მივიწყებას მიცემული საბინაო პოლიტიკა

ქრისტინე მუჯირი

უნებართვოდ აშენებულ ნაგებობებში მცხოვრები ადამიანები, დევნილები, ეკომიგრანტები, სტუდენტები, გამოსახლების საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახები, სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილები – ეს საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილია, რომლებიც საცხოვრისზე გამოწვევის კუთხით ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაშია. ეს გამოწვევა კი გამოწვევად რჩება, ვინაიდან, გარდა ფრაგმენტული ინიციატივებისა, ქვეყანას ერთიანი საბინაო პოლიტიკა არ გააჩნია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში საცხოვრებლის საჭიროება მწვავედ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს არაერთხელ შეეხო, რასაც ომები, დევნილების დიდი რაოდენობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის სრულად გასხვისება, უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა მძიმე მოვლენები განაპირობებდა.

სამოქალაქო ორგანიზაციები, წლებია, მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ გადადგას თანმიმდევრული ნაბიჯები, შეისწავლოს მოსახლეობაში საცხოვრებლის საჭიროება და მის მოსაგვარებლად ეროვნულ დონეზე შეიმუშაოს საბინაო პოლიტიკა. როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, საცხოვრისის საჭიროება საქართველოსთვის მუდმივი, მწვავე პრობლემაა, მუნიციპალიტეტების მიერ საცხოვრისის საჭიროების მქონე პირებისთვის შემუშავებული სერვისები კი – არასრულყოფილი. ორგანიზაციები და მკვლევრები აცხადებენ, რომ რეალურად სახელმწიფოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმით აღებული აქვს საბინაო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს საკითხი ჯერ კიდევ უგულებელყოფილია.

საბინაო კრიზისი ყველაზე თვალსაჩინო 2 წლის წინ დაწყებულმა პროცესმა გახადა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად საქართველომ მიგრანტთა დიდი რაოდენობა მიიღო და ბაზარზე უძრავი ქონებისა და ქირის ფასი უკონტროლოდ გაძვირდა.

ეს მოვლენები ყველაზე მძიმედ სტუდენტებზე აისახა, როგორც ეკონომიკურად ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფზე. სტუდენტური საცხოვრისების მშენებლობისა და საბინაო პოლიტიკის შემუშავების მოთხოვნით, სტუდენტებმა საპროტესტო კამპანია დაიწყეს და ის დღემდე გრძელდება.  საცხოვრებელი ბიზნესი არ არის, საცხოვრებელი აუცილებლობაა – ამ მოწოდებით აქცია 7 აპრილს იგეგმება.

რას ნიშნავს საბინაო/საცხოვრისის პოლიტიკა, ვის მოიცავს ის, რა როლი აკისრია მას საზოგადოების სოციალური განვითარებისა და უფლებების ნაწილში – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ არქიტექტორ ნანო ზაზანაშვილს ესაუბრა.

— თავდაპირველად მკითხველს რომ განვუმარტოთ, რას ნიშნავს „საბინაო პოლიტიკა“, რა არის მისი ძირითადი კომპონენტები?

— საბინაო პოლიტიკა გარკვეული წესების, რეგულაციებისა და პროგრამების ერთობლიობაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საცხოვრისის შექმნას. საბინაო პოლიტიკის სქემები ქვეყნებსა და ქალაქებში მათი სპეციფიკური საჭიროების მიხედვით განსხვავდება და შეიძლება მოიცავდეს ისეთ მთავარ კომპონენტებს, როგორიცაა სოციალური საცხოვრისების მშენებლობა, ქირის კონტროლი, სუბსიდიები და ა.შ. საბინაო პოლიტიკა ასევე გულისხმობს იმ საპრევენციო მექანიზმებსაც, რომლებსაც სახელმწიფოები უსახლკარობის თავიდან ასაცილებლად ქმნიან.

რაც შეეხება ტერმინს, საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკა/საბინაო პოლიტიკა სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება და არსებითი განსხვავება მათ შორის არაა.

— ვის მოიცავს საბინაო პოლიტიკა? ვისკენაა მიმართული ამ პოლიტიკის მიდგომები?  

— საბინაო პოლიტიკის ბენეფიციარი, ძირითადად, მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილია – უსახლკაროები, დაბალი შემოსავლის მქონე პირები, ოჯახები, რომელთა საცხოვრებელში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ბევრი სხვა.

