიის შემთხვევაში ვერ იქნება მკურნალობის წამყვანი მეთოდი.

ყოფილა შემთხვევები, კერძო ზარები, როცა მეუბნებიან, რომ ადამიანს აქვს ნერვული ანორექსია და მეკითხებიან – შეიძლება თუ არა სამკურნალოდ მისი მოყვანა. მე ყოველთვის უარს ვამბობ ასეთი პაციენტების მიღებაზე, რადგან ვიცი, ჩემი საშუალებებით, რაც ხელთ მაქვს, ასეთ ადამიანს სათანადოდ ვერ ვუმკურნალებ. მას სჭირდება სხვა, კომპლექსური მიდგომა, რაც ჩვენს ქვეყანაში, რამდენადაც მე ვიცი, ხელმისაწვდომი არაა. ასეთი კლინიკა საქართველოში არ არსებობს“, – ამბობს ის.

რადგან საქართველოში კვებითი აშლილობის სხვადასხვა ტიპის მკურნალობა ნაკლებად ხდება, შეუძლებელია იმის თქმა, საშუალოდ რამდენ ადამიანს აწუხებს ეს აშლილობა.

სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში ხშირად საუბრობენ და აღწერენ, რომ აქვთ კვებითი აშლილობა. ასეთ დროს ადამიანები ერთმანეთს ფსიქოლოგთან კონსულტაციას ურჩევენ.

თუმცა, როგორც მარინე კურატაშვილი ამბობს, მისთვის რთული წარმოსადგენია რამდენად შეუძლია ამ პრობლემასთან გამკლავება ფსიქოლოგს, რადგან ფსიქოლოგი ვერ დასვამს კლინიკურ დიაგნოზს. ექიმის მიერ დიაგნოზის დასმის შემდეგ სულ მცირე ფსიქოთერაპევტის ჩარევაა საჭირო.

„უნდა იცოდე, რა სიმპტომები აქვს კვებით აშლილობას. მაგალითად, საჭმელს არ ჭამს და გახდომა უნდა, ეს არ არის კვებითი აშლილობა. კვებით აშლილობას მარტო რამდენად უმკლავდება ფსიქოლოგი, არ ვიცი. მით უმეტეს როცა მძიმე აშლილობაა, მანდ არ ვიცი, რა უნდა გააკეთო შესაბამის სპეციალისტთა გუნდის გარეშე “, – ამბობს ექიმი-ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი.

კვებითი აშლილობა ხშირად დაფარული პრობლემაა და ადამიანები ან არ აღიარებენ მას, როგორც ნერვული ანორექსიის შემთხვევაში, ან დამოუკიდებლად ცდილობენ მასთან გამკლავებას, ნაკლებად მიმართავენ სპეციალისტს, მით უფრო საქართველოში, სადაც კიდევ უფრო მეტად არსებობს სტერეოტიპული სოციო-კულტურული განწყობები, წნეხი, სტიგმა და ა.შ.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, კვებითი აშლილობების ზოგიერთი სიმპტომი, მაგალითად, ანორექსია, ზოგჯერ შესაძლოა იყოს სხვა დაავადების ნიშანი/სიმპტომიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, დიაგნოზი ზუსტად იყოს დასმული და მთავარი დაავადების მკურნალობით ეს პრობლემაც მოგვარდეს.