ამ სტატიის გმირებმა სახლები გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ან თავად დატოვეს, ან დაატოვებინეს. მიზეზი არც ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა არ ყოფილა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახის წევრებმა სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო ვერ მიიღეს. უსახლკაროდ დარჩენამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათი სამომავლო გეგმები თავდაყირა დააყენა. ესაა ისტორიები ქუჩაში გათენებულ ღამეებზე, სანაგვეში ნაპოვნ საჭმელზე, სექსსამუშაოში იძულებით ჩართულ თუ მეგობრების იმედად დარჩენილ ადამიანებზე. მათ გარდა, ბევრი სხვა ახალგაზრდა დგას ამავე პრობლემის წინაშე. ნიჰილისტური განწყობა ხშირად მათ უარს ათქმევინებს სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნაზე. მათი რაოდენობა არავის დაუთვლია, თუმცა სათემო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ყოველი მე-3 ლგბტ თემის წევრი ორგანიზაციას სწორედ ამ პრობლემით მიმართავს.
როგორ პასუხობს სახელმწიფო უსახლკარობას, ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ოჯახში ძალადობას? რატომ ამბობენ ლგბტ ადამიანები უარს სახელმწიფო სერვისებზე?
ბადრი ჭუმბურიძე, 18 წლის
3 წლის წინ მამამ შვილის პირადი მიმოწერის წაკითხვისას შეიტყო, რომ ბადრი გეია და მასზე ფიზიკურად იძალადა. 15 წლის ბადრი ოჯახს გამოარიდეს. დღეს ის სრულწლოვანია და იხსენებს, რა უპასუხა დასახმარებლად გამოძახებულმა პატრულმა – „მამაშენია და ხან დაგარტყამს, ხანაც მოგეფერებაო“.
სოციალური მუშაკების ჩართულობით მოზარდი ზესტაფონიდან მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ძალადობა ბავშვთა სახლშიც გრძელდებოდა. ყვირილი, თავში წამორტყმა, ყურის აწევა იქ მყოფი ბავშვების ყოველდღიურობა იყო. ზოგჯერ ოჯახში დაბრუნებაზეც ფიქრობს, თუმცა შიშობს, იგივე არ განმეორდეს. როცა სრულწლოვანი გახდა, ბავშვთა სახლიდან წამოსვლა მოუწია. თბილისის გზას დაადგა. დედაქალაქში მას ნათესავი და მეგობარი არ ეგულებოდა. ორი კვირა ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და ღამეს სადგურის მოედანზე, ბანკის შესასვლელში ათევდა. ზოგჯერ ბანკომატით მოსარგებლეები შენიშნავდნენ და ქუჩის საცხობიდან მოტანილი საკვებით უმასპინძლდებოდნენ ხოლმე. რამდენიმე დღით იძულებული გახდა სექსსამუშაოშიც ჩართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიაზრა, რომ ეს საქმიანობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო, მიატოვა.
ერთ დღესაც „ფეისბუკზე“ დახმარება ითხოვა. „თანასწორობის მოძრაობა“ დაუკავშირდა და ერთი თვით ჰოსტელი დაუქირავეს. ბადრიმ ამ პერიოდში სამსახურიც იშოვა. დღემდე იქ მუშაობს – ერთი-ერთი ქართული რესტორნის მიმტანის დამხმარეა. ამბობს, რომ 600 ლარით ბინის დაქირავებას ახერხებს, მაგრამ ეს თანხა მაინც არ ჰყოფნის. სოციალური აგენტიც სტუმრობდა და მიღებული ქულებით ყოველთვიურად 60 ლარს იღებს. ეღიმება, როცა სახელმწიფო შემწეობაზე საუბრობს. ცოტა ხნის წინ სამსახურში გამოუცხადეს, რომ მისი აივ-დადებითი სტატუსი შეუფერებელია რესტორნისთვის და გააფრთხილეს, 10 თებერვლამდე სამსახური უნდა დატოვოო.
ლალა მიქელაძე, 23 წლის
გამუდმებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობამ 21 წლის ლალა იძულებული გახადა, სახლი დაეტოვებინა. მამა ერთხელ თოფითაც გამოეკიდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ამბობს, რომ ოჯახში ძალადობა თავის სექსუალურ ორიენტაციასაც უკავშირდებოდა. წამოსვლიდან მალევე ბინა იქირავა იმ პირობით, რომ ქირას მოგვიანებით გადაიხდიდა.
„პოლიციას მივმართე, აღიძრა საქმეც, თუმცა არანაირი შედეგი არ გამოიღო, რადგან არ იყო საკმარისი მტკიცებულებები“.
ლალა ამბობს, რომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს და თავშესაფარიც შესთავაზეს. თავშესაფარი უკვე ჰქონდა, ამიტომ მასზე უარი თქვა.
„ერთი წელი ვიყავი უსამსახუროდ. ერთ საცხობში ვაკანსია იყო. შემომხედეს და მკითხეს – ბიჭი ხარ თუ გოგოო. შემდეგ მითხრეს, უკვე სხვა ავიყვანეთო“.
უმუშევრობამ ერთი წელი გასტანა. ლალამ თავი ჯერ ბიძაშვილის სახლს შეაფარა, ახლა კი ნათლიასთან ცხოვრობს. დღეს უკვე ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობს. თუმცა ხელფასის სიმცირის გამო ბინის დაქირავებას ვერ ახერხებს. იხსენებს, რომ უსახსრობისას ავადმყოფობის დროს ექიმთან მისვლა ვერ შეძლო. აპირებს, საზღვარგარეთ წავიდეს და ცხოვრება იქ გააგრძელოს.
ანანო სურმავა, 25 წლის
ბებია ვერ ეგუებოდა ანანოს სოციალურ და პოლიტიკურ აქტიურობას. ამას დაემატა ისიც, რომ მან ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობაში“ დაიწყო მუშაობა. ანანო ხუმრობით საკუთარ თავს პოლიტიკურად ლესბოსელს უწოდებს. თუმცა მას საკუთარი სექსუალური ორიენტაციის რომელიმე კონკრეტულ სიტყვაში მოქცევა არ სურს. ამის შესახებ იცოდა ბებიამაც, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ანანო კი ქუთაისში, იმ სახლში ცხოვრობდა, რომელშიც გაიზარდა. მარტო ცხოვრობდა, რადგან დედაც საზღვარგარეთ იყო. ერთ დღესაც ანანომ ფეისბუკზე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც თავის სექსუალობას ეხებოდა. ბებიამ ვერ აიტანა „სახალხოდ თავის მოჭრა“ და მუქარის ძალაში მოსაყვანად საქართველოში გაუფრთხილებლად დაბრუნდა – მან 23 წლის შვილიშვილი სახლიდან გააძევა.
„თუკი რაიმე შანსი მქონდა, რომ მეფიქრა საკუთარ ცხოვრებაზე, განვითარებაზე, განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაზე, ამ ამბის შემდეგ ყველაფერი შეუძლებელი გახდა, რადგან პირველად საჭიროებად თავშესაფრის მოძებნა იქცა, სადაც ცხოვრებას გავაგრძელებდი“.
ბებიამ ანანოს კატა მე-5 სართულიდან გადააგდო. ნათესავებისგანაც სალანძღავ ზარებს იღებდა. მან თავი დროებით „იდენტობის“ ოფისს შეაფარა. პოლიციისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, მისთვის დაზარალებულის სტატუსიც არავის მიუნიჭებია.
„ეს იმდენად რთული და მძიმე პროცედურაა, კიდევ უფრო დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას. უფრო მეტად მომიწევდა ამ პროცესებში ჩართვა, მტკიცება – რა და რატომ მოხდა. ძალიან გართულდებოდა ჰომოფობიური მოტივის დამტკიცებაც, რასაც თავი ავარიდე. პოლიციას რომ მივმართო და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი მოვითხოვო, აუცილებლად მსხვერპლად უნდა მაღიარონ. სხვა შემთხვევაში ლგბტ თემის წევრი ვერანაირად ვერ მოხვდება ამ თავშესაფარში. ჩემს შემთხვევაში აზრიც არ ჰქონდა სახელმწიფოსგან რამის მოთხოვნას“.
მეგობრებისა და სამსახურის იმედად დარჩენილი ანანოს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ამბობს, რომ სტრესმა არაშრომისუნარიანი და არაპროდუქტიული გახადა. „იდენტობის“ ოფისის შემდეგ დროებით ხან ერთ მეგობართან ცხოვრობდა, ხან მეორესთან. ბანკიდან სესხის გამოტანაც უნდოდა ბინის დასაგირავებლად, თუმცა დაბალი ხელფასი ამის შესაძლებლობას უკარგავდა.
„ეს იყო დაუსრულებელი აქეთ-იქით სირბილი. ყველაფერს აკეთებ, იხდი გადასახადებს, შრომობ, მაგრამ არც კერძო სექტორი და არც სახელმწიფო, როცა გჭირდება, შენ გვერდით არ დგას.
უსახლკაროდ დარჩენილი მამას დაუკავშირდა, რომელთანაც 20 წელზე მეტ ხანს ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდა. სთხოვა, ქუთაისში მდებარე დაკეტილი სახლი მისთვის დაეთმო. ანანო იხსენებს, რომ მამაც და დედაც ნათესავების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ. თუმცა გაუმართლა, რომ მშობლები ნათესავების მუდმივი, ლანძღვის მიუხედავად, მაინც მხარს უჭერენ. თუმცა მაინც ხშირად უწევს მშობლებთან იმაზე კამათი, „რატომ არ უნდა გამრავლება“, „გათხოვება“ და ა.შ. ანანოს მაინც მოუწია სესხის აღება მამისეული სახლის შესაკეთებლად და მისი მთავარი გეგმაც მომავალი 3 წლის განმავლობაში ამ სესხის დაფარვაა.
მადონა კიპაროიძე, 19 წლის
ცემა, ხორბალზე მუხლებით დგომა, ყინულები ხელის გულზე – ასე სჯიდა ხოლმე უფროსი ძმა მადონას. ამბობს, რომ ძმაზე მამა ძალადობდა და ისიც მსხვერპლი იყო, ამიტომ ძმის ამ დამოკიდებულებას იმ გარემოს უკავშირებს, რომელშიც ოჯახს უწევდა ყოფნა. თვითონ ოჯახს ბავშვობიდან ეხმარებოდა, ხან ჯართს აბარებდა, ხან მეტროსთან პროდუქტებს ყიდდა. სკოლაში მისვლასაც ასწრებდა. იხსენებს, რომ ზოგჯერ ბოსელში იძინებდა ცხოველებთან ერთად, რათა ძალადობისთვის თავი აერიდებინა. შუაღამისას მაღაზიაში აგზავნიდნენ ხოლმე. სიბნელის შიში დღემდე ვერ დაძლია.
14 წლის ასაკში დედას გაუმხილა, რომ ტრანსგენდერი ქალია. ამის შემდეგ ოჯახი მას ყველანაირად ავიწროებდა, ინტერნეტთან წვდომაც შეუზღუდა. იხსენებს, რომ დედამ მოსთხოვა – უარი ეთქვა საკუთარ იდენტობაზე. მოზარდი სახლიდან გაიქცა და ასე დაიწყო ცხოვრება ღია ცის ქვეშ. ღამეს პარკებში, სადარბაზოებში ათევდა.
„ეს ჩემი გათვლა იყო, ცოტა შემეშინებინა და ყურადღება მოექციათ. ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ გაუსაძლისი იყო ყოველდღე ერთსა და იმავეზე ლაპარაკი სახლშიც, სანათესაოშიც. ის ფაქტი მაგიჟებდა, როცა დედაჩემს ყველა ურჩევდა – ფსიქიატრთან მიიყვანეო. სრულიად ნორმალურ ადამიანს ფსიქოლოგიდან ფსიქოლოგთან დამატარებდნენ“.
ქუჩაში 21-დღიანი ცხოვრების შემდეგ მოზარდი დასუსტდა და ავად გახდა. სიცხიანი იძულებული გახდა, შინ დაბრუნებულიყო.
„ბოლოს ისე მშიოდა, რომ კორპუსებში ავდიოდი და კართან დაწყობილი ნაგვიდან პურს ვჭამდი. ბოლოს მივხვდი, რომ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი. ცოტა ამაყი ვიყავი და დახმარებას ვერ ვითხოვდი, მერჩივნა ნაგვიდან ამოღებული პური მეჭამა“.
შინ დაბრუნებისა და გამოჯანმრთელების შემდეგ დედამ მადონას შესთავაზა, რომ მუშაობა დაეწყო და საკუთარი სახლი აეშენებინა. უთხრა, შენს სახლში ვინც გინდა, ის იყავიო. „იმ დღიდან სახლის კარი დამიკეტეს. მას შემდეგ 6 წელი გავიდა“.
სახლიდან მეორედ წამოსული 14 წლის მადონა სექსსამუშაოში ჩაერთო. ცირკთან ტრანსგენდერი მეგობარიც შეიძინა და რამდენიმე თვით თავი მის ბინას შეაფარა. ამ პერიოდში მოზარდი სრულმა სასოწარკვეთამ შეიპყრო. ფიქრობდა, რომ ამ ცხოვრებაში მისი ადგილი აღარ იყო. ბოლოს თვითმკვლელობაც სცადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობისა“ და სოციალური მუშაკების დახმარებით მადონა ისევ ოჯახში დააბრუნეს. ოჯახმა ის იმ პირობით მიიღო, რომ ბიჭის ტანსაცმელს ჩაიცვამდა. მადონას სწავლის გაგრძელება სურდა და ამიტომ ოჯახის პირობას დასთანხმდა. სკოლიდან წიგნები გამოიტანა და სწავლა სახლში გააგრძელა – ასე აიღო ცხრა კლასის ატესტატი.
„16 წლის ასაკში თითოეულ ლუკმას მაყვედრიდნენ, ერთხელ სიცხე მქონდა და სიცხის დამწევიც არ უყიდიათ. მეუბნებოდნენ, რომ უკვე დიდი ვარ და უნდა ვიმუშაო“.
მადონამ მუშაობა ქართულ რესტორანში დაიწყო. ხელფასზე დედას 100-200 ლარს აძლევდა ხოლმე.
„ჩემი ძმა და ბიძები დედაჩემს ეუბნებოდნენ – ან „პიდარასტი“ შვილი აირჩიე, ან კაციო. დედაჩემიც ჩემსავით მძიმე მდგომარეობაში იყო. ძალიან იტანჯებოდა, რადგან არჩევნის წინაშე აყენებდნენ – ან მე, ან ყველა დანარჩენი. მე მართლა არ მინდოდა დედაჩემისთვის ტკივილის მიყენება. სამყაროში ორად-ორი ადამიანი მიყვარს ყველაზე მეტად – დედაჩემი და ჩემი და“.
18 წლის ასაკში მადონა სამსახურის გარეშე დარჩა. რესტორანი გაიყიდა. მალე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში დაიწყო მუშაობა. მძიმე ფიზიკურმა შრომამ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა. ამბობს, 15 დღე ვიმუშავე და ანაზღაურება მაინც არ გადამიხადესო. თვე-ნახევარი წოლით რეჟიმში გაატარა. გამაყუჩებელს ითხოვდა, თუმცა ოჯახის წევრები არ ეხმარებოდნენ. „ჩემი ძმა მეუბნებოდა, შენნაირ შიდსიან პიდარასტს წამალი რატომ უნდა მოვუტანოო“.
გაუსაძლისმა მდგომარეობამ იძულებული გახადა, პატრული გამოეძახებინა. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ქალთა თავშესაფარში გადაიყვანეს. თავშესაფარში, რომლის მდებარეობაც მკაცრად გასაიდუმლოებულია, ერთი თვე იცხოვრა.
„იქ კარგად მექცეოდნენ, ქალებმა ბევრი ტანსაცმელი მაჩუქეს. ის პერიოდი 17 მაისს დაემთხვა. ერთად აღვნიშნეთ. ლგბტ ფერებში პლაკატებიც გავაკეთეთ, შემდეგ ისინი ქალებმა ჩემი ოთახიდან გაიტანეს და დერეფანში დაკიდეს. მანამდე ჩემნაირი არ ენახათ. ბოლოს ყველა ჩემს ოთახში იკრიბებოდა და ღამეს ერთად ვათენებდით ხოლმე. იქ დარჩენა მხოლოდ ერთი თვით შემეძლო“.
თავშესაფრიდან ისევ მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსიც მიიღო და სახელმწიფომ ოპერაციის ხარჯებიც დაუფინანსა. ოპერაციიდან 10 დღეში მიმტანად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით კი იძულებული გახდა, სექსსამუშაოს დაბრუნებოდა. 19 წლის მადონა მე-6 თვეა, რაც თავს სექსმუშაკობით ირჩენს.
სურს, რომ ისწავლოს, მაგრამ შიშობს, უნივერსიტეტში ტრანსფობიურად განწყობილი ლექტორები და სტუდენტები დახვდებიან. განსაკუთრებით აინტერესებს ფსიქოლოგია, ამ დარგზე პატარა ბუკლეტის წაკითხვაც კი სიამოვნებას ანიჭებს. მკერდის ოპერაციის გაკეთებაც უნდა, თუმცა ბინის ქირისა და სხვა საჭიროებების გამო თანხას ვერ აგროვებს.
„როცა ცირკთან ვიდექი, თუ მანქანიანი კლიენტი შემხვდებოდა, ვთხოვდი ხოლმე, რომ ჩემს სახლთან გავეტარებინე. ღობიდან შემეძლო იქაურობის დანახვა. ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და იქედან ვერავინ გხედავს. ერთხელ ღობიდან დავინახე ჩემები, ეზოში ჰამაკში ისხდნენ. ჩემი დაც იყო ჩამოსული, მეზობლებიც იყვნენ და ლუდს სვამდნენ. მინდოდა შესვლა, მაგრამ ვერ შევედი. არ ვუნდივარ იქ არავის და რისთვის შევიდე? ჩემს ამბავს არავინ კითხულობს“.
ვინ არიან უსახლკაროები?
არაერთი სამართლებრივი საერთაშორისო აქტის მიხედვით, საცხოვრისის უფლება უნდა განიმარტოს ფართოდ. ის არ შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ ჭერის არქონას, არამედ უნდა მოიცავდეს ადეკვატური საცხოვრისის უფლებასაც.
საქართველოს კანონმდებლობა უსახლკაროდ არ მოიაზრებს არასათანადო საცხოვრისში მცხოვრებ პირებს. მეტიც, არ ადგენს სათანადო საცხოვრისის სტანდარტებს. კანონის მიხედვით, უსახლკარო „მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო“.
სახალხო დამცველის აპარატი თუ არასამთავრობო სექტორი ამ დეფინიციას ბუნდოვანების გამო წლებია აკრიტიკებს.
„ჩვენი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიდგომა არის ის, რომ ჯერ ქუჩაში უნდა აღმოჩნდე, რომ რაიმე ტიპის ბენეფიტი და სერვისი მიიღო. სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სხვა ტიპის უსახლკარობას არ აღიარებს. ქუჩაში ყოფნა მისთვის უსახლკარობის ერთადერთი ფორმაა“, – ამბობს EMC-ის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი.
უსახლკარობა რიცხვებში
როგორ უნდა მიიღო უსახლკაროს სტატუსი, თუ თქვენს მუნიციპალიტეტს უსახლკაროდ რეგისტრაციის მეთოდოლოგია არ გააჩნია? აღმოჩნდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 69 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტს აქვს პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის მეთოდოლოგია.
გარდა ამისა, კანონი ადგილობრივ თვითმმართველობებს ავალდებულებს, რომ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვისაც. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში (უწყება, რომელსაც სააგენტო ექვემდებარება) განგვიცხადეს, რომ მათ მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტისგან მიღებული მონაცემები აქვთ („რადგან ამ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია“). გამოდის, რომ საქართველოში უსახლკარობის სრული სურათის დანახვა და მათი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული 3 მუნიციპალიტეტის მონაცემებით, რეგისტრირებულ უსახლკაროთა რაოდენობა ასეთია: თბილისში – 2657 უსახლკარო; სამტრედიაში – 111; სიღნაღში – 25.