ზოგიერთ ქვეყანაში საბინაო პოლიტიკა მხოლოდ დაბალშემოსავლიან ოჯახებზეა ორიენტირებული, მაგრამ არსებობს სხვა, უკეთესი გამოცდილებებიც, სადაც საბინაო პოლიტიკა მოქალაქეების ძალიან დიდ პროცენტულ ნაწილს ეხება.

კეთილდღეობის სახელმწიფოები მოწოდებულნი არიან, რომ საბინაო პოლიტიკამ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოიცვას, რადგან ამ ქვეყნებში ღირსეული საცხოვრებელი სოციალური პოლიტიკისა ერთ-ერთ მთავარ ნიშანსვეტად არის მიჩნეული.

— შეგიძლიათ აღგვიწეროთ, როგორია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნების/ქალაქების გამოცდილება? როგორი პოლიტიკა აქვთ მათ?

— ერთ-ერთ წარმატებულ და საუკეთესო მოდელად ავსტრიის დედაქალაქ ვენის გამოცდილება მიიჩნევა, სადაც საბინაო პოლიტიკა საყოველთაოა და მხოლოდ დაბალშემოსავლიან ჯგუფებზე არ ვრცელდება. მათი პოლიტიკა ყოვლისმომცველია, საბინაო შეღავათებით შეუძლია ისარგებლოს როგორც დაბალშემოსავლიანმა, ისე საშუალოშემოსავლიანმა ადამიანმა.

ქალაქებისა და ქვეყნების საბინაო პოლიტიკის შედარებისას გასათვალისწინებელია პოლიტიკური კონტექსტი და ისტორია – ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (მაგ: ინგლისი, გერმანია, ნიდერლანდები) 1970-იან წლებიდან დაიწყო სოციალური საცხოვრებლების პრივატიზება და მუნიციპალიტეტების საბინაო ფონდი კერძო საკუთრებაში გადავიდა, ვენაში კი ამგვარი წყვეტა არ მომხდარა, ქალაქმა შეინარჩუნა სოციალური საცხოვრისები და განავითარა. ამიტომაც ვენაში მოქალაქეების საკმაოდ დიდი პროცენტული წილი სოციალურ საცხოვრებლებში ცხოვრობს. როგორც წესი, რიგით ექიმს ან მედდას შეუძლია მიმართოს ვენის სოციალური საცხოვრისების პროგრამას და თავის სამსახურთან ახლოს იქირაოს ბინა.

— თუ ბენეფიციარი სოციალურ საცხოვრისში ქირას – თანხას იხდის, რა შეღავათი აქვს მას?

— ამ შემთხვევაში „სოციალური საცხოვრებელი“ არ გულისხმობს უფასოდ ბინის მიღებას, ბენეფიციარი სახელმწიფოს უხდის ქირას, რომელიც საბაზრო ფასთან შედარებით ბევრად ნაკლებია და ის გამოთვლილია ისე, რომ ქირის გადახდა დაბალი შემოსავლის მქონე პირმაც შეძლოს.

გასათვალისწინებელია, რომ ვენის საბინაო პოლიტიკის ამგვარ წარმატებას კერძო სექტორში ქირის მკაცრი კონტროლიც განაპირობებს. რეგულაციები დამქირავებელს ქირის მოულოდნელი, შეუსაბამო გაძვირებისგან იცავს.

— ვენაში სოციალური საცხოვრებელი ყოველთვის ქირის მოდელს გულისხმობს?

— დიახ, მუნიციპალური საცხოვრებლები უმეტესად ქირის მოდელითაა წარმოდგენილი, რადგან ამ საცხოვრებლების როტაცია უნდა მოხდეს. თუ ის კერძო საკუთრებაში გადავა, როტაციის პრინციპი დაირღვევა. მაგალითად, მე ვსარგებლობ სოციალური საცხოვრებლით, სამუშაო ადგილი შევიცვალე და ქალაქის სხვა ნაწილში დავიწყე მუშაობა, მე იმის მოქნილობა უნდა მქონდეს, რომ შემეძლოს, ჩემს სამსახურთან ახლოს დავიქირაო ბინა.

