როგორია სექსუალური შევიწროების მასშტაბები საჯარო სამსახურში | კვლევა

პუბლიკა

საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.

ახალი კვლევა, რომელიც CRRC-საქართველომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით ჩაატარა, საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელების შესახებ პირველი სპეციალიზებული კვლევაა. ამ დრომდე ამ საკითხის შესახებ მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობდა.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება საქართველოში გავრცელებული, მაგრამ დაფარული პრობლემაა.

როგორია საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ დამოკიდებულებებ

კვლევის მიხედვით, საჯარო მოხელეების უმრავლესობისთვის ნაცნობია სექსუალური შევიწროების ფენომენი. კვლევის ავტორების თქმით, ონლაინგამოკითხვის რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეძლო სექსუალური ხასიათის კომენტარის (86%), სექსუალური ხასიათის თემებზე ხუმრობებისა (90%) და არასაჭირო ფიზიკური სიახლოვის (98%), როგორც სექსუალური შევიწროების, იდენტიფიცირება.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებმა, თეორიულად, შესაძლოა, იციან სექსუალური შევიწროების ფემონების შესახებ, ისინი ნაკლებად ახერხებენ სექსუალური შევიწროების ამოცნობას პრაქტიკაში.

მაგალითად, სექსუალური ხასიათის კომენტარები ან ხუმრობები მისაღებად და ნორმალურად მიიჩნევა, რადგანაც დასაქმებულები ამას არასასურველ ქცევად არ აღიქვამენ. საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებიდან გამომდინარე, ბევრი საჯარო მოხელე სექსუალურ შევიწროებას ტიპური სამუშაო კულტურის ნაწილად აღიქვამს.

ქალებსა და კაცებს განსხვავებული აღქმა აქვთ იმისა, თუ რა შეიძლება, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვალოს. მაგალითად, ქალებთან შედარებით კაცები სექსუალური შევიწროების ზოგიერთ ფორმას (მაგალითად მიშტერებასა და არასასურველ მზერას) ნაკლებად მიიჩნევდნენ სექსუალურ შევიწროებად.

გამოკითხულ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებას ხელმძღვანელები სერიოზულად უნდა მიუდგნენ (98%) და რომ სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირები მკაცრად უნდა დაისაჯონ (95%).

როგორია სექსუალური შევიწროების გავრცელების მასშტაბ

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული ფენომენია საქართველოში.

ანგარიშის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების ერთმა მესამედმა აღნიშნა, რომ გამოუცდია სექსუალური შევიწროება საჯარო სამსახურში. ყოველი ხუთი ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული ქალი რესპონდენტიდან ორი ამბობდა, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოეცადათ. იმ რესპონდენტთაგან, რომელიც 20 ან მეტი წელია საჯარო სამსახურში მუშაობს, ყოველმა მეორემ დააფიქსირა საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სექსუალური შევიწროების ფაქტი.

ქალები და 35 წელზე ნაკლები ასაკის საჯარო მოხელეები უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. კაცებისგან განსხვავებით, ქალები უფრო ხშირად განიცდიან სექსუალური შევიწროების ერთზე მეტ ფორმას. ქალების დაახლოებით 31%-მა აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროების ერთზე მეტი ფორმა გამოუცდია მაშინ, როცა კაცების მხოლოდ 15%-მა თქვა იგივე.

ბოლო 12 თვის განმავლობაში ქალი რესპონდენტების მეხუთედზე მეტს გამოუცდია სექსუალური შევიწროების ერთზე მეტი ფორმა. კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 6%-ია.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული რესპონდენტები უფრო ხშირად ამბობდნენ, რომ გამოუცდიათ სექსუალური შევიწროება, ვიდრე ისინი, ვინც თბილისს გარეთ მუშაობს.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევების უმრავლესობა სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. როგორც გამოკითხული რესპონდენტების 47%-მა განაცხადა, საქართველოს საჯარო სამსახურში მუშაობისას გაუგიათ ან შესწრებიან სექსუალური შევიწროების შემთხვევას, უფრო ხშირად კი სხვა ადამიანების მონაყოლიდან სმენიათ მსგავსი ფაქტების შესახებ.

საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების რა ფორმება გავრცელებული

კვლევის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი აჩვენებს, რომ საჯარო სამსახურში უფრო გავრცელებულია ვერბალური და არავერბალური ფორმების სექსუალური შევიწროება, ვიდრე პირადი სივრცის ფიზიკური დარღვევა.

კვლევის თვისებრივი კომპონენტის რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ უხამსი კომენტარები, ხუმრობა, კომპლიმენტები და სექსუალური ხასიათის კითხვები, მოკლეტექსტური შეტყობინებები, მიშტერება, შეუფერებელი და სექსუალური ხასიათის ფიზიკური შეხება, განმეორებით დაპატიჟება პაემანზე, ასევე არასასურველი ფლირტი, სექსუალური შევიწროების ის ფორმებია, რომელთა გამოცდაც საჯარო მოხელეებს ხშირად უწევთ.

სექსუალური შევიწროების ალბათობა იზრდება ნაკლებად ფორმალურ გარემოში, როგორიცაა მივლინებები, თანამშრომელთა გუნდურობის ამაღლების ღონისძიებები და კორპორატიული წვეულებები.

ექსპერტებმა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა ინტერვიუებისას აღნიშნეს, რომ ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ, მაგალითად, როგორიცაა ძალოვანი უწყებები, სექსუალური შევიწროების რისკი უფრო მაღალია. სექსუალური შევიწროების საფრთხეები ნაკლებია ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებს ქალები იკავებენ.

ვინ არიან სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირებ

ანგარიშის მიხედვით, კვლევის თვისებრივი კომპონენტის რესპონდენტები ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში, შემავიწროებელი ხელმძღვანელი პირია და ხშირად კაცი, ხოლო სექსუალური შევიწროების სამიზნე, როგორც წესი – კარგი გარეგნობის, კარგად ჩაცმული ახალგაზრდა ან განქორწინებული ქალები, რომლებსაც საჯარო სამსახურში დაბალი პოზიცია უკავიათ, მაგალითად, არიან სპეციალისტები, მდივნები და სტაჟიორები.

კვლევის მიხედვით, ონლაინგამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა 74%-მა, ვისაც სექსუალური შევიწროება გამოუცდია, მოძალადედ კაცი თანამშრომელი დაასახელა. ქალი მსხვერპლების უმეტესობის შემთხვევაში (91%) მოძალადე იყო კაცი.

„მათმა უმრავლესობამ (56%), ვინც სექსუალური შევიწროება ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოსცადა, აღნიშნა, რომ ბოლო ინციდენტის დროს, ადამიანი, რომელმაც სექსუალურად შეავიწროვა, მსხვერპლზე ასაკით უფროსი იყო.

იმ რესპონდენტთა ერთმა მეოთხედმა, რომლებსაც სექსუალური შევიწროება გამოუცდიათ, არჩია, არ დაეფიქსირებინა დამნაშავესთან საკუთარი ურთიერთმიმართება. დანარჩენი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა კი (დაახლოებით 40%-მა) სამუშაო ადგილის მენეჯერი ან ხელმძღვანელი დაასახელა პირად, რომელიც ბოლო შემთხვევის დროს სექსუალურად ავიწროებდა, „- ვკითხულობთ კვლევაში.

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემსწრეთა გამოცდილებ

კვლევამ აჩვენა, რომ სექსუალური შევიწროების შემსწრეთა მხოლოდ 3%-მა შეატყობინა ინციდენტის შესახებ სახელმწიფო ორგანოებს, ხოლო 6%-მა აღნიშნა, რომ არაფერი მოუმოქმედებია. უმრავლესობამ (62%) დააფიქსირა, რომ მსხვერპლს ემოციური მხარდაჭერა გაუწია.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, თვისებრივმა ინტერვიუებმა გამოავლინა, რომ შემსწრეთა უმოქმედობა, შეიძლება, იმით აიხსნას, რომ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, კონკრეტული ფაქტი, რომელსაც შეესწრნენ, სექსუალური შევიწროებაა თუ არა.

