რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირები

სალომე გორგოძე

„მთავარი პრობლემა, რასაც თემის წევრები ხვდებიან, არის ინფორმაციის უკმარისობა და ინფორმაციული ვაკუუმი. ხშირ შემთხვევაში, რაც ხდება, არაფერი ვიცით ხოლმე. ზემოთ მიღებული კანონები ჩვენამდე არ ჩამოდის და გზაში უჩინარდება“. 

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირი 

„შესაძლებლობა არ არის, რომ ადგილზე მოხდეს სტატუსის მინიჭება, ეს იქნება სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი. ამიტომ თბილისში უწევთ წასვლა. თბილისი უფრო აწყობს მოსახლეობას, რადგან მარნეულში ჩასასვლელად ტრანსპორტის შეცვლა უწევთ.“ 

წალკის მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალური მუშაკი

 „პრიორიტეტული საკითხი ჩემთვის არის უმუშევრობა. ჩემი აზრით, უმუშევრობის განმაპირობებელი ფაქტორი არის ინფორმაციული ვაკუუმი. ბევრი საქმის გაკეთება შემიძლია.  8-10 საათის მუშაობაც შემიძლია“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები 

ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ შშმ პირებს უამრავი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისათვის, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა შეძლონ. 

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, „ეთნიკურად აზერბაიჯანელი შშმ პირები სრულიად უჩინარნი, გარიყულნი და უგულებელყოფილნი არიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ.“ 

უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულმა კვლევამ შეისწავლა აზერბაიჯანელი შშმ პირების წვდომა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არსებულ შემდეგ მექანიზმებზე: 

  •   შშმ პირის სტატუსის მინიჭების პროცედურები; 
  •   სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა და მასში არსებული სერვისები; 
  •   დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა და მასში არსებული მომსახურებები. 

მნიშვნელოვან პრობლემად იკეთება ის, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი შშმ პირების შესახებ სახელმწიფოს არ აქვს და არც აწარმოებს სრულყოფილ სტატისტიკურ მონაცემებს. როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, მთავრობას არ აქვს ინფორმაცია, თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი რამდენი შშმ პირი ცხოვრობს ქვეყანაში. „ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ რჩებიან და მათ მიმართ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რაიმე სახის პოლიტიკის ღონისძიების განხორციელება შეუძლებელი ხდება.“ 

სტატისტიკური მონაცემების არარსებობა  ერთი მხრივ ხელს უშლის შშმ პირების საჭიროებების იდენტიფიცირებას, მეორე მხრივ კი აფერხებს სახელმწიფოს მხრიდან სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებას. 

ქამრან მამადლი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარი „პუბლიკასთან“ საუბრისას იმ ძირითად ბარიერებსა და პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირების წინაშე წლების განმავლობაში დღის წესრიგში დგას: 

„პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩვენ როცა ვმუშაობდით შშმ პირებთან აღმოჩნდა, რომ ეთნიკური უმცირესობების 6-დან 8%-მდე საერთოდ არ არის რეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ ან არასწორად არის რეგისტრირებული, რაც აბსოლუტურად განმეორდა ამ კვლევაშიც. ეს არის ციფრი რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირებისთვის საჯარო სივრცეში მონაწილეობა , საკუთარი უფლებებისა თუ საჭიროებების ხმამაღლა დაფიქსირებაზე საუბარი ზედმეტია“,- ამბობს ქამრან მამადლი და განმარტავს, რომ კვლევაში ასახულ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ადამიანის ბაზისური უფლებაა, კვლევის შედეგები კი ნათლად აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ჩავარდნაა. 

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილში სახელმწიფომ აღიაროს თავისი ჩავარდნები და იმუშაოს იმისთვის რომ დაძლიოს ამ თემის წინაშე არსებული გამოწვევები, რადგანაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირები არიან ორმაგად გარიყულები ჩვენს რეალობაში.

თუ სახელმწიფოს არ ექნება მგრძნობელობა ამ ჯგუფთან დაკავშირებით, ვიღებთ შედეგად ისეთ რეალობას, რომელიც გვიჩვენა კიდეც კვლევის შედეგებმა, როცა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირების საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, პროგრამები იქმნება, მაგრამ ამ პროგრამებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირები ვერ იღებენ მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს რეალობა როცა ადამიანები ამბობდნენ, რომ სახელმწიფოს ერთჯერად დახმარებებსაც კი ვერ იღებენ“,- განმარტავს ქამრან მამადლი.

ქამრან მამადლი კრიტიკულად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობასაც და არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ შშმ პირები უხილავი ჯგუფია ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ყურადღების მიღმა რჩება.

სახელმწიფო ენის პოლიტიკა

როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, ის, რომ შშმ პირებს არ მიუწვდებათ ხელი ბევრ მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო სერვისებზე, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენობრივი ბარიერები და ამ მიმართულებით სახელმწიფოს პასიურობაა. 

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების 73.9 % ქართულ ენას თავისუფლად არ ფლობდა. კვლევის ავტორთა შეფასებით, ენობრივი ბარიერები, უპირველესად სახელმწიფოს განათლების პოლიტიკის სისუსტეებით არის გამოწვეული. 

კვლევის ავტორთა შეფასებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მისაწვდომობისთვის სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი, სისტემური პოლიტიკა. 

„ენის ბარიერის გამო ბევრი რამისგან შორს ვრჩებით. რაღაცას ვიგებთ ერთმანეთისგან, [შემდეგ] ვეძებ ადამიანს, რომელიც დაადასტურებს, რომელსაც ეცოდინება ქართული და გვეტყვის კის ან არას“.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირი 

„მთავარი პრობლემა, რასაც თემის წევრები ხვდებიან, არის ინფორმაციის უკმარისობა და ინფორმაციული ვაკუუმი. ხშირ შემთხვევაში, რაც ხდება, არაფერი ვიცით ხოლმე. ზემოთ მიღებული კანონები ჩვენამდე არ ჩამოდის და გზაში უჩინარდება“. 

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირი 

თემის წევრები, ასევე სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, რომ მათსა და ბენეფიციარებს  შორის დიდწილად რუსულ ენაზე მიმდინარეობს კომუნიკაცია. ამ ენის არცოდნის შემთხვევაში, შშმ პირები იძულებულნი ხდებიან, რომ ოჯახის წევრების, ნათესავების და მეზობლების დახმარებით შეძლონ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია.

 კვლევის ავტორთა შეფასებით, ენობრივი ბარიერისა და სახელმწიფოს პასიური როლის ფონზე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირები თავს მთავრობისგან მიტოვებულად, ინფორმაციულ ვაკუუმში გრძნობენ. 

ქამრან მამადლი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ასწავლოს ეთნიკურ უმცირესობებს სახელმწიფო ენა,  აუცილებელია  სერვისები არსებობდეს უნცირესობების ენაზე. 

„ამაზე მიანიშნებს ბევრი საერთაშორისო კონვენცია თუ შეთანხმება, მათ შორის ჩარჩო კონვენცია ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხში, ასევე საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუცია და კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, რომლის მიხედვითაც, იმ მუნიციპალიტეტებში სადაც ეთნიკური უმცირესობები ისტორიულად ცხოვრობენ ან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება კანონის მიხედვით, შესთავაზოს სერვისები და პროგრამები უმცირესობისთვის გასაგებ ენაზე“,- განმარტავს ქამრან მამადლი.

შშმ პირის სტატუსის მინიჭება – პროცესში არსებული გამოწვევები

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შშმ პირის სტატუსის მინიჭების პროცესი მწვავედ გააკრიტიკეს ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, რომლებიც მიუთითებენ, რომ „არსებული სისტემა არასამართლიანია და ადამიანების საჭიროებებზე არ არის მორგებული.“  მათთვის გაუგებარია, თუ რა პრინციპით ხდება ამა თუ იმ სტატუსის მინიჭება და რა უდევს საფუძვლად აღნიშნული სტატუსის გადახედვას. 

კიდევ ერთი ბარიერი, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა, არის ის, რომ პრობლემას ქმნის სტატუსის დადგენაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებთან გეოგრაფიული მისაწვდომობაც.

