დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმეში ბრალდებული, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი დაიკითხა. პროცესს დაზარალებული თამთა თოდაძეც ესწრებოდა.
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“, ილია ჯიშკარიანი, თავისი ბიუროს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ფიზიკური ძალადობის საქმეზეა ბრალდებული.
შემთხვევა 2019 წლის 30 სექტემბერს მოხდა. როგორც დაზარალებული თამთა თოდაძე ჰყვება, ოფისში, სამუშაო საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, მას შემდეგ კი, რაც წინააღმდეგობა გაუწია და უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, ყოფილმა დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. როგორც ის ჰყვება, აღელვებული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი გამოიქცა ოფისიდან, შემდეგ დასახმარებლად დარეკა სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ცენტრში, მოგვიანებით კი მასთან პოლიციაც მივიდა.
თამთა თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო ყოფილ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს ბრალი ორი მუხლით წარუდგინა – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.
საქმეზე სასამართლო განხილვა უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. მალე მხარეები სასამართლოს დასკვნით სიტყვას წარუდგენენ, ამის შემდეგ კი მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მიმდინარე სასამართლო პროცესი – ბრალდებულის დაკითხვა
ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესზე ადვოკატისა და პროკურორის შეკითხვებს უპასუხა. მას ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იცავს, ბრალდების მხარეს კი პროკურორი თამარ იაკობიძე წარმოადგენს.
ბრალდებულის დაკითხვამდე, ამ ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესების დროს დაიკითხა ბევრი მოწმე; წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნა. ასევე, დაიკითხა თამთა თოდაძეც. დაზარალებულის სასამართლო პროცესი დახურული იყო.
დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ილია ჯიშკარიანი ძირითადად საუბრობდა იმაზე, რომ დაზარალებული თამთა თოდაძე თავად იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, თავს დაესხა მას და „ხელებით და ფეხებით ურტყამდა“.
ილია ჯიშკარიანმა პროცესზე თქვა, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს ბიუროს ოფისში მიიტანა სასმელი, რადგან ელოდებოდა მეგობარს. ოფისში იმყოფებოდა თამთა თოდაძე. ასევე, ოფისში მივიდა ერთ-ერთი თანამშრომელიც. მოგვიანებით, მეგობრის მისვლის შემდეგ, თამთა თოდაძემ სასმელი შესთავაზა მათ. როგორც ბრალდებული ამბობს, სულ 4 ადამიანი იყო ოფისში, სამი კაცი და თამთა თოდაძე, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც თამთა თოდაძემ დალია, რადგან სვამდა შედარებით დიდი ჭიქით, დანარჩენებმა, მათ შორის თავადაც, დალია ცოტა, რადგან საჭესთან იყო.
„დიახ, მან მიიღო საგრძნობლად მეტი ალკოჰოლი [ვიდრე ჩვენ] და ძალიან არაადეკვატურად იქცეოდა“, – თქვა ბრალდებულმა. მისივე ნაამბობით, მეგობრის და თანამშრომლის წასვლის შემდეგ, ის და თამთა თოდაძე დარჩნენ ოფისში.
როგორც ბრალდებული ამბობს, მარტო დარჩენის შემდეგ დაზარალებული მოულოდნელად გახდა აგრესიული მის მიმართ და სამსახურებრივი დაწინაურების მოთხოვნით ლანძღვა დაუწყო , დაამტვრია პრინტერი, მონიტორი, შემდეგ მისკენ წავიდა და ფეხი წამოსდო დამტვრეული პრინტერის „შნურებს“, რის გამოც დაეცა.
„დაჯდა თავის კუთვნილ ადგილას ფანჯარასთან… უკვე პირველივე სიტყვიდან რაღაცა ვიგრძენი, რომ ის დამოკიდებულება აღარ იყო, როგორიც სუფრაზე ჰქონდა. არეული, შეშლილი სახე, დაულაგებელი მიმიკებით და გადმოდის ისეთი სიტყვებით, რომ რას მიპირებ, რაში უნდა დამეხმარო მომავალში… წამოვიდა სიტყვების კორიანტელი – მატყუარა, არაკაცო, გაიძვერა, კინაღამ გავგიჟდი. მე ვუთხარი, ახლავე დატოვე ოფისი. აი, ამ სიტყვის თქმა იყო და რომ წამოდგა, ეს პრინტერი… ჰკრა ხელი გადმოაგდო და ეგრევე მიიფშვნა, დაილეწა ეს პრინტერის შუშა, მონიტორი… წამოიწია, აგრესიული… წამოვიდა ჩემკენ, ვერ შეამჩნია ეს გადმოგდებული პრინტერი, ამ შნურებს წამოდო ეს ფეხი და ამ იმაში გაიხლართა, რომ იტყვიან, წაიქცა.