„შემსწრეები უფრო დიდი ალბათობით ერევიან, როცა დამნაშავე მათივე რანგის თანამშრომელია. თუკი საქმე ზემდგომ პირს ეხება, ისინი ჩარევისგან, ჩვეულებრივ, თავს იკავებენ, „- ნათქვაია კვლევაში.

გამოკითხული რესპონდენტების 47%-მა განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სამსახურში მუშაობისას, გაუგიათ ან შესწრებიან სექსუალური შევიწროების ამა თუ იმ ფორმას, უფრო ხშირად კი სხვა ადამიანების მონაყოლიდან სმენიათ მსგავსი ფაქტების შესახებ.

შემსწრეები, უმეტესად, ქალები და ცენტრალური საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები იყვნენ.

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინებ

კვლევის მიხედვით, ზოგადად, საჯარო მოხელეები დადებით დამოკიდებულებას გამოხატავენ სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინების გაკეთების თაობაზე. რესპონდენტთა უმრავლესობა (94%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჯარო მოხელეს უფლება აქვს, შეტყობინება გააკეთოს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ.

დაახლოებით 80% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინება ძალადობის შეჩერების ეფექტიანი გზაა. მიუხედავად ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ ეს დამოკიდებულება პრაქტიკაში არ სრულდება და საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება.

ამავდროულად, მიიჩნევა, რომ საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს იმ თანამშრომლის კარიერაზე, რომელიც შეტყობინების გაკეთებას გადაწყვეტს. გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა 34% ეთანხმება აზრს, რომ არსებობს რისკი, რომ მათ, ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებს, კოლეგები ცუდად დაუწყებენ ყურებას, ხოლო 24%-ის აზრით, სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინებას სამუშაო ადგილზე მტრული გარემოს შექმნა მოჰყვება.

სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესახებ შეტყობინების ძირითად ფაქტორად პრობლემისადმი ხელმძღვანელი პირების მიდგომა დასახელდა. თვისებრივი ინტერვიუს რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ხელძღვანელების პირების მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას, თუნდაც სიტყვიერი ფორმით, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და ეს მსხვერპლებს გააძლიერებს.

უშუალო ხელმძღვანელი, სახალხო დამცველის აპარატი და სექსუალური შევიწროების შეტყობინებისთვის სპეციალურად შექმნილი მექანიზმი მიიჩნევა საჯარო მოხელეების მიერ სექსუალური შევიწროების შეტყობინების გაკეთების ყველაზე მისაღებ გზებად.

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ კანონებისა და რეაგირების მექანიზმების ცოდნ

გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტების 90%-მა იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობა სექსუალურ შევიწროებას კრძალავს.

კვლევის რაოდენობრივ ნაწილში გამოკითხულთა დაახლოებით ერთმა მესამედმა (32%) აღნიშნა, რომ არ იციან მათ ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო შიდა მექანიზმების არსებობის შესახებ.

გამოკითხულთა ერთმა მეხუთედმა (21%) დააფიქსირა, რომ მათ უწყებაში სექსუალური შევიწროების რეაგირების მექანიზმები არსებობს. 12%-მა დაასახელა, რომ ორგანიზაციაში შესაბამისი პოლიტიკა აქვთ, ხოლო 8%-ის თქმით, მათ უწყებაში სექსუალური შევიწროების შეტყობინების მკაფიო მექანიზმი არსებობს.

გამოკითხულ საჯარო მოხელეთა ერთმა მესამედმა აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ტრენინგს დასწრებია. რეგიონებში დასაქმებული რესპონდენტები უფრო მაღალი ალბათობით (43%) დასწრებიან ასეთ ტრენინგს, ვიდრე რესპონდენტები თბილისიდან (31%).

კვლევის მიხედვით, კონფიდენციალობის დაცვა და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მგრძნობელობის გაზრდა სექსუალური შევიწროების საკითხების მიმართ პრიორიტეტებად გამოიკვეთა სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო ეფექტური მექანიზმების დასანერგად.


კვლევა საერთაშორისო მეთოდოლოგიების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და მან როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი გააერთიანა. კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელ