რას სვამდა სტალინი?

ლევან სებისკვერაძე

ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრ მევენახე-მეღვინეს შევხვდი. რაზე არ მისაუბრია ამ ხალხთან და ღვინოსთან დაკავშირებული როგორი დაუჯერებელი და უცნაური ამბები არ მომისმენია დაწყებული იმ აბსურდული მითით, რომ თითქოს ვენახთან ახლოს დარგული ატმის ან ვაშლის ხეები ღვინის არომატს განაპირობებს და დამთავრებული იმით, რომ „ცუდი ღვინო არ არსებობს“ და „ღვინის დაწუნება არაქართული საქციელია“.

თუმცა, მთავარი და ყველაზე ფესვგადგმული მითი მაინც სხვა არის და ის, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ არქიტექტორს, „საბჭოთა ხალხის დიდ მამას“ და უბრალოდ სისხლიან დიქტატორს – იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილს – სტალინს უკავშირდება. ეს გახლავთ მითი, რომელიც მომისმენია ქართლშიც და კახეთში, იმერეთშიც და სამეგრელოშიც, გურიაშიც და რაჭა-ლეჩხუმშიც. რაც ყველაზე მთავარი და საწყენია, ამას ახალგაზრდა მეღვინეებიც ხშირად ისეთივე აღტაცებით იმეორებენ, როგორც ჭარმაგნი.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, პირველად მქონდა „ბედნიერება“ ერთი იმერელი კაცისგან მომესმინა: „სტალინს ყველაზე მეტად ჩვენებური ციცქა რომ ნაყვარება – გეცოდინებათ ალბათ! ციცქას სტალინთან წაღების გულობიზა, მოსკოვში სპეციალური მატარებელი ჩადიოდა თურმე და მეღვინე კაი დედმამიშვილი იყო, ცუდი ღვინო გაეგზავნა. ციმბირს დაატოვიებდენ უკან“.

ამის მერე ვისგან და როგორი ადამიანისგან არ მომისმენია მსგავსი საუბრები. თუკი ამ მითებს გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ სტალინს ძალიან უყვარდა ციცქაც, კრახუნაც, საფერავიც, გორული მწვანეც, ჩინურიც, „ხვანჭკარაც“, „მანავიც“, უსახელოურიც და ოჯალეშზე ხომ საერთოდ ჭკუა ეკეტებოდა. ამ უკანასკნელზე ოთხი წლის წინ ერთი კარგი, მხიარული მეგრელი კაცი მეუბნებოდა: „კრემლში სუფრა არ ჩაივლიდა მარტვილის ოჯალეშის გარეშე. სტალინი სხვებს ასმევდა რაღაც ჭყამპალა ღვინოებს და თვითონ კი სვამდა კაი ოჯალეშს მეფესავით“. როგორია? ხომაა გადასარევი ამბავი?…

ზოგადად, ისტორია ინახავს და გვაწვდის ამბებს, თუ როგორ ღვინოს სვამდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეფეები, მთავრები და ზოგადად „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“. არც ისაა გასაკვირი, რომ მოკვდავნი მუდამ ვინტერესდებით, რას სვამენ და მიირთმევენ ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები ან თუნდაც პოლიტიკოსები. ეს ასე იყო და ალბათ მომავალშიც იქნება, მაგრამ მილიონობით ადამიანის დამხვრეტი, მაწამებელი და ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყნის უპირველესი ოკუპანტის – იოსებ სტალინის ღვინისადმი ტრფიალება რაღაცნაირ, „შინაურულ“ განცდებს იწვევს და რთულია დაარწმუნო, მაგალითად, რაჭაში, ულამაზეს სოფელ ჩორჯოში მცხოვრები პატიოსანი მევენახე ძია გიორგი, რომ სტალინს უყვარდა თუ არა „ხვანჭკარა“ ეს ჯერ ერთი, არავინ იცის (ამის პირდაპირი დასტური არსად მოიძიება) და ეს ასეც რომ იყოს, საეჭვოა რაჭული ღვინის გამორჩეულობას და უნიკალურობას რაიმეში წაეხმაროს ქართული წარმოშობის (სამწუხაროდ) დიქტატორის სახელი.

სტალინის სახელი ქართულ ღვინოს რომ მიება – ეს ყველაზე ნათლად საექსპორტოდ გამიზნული ზოგიერთი ქართული ღვინის ეტიკეტებზეც ჩანს. ამას წინათ ბაზარზე გამოჩნდა ქართული ღვინო (საფერავი), რომელსაც სტალინთან ერთად კრემლიც ეხატა და ამან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. ჯერ სტალინი ცალკე ამბავია და კრემლი ხომ საერთოდ…

თბილისში, ბათუმში, გორში, თელავსა თუ ქუთაისში მაღაზიის დახლებზე გამოდგმული ღვინის ბოთლებიდანაც ხშირად გვიყურებს ულვაშიანი სილუეტი. ამ ამბავზე ორნაირი შეხედულება არსებობს. ერთი არ (უფრო სწორად ვერ ) უარყოფენ სტალინის ფიგურის ნეგატიურობას, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მარკეტინგულად სტალინის სახიანი ბოთლების გაყიდვა მაინც სწორია და ბიზნესი თავად უნდა წყვეტდეს, რა გაყიდოს და როგორ. თუმცა სხვანი ამბობენ, რომ რაკი არსებობს კანონი, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკების გამოფენა-გამოჭენებას კრძალავს, სტალინის თავ-პირი რომაა საბჭოთა სიმბოლიკა – ასეთი უნდა! მაშ რატომ არ უნდა ეხებოდეს კანონის მსახვრალი ხელი მაინცდამაინც სოსო ჯუღაშვილს? რაკი ქართველია?…

