რა შეუძლია სკოლას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისთვის

ნათია ამირანაშვილი

საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართულ პროგრამებს სისტემური ხასიათი არ აქვს და, გარდა ფრაგმენტული აქტივობებისა, მოზარდებზე ზრუნვის ეს საფეხური კვლავ გამოტოვებულია, მაშინ როცა, საგანმანათლებლო სექტორს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისგან ახალგაზრდა თაობის დაცვაში.

სანამ სკოლის პოლიტიკის განხილვაზე გადავალთ, მანამდე გაგაცნობთ კვლევის შედეგებს, რომლებიც მოზარდებში ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების მასშტაბზე გვაძლევს წარმოდგენას.

საუბარია ESPAD-ის კვლევაზე, რომელიც პარალელურად ტარდება ევროკავშირსა და მის სამეზობლო ქვეყნებში (2019 წელს ჩატარდა 35 ქვეყანაში). კვლევა საქართველოს მასშტაბით ორჯერ – 2015 და 2019 წელს ჩატარდა. ESPAD 16 წლის მოზარდებს შორის, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მონაცემების შეგროვება სკოლებში თვითშევსებადი ანონიმური კითხვარის საშუალებით ხდება.

ESPAD 2019 – კვლევის შედეგები

2019 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშით, მოსწავლეთა 14%-მა აღნიშნა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოუხმარია კანაფი ან კანაფის ფისი (ჰაშიში), ბოლო ერთ თვეში მოხმარება მოზარდთა 10%-მა აღნიშნა. 2015 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით ორივე ინდიკატორი გაზრდილია.

გამოკითხული მოსწავლეების 3%-მა კანაფი ან მისი პროდუქტები პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოიხმარა. 5%-მა კი კანაფი პირველად 15 წლის ასაკში გასინჯა.

სიცოცხლის განმავლობაში ექსტაზის მოხმარებას გამოკითხულ მოსწავლეთა 2% ასახელებს. 2015 წელთან შედარებით, ბიჭებში მნიშვნელოვნად შემცირდა ექსტაზის მიღების სიხშირე სიცოცხლის განმავლობაში (4%).

2019 წელს გამოკითხულ მოსწავლეთა 85%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი. ბოლო 12 თვის განმავლობაში ალკოჰოლი მიიღო მოსწავლეთა 75%-მა, უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში კი 46%-მა. მათმა უმრავლესობამ (27%) ალკოჰოლი ერთხელ ან ორჯერ მიიღო. ხშირი მომხმარებლები (ვინც ალკოჰოლი 20 და მეტჯერ მიიღო) შეადგენენ 2%-ს.

უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში, თამბაქო მოუწევია გამოკითხულ მოსწავლეთა 12%-ს. გამოკითხულ მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭები 28%, გოგოები 14%) მოწევა 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა, ხოლო ყოველდღიური მოწევა 13 წლის ან უფრო უმცროს ასაკში მოსწავლეთა 3%-მა დაიწყო (ბიჭები 4%, გოგოები 1%).

იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ის უნდა შევადაროთ ე.წ. ევროპულ საშუალო მაჩვენებელს. სტატიაში გამოვყოფთ ზოგიერთ მაჩვენებელს, დამატებითი ინფორმაციის მოძიებას კი მიმაგრებულ ბმულზე შეძლებთ.

რა პროგრამები გვაქვს ქვეყანაში?

როგორც ზემოთ აღინიშნა, პრევენციისკენ მიმართულ პროგრამებს სისტემური ხასიათი არ აქვს. ამის თქმის საფუძველს მანდატურის სამსახურის სტატისტიკა იძლევა. განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სწორედ ეს უწყება ახორციელებს პრევენციის ორ ქვეპროგრამას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის:

მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული პროგრამა 13 წელს ზემოთ მოზარდებისათვის – პროგრამის მიზანია ნარკოტიკების ავადმოხმარების შემთხვევათა შემცირება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ცხოვრების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება, მოხმარებასთან დაკავშირებული რისკის ცოდნა, რისკფაქტორების მინიმუმამდე დაყვანა და დამცავი ფაქტორების გაძლიერება მოსწავლეებში. აღნიშნული პროგრამა 2021 წელს 8 საჯარო სკოლის 13 კლასში ჩატარდა – ჯამში 123 სესია.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული პროგრამა 13 წლამდე მოსწავლეებისათვის (EU DAP Unplugged Program) ჩატარდა 4 საჯარო სკოლის 4 კლასში, სულ – 48 სესია.

