პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ეპიდვითარების მართვასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა ისმის, მაგრამ უმთავრესი საკითხები – როგორ ვმკურნალობთ კლინიკებში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს; როგორ ხდება ამის შეფასება; ვის მიერ და რა ვიცით ამ პროცესის შესახებ – ჯერ კიდევ ღიად რჩება.
ექიმი-პედიატრი ირინა მარგოშვილი სამ სამსახურში მუშაობს – ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, პედიატრიული ქირურგიის ცენტრში და თბილისის ზღვის ჰოსპიტალში. სამივე კლინიკაში ის კოვიდინფიცირებულ პაციენტებს უვლის.
ამ სამი სამსახურიდან ერთგან დღის, ორგან კი ღამის ცვლაში უწევს მუშაობა. მკურნალობს როგორც დიდებს, ასევე ბავშვებსაც.
პაციენტი თავდაპირველად მიმღებ განყოფილებაში ხვდება, სადაც უტარდება პროტოკოლით განსაზღვრული კვლევები. მიმღების ექიმი აფასებს მის მდგომარეობას – ჰემოდინამიკურ, რესპირატორულ პარამეტრებს, კითხულობს ანამნეზს – რამდენი დღეა რაც პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდი, როგორ მიმდინარეობს ინფექცია – მაღალი თუ დაბალი ცხელებით, გამოხატულია თუ არა სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. ამ მონაცემებს ირინასთვის, მკურნალი ექიმისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რადგან – „კოვიდის სხვადასხვა ფაზაზე სხვადასხვა მკურნალობაა საჭირო”.
ირინა გვიყვება, რომ პროტოკოლი მუდმივად ახლდება. მკურნალობის მეთოდებში ცვლილებები შედის: „პაციენტებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, მაგალითად, პროტოკოლით მოწოდებულია KT (კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევა, მაგრამ ამას მაშინ ატარებ, როცა პაციენტის რესპირატორული პარამეტრები გაუარესებულია; ფიქრობ, რომ ფილტვის ზედაპირი დაზიანებულია, პაციენტი ვერ სატურირებს, რა თქმა უნდა, გიჩნდება ეჭვი, რომ ფილტვი აღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ამ დროს შეიძლება პროტოკოლის გარეშეც, დაუგეგმავად დაგჭირდეს KT-ს გაკეთება. რათა განსაზღვრო ფილტვის დაზიანების ინდექსი”.
ირინა დარდობს, რომ ძალიან ხშირია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, რაც მისი თქმით, იმის შედეგია, რომ პაციენტები ექიმებს არ ენდობიან და მხოლოდ მაშინ მიმართავენ კლინიკას, როდესაც ბინაზე მართვა უკვე შეუძლებელი ხდება.
ირინა მარგოშვილის პაციენტების უმეტესობა აუცრელია. თუმცა ვინც აცრილია და მაინც ხვდება მასთან, უმრავლესობას ინფექცია ძალიან მსუბუქად გადააქვს. „ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, იცავს მძიმე გართულებისგან, სიკვდილიანობისგან… აცრილის დამძიმება უიშვიათესია და მერე ამ იშვიათ შემთხვევებზე ხდება აპელირება”, – გვეუბნება ექიმი და დასძენს, რომ ვაქცინაციაც უნდა გაძლიერდეს და რეგულაციების დაცვაც.
ირინას კლინიკამ პირველმა დაიწყო კოვიდპაციენტების მიღება და მთელმა კოვიდპერიოდმა მის თვალწინ გაიარა.
თავიდან კარანტინის რეჟიმით მუშაობდა – ორი კვირა კლინიკიდან ვერ გამოდიოდა, მომდევნო ორი კვირა კი იზოლაციაში იყო. ასეთი წრე ირინამ ექვსჯერ გამოიარა.
„მთელი კოვიდის პერიოდში მეც და ბევრი სხვა ექიმიც არ დავდივართ მეგობრებთან, ნათესავებთან, რადგან მუდმივად კონტაქტი ვარ. შვილს ვერ ვნახულობდი. დღესაც ვცდილობ, რომ არ ჩავეხუტო, არ მივუახლოვდე, ცხოვრება გეკარგება, სამსახურისთვის ცხოვრობ. უკვე ორი წელია ასეა. ეს რამ უნდა აანაზღაუროს?” – მეკითხება ის, როდესაც ვინტერესდები, რამდენად ადეკვატურია მისი ანაზღაურება.
„ეს არ არის დაავადება, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს და ბოლომდე ნაკვლევია, ჩემს წინამორბედებს უმუშავიათ, და ყველაფერი ვიცით. ამ დაავადებაზე მეტი იცის იმან, ვინც მეტ პაციენტს ხედავს, ვისაც მეტი პრაქტიკა აქვს… ჩვენს ქვეყანას სჭირდება ადამიანური რესურსი, ექიმი, ექთანი… ექიმების დაინფიცირების შემთხვევები ხშირია, თანაც მე ძალიან მიყვარს ეს საქმე“, – მეუბნება ირინა და ინტერვიუს დასრულებისთანავე მორიგი სამსახურისკენ მიიჩქარის.
► სტატისტიკა – სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და გარდაცვალების მიზეზები
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირებული ადამიანების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ხუთეულშია. მათ შორის გარდაცვალებული ადამიანების საერთო რაოდენობით ათეულში, ხოლო ბოლო თვეებში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველოში COVID-19-ით განპირობებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 8 976-ს შეადგენდა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.46%).
სიკვდილიანობის მაჩვენებლების როგორც რაოდენობრივი, ისე 1 მლნ მოსახლეზე მაქსიმალური მნიშვნელობები დაფიქსირდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში.
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე 2 399 შეადგენს.
თუკი კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების შემთხვევებს ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ პაციენტთა დაახლოებით 51% ქალია, 49% კაცი.
გარდაცვალების ყველაზე მაღალი პროცენტი ფიქსირდება 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. მათგან ყველაზე მაღალი 18% – 80-84 წლის ასაკში, 70-75 წლის ასაკში – 17%, 65-69 წლის ასაკში – 14%.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. სიკვდილის შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.
თანმხლებ დაავადებთა შორის: კარდიო-ვასკულარული დ-ბი (ჰიპერტენზიის გარდა) – 69.1%; ჰიპერტენზია – 35.3%; დიაბეტი – 25.5%; ონკოლოგიური დაავადება – 5.8%; ფილტვის ქრონიკული დაავადება – 4.4%.
გართულებებს შორისაა: პნევმონია – 74.7%; სუნთქვის უკმარისობა – 73.6%; რესპირაციული დისტრეს სინდრომი – 25.8%; გულის უკმარისობა – 19%.
► რა ვიცით მკურნალობის ხარისხის შესახებ
კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით სპეციალისტები მიუთითებენ, რომ არ აქვთ ზუსტი და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაცია მკურნალობის პრაქტიკულ ნაწილთან დაკავშირებით.
არსებობს კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი), რომელიც მკურნალობის ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს. გვყავს კლინიკური მართვის ჯგუფი, სადაც პრაქტიკოსი ექიმები და გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, მაგრამ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია მკურნალობის ხარისხის, პროცესში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მკურნალობის სქემების შესახებ; ასევე – შეფასება იმისა საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი რამდენადაა დაკავშირებული სწორედ კლინიკური მართვის პროცესთან.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის სახელმწიფო სტანდარტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის მარტში დაამტკიცა.
პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული კლინიკური მართვის სტანდარტებსა და რეკომენდაციებს. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებს.
დოკუმენტის მიზანია ექიმებისთვის COVID-19-ის და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციის, განსაკუთრებით კი მძიმედ მიმდინარე დაავადების მქონე პაციენტების, კლინიკური მართვის ხარისხის გაუმჯობესება დროული, ეფექტიანი და უსაფრთხო რეკომენდაციების მიწოდებით.
პროტოკოლი განიხილავს ახალი СOVID-19-ით დაავადებულთა კლინიკურ გამოვლინებებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, დაავადების თავიდან აცილების პრევენციულ ღონისძიებებს.
ის განკუთვნილია ინფექციური სნეულებების სპეციალისტებისთვის, ოჯახის ექიმებისთვის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის, პედიატრებისთვის, პირველადი ჯანდაცვის რგოლში დასაქმებული ექიმი-სპეციალისტებისთვის, ასევე, სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისთვის, ექთნებისა და სოციალური მუშაკებისათვის.
COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების დიაგნოსტიკური ალგორითმი ასეთია:
- სისხლის საერთო ანალიზი; · C რეაქტიული ცილა; · გულმკერდის რენტგენოგრაფია; · ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით და/ან SARS-CoV-2-ის ანტიგენის/ანტისხეულის განსაზღვრა სწრაფი მარტივი მეთოდით.