პრევენცია
საქართველოში არამხოლოდ არ აწარმოებენ უსახლკარობის სტატისტიკას, არამედ არ იკვლევენ მის გამომწვევ მიზეზებსა და უსახლკაროთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
EMC-ის წარმომადგენელი, ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ ამ მონაცემების არსებობა მნიშვნელოვანია პრევენციისა და რისკებისგან დაზღვევის თვალსაზრისით. მისი თქმით, სოციო-ეკონომიკური ფაქტორების უგულვებელყოფის გარდა, ლგბტ ადამიანების შემთხვევაში სახელმწიფო აბსოლუტურად ვერ ხედავს სოციო-კულტურულ ფაქტორებსაც.
„ერთი მხრივ, კულტურულმა ფაქტორმა განაპირობა, რომ შენ სახლიდან გაგაგდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს ეკონომიკური ფაქტორი, რის გამოც არ გაქვს საშუალება, დამოუკიდებლად იცხოვრო, თავი შეინახო. ასე რომ, ეს ფაქტორები ერთმანეთთან არიან გადაჯაჭვული და ვერ განაცალკევებ“, – ამბობს ჯალაღანია.
როგორც ომბუდსმენის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე აღნიშნავს, ლგბტ ადამიანთა უსახლკარობის პრევენციისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა მეთოდი ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მისი თქმით, ცნობიერების ასამაღლებლად საჭიროა, თანასწორობის საკითხები ფორმალური განათლების განუყოფელ ნაწილად იქცეს.
„დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო სერვისების განვითარებასაც, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, რომ ადამიანებს დროულად მიემართათ სახელმწიფო სერვისებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია თანასწორობა და ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად ქცევა“, – ამბობს სხილაძე.
რას სთავაზობს სახელმწიფო უსახლკაროებს?
შეკითხვაზე, აქვთ თუ არა ლგბტ ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და მიდგომები, უარყოფითი პასუხი გაგვცა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამაც და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმაც.
ლგბტ ადამიანები უსახლკაროდ ხშირად ოჯახში ძალადობის გამო რჩებიან. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კი თავშესაფარს, კრიზისულ ცენტრსა და უფასო ცხელ ხაზს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ სთავაზობს. თავშესაფრის მდებარეობა კონფიდენციალურია და იქ დარჩენის ვადა მსხვერპლის სტატუსზეა დამოკიდებული.
შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში თავშესაფარში დარჩენის ვადა 1 თვეა, დაზარალებულად ცნობის შემთხვევაში – საშუალოდ 3 თვე, თუმცა ვადა შესაძლოა მაქსიმუმ 9 თვემდე გახანგრძლივდეს; სასამართლოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერის შემთხვევაში – 6 თვე. საქართველოში სულ 5 თავშესაფარია – თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ბათუმში. თითოეული მათგანი 12-დან 20 კაცამდე იტევს. გასულ წელს ამ თავშესაფრით 411-მა ადამიანმა ისარგებლა.
გამგეობები და მუნიციპალიტეტები უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს დროებით ბინის ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. თუმცა უსახლკაროს სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგია და ბინის ქირისთვის განსაზღვრული თანხა მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ვადითა და რაოდენობით აქვთ განსაზღვრული.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის მერია ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფარ ადამიანებს ლილოს დასახლებაში მდებარე დროებით თავშესაფარს სთავაზობს, სადაც მოქალაქეებს 10-დან 18 თვემდე შეუძლიათ დარჩენა, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში არიან რეგისტრირებული. ეს პრობლემას უქმნის ლგბტ თემის იმ წევრებს, რომლებმაც რეგიონში მცხოვრებ მოძალადე ოჯახს დააღწიეს თავი. რამდენიმე შემთხვევაში კი ლგბტ თემის წევრები იძულებლნი გახდნენ თავშესაფარი დაეტოვებინათ, რისი მიზეზიც ჰომო- და ტრანსფობიური გარემო იყო.
2015 წლის ნოემბერიდან თბილისის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა, რომელიც პერიოდულად იკრიბება და განაცხადებს შეისწავლის. როგორც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ამბობს, კომისია ეტაპობრივად განიხილავს მიღებულ განცხადებებს, როცა განცხადებების რაოდენობა 300-400-ს აღწევს.
მერიისგან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით კომისიამ მიიღო 4491 ოჯახის (14 340 პირი) განაცხადი, მათგან განიხილა 2861 ოჯახის (8833 პირი) განაცხადი. აღნიშნულ პერიოდში უსახლკაროდ დარეგისტრირდა 581 ოჯახი (1649 პირი), ხოლო, თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა 157 პირის განცხადება.
საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, ლილოს თავშესაფარს 240-მდე პირის მიღება შეუძლია, სოციალურ სახლებში კი ამ ეტაპზე 600-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
რას უნდა სთავაზობდეს სახელმწიფო ლგბტ ადამიანებს?
უსახლკარობის შესახებ EMC-ის 2016 წლის კვლევაში მიმოხილულია ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. შესწავლილი ქვეყნების გამოცდილების თანახმად სოციალურ სერვისს უსახლკარო პირი იღებს მისი საჭიროებების ინდივიდუალურად და ზუსტად შეფასების შემდეგ.
საქართველოში კი სახელმწიფოს უსახლკაროთა საჭიროებები დღემდე არ შეუსწავლია. შესაბამისად, სერვისები ძირითადად ბლანკეტურია და ხშირ შემთხვევაში საჭიროებებს ვერ პასუხობს.
სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში პრობლემად რჩება ლგბტ ადამიანების საჭიროებებზე მორგებული სერვისების არარსებობა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თავშესაფრებში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ ჰომო- თუ ტრანფობიური გარემო. ომბუდსმენის მოადგილე აღნიშნავს, რომ ლგბტ ადამიანები ხშირად უარს ამბობენ სახელმწიფო სერვისების გამოყენებაზე, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ისინი უმეტესად სათემო ორგანიზაციების სერვისებს იყენებენ.
„ბოლო წლების განმავლობაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერმა ქალმა ისარგებლა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის სერვისით. ჩვენი ინფორმაციით, გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს შორის იყო მიმღებლობის პრობლემა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის სერვისების პერსონალი, ერთი მხრივ, მზად იყოს მსგავსი ტიპის სიტუაციებისთვის და, მეორე მხრივ, თავად იყოს თავისუფალი ჰომოფობიური განწყობებისგან“, – ამბობს სხილაძე.
„თანასწორობის მოძრაობის“ სოციალური მუშაკი ირა სილანტევა იხსენებს შემთხვევას, როდესაც ტრანსგენდერ კაცს ლილოს თავშესაფარში ქალების ფლიგელში ათავსებდნენ. სილანტევა იმასაც ამბობს, რომ ბენეფიციარი თავშესაფარში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა სხვა ბენეფიციართა მხრიდან ფიზიკური საფრთხის გაზრდილი რისკების გამო, ამიტომ მან კვლავ ქუჩაში დაბრუნება არჩია.
ლგბტ ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა და თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში ეძებონ. ლიკა ჯალაღანიას თქმით, უსახლკარობა გადაჯაჭვულია განათლების ხელმისაწვდომობასთანაც. უსახლკაროდ დარჩენილი ლგბტ ადამიანები ვერ ახერხებენ სრულფასოვანი განათლების მიღებას, რათა შემდგომში ადეკვატურ სამუშაო ადგილას დასაქმდნენ.
„ასე იკვრება ჩაკეტილი წრე. ყველა სივრციდან ირიყები. რჩება ერთი შესაძლებლობა – ჩაერთო პრეკარიულ შრომაში, სადაც არსებულ ეკონომიკურ წესრიგში, ბიზნესები ადეკვატურ შრომით პირობებს არავის სთავაზობს, ადამიანები მინიმალური ხელფასის პირობებში რჩებიან ქრონიკულ სიღარიბეში. ქრონიკული სიღარიბის ამ ციკლიდან გაღწევა მათ არ შეუძლიათ“, – ამბობს ჯალაღანია.