მანდატურის სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით კი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის პროგრამა – EUDAP Unplugged Program ჩატარდა 4 საჯარო სკოლის 8 კლასში; ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა კი (13 წელს ზემოთ მოსწავლეებისთვის) – 41 საჯარო სკოლის 49 კლასში.

აღსანიშნავია, რომ „პუბლიკამ” საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის წესით მიმართა სამსახურს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თუმცა სამსახურს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლევაში მოცემულია ინფორმაცია ბოლო წლებში მანდატურის სამსახურის მიერ აღრიცხულ შემთხვევებზე, რომლებიც მოსწავლეების დარღვევებს ეხება. წლების მიხედვით აღრიცხულ შემთხვევათა ანალიზით, ხშირია სკოლებში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ასევე, აზარტული თამაშები.

  • 1
  • 2
  • 3
  • 01 /

რა შეუძლია სკოლას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისთვის

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევა წარმოადგენს გზამკვლევს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, თუ რის გაკეთება შეუძლიათ სკოლებს მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრობლემის თავიდან ასაცილებლად ან სამართავად.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია შემოიფარგლებოდა სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა-გავრცელებით, რომლებიც ახალგაზრდებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე აუწყებდნენ, თუმცა, ამით ახალგაზრდების ქცევა პრაქტიკულად არ იცვლებოდა.

მათივე თქმით, დღეისთვის პრევენციული მეცნიერება სხვა მიდგომებს გვთავაზობს, როგორიცაა, ოჯახის, სკოლისა თუ თემისკენ მიმართული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული სტრატეგიები.

ნივთიერებათა მოხმარების პრევენცია უზრუნველყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღ და უსაფრთხო განვითარებას, რათა მათ შეძლონ საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის სრულად გამოყენება. სამეცნიერო მტკიცებულებების თანახმად, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია, ოჯახის, სკოლისა და სამეზობლო თემის გაძლიერების პარალელურად, უნდა ამკვიდრებდეს ცხოვრების ჯანსაღ წესს და გულისხმობდეს შემდეგს:

  • სკოლამდელ ასაკში – ასაკობრივი განვითარების ხელშეწყობასა და ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების სტილით აღზრდას (დღის დაბალანსებულ რეჟიმს, ჯანსაღ საკვებს, ფიზიკურ კულტურასა და ა.შ.);
  • ადრეულ სასკოლო ასაკში – ჩამოთვლილის პარალელურად, სწავლის, ემოციური თვითრეგულაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების შემდგომ განვითარებას;
  • ადრეულ მოზარდობაში – ყოველივე ჩამოთვლილთან ერთად, ფსიქოაქტიური საშუალებების (უპირველეს ყოვლისა – ლეგალურის, და შემდგომ – არალეგალურის) მოხმარებასთან და ადიქციური ქცევის სხვა ფორმებთან (მაგ., აზარტული თამაში) დაკავშირებული რისკების გაცნობიერებასა და ქცევის ამ ფორმებზე უარის თქმისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
  • გვიანდელ მოზარდობაში – ყოველივე ჩამოთვლილთან ერთად, დელიქვენტური ქცევის შემდგომ პრევენციას.

დოკუმენტში ასევე საუბარია პრევენციის თანამედროვე კლასიფიკაციაზე, რის ცოდნაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, რომელი პრევენციულ მიდგომა შეიძლება იყოს ეფექტიანი. მაგალითად, არსებობს უნივერსალური, შერჩევითი (სელექციური), მიზანმიმართული პრევენცია. შესაბამისად, გამომდინარე სამიზნე აუდიტორიიდან, განსხვავებული უნდა იყოს პრევენციული მიდგომები და ის ხელსაწყოები, რომლებსაც პროგრამა მიმართავს.