თუმცა, კლინიკური ჩვენების მიხედვით შესაძლებელია სხვა დამატებითი კვლევების ჩატარებაც.
პროტოკოლის დანერგვის მოსალოდნელი შედეგი უნდა ყოფილიყო ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ავადობისა და სიკვდილობის შემცირება; ასევე, დაავადების ეფექტიანი მართვა, რაც შეამცირებდა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობასა და პაციენტზე გაწეულ დანახარჯებს.
აჩვენა თუ არა ეს შედეგი პროტოკოლის დანერგვამ? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თავად სახელმწიფო სტანდარტშია აღნიშნული, რომ უნდა ჩატარებულიყო აუდიტი.
ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ კლინიკური აუდიტის შესახებ ინფორმაცია სპეციალისტებს არ აქვთ.
როგორც ის მიიჩნევს, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ახლა, რომელიც სიცხადეს შეიტანდა მკურნალობის ხარისხთან მიმართებაში, სწორედ აუდიტის/შეფასების დოკუმენტია.
„ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ პროტოკოლის იმპლემენტაციასა და მის აუდიტში. ოღონდ ეს მინდა, რომ სწორად გავიგოთ – კლინიკური პროტოკოლის აუდიტი ნიშნავს, რომ ჩვენ ვნახოთ კოლეგები რამდენად მიჰყვებიან ამ კლინიკური პროტოკოლის მითითებებს, სულისკვეთებას და ვიპოვოთ ის სუსტი წერტილები, სადაც არის პრობლემა. მერე კი დავიწყოთ სპეციფიკური მუშაობა ამ მიმართულებით. ეს არის მიზანი. სამწუხაროდ, ეს ორგანიზებულად არ გაკეთებულა მთელი პანდემიის მართვის განმავლობაში. ჩვენ არ გვაქვს აუდიტის დასკვნა, რომლითაც გავიგებთ, სად გვიჭირს. არც ვიცით გაკეთდა თუ არა. ინფორმაცია არ გვაქვს“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
ის აღნიშნავს, რომ შეფასებისთვის არ არსებობს ხელშესახები დასკვნა და მონაცემები, ამიტომ საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდებისა და შეგრძნებების დონეზე, რაც საკმაოდ რთულია.
როგორც ვახტანგ კალოიანი ამბობს, ის ხალხი, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებს, ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, ამერიკაზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ამიტომ ალბათ კრიტიკული შეფასების საჭიროებას ვერ ხედავენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორონავირუსის მართვისას ექიმები ხელმძღვანელობენ ჰოსპიტალური პაციენტების მართვისა და პაციენტების ბინაზე მართვის პროტოკოლებით. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროტოკოლში ცვლილებები შევიდა.
როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, პროტოკოლების დღეს მოქმედი, ბოლო ვერსია არის გამართული და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამდენად, პრობლემას წარმოადგენს არა თავად დოკუმენტები, არამედ მისი პრაქტიკაში ზედმიწევნით და სწორად განხორციელება.
ბუწაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის კლინიკური მართვის დამტკიცებული პროტოკოლი აქვს, მათი შესრულება ადგილობრივ დონეზე ხშირ შემთხვევაში სწორად არაა წარმართული.
ის განმარტავს, რომ კლინიკებში ხშირად „პაციენტებს სრულიად ზედმეტი და უსარგებლო პრეპარატებით ტვირთავენ“, მაგალითისთვის საუბრობს არასაჭირო რაოდენობის ანტიბიოტიკებსა და ჭარბი დოზით სამკურნალო ჰორმონების დანიშვნაზე, რაც ხშირად გართულებებს იწვევს პაციენტებში, მათ შორის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ.
როგორც ინფექციონისტი მიიჩნევს, პროტოკოლის ზედმიწევნით და სწორად შესრულება უნდა კონტროლდებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ჯგუფის მიერ, კლინიკური ჯგუფის მონიტორინგის შედეგები კი ექიმთა ფართო წრის მიერ უნდა იყოს განხილული.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე ტიპის სადამსჯელო ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რეალურად შესაძლოა ექიმების ბრალი არაფერი არ არის, იმიტომ, რომ კოვიდკლინიკები ელვის სისწრაფით გაიხსნა, შეიძლება მინიმალური ტრენინგი გაიარეს ექიმებმა. ამიტომ ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ ექიმები სრულიად ახალი დაავადების წინაშე. შესაბამისად, აუდიტის ამოცანა უნდა იყოს ყველა გართულებული შემთხვევის შემოწმება.