აქვე უნდა აღვნიშნო, ამერიკასა და ევროპაში სეგრეგაციით გამოწვეული პრობლემაც. ზოგიერთ შემთხვევაში ისე დაიგეგმა სოციალური საცხოვრისები, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ფენები ერთ დასახლებაში კონცენტრირდნენ. ასეთ უბნებში მეტად გავრცელდა კრიმინალი და წარმოიშვა სხვადასხვა პრობლემა. ვენაში არ გვხვდება ამგვარი ტერიტორიული დაყოფა, თან ვენას ბოლო დროს ბევრი მიგრანტი ჰყავს, ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობა ინკლუზიურობას. სოციალური საცხოვრისის ხარისხობრივი შეფასებისას კი ითვალისწინებენ გენდერულ ასპექტებს – რამდენად არის ქალებსა და მათ საჭიროებებზე მორგებული, არის თუ არა რეკრეაციული და საჯარო სივრცეები ხელმისაწვდომი ბიჭებისა და გოგოებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში არის თუ არა ლგბტქ მეგობრული სივრცეები და ა.შ.

საბინაო პოლიტიკის კორექტირება ხდება მუდმივად, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომლებიც შეიძლება იდგეს დღის წესრიგში.

— ახსენეთ სხვა გამოცდილებებიც, კიდევ რომელი ქვეყნის გამოცდილებასა და მათ მიერ არჩეულ კრიტერიუმს გამოყოფდით?

— მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ყურადღებას ამახვილებს ბინების „გადავსებულობაზე“. გადავსებულობა ნიშნავს საცხოვრებელში თითოეულ ადამიანზე კვადრატული მეტრების სიმცირეს, ერთ ოთახში მცხოვრები ადამიანების დიდ რაოდენობას. გადავსებულობის დასადგენად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში განსაზღვრულია, რომელ წლამდე შეიძლება გოგო და ბიჭი ერთ ოთახში ცხოვრობდეს, თუ ეს და სხვა მაჩვენებლები ირღვევა, მაშინ ოჯახს აქვს უფლება, მიმართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მიიღოს საცხოვრებელი იმ სქემითა და პირობებით, რომლებიც დიდი ბრიტანეთის იმ კონკრეტულ ქალაქს აქვს შემუშავებული.

ფოტო: მინდია გაბაძე

— გადავიდეთ საქართველოზე. როგორია ჩვენი საბინაო პოლიტიკის ისტორია და გვაქვს თუ არა ის ახლა?  

— 1950-იანი წლების მიწურულიდან საბჭოთა კავშირის საბინაო პოლიტიკა ორიენტირებული იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკმაყოფილებულიყო საცხოვრისით. შესაბამისად, ამ პერიოდიდან საბჭოთა ქალაქებში მასობრივი საბინაო მშენებლობა იწყება.

საბჭოთა კავშირის საბინაო პოლიტიკაც სხვადასხვა სქემისგან შედგებოდა. მაგალითად:

კოოპერატიული ბინათმშენებლობა – კოოპერატივი შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული წევრების გაერთიანებაა. კოოპერატიული ბინათმშენებლობა კოოპერატივის წევრების პირადი სახსრებითა და შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტით ფინანსდებოდა და საერთო კრების თანხმობის გარეშე კოოპერატივის წევრს არ ჰქონდა უფლება, სხვა პირისთვის გადაეცა ან გაეცვალა მის პირად საკუთრებაში არსებული ქონება;

საუწყებო სახლების მშენებლობა – კონკრეტული დაწესებულებები აშენებდნენ უზრუნველყოფდნენ საცხოვრებლით თავიანთ თანამშრომლებს;

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო ბალანსზე იყო, ადამიანებში არ არსებობდა შფოთვა იმისა, რომ შეიძლებოდა, მათთვის საცხოვრებელი ვინმეს წაერთმია. როგორც წესი, ამ ბინებს ერთმანეთს მემკვიდრეობით გადასცემდნენ.

1980-იანი წლების მიწურულს საბჭოთა საქართველო საბინაო უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე იყო და მას მხოლოდ ბალტიის ქვეყნები უსწრებდნენ წინ.

ეს სიტუაცია შეიცვალა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამ დროს საბინაო ფონდი კერძო საკუთრებაში გადავიდა, ხოლო საბინაო მშენებლობის საკითხი, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, მთლიანად კერძო სექტორზე იქნა დელეგირებული.

შედეგად წარმოიშვა პრობლემები – ბაზარზე არსებული ბინები მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელი გახდა, არსებულმა საბინაო ფონდმა კი მოუვლელობის გამო დეგრადაცია დაიწყო.

— არის თუ არა ჩვენ ქვეყანაში ისეთი კონკრეტული გამოწვევა, რომლითაც ხასიათდება საქართველოს კონტექსტი?