პრევენციულ მიდგომებს შორის სხვაობაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „პუბლიკის“ წინა სტატიებს. ამ სტატიაში კი გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ საგანმანათლებლო სექტორზე – თუ რის გაკეთება შეუძლია სკოლას პრევენციის ხელშესაწყობად.

კვლევის ავტორები წერენ, რომ საგანმანათლებლო სექტორს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისგან ახალგაზრდა თაობის დაცვაში. ეს ნიშნავს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სკოლები 100%-ით იყოს თავისუფალი თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისაგან;

საგანმანათლებლო კომპონენტთან ერთად მოსწავლეებისთვის ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლების უზრუნველყოფა; სკოლის პერსონალის, მშობლებისა და მეურვეების ცოდნისა და უნარების ამაღლება; ადგილობრივი თემის/სამეზობლოს ჩართვა ჯანმრთელობის ხელშემწყობ ღონისძიებებში; თანამშრომლობა სხვა სექტორებთან (ჯანდაცვის, სოციალური და ა.შ.).

პრევენციული მეცნიერების თანახმად, ეროვნულ დონეზე განათლების სექტორის ჩართულობა, რომელიც ორიენტირებული იქნება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და მოწყვლადობის ხარისხზე, ყველაზე ეფექტურია ნივთიერებათა მოხმარების პრევენციისთვის. ავტორები აღნიშნავენ, რომ განათლების სექტორში არსებული სხვადასხვა სუბიექტისა და სისტემების ერთობლიობა ქმნის ნარკოეპიდემიაზე საპასუხო ღონისძიებების „ეკოსისტემას”.

მათივე თქმით, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული პრევენციული განათლება უნდა დაიწყოს დაწყებითი კლასებიდან და უნდა გაგრძელდეს უწყვეტად სკოლაში სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში. ის უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გამიზნულ მეთოდოლოგიებს, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნას, შესაბამისი ჯანდაცვისა და მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფას და, ასევე, ოჯახისა და ადგილობრივი თემის ჩართულობას პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სკოლაზე დაფუძნებული პრევენციული განათლება მოიცავს შემდეგ საკვანძო კომპონენტს:

  1. ინფორმირებისა და უნარ-ჩვევების სწავლების პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია აღჭურვოს ბავშვები და მოზარდები ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციით, სხვადასხვა ცხოვრებისეული უნარ-ჩვევით;
  2. უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემო, რომელიც მიიღწევა მკაფიოდ ფორმულირებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება-განხორციელებით.

კვლევის ავტორები სკოლის ადმინისტრაციას პრაქტიკულ რჩევებს აძლევენ და ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნისას გასათვალისწინებელ პრინციპებს უზიარებენ. ეს დოკუმენტებია: სკოლაში ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტი; და სკოლაში ძალადობრივი და ანტისოციალური ქცევის მართვისა და პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი.

სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, შიდასასკოლო მოხმარების დოკუმენტს, რომელიც აწესრიგებს სკოლაში უსაფრთხოების დაგეგმვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების ძირითად წესებსა და პრინციპებს. როგორც სახელმძღვანელოს დასაწყისში აღინიშნა, უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა კომპლექსური პროცესია და სასკოლო ცხოვრების თითოეული ასპექტის მოწესრიგებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა და შესაბამისად, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი, სასურველია, დეტალურად აწესრიგებდეს სკოლაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფის კონკრეტულ სტრატეგიებს. სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი უნდა აერთიანებდეს ყველა ცალკეულ საკითხზე არსებული პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ სასკოლო პოლიტიკას.