სტალინისსახიანი ქართული ღვინის ამბავმა შარშან ბერლინშიც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გაირკვა, რომ ბერლინის ერთ-ერთი დიდი ღვინის მაღაზიის კონსულტანტებიდან მხოლოდ ერთმა იცოდა, ვინ ეხატა ერთ-ერთი დიდი ქართული ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული „მუკუზნის“ ეტიკეტზე და მანაც გაიოცა – რატომ გიკვირთ სტალინის ღვინის ამბავი, აქაურ რუსებს ხომ ეს ღვინო ყველაზე მეტად უყვართო. აბა იქ რაღად ფასობდა ჩვენი პროტესტი და თქმა იმისა, რომ ღვინის ბოთლზე მავანს შეიძლება ჰიტლერის, ჩიკატილოს, კალიგულასა და წითელი კჰმერების გამოსახვაც გაუხარდეს. სტალინიდან კალიგულამდე რაღა დარჩა?…

მოდი, მივუბრუნდეთ ისევ სტალინის საყვარელი ღვინოების ამბავს და ერთ ცნობილ ქართველ მხცოვან მეღვინეს, გივი ჩაგელიშვილს გავიხსენებ. ამ მართლაც საინტერესო და მრავლისმნახველ ადამიანს პირველად 2010 წელს შევხვდი და მასზე სტატიაც მოვამზადე.

აი რას იხსენებდა გივი ჩაგელიშვილი: „მოსკოვში სპეციალურად სტალინის ბრძანებით იყო გამოყოფილი საკმაოდ დიდი მოცულობის ღვინის ჭურჭელი, რომელიც ყოველ წელს ქართული და უმეტესად ქართლური ღვინით ივსებოდა. მოსკოვში ჩვენ მიერ ჩატანილი ღვინო, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო. ერთხელაც ჩინურის ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული შესანიშნავი ღვინო ჩავიტანე მოსკოვში. სანამ კრემლში შევიტანდი, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გავსინჯე და გული კინაღამ გამისკდა. აშკარა იყო, რომ ეს ის ღვინო არ იყო, რაც თბილისიდან მოსკოვში მიმქონდა. შემდეგ მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ჩინური მგზავრობას ვერ იტანს და სწორედ ამიტომ შეეცვალა გემო, ფერი და სხვა თვისებები. თბილისში დაბრუნება და მოსკოვში ღვინის უფრო დაცულად ჩატანაზე მუშაობა მომიწია. თუმცა მაინც ადვილად გადავრჩი. სტალინს ის ღვინო რომ გაესინჯა, ღმერთმა იცის, რა ხასიათზე დადგებოდა და არც ის იქნებოდა გამორიცხული, ეს შეცდომა ძალიან ძვირად დაგვჯდომოდა”.

ამ ისტორიიდან ორი რამ იკვეთება. ჩაგელიშვილის ვერსიით, თურმე სტალინს ყველაზე მეტად ქართლის (მისი მშობლიური მხარის) ღვინოები უყვარდა და მასთან ღვინის ჩატანაზე პასუხისმგებელი მეღვინეებიც კი მუდმივ შიშ-კანკალში იყვნენ – ვაიდა დიდ ბელადს ღვინო არ მოსწონებოდა. ამ დროს რა ვუყოთ მეგრელ, კახელ, იმერელ ან რაჭველ მეღვინეებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სტალინი მაინცდამაინც მათი კუთხის ღვინოს სვამდა? დაახლოებით გივი ჩაგელიშვილის მსგავსი ისტორია მომიყვა ერთმა ჩოხატაურელმა კაცმაც – გურული ჩხავერი მოსკოვში ბიძაჩემს ჩაჰქონდა და ღვინო გზაში ბევრი ნჯღრევისგან რომ არ გაფუჭებულიყო, სპეციალური ვაგონ-მაცივარი ძალიან ნელა მიდიოდა და ოზურგეთიდან მოსკოვამდე ჩასვლას თვეზე მეტი დრო უნდებოდაო.

ახლა მოდი და გაიგე მტყუან-მართალი. ისიც შესაძლებელია, რომ ყველა მართალია და სტალინი უკლებლივ ყველა ცნობილ ქართულ ღვინოს მიეზიდებოდა კრემლში, პოლიტბიუროს წვერებთან და უცხოელი სტუმრებისთვის თავი რომ მოეწონებინა, „ველური კავკასიელი“ კი არა, განვითარებული, ცივილიზებული და მეღვინეობით სახელგანთქმული მხარის შვილი ვარო.

ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი საიმონ სებაგ მონტეფიორე კი ირწმუნება, სტალინი ზოგადად ძალიან ცოტა ღვინოს სვამდა, უფრო მეტად სხვებს აძალებდა და როგორც მანიპულატორ ადამიანებს შეჰფერის, მერე მათი სიმთვრალით ერთობოდაო. ფაქტი კი ისაა, რომ სტალინის სახელი და მასთან იდენტიფიცირება ხარისხიანი ქართული ღვინის მსოფლიოში პოპულარიზაციას ნამდვილად არაფერში ეხმარება. კარგი ღვინო უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული ყველა დიქტატორი!