გარდაცვალების თითოეული შემთხვევა დეტალურად უნდა გაირჩეს, კარგი იქნება თუ ის კლინიკური ჯგუფის გარეთაც ექიმების გარჩევის თემა იქნება. ცხადია, აქ არ ვლაპარაკობ პაციენტის ვინაობაზე, სახელსა და გვარზე, უბრალოდ შემთხვევების ანალიზი უნდა მიდიოდეს, იმიტომ, რომ მედიცინაში დაშვებულ შემთხვევებზე სხვამაც უნდა ისწავლოს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს შეცდომებს“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.
ის, რომ კორონავირუსის კლინიკურ მართვაში პრობლემებია, ბუწაშვილის შეფასებით, ნათლად ჩანს ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობით. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ მომხდარა აპელირება, რომ ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი დაბალია, რეალურად მათ მიერ მოტანილი მონაცემები ეყრდნობოდა ქვეყანაში პანდემიის გავრცელების დღიდან დღემდე ჯამურ მონაცემებს, ამიტომ ერთი შეხედვით ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით, დაბალ მაჩვენებელს ასახავდა. მაგრამ თუ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ ეპიდემიოლოგიურ სურათს, გავაანალიზებთ ლეტალობას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ან პანდემიის სხვადასხვა ტალღის მიხედვით, ვნახავთ, რომ „ციფრები ძალიან არასახარბიელოა, განსაკუთრებით მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით“.
აქვე ის ყურადღებას ამახვილებს კლინიკური მართვისას ხშირად არასაჭირო გამოკვლევების ჩატარების ტენდენციაზე, რაც თავის მხრივ არაეფექტური ხარჯია.
მაგალითისთვის მოჰყავს კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება. ბუწაშვილი ამბობს, რომ პროტოკოლიც დასაწყისში „ძალიან ხშირად“ ითვალისწინებდა“ კატეს გამოყენებას, მოგვიანებით, ცვლილებების შედეგად, რაოდენობა შემცირდა, თუმცა „ჩვევაში დარჩათ ექიმებს,“, ბუწაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა შემოსავლის წყაროც არის კლინიკებისთვის, შესაძლოა ამიტომაც გაჭირდა მასზე უარის თქმა.
„რეალურად კატე (კომპიუტერული ტომოგრაფია) კეთდება ბევრჯერ უფრო მეტად და ხშირად, ვიდრე ეს საჭიროა. და თუ გავითვალისწინებთ, რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს სამომავლოდ, რა მავნე შედეგები შეიძლება ჰქონდეს (კომპიუტერული ტომოგრაფია დასხივების ელემენტს მოიცავს, შესაბამისად რისკი შესაძლოა ჰქონდეს ქრონიკული დაავადებებთან, სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან დაკავშირებით და ა.შ.) განსაკუთრებით ბავშვებზე, სიტუაციას მართლა შეგვიძლია დავარქვათ – საგანგაშო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემთხვევათა უდიდეს ნაწილში კატე აბსოლუტურად არ ცვლის მკურნალობის პრაქტიკას, მის გარეშეც შეიძლება კლინიკური მართვა და ამიტომ ეს პროცედურა, გამოკვლევის ეს მეთოდი, სრულიად ზედმეტია შემთხვევათა ძალიან დიდ ნაწილში“.
მისივე თქმით, ანალოგიური პრობლემაა ლაბორატორიული კვლევების მიმართულებითაც, მისი განმარტებით, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად არ ჩნდება რისკი, რომ შესაძლოა „მავნე შედეგზე გავიდეთ“, მაგრამ სახეზეა სრულიად არასაჭირო ხარჯი. მისი თქმით, ბინაზე მყოფი პაციენტების დიდ ნაწილს საერთოდ არ სჭირდება ლაბორატორიული კვლევები, მაგრამ ფაქტობრივად თითქმის ყველა განმეორებითად იტარებს არასაჭირო კვლევებს, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს არასწორი კომუნიკაციის პრობლემას შეგვიძლია დავაბრალოთ.
კორონავირუსის კლინიკური მართვის არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე საუბრისას მაია ბუწაშვილი ყურადღებას რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს.
