საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის გრიფირებულმა სახელმძღვანელოებმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. უფრო კონკრეტულად კი, კრიტიკის ობიექტია სახელმძღვანელოების ის პარაგრაფები, რომლებშიც 2003-2012 წლებში განვითარებული მოვლენებია აღწერილი – ვარდების რევოლუცია, აგვისტოს ომი, ხელისუფლების ცვლილება და ა.შ.
სახელმძღვანელოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილმა 6 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა და აღნიშნული სახელმძღვანელოების სასწავლო პროგრამიდან ამოღება მოითხოვა. მათი შეფასებით, სახელმძღვანელოში აღნიშნულ პერიოდში განვითარებეული პოლიტიკური პროცესები, ცალმხრივად, მიკერძოებულად და პროპაგანდისტულადაა აღწერილი.
სახელმძღვანელოების გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ აღნიშნულ პარაგრაფებთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს პრობლემა, მაგრამ, მისი შეფასებით, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა იმგვარი განხილვა და არგუმენტები, რომლებიც მიმდინარე დღეებში აღნიშნული სახელმძღვანელოების საწინააღმდეგოდ ისმის.
მისი განმარტებით, იკვეთება ორი ტიპის კრიტიკა – ერთი მხრივ, მოვლენების შესაძლო მიკერძოებულ აღწერასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, ხომ არ არის 2012 წლის შემდგომი მოვლენები მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად მოთხრობილი.
„მე მგონია, რომ განხილვა და არგუმენტები ამ წიგნის შინაარსის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომლის გამოც თითქოს დაიწყო ეს განხილვა. ავხსნი, რასაც ვგულისხმობ…
ადამიანების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა შიში, რომ ისტორიას და ისტორიის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო უყურებს, როგორც საკუთარ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, რომ ბავშვებს თავს მოახვიოს მმართველი პარტიის ინტერესის შესაბამისი თხრობა. და ეს ადამიანები კრიტიკის დროს ხშირად ითხოვენ სახელმწიფოსგან, რომ მან სხვანაირად დაწეროს სახელმძღვანელო ან სხვანაირად დააწერინოს ავტორს. არ მსჯელობენ იმის შესახებ, საერთოდ უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ამ საკითხში.
ისე ფიქრობენ, თითქოს არსებობდეს ერთი რაღაც ჭეშმარიტი ისტორია, რომელზეც მთელი კაცობრიობა შეთანხმდა და მათ შორის ქართველებიც და რომელიც უნდა დაიწეროს სახელმძღვანელოებში. აქვე მეორე პრობლემური წარმოდგენა არის ის, რომ ისტორია უნდა იწერებოდეს არა მეცნიერების პერსპექტივიდან, არამედ პატრიოტული პერსპექტივიდან და პატრიოტიზმი არის სახელმწიფოს ინტერესის მიხედვით სამეცნიერო ნაშრომის დაწერა. სინამდვილეში სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს, რომ პატიოსანი და კრიტიკული ანალიზი იყოს და არა ის, რაც აწყობს კონკრეტულ პოლიტიკურ ერთობას“.
ჯანაშიას განმარტებით, ის, რომ საზოგადოების ნაწილის რეაქცია იყო კრიტიკული, მეტწილად განპირობებულია იმითაც, რომ საზოგადოება ეჭვით უყურებს განათლების მინისტრის ობიექტურობას, იმის ფონზე, რომ მან საჯაროდ არაერთხელ გააჟღერა მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიმართ ქება-დიდება.
„რეალურად ამ ვითარებას ხელს უწყობს ხელისუფლების არაადეკვატურობა, როდესაც ვხედავთ იმას, რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი, განათლების მინისტრი, რომელიც მოსწავლეებისთვის უნდა იყოს მაგალითი კრიტიკული აზროვნების, კრიტიკული შეფასებების, საუბრის ნაცვლად, ვხედავთ, როგორ აქებს და ადიდებს პარტიის დამფუძნებელს – ივანიშვილს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ ასეთი მინისტრი მის ხელში არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს იმისთვის, რომ შეუნარჩუნოს ხელისუფლება იმ პარტიას, რომლის მხარდამჭერიც თვითონ არის და ცხადია, ამისი ეშინია საზოგადოებას“.
ჯანაშია მიიჩნევს, რომ ამ პროცესთან მიმართებით უფრო მეტი კითხვები უნდა დაისვას, მაგალითად – საჭიროა დისკუსია იმის შესახებ, ღირს თუ არა იმ უახლესი ისტორიის შესახებ სახელმძღვანელოში დაწერა, რაც მიმდინარე პროცესს ასახავს და არა დასრულებულ მოვლენას, რომელიც გაანალიზებულია? სამსჯელოა იმასთან დაკავშირებითაც, დასაშვებია თუ არა ის, რომ სახელმძღვანელოში ჩანდეს ავტორის მოსაზრება.
ამის მაგალითად მოჰყავს ფრაგმენტი სახელმძღვანელოდან, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა აჩვენებს, რომ პარტიას კურსი არ შეუცვლია და პროევროპულია.
„ეს უკვე შეფასებითი მსჯელობაა. სამსჯელოა, რამდენად აქვს უფლება ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორს, რომ დაეყრდნოს საკუთარ შთაბეჭდილებებს და არა რაიმე ისტორიულ სამეცნიერო ნაშრომს ან კვლევას. ასეთი კვლევები, ფაქტობრივად, შეუძლებელია დაიწეროს, მაშინ, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეა და ამ პროცესს – მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს – ყოველდღიურად ვაფასებთ. სახელმძღვანელო თუ დამტკიცდება მომდევნო რამდენიმე წლით, შეიძლება რამდენიმე წელიწადში საერთოდ არ ასახავდეს იმ შეფასებას, რაც სახელმძღვანელოს დაწერის მომენტში ავტორს ჰქონდა.
იგივე, ავტორისთვის ძალიან რთულია წერა აგვისტოს ომის შესახებ, იმიტომ, რომ ძალიან რთულია პოვნა მიუკერძოებელი სამეცნიერო ნაშრომის, ოფიციალური დოკუმენტებიც კი წინააღმდეგობრივია. ამიტომ მე, მაგალითად, მათ ადგილას, ავტორების ადგილას, წყაროებს მივუთითებდი ყოველ ჯერზე. მაგალითად, როგორც ეს წყარო ამბობს, მოვლენების განვითარება იყო ასეთი. იქვე ავსახავდი, რომ სხვადასხვა წყაროში სხვადასხვანაირად არის. როცა მოსწავლეს სთხოვ, რომ შეაფასოს სახელმძღვანელოში მოტანილი ესა თუ ის წყარო, შემდეგ სწორედ ამის საფუძველზე სწავლობენ მოსწავლეები კრიტიკულად აზროვნებას“.
სიმონ ჯანაშია ყურადღებას ამახვილებს სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც გრიფირებას ახლავს თან. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მისი დაკვირვებით სახეზეა, არის ის, რომ სახელმწიფო არ აძლევს ავტორებს სათანადო ვადებს სახელმძღვანელოებზე მუშაობისთვის, რაც თავის მხრივ აისახება იმაზე, რომ ავტორს შესაძლოა არ ჰქონდეს არც დრო და არც შესაძლებლობა, რომ სკრუპულოზურად დააკვირდეს თითოეულ ფრაზას, სამუშაო ვერსია განიხილოს საზოგადოებაში და მერე შეიმუშაოს საკუთარი პოზიცია.
მეორე მხრივ, მისი შეფასებით, გრიფირება – ექსპერტების მხრიდან სახელმძღვანელოების შეფასება, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. შემფასებლები არ უნდა იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმძღვანელოებს გრიფირებისთვის არ აფასებენ ერთი ან ორი ფრაზის გამო. სახელმძღვანელოების გრიფირების დროს გრიფირების ექსპერტები ხშირად წერენ კრიტიკულ შენიშვნებს, მაგრამ ისეც ხდება, რომ, ამის მიუხედავად, სახელმძღვანელო მაინც იღებს გრიფირებას.
პრობლემაა ისიც, რომ აღნიშნული შეფასებები საჯარო არ არის საზოგადოებისთვის. ჯანაშია ფიქრობს, რომ შეფასებები უნდა იყოს საჯარო, მასწავლებლები უნდა კითხულობდნენ ამ შეფასებებს და შემდეგ ამის გათვალისწინებით უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას. მას შეუძლია მოსწავლეს უთხრას, რომ კონკრეტული საკითხი უარყოფითად შეაფასა ექსპერტმა, ანუ ამ კონკრეტულ პარაგრაფთან თუ ფრაზასთან დაკავშირებით არსებობს ალტერნატიული გააზრებაც.
„კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ როცა სახელმწიფო ვერ ელევა ინსტრუმენტს – აკონტროლოს შინაარსი, სახელმძღვანელოების ბაზარი, მიწოდება და ა.შ., შემდეგ ის ხდება პასუხისმგებელი ყველაფერზე. არ შეიძლება ბიუროკრატი პასუხისმგებელი იყოს იმაზე, თუ რას წერს ისტორიკოსი. მასწავლებელი თვითონ უნდა წყვეტდეს, როგორი ინტერპრეტაციით შეიტანს ამას კლასში. გარკვეული საზოგადოების მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს სწორი და ჭეშმარიტი ისტორიის წიგნებში ჩაწერით, ეს არის სწორედ საბჭოთა კავშირი. მეტი კითხვის დასმა არის საჭირო, იმისთვის, რომ ისე არ გამოვიდეს, დემოკრატიის სახელით დავაბრუნოთ ანტიდემოკრატიული სისტემის მუშაობა“.
აქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ერთია, რა საკითხებია სახელმძღვანელოში შეტანილი და მეორეა, სინამდვილეში რა ხდება საკლასო ოთახებში განხილვისას. მისი თქმით, მასწავლებლები ხშირად გაურბიან გაკვეთილზე პოლიტიკის განხილვას, რაც, მისი შეფასებით, არასწორია, რადგან არ შეიძლება სკოლა მოწყვეტილი იყოს მის კედლებს მიღმა ცხოვრებას. მასწავლებელი ხელს უნდა უწყობდეს პოლიტიკური პროცესების განხილვას, იმისთვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ, როგორია ჯანსაღი დისკუსია.
სიმონ ჯანაშიას შეფასებით, გასათვალისწნებელია ისიც, რომ ავტორის მუშაობის არეალი ბევრი ფაქტორითაა შეზღუდული, მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რა საკითხებზე უნდა იყოს საუბარი, შეზღუდულია სივრცეში, ვერ გამოიყენებს ბიბლიოგრაფიას და ა.შ. ამდენად ნებისმიერი არჩევანის პირობებში ავტორი შეიძლება დადანაშაულებული იყოს მიკერძოებულობაში.
ჯანაშიას განმარტებით, როცა ვამბობთ, რომ სახელმძღვანელოს ავტორს უნდა დავუტოვოთ სივრცე, თვითონ გადაწყვიტოს – ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ნებისმიერი სახელმძღვანელო უნდა ჩავთვალოთ ხარისხიანად. რა თქმა უნდა, შესაფასებელია რამდენად მრავალმხრივად, მეცნიერულად, პატიოსნად აშუქებს ავტორი ფაქტს და ასევე რამდენად ხელს უწყობს სახელმძღვანელო კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე მოქალაქეების აღზრდას.
****************
აღნიშნული სახელმძღვანელოს პარაგრაფებში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაწილი, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია და, აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტის გამოხატვისკენ უბიძგა მათ, ბიძინა ივანიშვილის დახასიათებას ეხება.
მაგალითისთვის, სახელმძღვანელოში „საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“ ვკითხულობთ, რომ:
„საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა და ოპოზიციურმა „ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.
მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, „დიოგენე“
მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, „ლოგოს პრესი“
„რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში…
კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში“, – ასე შეაფასა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები განათლების მინისტრმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოებში, რომლებმაც 2012 წლის მოვლენების აღწერის გამო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.
გამომცემლობის ხელმძღვანელის და წიგნის ერთ-ერთი ავტორის გამოხმაურება
საზოგადოების ნაწილის კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე და წიგნის ერთ-ერთი ავტორი ნატო ახმეტელი.
თამარ ლებანიძე არ იზიარებს კრიტიკას სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით და წერს, რომ ბრალდებებზე საფუძვლიან პასუხს გამომცემლობა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებს.
წიგნის ერთ-ერთი ავტორი კი წერს, რომ მედიაში გავრცელებული ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
ახმეტელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეცხრე კლასის სახელმღვანელო მოიცავს მე-17-21 საუკუნეების საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას. სახელმძღვანელო იწერება დადგენილი სტანდარტის მიხედვით. მეცხრე კლასის სტანდარტში უახლესი ისტორიის საკითხებიც მოიაზრება. თავად ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არ არის საჭირო სკოლაში უახლესი ისტორიის იმ მონაკვეთის შეტანა, სანამ ფართო საზოგადოებრივი შეფასება და შეთანხმება არ მოხდება.
„შევეცადე სახელმძღვანელო არ მომერგო არც ახლანდელი და არც ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური კონიუქტურისთვის. არ ვიცი, ეს რამდენად გამომივიდა. თხრობა სრულდება 2012 წლის არჩევნებით და იქ იმდროინდელი კონტექსტია. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომს. მგონია, რომ ტექსტში ჩანდა რუსეთის აგრესია არათუ 7-8-9 აგვისტოს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და მანამდეც. უდიდეს ნაწილს სახელმძღვანელო არც კი გადაუშლია. ყველა პარაგრაფს აქვს სადისკუსიო კლუბი, სადაც ყველა სავარაუდო კითხვა ისმება. არც ერთი მათგანი არ გამოხატავს ავტორის პოზიციას“,- წერს ახმეტელი.