წამოვდექი წამიერად… ამ შუშებში და პლასტმასებში ხომ არ შეერჭო რამე, მივედი ავაყენე, მოვკიდე… ამ აყენების დროს ამისი ხელების რტყმევა, ამის რტყმა სახეში… მე არ ვიცი, კაცი ვარ და ახალგაზრდობაში მიჩხუბია, ბავშვობაში… აი სილა ერთი, მეორე..;ამ ხელებს იქნევს, ლაწანი, ლუწუნი მაქვს სახეში ატეხილი, რომ ვერ წარმოიდგენთ. მე ვცდილობ ეს ხელები დავუჭირო. ასე ვიჭერ მე დისტანციაზე, ისეთი სისწრაფით იქნევდა ხელებს მის დაჭერასაც ვერ ვახერხებდი, ამ დროს ხელებიც დავუჭირე, ჯერ ერთი მერე მეორე , ამის შემდეგ გადმოდის ფეხის რტყმაზე, უნდა რომ ფეხებში ჩამარტყას… ასეთ რაღაცეებს მიკეთებს, მირტყამს… აგრესიული მოდის გადასაყლაპად, შესაჭმელად…“ – ჰყვება ბრალდებული უშუალოდ შემთხვევის სცენის აღწერისას [სტილი დაცულია].
ბრალდებულის დაცვის მხარის ძირითადი კითხვები და ბრალდებულის პასუხებიც შეეხებოდა დაზარალებულის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საკითხს და ამ კონტექსტში ხშირად იყენებდა ბრალდებული დაზარალებულის მისამართით სიტყვას „არადეკვატური“.
ბრალდებულის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სხდომის შემდეგ მედიასთანაც ხაზს უსვამდა იმას, რომ ილია ჯიშკარიანი მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში იყო, თამთა თოდაძე კი ბრალდებულს „უსწორდებოდა გაშლილი ხელით“, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს და თავად ბრალდებულმაც აღნიშნა, ამის შედეგად სხეულზე დაზიანებები არ მიუღია.
რას ამბობს დაზარალებული თამთა თოდაძე
„არავის ვუსურვებ იმ გამოცდილებას, რაც მე ამ ამბავმა დამმართა… ნამდვილად არ იყო ჩემთვის ადვილი დღეს აქ ვყოფილიყავი“, – ამბობს „პუბლიკასთან“ თამთა თოდაძე.
ის აღნიშნავს, რომ უნდა თავისი სიმართლის დამტკიცება და ამიტომაც მისივე მოთხოვნით იყო სასამართლო პროცესები ღია, რომ ყველას ჰქონოდა დასწრების შესაძლებლობა. მას სურს, რომ ამას ხაზი გაესვას, რადგან საჯაროობისა და გამჭვირვალობის მომხრე იყო.
დაიხურა მხოლოდ დაზარალებულის დაკითხვის სხდომა, რაზეც ბრალდებულის დაცვის მხარე აქცენტს აკეთებს, თუმცა, როგორც თამთა თოდაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის მიზეზი ჰქონდა, თანახმაა, ნებისმიერ დროს საჯარო გახდეს მისი დაკითხვის აუდიოჩანაწერი.
„პირველ რიგში, მე მოვითხოვე ამ სასამართლოების ღიაობა. იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესება იყო მაღალი და მინდოდა ჩემი სიმართლის დამტკიცება, მართალი ადამიანი ვარ და მინდა, ვისაც რაიმე სახის ეჭვი აქვს, ღია სასამართლო პროცესებზე თავად მოისმინოს.
ჩემი დაკითხვის პროცესი იმიტომ დავხურე, რომ თავი ავარიდე შემდგომში აგორებულ ხელახალ ტალღას, რისი გამოცდილებაც მაქვს, სამწუხაროდ, ჟურნალისტების მხრიდან და ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მხრიდან, რის გამოც მას ეთიკის კომისაშიც ვუჩივლე.
ძალიან ბევრი ბრალდება იყო მათი მხრიდან და ამას ავარიდე თავი, თუმცა აქვე გავუსვამ ხაზს, იმასაც რომ მზად ვარ და თუ არის შესაძლებელი ჩემი ჩვენების აუდიომასალის გასაჯაროება, არ ვარ წინააღმდეგი“, – ამბობს ის.
დაზარალებულის თქმით, მისთვის არ არის მარტივი იმ დღის გახსენება. ამის შესახებ მან მოსამართლის წინაშე უკვე ისაუბრა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესსა და ბრალდებული ჩვენებას, თამთა თოდაძე ამბობს, რომ სხვას არც მოელოდა.
მისი თქმით, რადგან ბრალდების მხარეს სხვა გზა არ დარჩენია, ცდილობს, ის „ალკოჰოლზე დამოკიდებულ და შეშლილ ადამიანად გამოიყვანოს“.
„ამ ადამიანმა იძალადა ჩემზე როგორც სექსუალურად შემდგომ უკვე ფიზიკურად და ჩემი ცხოვრება მართლა ჩამოშალა, ამხელა ტრავმა მომაყენა. მე მინდოდა მის დაკითხვას დავსწრებოდი, ჩემთვის ყველაზე ძნელი იყო, დამიჯერეთ… მაგრამ მაინტერესებდა, მართლა რამდენს გაბედავდა, როცა მე დარბაზში ვიქნებოდი, რადგან სიმართლე ერთია და მან ძალიან კარგად იცის, რა მოხდა იმ დღეს.
ეს იყო აბსურდი, ცდილობს თავი გაიმართლოს, რაღაც ხომ უნდა თქვას. მე ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც ჩამიტარდა და სრულიად ადეკვატური და ჯანმრთელი ადამიანი ვარ. ბევრი მტკიცებულება მაქვს, დასკვნაც დევს, რომ ჯანმრთელი ვარ. რომ არ იციან რა თქვან და რით გაიმართლონ თავი ცდილობენ გამომიყვანონ შეურაცხადად, ალკოჰოლიკად და ა.შ. მხოლოდ ეს დარჩენიათ“, – ამბობს ის.
თამთა თოდაძე აღნიშნავს, რომ პოლიციის საქმეში დევს სამხრე კამერების ჩანაწერები, საქმის მასალებში ასევე დევს აუდიომასალა, როცა რეკავს 112-ში და მოითხოვს დახმარებას.
„იქ ყველაფერია, მე რა მდგომარეობაში დავხვდი პოლიციას, რას ვითხოვ, რას ვამბობ და როგორ ვეხვეწები, ახლავე ჩავიდეთ დანაშაულის ადგილას-თქო. ეს ყველაფერი საქმეში დევს“, – ამბობს ის.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა კავშირ „საფარის“ იურისტი თამუნა ლუკავა. „საფარი“ დაზარალებული თამთა თოდაძის ინტერესებს იცავს.
იურისტი თამუნა ლუკავა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ჩვენება არ ასახავს იმას, რაც რეალურად მოხდა. მისივე თქმით, ბრალდებულმა დღევანდელ სხდომაზე ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მას არ აღუნიშნავს გამოძიების ეტაპზე.
„მისი მიცემული ჩვენება არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით, რაც კიდევ ერთხელ გვიჩენს იმის ეჭვს, რომ მან ეს უბრალოდ მოიგონა იმისათვის, რომ თავი დაიცვას.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ილია ჯიშკარიანმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არ უთქვამს გამოძიების ეტაპზე, მაშინ როდესაც მან პოლიციას მისცა ჩვენება. კერძოდ, არ უხსენებია, რომ თამთა თავს დაესხა და სცემდა, სახეში გაარტყა და დაზიანებები მიაყენა და ასევე, არ უხსენებია, რომ თამთა წაიქცა და წამოდგომაში დაეხმარა.
ჩვენი მოსაზრებით, ეს ჩვენება მიმართული იყო იქითკენ რომ ბრალდების მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება მას, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, გაებათილებინა – ეს არის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მკაფიოდ არის მითითებული რომ თამთა თოდაძის კაბაზე აღმოჩენილია ილია ჯიშკარიანის ბიოლოგიური მასალა. მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გაიგეს, მათ ჩვენების მიცემის დროს დაამატეს თავიანთი ვერსია, რომელიც გაამყარებდა, ასე ვთქვათ, იმ ფაქტს, რომ თითქოსდა ეს ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა იქიდან, რომ ის შეეხო თამთას [წამოდგომის დროს].
თუმცა თუ მას რაიმე შეხება ან კონტაქტი ჰქონდა თამთასთან, თუ მას თავს დაესხა, სცემდა და ფეხებს და ხელებს ურტყამდა, ამის შესახებ მას შეეძლო პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც დაეფიქსირებინა და ასევე მთელი პროცესის განმავლობაში, როდესაც იკითხებოდნენ მოწმეები“, – ამბობს თამუნა ლუკავა.
ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ბრალდების მხარეც. პროკურორი თამარ იაკობიძე ამბობს, რომ დაცემის ეპიზოდზე ბრალდებულს ფაქტიდან რამდენიმე დღეში არაფერი უთქვამს და ეს ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულის ტანსაცმლის გარკვეულ ადგილებზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა დაფიქსირდა.
პროკურორი ჟურნალისტებთან ასევე ამბობს, რომ ბრალდებული ცდილობს ალკოჰოლდამოკიდებულად გამოიყვანოს დაზარალებული, როდესაც ორი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი სამუშაო ადგილზე თვითონ მიიტანა.
მისი თქმით, ამ და სხვა გარემოებებს ბრალდების მხარე შეაფასებს დასკვნით სიტყვაში, რომელსაც სასამართლოს 22 თებერვალს წარუდგენს.
ბრალდების მხარის მოსმენის შემდეგ, 4 მარტს, სასამართლო ბრალდებულის დაცვის მხარის შემაჯამებელ სიტყვას მოისმენს. ამით დასრულდება სასამართლო განხილვები, მოსამართლე კი გადაწყვეტილებას მიიღებს.