პირველი, მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად კარგი იქნებოდა თუკი სხვადასხვა სპეციალისტი, განსაკუთრებით რეანიმატოლოგები გაიგზავნებოდნენ უცხოეთში თუნდაც ხანმოკლე ტრენინგზე.
„იმისათვის, რომ ენახათ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ეს თავიანთ თავზე გაიარეს, ბევრი შეცდომა დაუშვეს და თავიანთ შეცდომებზეც ისწავლეს. სამწუხაროდ, ჩვენ მათ შეცდომებს ისევ თავიდან ვიმეორებთ, იმის მაგივრად, რომ გამოვიყენოთ ის შანსი, რომ ჩვენთან პანდემია მოგვიანებით შემოვიდა.
ბევრმა ქვეყანამ ჩვენზე ბევრად ადრე ბევრი გართულებული შემთხვევა ნახა და ამიტომ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მათ შეცდომებზე ვისწავლოთ, როგორც დისტანციურად ასევე ადგილზე ჩასვლით, ამ ტიპის სტაჟირებები თუ ტრენინგები ჩვენი სპეციალისტებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა“.
მეორე მხრივ, ბუწაშვილი ფიქრობს, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კლინიკური ჯგუფის მიერ სხვადასხვა კლინიკაში, განსაკუთრებით რეგიონებში ხშირ ვიზიტებს, ადგილზე სიტუაციის გაცნობას, პაციენტთა ისტორიების ნახვას, თითოეული გარდაცვალების შემთხვევის ანალიზს, შემოწმებას, თუ რამდენად პროტოკოლის დაცვით ხდება პაციენტის მკურნალობა.
მისი შეფასებით, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და შემოწმება არა დასჯის მიზნით, არამედ კვალიფიციური მითითებების გაცემისა და სიტუაციის გამოსწორების მიზნით.
► რას ამბობენ პასუხისმგებელი პირები და სად არის შეფასების დოკუმენტი
მძიმე, საშუალო და მსუბუქი კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ძირითადი პრინციპები პროტოკოლით განსაზღვრულია, მათ შორის, დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების თანმიმდევრობა და რაოდენობა, ასევე, ჯანმოს მიერ რეკომენდებული და დამტკიცებული კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტებისა თუ სხვადასხვა ანტიბიოტიკის დანიშვნის წესი.
თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, კონკრეტულ პაციენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ, პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე, რომელიც ამავე დროს კლინიკური ჯგუფის წევრიცაა, გვიყვება, როგორ მკურნალობენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს და ვინ სწავლობს შემდგომ მკურნალობის ხარისხს.
მისი თქმით, მკურნალობა მიმდინარეობს პროტოკოლის მიხედვით, მონიტორინგზე კი ყველა კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურია პასუხისმგებელი.
„ასე მუშაობს რესპუბლიკური საავადმყოფო და წარმოუდგენელია სხვა კლინიკები სხვანაირად მუშაობდნენ – ყველა კლინიკას ჰყავს თავისი ხარისხის სამსახური, რომელიც ამოწმებს ყველა პაციენტის ისტორიას, თუ როგორ მიდის მკურნალობა, რა სქემით ხდება და ა.შ.
ყოველდღიური შემოწმება ხდება იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს მკურნალობა, სრულდება თუ არა ის მოთხოვნა, რაც წაეყენება კონკრეტულად კოვიდის მართვის პროტოკოლით სამედიცინო პერსონალს, სხვანაირად გამორიცხულია.
მონიტორინგი მიდის მუდმივად. ამისთვის არსებობენ პირველ რიგში ექიმები, რა თქმა უნდა, რომლებმაც იციან, პროტოკოლით როგორ უნდა იმუშაონ, მერე დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ ამ დაავადების მართვას, პასუხისმგებელნი არიან მასზე და რაც მთავარია, ამისთვის არსებობს, როგორც გითხარი, ხარისხის სამსახური, რომელიც ასევე აკონტროლებს. ყველა ისტორიის დამუშავება ხდება და ეს არის მუდმივი კონტროლის პროცესი“, – ამბობს ლევან გოფოძე.
ექიმი ამბობს, რომ მკურნალობის პროცესში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მიდგომა ინდივიდუალურია, შესაბამისად, მედიკამენტების დანიშვნა თუ დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირია.
მისი თქმით, მაგალითად, კატეს (კომპიუტერული ტომოგრაფია) სჭირდება ჩვენება, ამიტომ ხარისხის სამსახური სწორედ ამას უყურებს – რამდენ შემთხვევაში გაკეთდა კატე როდესაც ამის საჭიროება არ იყო და პირიქით. შემდეგ კი მონაცემების ანალიზის საფუძველზე მკურნალობის ნაწილში ცვლილებები შედის და ეს დინამიკური პროცესია.
„რა თქმა უნდა, ამ დინამიკაში შეიძლება ბევრი ისეთი რამე აღმოჩნდეს, რომელიც კორექტირებას მოითხოვდეს და მოხდეს მისი შეცვლა.
დაავადება იმდენად ახალია, სულ ვამბობ და თქვენთანაც ვიტყვი, რომ ამ ორ წელიწადში შეუძლებელია იდეალური მკურნალობის სქემები შეიქმნას, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დრო გავიდა, ჩვენ თანდათანობით ვსწავლობთ. ამიტომ ეს სულ იცვლება და ეს ბუნებრივია.
კლინიკურ ჯგუფსაც უწევს განსაზღვრული ცვლილების შეტანა კონკრეტულ ქმედებებში, მაგრამ პრინციპი მკურნალობის რჩება ერთი, რაც არის გაიდლაინით განსაზღვრული – როგორ ვუმკურნალოთ მძიმე ფორმებს, საშუალოს და მსუბუქს, ასევე როგორ ვმკურნალობთ პაციენტს რეანიმაციაში, თორემ მედიკამენტების შერჩევა ინდივიდუალურად ხდება“, – ამბობს ის.
ლევან გოფოძის თქმით, ყველა კლინიკა თავად ამოწმებს მკურნალობის ხარისხს. კლინიკური ჯგუფი კი მკურნალობის ზოგად პრინციპებს ათანხმებს და ახალი მკურნალობის მეთოდებისა თუ მედიკამენტების, რაც მსოფლიოში ჩნდება, ეროვნულ დონეზე დანერგვაზე მსჯელობს.
ის მიიჩნევს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი ტემპია და არა მკურნალობის დეფიციტი, ან არასწორი მკურნალობა.
„ახლა შემოვიარე რეანიმაციული განყოფილება. უმეტესობა – პაციენტების 95% არის ასაკოვანი, 80 წლის და ზემოთ. მათთვის კატასტროფაა ეს ინფექცია, რადგან ფილტვების დაზიანებას ასეთი ადამიანები ძნელად უმკლავდებიან და ბუნებრივია, რომ ლეტალობის მაღალი მაჩვენებელია. აქედან კიდევ პაციენტების 99% აუცრელია. ეს არის პრობლემა და ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, თორემ მედიკამენტებს გერმანიაშიც, საქართველოშიც და ამერიკაში ერთსა და იმავეს იყენებენ სამკურნალოდ. არ არის განსხვავება დამერწმუნეთ.
ჩვენ ახლა გვყავს ერთი პაციენტი, რომლის შვილმაც გამოგვართვა ყველა მონაცემი თავისი ანალიზებით, მკურნალობის სქემებით და გერმანიაში ექიმებს გაუგზავნა, ასე მკურნალობენ მამაჩემსო. იქიდან მოწერეს, რომ გმირები ყოფილან ეგ ექიმები, ეს პაციენტი, 22-ქულიანი თუ დღეს ასეთ მდგომარეობაში არისო. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ უნიკალური ექიმები ვართ, არა, უბრალოდ იმ სქემებით, რომლითაც იქ მკურნალობენ ისევე ვმკურნალობთ ჩვენ და ნახეს, რომ ამ მკურნალობით შედეგი დადგა ჩვენთანაც“, – ამბობს ლევან გოფოძე.
უშუალოდ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძესთან საუბარი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ. მან უარი გვითხრა ინტერვიუზე. სფეროში მოღვაწე სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფექციის კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით მთავარი კითხვები სწორედ თენგიზ ცერცვაძეს უნდა დავუსვათ. ჯანდაცვის სამინისტრომაც თემაზე სასაუბროდ კლინიკურ ჯგუფთან გადაგვამისამართა. თუმცა, მოგვიანებით, მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პუბლიკის“ კითხვებს ბრიფინგზე უპასუხა.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ კოვიდის მართვის კლინიკური აუდიტი პირველად გასული წლის სექტემბერში ბათუმში ჩატარდა. შემდეგ მომზადდა მეთოდოლოგია დეტალური, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით და პროფესიული ასოციაციების წევრები აუდიტის მეთოდოლოგიაში მომზადდნენ.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ რეგულირების სააგენტო მიმდინარე პერიოდში მუდმივად ატარებს აუდიტს იმისთვის, რომ გამოვლინდეს, თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი. მისი თქმით, კლინიკურ გაიდლაინებთან შესაბამისობა ხშირ შემთხვევაში დასტურდება.
„ანუ ჩვენ არ გვქონია პრობლემური შემთხვევები იდენტიფიცირებული მიმდინარე აუდიტის პროცესში, თუმცა იყო გარკვეული დამატებითი რეკომენდაციები, რაც ითვალისწინებდა ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრებას. ასევე, ზოგიერთი მედიკამენტის დანერგვის ხელშეწყობას, როგორიცაა, მაგალითად, ტოცილიზუმაბი, დექსამეტაზონი და სხვა ახალი მედიკამენტები, რომლებიც ეტაპობრივად შემოვიდა.
ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა ცოტა ხნის წინ შეფასება კლინიკების დონეზე და ამას მოჰყვა შემდეგ დამატებით ისევ მათივე ექსპერტების მიერ ტრენინგი. ანუ ეს არის მიმდინარე პროცესი. კლინიკური პროცესების აუდიტირება ხდება მუდმივად“, – გვეუბნება თამარ გაბუნია.
როგორც ის მიიჩნევს, ამჟამად ქვეყანაში შენარჩუნებული სიკვდილობის მაჩვენებელი – 1.4%-ზე, პროცენტულად არ არის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში, რა თქმა უნდა, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია.
მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ კლინიკური ჯგუფი ახლაც აგრძელებს მუშაობას. ძირითადი რეკომენდაციები, რაც ამ პერიოდის მანძილზე კლინიკურ ჯგუფს ჰქონდა, კლინიკებმა შეასრულეს. მისი თქმით, ეს ძირითადად ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური ხასიათის ხარვეზები იყო.
„კლინიკური მართვის მიდგომები ქვეყანაში არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ამას ადასტურებს კლინიკური ჯგუფი. ახლა მიმდინარე პერიოდში 100 კლინიკაში ადგილზე კიდევ დამატებითი შეფასება და ტრენინგი ჩატარდება, რომელსაც გლობალური ფონდი შეუწყობს ხელს. ეს არის იმისთვის, რომ თუ რაიმე სიახლე გამოჩნდა გლობალურად სამედიცინო სფეროში, ისიც ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პაციენტებისთვის, ამდენად ამ კუთხით პროცესები ნამდვილად აქტიურად გრძელდება“, – ამბობს თამარ გაბუნია.
კოვიდპაციენტების მართვაში რომ ხარვეზები არსებობს, ეს აღიარა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 დეკემბერს, სამინისტროს საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას.
უკვე ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 2-3% და კლინიკები, სადაც ეს მაჩვენებელი 15%-ია.
მან თქვა, რომ ქვეყანაში შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ ხარვეზების გამოსწორებაზე კლინიკებთან ერთად მუშაობს და პროცესში საერთაშორისო საერთაშორისო ექსპერტებიც არიან ჩართული.
„ყველა ეს პრობლემა იდენტიფიცირებულია. საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან პირისპირ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“, – თქვა ტიკარაძემ.
„პუბლიკამ“ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან კლინიკური მართვის აუდიტის დოკუმენტის შესახებ, ასევე, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ჩატარებული დიაგნოსტიკური და მედიკამენტოზური მკურნალობისა და ამ მკურნალობაზე დახარჯული თანხების შესახებ. ასევე, გვაინტერესებდა პაციენტების დამძიმებისა და გარდაცვალების მიზეზები.
ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ გარდაცვალების მიზეზების შესახებ მონაცემების დამუშავება სამინისტროს მიერ არ ხდება. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, აუდიტის, ან რამე ტიპის მონიტორინგის დოკუმენტი (რომელსაც ვითხოვდით) არ მოგვაწოდეს.
მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით კი გვიპასუხეს, რომ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ნოემბრამდე COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების მკურნალობაში ქვეყანამ 268 მილიონ 217 ათას 630 ლარი დახარჯა, ოჯახის ექიმის/კოვიდსასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიული დიაგნოსტიკა კი ამ პერიოდში ქვეყანას 34,481,787,59 ლარი დაუჯდა.