 „იმისათვის, რომ სტატუსი მიენიჭოს, ბოლნისიდან ადამიანი მარნეულში უნდა ჩავიდეს, რუსთავში უნდა ჩავიდეს, მითუმეტეს ერთი ვიზიტი არ ჰყოფნის, რამდენიმე სჭირდება.“

 ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალური მუშაკი 

„სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გვაქვს ხოლმე მომართვები და შესაბამისად ვაკვალიანებთ, არც თეთრიწყაროში არ არის შესაბამისი სპეციალისტი და გვიწევს უახლოეს ტერიტორიაზე გადამისამართება. ეს არის, ჩვენს შემთხვევაში, მარნეული.“

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალური მუშაკი 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამაზე წვდომა

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა მთავრობის მიერ ყოველწლიურად მტკიცდება და ითვალისწინებს ცენტრალურ დონეზე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის (მათ შორის, შშმ პირთა, ხანდაზმულთა, ბავშვების, ახალგაზრდების) მხარდაჭერისკენ მიმართულ ღონისძიებებს. 

როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირების საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული სისტემური ბარიერების გათვალისწინებით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის ქვეპროგრამებზე წვდომა არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული: ერთი მხრივ, ქვემო ქართლში აღნიშნულ სერვისებში ჩართული პირების მაჩვენებელი დაბალია, ისევე, როგორც დაბალია აღნიშნული სერვისების შესახებ სამიზნე ჯგუფებში ინფორმირებულობა. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში კი სერვისები საერთოდ არ არის. შესაბამისად, ბენეფიციარებს უწევთ სხვა მუნიციპალიტეტში სერვისის მიღება, რასაც თან ახლავს ტრანსპორტირების პრობლემა. 

როგორც შშმ ბავშვების ოჯახის წევრები აღნიშნავენ, ყოველთვიურად ასობით ლარი ეხარჯებათ ტრანსპორტირებაში, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მწვავედ აისახება.

 „ძირითადად ჩვენი ბენეფიციარები აღნიშნული სერვისების მისაღებად მიემგზავრებიან მარნეულში ან თბილისში, რაც დიდ ფინანსურ შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული“. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალური მუშაკი 

„თვეში სადღაც 500 ლარი გვჭირდება, მინიმუმ. საწვავის გაძვირების მერე კიდევ უფრო ძვირი იქნება.“ 

დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვის მშობელი 

იმ შემთხვევაშიც კი როდესაც პროგრამებში ჩართვა მაინც ხერხდება, პრობლემას კვლავ ენის  პოლიტიკა ქმნის. ამ შემთხვევაში, ცალკეული მშობლები იძულებულნი ხდებიან, არა სახელმწიფო პროგრამით, არამედ კერძო სერვისით ისარგებლონ. „გამოწვევაა, რომ ითხოვენ აზერბაიჯანულენოვან ადრეულ განვითარების პროგრამას, მეტყველების პრობლემებთან დაკავშირებით. ხშირად ხდება, რომ მარნეულში უწევთ გარდაბნიდან წაყვანა ან რუსთავში არის კერძო კლინიკა, რომელსაც უარის წერილის შემთხვევაში, მერია უფინანსებს. ანუ წერილი გაიცემა, რომ [ბენეფიციარს] სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს, [მაშინ] მერია უფინანსებს“. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალური მუშაკი 

დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებზე წვდომა

კვლევისას გამოიკვეთა ისიც, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა, თემში დასაქმების შესაძლებლობები მწირია და დასაქმების ხელშემწყობ მომსახურებებზე წვდომაც უკიდურესად ლიმიტირებული. აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავედ შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. 

„მე შემიძლია, რომ ვიმუშაო ოპერატორად ონლაინ, ქოლ ცენტრში, მაგრამ ვინ გვაძლევს ამ სამსახურს?“ 

„სოციალურს მაძლევენ, მაგრამ რაში მყოფნის ის მე? რომ ვიმუშაო, კარგი იქნებოდა.“ 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები 

მაგალითისთვის, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვემო ქართლში მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტების (ე.წ. ქოუჩის) მომსახურებაში ჩართულ შშმ პირთა რაოდენობა რეგიონში მცხოვრები შშმ პირების საერთო რაოდენობასთან შეფარდებით დაბალია და საქართველოს სხვა არაერთ რეგიონს ჩამორჩება. 

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩართული შშმ პირების რაოდენობა წლების განმავლობაში მწირია და თემის წევრების მნიშვნელოვან წილს ვერ მოიცავს.

ამასთანავე, სხვა მიმართულებების მსგავსად, არც ამ სფეროში იწარმოება სტატისტიკა ეთნიკური ნიშნით, რაც პროგრამასა და ქვეპროგრამებზე ეთნიკური უმცირესობების წვდომის ეფექტიანობის სრულყოფილი შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა. 

რა რეკომენდაციები აქვთ კვლევის ავტორებს

კვლევის ავტორის, მარიამ ჯანიაშვილის შეფასებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირებისთვის დღემდე არსებული უამრავი ბარიერი მიუთითებს სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობაზე, დაგეგმოს და განახორციელოს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები. 

 „როდესაც სახელმწიფოს არ აქვს არანაირი პოლიტიკური ნება, არ აქვს ხედვა თუ როგორ აღმოფხვრის ამ ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორ უპასუხებს მათ საჭიროებებს და ა.შ. ეს კიდევ უფრო ამწვავებს ამ მრავალჯერადი მოწყვლადობის ჯგუფის წევრების პრობლემებს…

მნიშვნელოვან პრობლემად იკვეთება პოლიტიკური ნების არარსებობა , უპასუხოს ამ ადამიანების გამოწვევებს, და ასევე პრობლემურია ის დისკრიმინაციული მიდგომები, რომლითაც არის ნასაზრდოები ეს პოლიტიკური ნების არარსებობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან მიმართებით და მათ შორის შშმ პირებთან მიმართებით“,- განმარტავს ჯანიაშვილი.

იმ არაერთი ბარიერის გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი შშმ პირები დგანან, კვლევის ავტორთა შეფასებით, ხელისუფლებამ შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას:

კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს თანმიმდევრული საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების, მათ შორის, შშმ პირების, სისტემატური და სრულყოფილი ინფორმირების ვალდებულებას. 

პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ჯგუფი დაინახოს სახელმწიფომ, როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა“,- ამბობს მარიამ ჯანიაშვილი და განმარტავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირების საჭიროებები იქნას შესწავლილი და არსებული ბარიერებიდან გამომდინარე, ამ ადამიანების გაძლიერების ადეკვატური გეგმა დაისახოს.

კვლევის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირებისთვის ინფორმაციის მისაწვდომობის ერთიანი სტანდარტის შემუშავების  საჭიროებაზე, რომელიც იქნებოდა სავალდებულო ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, იმისათვის, რომ ადამიანებმა ინფორმაციაზე წვდომა შეძლონ დაუბრკოლებლად.

„კვლევის რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილებული გვაქვს საინფორმაციო პოლიტიკის საჭიროებაზე. ადამიანებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია არსებული სერვისების თაობაზე, რეალურად არ იციან რა ბენეფიტებთან არის დაკავშირებული მაგალითად შშმ პირის სტატუსი, რა პროცედურის გავლა უწევთ სტატუსის მიღებისთვის, ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე რა ტიპის სერვისები არსებობს მათთვის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს ისეთი საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც იქნება განგრძობადი და ქალაქსა თუ სოფელში მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე“,- განმარტავს მარიამ ჯანიაშვილი.

კვლევის ავტორი ყურადღებას ამახვილებს პროფესიონალი თარჯიმნის მომსახურების უზრუნველყოფის საჭიროებაზეც. მისი შეფასებით იმისათვის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, სოციალურ მუშაკებსა და ბენეფიციარებს შორის კომუნიკაციის ბარიერები უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას, სწორედ თარჯიმნის სერვისის უზრუნველყოფა იქნებოდა პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა.

მარიამ ჯანიაშვილი ყურადღებას ამახვილებს სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობასა და საჭიროებაზეც:

„სტატისტიკის წარმოებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ცხადია შეიძლება ეს არ იყოს მყისიერი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ამას სჭირდება სპეციალური მეთოდოლოგიის შემუშავება, თუმცა მნიშვნელოვანია დაიწყოს სახელმწიფომ ამაზე ფიქრი, თუ როგორ უზრუნველყოს ეთნიკური ნიშნით მონაცემების შეგროვება და როგორ მოხდეს შემდგომში საერთაშორისო სტანდარტებით ამ მონაცემების დამუშავება.“

კვლევის ავტორთა რეკომენდაციით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირების სახელმწიფო მიზნობრივ სერვისებში ჩართვა და ეფექტიანი მონაწილეობა, რაც თავის მხრივ იქნება მათი საჭიროებების გათვალისწინების წინაპირობა, მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას.