როცა ჯანდაცვის სისტემა ხედავს ადამიანს

ლიკა ზაკაშვილი

რას ნიშნავს ბიოფსიქოსამედიცინო მოდელი ჯანდაცვის სისტემაში? ამ შეკითხვას მარტივი პასუხი აქვს. ბიოფსიქოსამედიცინო მოდელის ფილოსოფია ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის მიზეზიც ხშირად ბიოლოგიური პროცესია, შესაძლოა არ მოგვარდეს მხოლოდ სამედიცინო ჩარევით. ხშირად მისი მოგვარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ფსიქოლოგიურ ან სოციალურ ფაქტორებს მიუძღვის.

შესაბამისად, ბიოფსიქოსამედიცინო მოდელისთვის ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობს არა მხოლოდ მედიცინა, არამედ სხვა სფეროებიც. პაციენტის განიხილვა როგორც ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ობიექტი თავისი სულიერი პრობლემებითა და ფაქტორებით.

ქართული ჯანდაცვის სისტემაში ამ მიდგომის ინტეგრირებასა  და მისი ღირებულებების შესაბამისად ცვლილებებს წლებია საქართველოში ადვოკატირებენ პროფესიული წრეები.

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და  თვალსაჩინო ჯგუფი „ზრუნვის პლატფორმაა“, რომელიც  რამდენიმე წლის წინ ოთხმა თემატურმა ქსელმა – ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა, საქართველოს კარიტასმა, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ, საქართველოს შინ მოვლის კოალიციამ – დააფუძნა.

საქართველოს ზრუნვის პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის მიდგომის დამკვიდრებასა და განვითარებას.

საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ 2020 წელს მოამზადა დოკუმენტი  სახელწოდებით – „ბიოფსიქოსოციალური მიდგომა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“. 150-გვერდიანი დოკუმენტი მიმოიხილავს ბიოფსიქოსამედიცინო მიდგომებს იმ მარეგულირებელ აქტებში, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს ეხება. ამავე კვლევაში წარმოდგენილია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ანალიზი.

კვლევაში მიმოხილულია, რამდენად მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების მართვისას ბიოფსიქოსამედიცინო მიდგომა ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ფსიქიატრიასა და პალიატიურ მზრუნველობაში.  დოკუმენტი ასევე მოიცავს დაინტერესებული პირების კვლევას.

„ეს არის დიდი კულტურული ცვლილება – იცვლება ჯანდაცვის არსი. არ შემიძლია გამოვთქვა ოპტიმისტური პროგნოზი, რომ ეს მალე და სწრაფად დაინერგება. ეს არის პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ასეა და ამისთვის ვართ მზად“, – ამბობს „ზრუნვის პლატფორმის“ წარმომადგენელი, უჩა ვახანია, რომელიც პლატფორმის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსა და საქართველოში ბიოფსიქოსამედიცინო მიდგომების დანერგვის შესაძლებლობებზე გვესაუბრა. ასევე შევეხეთ პლატფორმის სამომავლო გეგმებს, რომლებიც მიზნად ამ იდეის რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს.

„პრაქტიკულად ყოველთვის, როცა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობასთან გვაქვს საქმე, უპრიანი იქნება, დაინერგოს ბიოფსიქოსოციალური მიდგომა. თუმცა არის უფრო მგრძობიარე სფეროებიც, სადაც უფრო მეტად შეიძლება მიექცეს ყურადღება ამ მიდგომის დანერგვას. მაგალითად, პალიატიური ზრუნვა. იგივე ფსიქიატრია. ქრონიკული დაავადებების მართვა.  არსებობს ბიოლოგიური მიდგომა ფსიქიატრიაში, რომ ადამიანს დაზიანებული აქვს ტვინი და ჩვენ უნდა მივაწოდოთ ქიმიური საშუალებები, რომლებიც ამ დაზიანებას აღმოფხვრის/ან შეამცირებს. მეორე მიდგომაა, რომ ადამიანი განვიხილოთ თავისი ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობით. ეს მიდგომა ბევრად ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებულია“, – ამბობს უჩა ვახანია.

ბიოფსიქოსოციალური მიდგომის არსის თვალსაჩინოებისთვის უჩა ვახანიას ქრონიკული დაავადებების მქონე პირის მაგალითი მოჰყავს:

„ადამიანი მიდის ექიმთან, მას აწუხებს მაღალი წნევა. ექიმმა სრულიად პროფესიულად, კვალიფიციურად და  სტანდარტულად, ე.წ. პროტოკოლების დაცვით მკურნალობის სქემა დაუნიშნა. დანიშნულება გამოუწერა და მედიკამენტისთვის რეცეპტი მისცა. ეს ადამიანი წავიდა. ამ პაციენტთან დაკავშირებული სინამდვილე კი სხვაგვარია – ამ ადამიანს აქვს მეხსიერების პრობლემა. წამალი დალია თუ არა, მთლად კარგად არ ახსოვს. შეიძლება არ დალიოს, ან ზედმეტი დალიოს. მეორე პრობლემაა ის, რომ წამალი ძვირია და არ აქვს საშუალება რომ შეიძინოს.

რა გამოვიდა ? – ექიმმა კი სქემატურად სწორად დანიშნა მკურნალობა, მაგრამ ამ მკურნალობით შედეგი შეიძლება ვერ მიიღოს, რადგან არ გაითვალისწინა რამდენიმე ფაქტორი – შეუძლია თუ არა პაციენტს წამლის შეძენა და მედიკამენტის მიღება.

ასეთი შემთხვევის შემდეგ, როცა ადამიანი ვერ იღებს მედიკამენტს, მისი მდგომარეობა მძიმდება და უფრო ძვირადღირებული სერვისით სარგებლობა მოუწევს.

ბიოფსიქოსოციალურად რომ მივდგომოდით ამ მაგალითს, გარდა მკურნალობისა, ექიმმა უნდა შეფასოს გარემო, რომელშიც ცხოვრობს პაციენტი და მისი შესაძლებლობები, შეუძლია თუ არა მედიკამენტის მიღება“.

რა სჭირდება ბიოფსიქოსამედიცინო მიდგომის დანერგვას ჯანდაცვის სისტემაში – ეს მხოლოდ კონცეპტუალური საკითხია, თუ მას თან უნდა ახლდეს რესურსების ახლებური გადანაწილება როგორც ადამიანური, ისე ფინანსური. ამ საკითხზე საუბრისას უჩა ვახანია ამბობს, რომ ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დანერგვას სჭირდება არამხოლოდ სისტემის კონცეპტუალური გადახედვა, არამედ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება – რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა პროფესიის განვითარებას და არა მხოლოდ ამას.

უჩა ვახანიას თქმით, შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანია სერვისების განვითარებაც, რადგან თუ სოციალური და სხვა სფეროების ანალიზის საფუძველზე გამოჩნდა ადამიანის საჭიროება, სისტემა ამ პრობლემის გადაჭრისთვის მზად უნდა იყოს.

უჩა ვახანია „ზრუნვის პლატფორმის“ გეგმებზე საუბრისას გამოყოფს რამდენიმე ამოცანას, რომელიც უკვე დაგეგმილია. მაგალითად, პლატფორმა გეგმავს ინტეგრირებული ზრუნვის კონცეფციის დამუშავებას. მისი თქმით, ეს კონცეფცია ბიოფსიქოსამედიცინო მიდგომის დანერგვის პრაქტიკული ინსტრუმენტია.

უჩა ვახანიას თქმით, დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ბიოფსიქოსოციალური მიდგომა მეტ-ნაკლებად ასახულია, თუმცა კლინიკური მართვის სახელმძღვანელოებში, იგივე გაიდლაინებსა და პროტოკოლებში  ბიოფსიქოსამედიცინო მოდელი პრაქტიკურად არაა ასახული.

„ამ მხრივ არაფერი გვაქვს საამაყო. სახელმწიფო პროგრამებიდან ფსიქიატრის პროგრამას გამოვყოფდი, სადაც არის და პირდაპირ წერია „ბიოფსიქოსოციალური მიდგომა“ და ამ მხრივ ეს დარგი დაწინაურებულია. არსებობს შედარებით უკეთესი პრაქტიკა და პერსპექტივა პალიატიურ მზრუნველობაში, წამალდამოკიდებულებასა და ტუბერკულოზის და დიაბეტის მართვის პროგრამებში – ამ პროგრამებში არის გარკვეული ელემენტები ბიოფსიქოსოციალური მიდგომისა. ვერ გეტყვით, რომ განვითარებულ ქვეყნებში სრულად და კარგად არის განვითარებული ეს მიდგომა – მაგრამ ის, რაც მიღწეულია დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენ იმისგან შორს ვართ და ისევ საბჭოთა პერიოდის ბიოსამედიცინო მიდგომაში ვართ ჩარჩენილი “, – ამბობს უჩა ვახანია.

უჩა ვახანიას შეფასებით, საქართველოში გარკვეული ცოდნა და პრაქტიკა ამ ნაწილში დაგროვდა. ახლა საჭიროა, ბიოფსიქოსოციალური მიდგომა აისახოს, ე.წ. გაიდლაინებში, სახელმწიფო პროგრამებში და იდეის პრაქტიკულ დანერგვაზე დაიწყოს მუშაობა.

დოკუმენტში, რომელიც „ზრუნვის პლატფორმის მიერ შემუშავდა, ვკითხულობთ, რომ დღეისათვის არსებულ ჩარჩოებშიც კი რამდენიმე პროგრამა გულისხმობს და ადამიანური რესურსიც კი აქვს ბიოფსიქოსოციალური მიდგომის განსავითარებლად. მაგალითისათვის, მიდგომის საილუსტრაციოდ და განვითარების პერსპექტივის მოსასინჯად უკვე ამ ეტაპზე შესაძლებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის, ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის, სოფლის ექიმის, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამების გამოყენება.

„ჩვენ შემდგომ პროექტში უკვე ვიწყებთ რეკომენდაციების დამუშავებას, რაც გულისხმობს ინტეგრირებული ზრუნვის განვითარების შესახებ პრაქტიკული მოდელების მომზადებას.

ბიოფსიქოსოციალური მიდგომის შესახებ გავაკეთეთ პროგრამა, რომელიც  სამედიცნო უნივერსიტეტის პორტალზეა განთავსებული და დაინტერესებულ სპეციალისტს 6 კრედიტის აღება შეუძლია ამ პროგრამის გავლით.

ასევე ვგეგმავთ სასწავლო პროგრამის შექმნას ინტეგრირებული ზრუნვის შესახებ.

პრაქტიკული ნაბიჯების გვინდა ნაწილში ბიუჯეტირების გაკეთებაც – ჩვენ ამას გავაკეთებს რომ პოლიტიკის/ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა იცოდნენ, რა ტიპის ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკვშირებული ეს რეფორმა პირველ ეტაპზე“, – ამბობს უჩა ვახანია.

სტატიის დასაწყისში ვახსენეთ კვლევა, რომელიც საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ 2020 წელს მოამზადა,  სახელწოდებით „ბიოფსიქოსოციალური მიდგომა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“.

კვლევის შემაჯამებელი ნაწილის მიხედვით, პოლიტიკის განმსაზღვრელების, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების დამოკიდებულება ბიოფსიქოსოციალური მიდგომის მიმართ ერთმნიშვნელოვანი არ არის.

საჭირო ცოდნასა და მკაფიო მოტივაციას ფლობენ მხოლოდ
ცალკეული პირები, თუმცა, მეტ-ნაკლებად ლატენტური მზაობა ყველა სექტორში
არსებობს. ყველაზე ფრთხილად საკითხს უდგებიან საჯარო პირები, სიახლისა და  დამატებითი სახსრების საჭიროების გამო.

დოკუმენტის ავტორთა შეფასებით ბიოფსიქოსოციალური მოდელის
განვითარებისათვის, საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  1. დაინტერესებულ პირებთან მიმართებაში – მოდელის შესახებ ინფორმაციის
    გავრცელება, თანამოაზრეების მობილიზება როგორც პროფესიულ თემში, ასევე
    საჯარო სექტორში, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის გაჩენისკენ მიმართული
    საქმიანობების განხორციელება;
  2. მარეგულირებელ გარემოსთან მიმართებაში – საკანონმდებლო ინიციატივები
    ბიოფსიქოსოციალური მიდგომის ლეგიტიმაციისათვის. პარალელურად,
    კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელოებსა და სტანდარტებში მოდელის
    სათანადოდ ასახვის მცდელობა;
  3. სახელმწიფო პროგრამებთან მიმართებაში – დარგობრივი ასოციაციების
    ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებზე მომუშავე ჯგუფთან
    თანამშრომლობის ფორმატის განვითარება, პირველ ეტაპზე, ფსიქიატრიის,
    წამალდამოკიდებულების, პალიატიური მზრუნველობის, სოფლის ექიმის,
    ტუბერკულოზისა და დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამებში სათანადო
    ცვლილებების შეტანის მიზნით;
    4. დარგობრივ პრაქტიკასთან მიმართებაში – ადგილობრივი და დონორული
    რესურსების მობილიზება ცალკეული პროექტების პილოტირებისა და
    მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.