რჩევები მშობლებისთვის | რა ვასწავლოთ ბავშვებს უცნობებთან ურთიერთობის შესახებ

პუბლიკა

ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკოლებთან უცნობი პირები სხვადასხვა მიზნით ბავშვებთან გამოლაპარაკებას ცდილობენ. როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები, როდესაც საჯარო სივრცეში უცნობი პირები გამოელაპარაკებიან? – ამის შესახებ რჩევებს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭო“ აქვეყნებს. „პუბლიკა“ გთავაზობთ რეკომენდაციების თარგმანს:

ვინ არის უცხო?

უცხო არის ის, ვისაც თქვენი ოჯახი კარგად არ იცნობს. ხშირად ბავშვები ფიქრობენ, რომ მულტფილმების ბოროტმოქმედების მსგავსად „ცუდი უცნობები“ საშინლად გამოიყურებიან. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა სიმართლეს არ შეესაბამება,  ბავშვებისთვის სახიფათოც კი არის. ლამაზი უცნობები შეიძლება ისევე სახიფათონი იყვნენ, როგორც არც ისე ლამაზები. როდესაც შვილებს უცხო ადამიანებზე ესაუბრებით, აუხსენით, რომ მხოლოდ თვალით ვერ შეატყობ, უცნობი კარგი ადამიანია თუ არა. ამიტომ ყველა უცნობთან ფრთხილად უნდა იყვნენ.

მაგრამ ისე ნუ გამოიყვანთ, რომ ყველა უცხო ადამიანი ცუდია. თუ ბავშვებს დახმარება სჭირდება – იქნება ეს დაკარგვის შემთხვევა, მუქარა თუ ადევნება, ბევრ შემთხვევაში მათთვის ყველაზე უსაფრთხო უცხო ადამიანისთვის დახმარების თხოვნაა. ბავშვს საქმეს გაუადვილებთ, თუ აჩვენებთ, რომელ უცნობს შეუძლიათ ენდონ.

ვინ არიან უსაფრთხო უცნობები?

უსაფრთხო უცნობები არიან ადამიანები, რომლებთანაც ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში დახმარების თხოვნით შეეძლებათ მისვლა. პოლიციელები და მეხანძრეები ორი ყველაზე მარტივად ამოცნობადი მაგალითია. მასწავლებლები და დირექტორები, ასევე იმ კატეგორიის უცნობები არიან, რომელთა ამოცნობაც სამსახურში ყოფნისას ბავშვისთვის მარტივია. თუმცა ხაზგასმით აუხსენით, რომ თუ შესაძლებელია, დახმარების სათხოვნელად საჯარო თავშეყრის ადგილზე მივიდნენ.

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, ამოიცნონ უსაფრთხო უცნობები, ქალაქში ერთად ყოფნისას მათზე მითითებით. ასევე აჩვენეთ ადგილები, როგორიცაა ადგილობრივი მაღაზიები, რესტორნები, ოჯახის მეგობრების სახლები თქვენს სამეზობლოში, სადაც შეუძლიათ წასვლა, თუ დახმარება დასჭირდათ.

სახიფათო სიტუაციების ამოცნობა და მათთან გამკლავება

შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც მშობლებს შეუძლიათ, დაიცვან თავიანთი შვილები, არის სიფრთხილის სწავლება პოტენციურად საშიშ სიტუაციებში – ეს მათ დაეხმარება იმ უცნობებთან თუ ნაცნობებთან ურთიერთობაში, რომლებსაც შესაძლოა ცუდი ზრახვები ჰქონდეთ. დაეხმარეთ ბავშვებს, ამოიცნონ საეჭვო ქცევის ნიშნები, მაგალითად: როდესაც ზრდასრული ბავშვებს სთხოვს დახმარებას; მოუწოდებს მათ, არ დაემორჩილონ მშობლებს; რაიმე უნებართვოდ გააკეთონ, საიდუმლო შეინახონ; ან დისკომფორტს უქმნიან მათ. ასევე უთხარით შვილებს, რომ ზრდასრულმა არასოდეს არ უნდა სთხოვოს ბავშვს დახმარება და თუ მათ დახმარებას სთხოვენ, ასეთ დროს იცოდნენ, რომ სასწრაფოდ იპოვონ სანდო უფროსი და მიაწვდინონ ხმა.

ასევე ელაპარაკეთ შვილებს იმაზე, როგორ უნდა გაუმკლავდნენ სახიფათო სიტუაციებს. ერთ-ერთი გზაა – „არა“, წადი, იყვირე, თქვი“ – სახიფათო სიტუაციაში ბავშვმა უნდა თქვას „არა“, გაიქცეს, იყვიროს რაც შეიძლება ხმამაღლა და სანდო უფროსს მაშინვე მოუყვეს მომხდარის შესახებ. გააგებინეთ ბავშვს, რომ სახიფათო სიტუაციაში ნორმალურია, თუ უფროსს ეტყვიან „არას“, თუ თავის დასაცავად იყვირებენ, თუნდაც ეს მოხდეს შენობაში. კარგია სხვადასხვა სიტუაციაზე მეცადინეობაც, რათა ბავშვი თავდაჯერებული იყოს და იცოდეს, რას აკეთებს. იხილეთ რამდენიმე შესაძლო სცენარი:

  • სასიამოვნო გარეგნობის უცნობი უახლოვდება თქვენს შვილს პარკში და დაკარგული ძაღლის პოვნაში დახმარებას სთხოვს;
  • თქვენს სამეზობლოში მცხოვრები ქალი, რომელსაც ბავშვი არასოდეს გამოლაპარაკებია, მას სახლში საჭმელად ეპატიჟება.
  • უცნობი ეკითხება ბავშვს, ხომ არ სურს სკოლიდან შინ მანქანით წაიყვანოს;
  • თქვენი შვილის ფიქრობს, რომ მას ვიღაც აედევნა;
  • ზრდასრული, რომელსაც თქვენი შვილი იცნობს, ამბობს ან აკეთებს ისეთ რამეს, რაც ბავშვს თავს ცუდად აგრძნობინებს ან დისკომფორტს უქმნის.
  • ბავშვი მეგობრის სახლიდან შინ ბრუნდება, მას მანქანა უახლოვდება და უცნობი გზის მისწავლებას სთხოვს.

რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს

გარდა იმისა, რომ ბავშვებს ასწავლონ, როგორ ამოიცნონ და გაუმკლავდნენ სახიფათო სიტუაციებსა და უცნობებს, მშობლებს ასევე შეუძლიათ ჩამოთვლილი მითითებებით დაეხმარონ შვილებს თავის დაცვაში:

  • ყოველთვის იცოდეთ, სად არიან შვილები. წესად იქციეთ, რომ თქვენმა შვილებმა სადმე წასვლამდე თქვენგან ნებართვა უნდა აიღონ. მიეცით შვილებს თქვენი სამსახურისა და მობილური ტელეფონის ნომრები, რათა მათ ნებისმიერ დროს შეძლონ თქვენთან დაკავშირება.
  • მიასწავლეთ უსაფრთხო ადგილები. აჩვენეთ შვილებს სათამაშოდ უსაფრთხო სივრცეები, უსაფრთხო გზები და ბილიკები, უსაფრთხო ადგილები, რომლებსაც რთულ სიტუაციაში მიაკითხავს.
  • ასწავლეთ ბავშვებს ენდონ ინსტინქტებს. აუხსენით, რომ თუ ისინი ოდესმე შეშინდებიან ან დისკომფორტს იგრძნობენ, უნდა გაიქცნენ რაც შეიძლება სწრაფად და ამის შესახებ აცნობონ უფროსს. უთხარით, რომ ხანდახან მათ ნაცნობმა ზრდასრულმაც შეიძლება თავი არასასიამოვნოდ აგრძნობინონ და ასეთ შემთხვევასაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა აარიდონ თავი და მომხდარის შესახებ სხვა უფროსს შეატყობინონ. დაარწმუნეთ ბავშვები, რომ თქვენ დაეხმარებით, როცა ეს დასჭირდებათ.
  • ასწავლეთ ბავშვებს, როგორ იყვნენ მტკიცე. გააგებინეთ, რომ ნორმალურია უფროსისთვის უარის თქმა და მათგან გაქცევა სახიფათო სიტუაციაში.
  • წაახალისეთ შვილები, რომ ითამაშონ სხვებთან ერთად. უსაფრთხოება ციფრებშია!

„დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭოს“ გარდა, ბავშვთა უსაფრთხოების საკითხზე სტატია გამოაქვეყნა გამოცემა Baby Center-მა. გთავაზობთ სპეციალისტების რჩევებს სტატიიდან:

ინტერნეტში ქცევა:

კომპიუტერი ან ტელეფონი, რომელსაც თქვენი შვილი იყენებს, განათავსეთ საერთო ადგილას, რათა თვალ-ყური ადევნოთ, რას აკეთებს ის. ამ ასაკის ბავშვები არ უნდა იყვნენ სოციალურ მედიაში ან ფორუმებზე. „ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც 10 წლამდე ბავშვები ინტერნეტში „მტაცებლების“ სამიზნე გახდნენ“, – ამბობს ჯუდიტ კოენი, სამედიცინო დირექტორი ბავშვთა და მოზარდთა ტრავმული სტრესის ცენტრის ალეგენის მთავარ საავადმყოფოში, პიტსბურგში.

უთხარით თქვენს შვილს, არასოდეს გასცეს რაიმე პერსონალური ინფორმაცია, უპასუხოს კითხვებს ან შეავსოს ანკეტები ონლაინ.

საზოგადოებრივი სველი წერტილების გამოყენების შესახებ:

საზოგადოებრივი სველი წერტილების გამოყენების შესახებ:

6 წლისთვის ბავშვების უმეტესობას საზოგადოებრივი ტუალეტით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლია. ამ დროს მშობელი ფხიზლად უნდა იყოს: დადექით კარის მიღმა და უთხარით თქვენს შვილს, რომ თუ საჭირო იქნება, დარეკოს. უთხარით, რომ უარი თქვას სხვის დახმარებაზე და  უპასუხოს: „არა, მადლობა. მე თვითონ გავაკეთებ ამას“ ან „არა, გმადლობთ. დედაჩემს შეუძლია დამეხმაროს“.

სახლში მარტო დარჩენისას:

შეამზადეთ უფროსი ბავშვები სახლში მარტო ყოფნისთვის. ასწავლეთ, რომ თუ ვინმე მიუკაკუნებს, კი არ უნდა გააღოს კარი, არამედ თქვას: „დედა ახლა კართან ვერ მოვა“. თუ ვიზიტორს აქვს ამანათი,  უნდა უთხრას, რომ ის კართან დატოვოს ან სხვა დროს დაბრუნდეს.

როლური თამაში სასწავლებლად და არა დასაშინებლად:

„რა იქნება თუ?“ კითხვები მეცადინეობისთვის გამოდგება – უბრალოდ, დარწმუნდით, რომ იყავით პოზიტიური და არ შეაშინოთ თქვენი შვილი. „როლური თამაში დაგეხმარებათ, რომ ბავშვებს ასწავლოთ, როგორ გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს“, – ამბობს შერილ კრეიზერი, „კოალიცია ბავშვებისთვის“ დირექტორი.

შვილთან ერთად მოიფიქრეთ, როგორ უნდა მოიქცეს ის, თუ პარკში მარტო ყოფნისას მიუახლოვდებიან (მაგალითად, მას შეუძლია ყველაზე ახლოს მყოფ ისეთ ადამიანთან მივიდეს, რომელიც პარკში შვილებთან ერთად არის გამოსული).

კრაიზერი გვთავაზობს შვილს ვუთხრათ, რომ „თუ თქვენ ხართ მარტო ან მეგობრებთან ერთად და ისეთი ადამიანი გამოგელაპარაკათ, რომელსაც არ იცნობთ, შეწყვიტეთ რასაც აკეთებთ, ადექით და ხელის გაწვდენაზე დისტანცია დაიჭირეთ მასთან“. აჩვენეთ ზუსტად, რას ნიშნავს ეს“.

კიდევ ერთი მაგალითი: თუ უცნობი მანქანას გააჩერებს და სთხოვს ბავშვს მიასწავლოს უახლოესი მაღაზია, ბავშვს ასწავლეთ, რომ უკან დაიხიოს და ისე მიასწავლოს გზა. თუმცა როდესაც ადამიანი მანქანიდან გადმოვა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რამდენიმე ნაბიჯით უნდა დაიხიოს უკან, შებრუნდეს და სახლში ან სკოლის შენობაში შევიდეს და უფროსი მოიხმოს.

მოერიდეთ ბავშვის შეშინებას

შესაძლოა გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ ბავშვი ასე გააფრთხილოთ: „უცნობმა შეიძლება შენი თავი წამართვას!“ ან „შეიძლება ვეღარასოდეს გნახო!“, მაგრამ ეს თქვენს შვილს ზედმეტად შეაშინებს. „უნდა ესაუბროთ არა იმაზე, რისიც გეშინიათ, არამედ იმაზე, რაც თქვენს შვილს გააძლიერებს“, – ამბობს კრაიზერი.

ასწავლეთ ბავშვებს სახლის მდებარეობა

ასწავლეთ შვილს, სად არის სახლი. პატარას ასწავლეთ თავისი სახელი და გვარი, შემდეგ თქვენი გვარი, შემდეგ თქვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი. ხანდახან გადაამოწმეთ, რამდენად ახსოვთ უფროს ბავშვებს მისამართი და ტელეფონის ნომერი. როდესაც შვილი საკმარისად მომწიფდება იმისათვის, რომ სამეზობლოში ველოსიპედით ან ფეხით უთქვენოდ იაროს, განიხილეთ საზღვრები და მიუთითეთ უსაფრთხო ადგილები, სადაც საჭიროების შემთხვევაში წასვლა შეეძლება.