სკოლის პოლიტიკა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული პოლიტიკა სკოლის უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ნაწილია. ყოვლისმომცველი პოლიტიკის დოკუმენტი, მკაფიოდ გაწერილი წესებისა და რეგულაციების გარდა, უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო სტრატეგიას ამ სფეროში; ასევე, უნდა განსაზღვრავდეს ადრეულ ჩარევასთან, საკონსულტაციო/სამკურნალო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში გადამისამართებასთან და დისციპლინურ ზომებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

პოლიტიკის დოკუმენტის ფორმატის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში.

დოკუმენტში ცალკე ქვეთავად გამოყოფილია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ინციდენტის მართვა. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ინციდენტი გულისხმობს, სკოლის ტერიტორიაზე არასანქცირებული ფსიქოაქტიური ნივთიერების შემოტანას ან მოხმარებას, ან მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაციის არსებობას.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები:

► ინციდენტში ჩართულ მოსწავლეს სკოლამ დროულად უნდა აღმოუჩინოს სათანადო დახმარება და მხარდაჭერა.

►ინციდენტზე ეფექტური და სწრაფი რეაგირებისთვის სკოლას უნდა ჰქონდეს წინასწარ შემუშავებული მკაფიო პროცედურები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასა ან შენახვასთან დაკავშირებით.

►არასანქცირებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების ღონისძიებები არ უნდა უწყობდეს ხელს ნარკოტიკების მოხმარებაში შემჩნეული პირების მარგინალიზაციასა და საზოგადოებისაგან გარიყვას.

► ნეგატიურ ქცევებზე რეაგირება სკოლამ უნდა გამოიყენოს, როგორც პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა.

► არალეგალური ნარკოტიკების შენახვასთან, გავრცელებასთან ან მოხმარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს სამართლიანობის პრინციპების დაცვით.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა ასევე მოიცავს სკოლაში ძალადობრივი და ანტისოციალური ქცევის მართვისა და პრევენციის დოკუმენტს.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, სკოლაში ძალადობრივი და ანტისოციალური ქცევის მართვისა და პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია სკოლის უსაფრთხოების მხოლოდ ერთი მიმართულების – ძალადობრივი ფაქტებისა და ანტისოციალური ქცევის შემთხვევების მართვა და შემცირება.

კვლევის ავტორთა რეკომენდაციით, ძალადობის პრევენციის დოკუმენტის შემუშავებამდე, სკოლამ უნდა დააკომპლექტოს უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის ფუნქციებშიც მოექცევა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა-პრევენციის ხელშეწყობა, უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება.

ძალადობისა და სხვა ანტისოციალური ქცევების პრევენციის დოკუმენტის შემუშავებას წინ უნდა უძღოდეს სკოლაში უსაფრთხო და დაცული გარემოს კუთხით არსებული მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლა. ამ მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ უნდა მოიძიოს და შეაფასოს სკოლაში არსებული სტატისტიკური მონაცემები. ასევე, შესაბამისი კითხვარების გამოყენებით, საბჭოს შეუძლია თავად შეაფასოს სკოლაში უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობა. მონაცემების დამუშავება უნდა მოხდეს პერსონალური მონაცემების დაცვით, მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.

კვლევის ავტორები ერთ-ერთ რეკომენდაციად ანონიმური შეტყობინების მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობაზეც საუბრობენ.

სკოლაში განხორციელებული ძალადობის/ბულინგის ლატენტურობასა და მასზე შესაბამისად რეაგირების შესაძლებლობას ხშირად ხელს უშლის თვითმხილველი პირების შიში, რომ ძალადობის ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მათაც საფრთხე დაემუქრებათ.

სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია სკოლაში ანონიმური ყუთების განთავსება, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები საკუთარი ვინაობის მითითების გარეშე ისაუბრებენ სკოლაში არსებულ პრობლემებზე. აღნიშნული მექანიზმი ასევე მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლისთვის, ანონიმურობის დაცვით კონკრეტული საკითხის ამასთან, ანონიმურობის უზრუნველსაყოფად სკოლაში განთავსებული სამეთვალყურეო კამერები არ უნდა გამოიყენებოდეს ანონიმური შეტყობინების ავტორთა იდენტიფიცირების მიზნებისთვის.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.