— ჩვენ გვაქვს დევნილების განსახლების გამოწვევა, რაც საქართველოსთვის სპეციფიკური და უნიკალურია და ეს ის ნაწილია, სადაც სახელმწიფომ გარკვეული პასუხისმგებლობა აიღო.

ამასთან, სირთულეები შეიძლება განსხვავდებოდეს ლოკალურად – თბილისში შეიძლება გადავსების პრობლემა დგას, ხოლო რეგიონებში, პირიქით, დაცარიელების ტენდენციებია. ერთ დღეს თბილისმა რომ გადაწყვიტოს, დაიწყოს ბინათმშენებლობა, სად უნდა იპოვოს მიწის რესურსი? თბილისის მიწა პრივატიზებულია.

მთავარი დაბრკოლება არის ის, რომ არ გვაქვს საბინაო პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტი და არ არის პოლიტიკური ნება, რომ ეს დოკუმენტი შეიქმნას. გასულ წლებში რამდენჯერმე დაიწყო მისი შემუშავების აუცილებლობაზე საუბარი, ამოტივტივდებოდა ეს თემა, მაგრამ მალევე მივიწყებას მიეცემოდა. ამ წუთას არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი დოკუმენტი არ არსებობს.

— როგორ და საიდან შეიძლება მივიღოთ საბინაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია? ან მოსახლეობის რა ნაწილს და რამდენ პროცენტს სჭირდება საცხოვრებელი? რაზე დაყრდნობით ვსაუბრობთ?

— სამწუხაროდ, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული მონაცემები საქართველოში  არ გროვდება იმგვარად, რომ საბინაო საჭიროებები მკაფიოდ გამოკვეთოს. თუ შევხედავთ ევროსტატს (ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური) ვნახავთ, რომ ამ საკითხებზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა ჩაშლილად მოცემული. მაგალითად, გროვდება გადავსებულობის და ხელმისაწვდომობის შესახებ. საყოველთაო აღწერა საბინაო ფონდის დასადგენად რეპრეზენტატული არ არის. საბინაო პოლიტიკის შესახებ ჩვენ მიერ ჩატარებულ 2017 წლის კვლევაში ხაზგასმით ვამბობდით, რომ საქსტატი უნდა აგროვებდეს და ამუშავებდეს მსგავსს მონაცემებს.

— გარკვეულწილად, ამ საკითხებსა და პრობლემებთან შეხება ხომ სახელმწიფოს მაინც უწევს?

— დიახ, საბოლოოდ ეს პრობლემები სახელმწიფომდე მიდის. საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები სახელმწიფოს დელეგირებული აქვს მუნიციპალიტეტებზე, იქნება ეს უსახლკარობა თუ სხვა ტიპის გამოწვევებთან გამკლავება. ამ მუნიციპალიტეტების დონეზე არსებობს საბინაო პოლიტიკის ფრაგმენტები, თუმცა სახელმწიფო პატრონაჟის გარეშე ამ გამოწვევების მოგვარება, არაეფექტიანია და არასრულყოფილი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არსებობდეს ერთიანი სახელმწიფო ხედვა.

თბილისში 2018-2019 წლებში იყო ასეთი პრაქტიკა, რომ თუ დეველოპერი მშენებლობისას კოეფიციენტს (დადგენილ მასშტაბს) გადააჭარბებდა, მუნიციპალიტეტი საცხოვრებელ ფართობებს მოითხოვდა დეველოპერისგან, როგორც ვიცი, შეიცვალა ეს პრაქტიკა და ახლა დეველოპერისგან ფულად კომპენსაციას მოითხოვენ. ეს ერთ-ერთი მეთოდი იყო საცხოვრებელი ფართების აკუმულირებისთვის. ეს პროცესი ძალიან გაუმჭვირვალეა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობის საცხოვრებელი ფართი შეგროვდა და ვის გადაეცა ან, თუ დეველოპერები ფულად კომპენსაციას იხდიან, ეს საბინაო ფონდს როგორ ხმარდება?

ჩნდება შთაბეჭდილება, პრობლემა რაღაცის დაზიანების ხარჯზე გვარდება. დეველოპერის სასიკეთოდ სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი გამოიყენება, რაც შეიძლება რეგულაციებზე გვერდის ავლას გულისხმობდეს. ამგვარი გადაწყვეტილებები შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ურბანული გარემოსთვის.

— გასულ იანვარში თბილისის მერმა კალაძემ განაცხადა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება ავარიულ სახლებს. ეს პროგრამა საბინაო პოლიტიკის ნაწილია?

— დიახ, და უნდა აღინიშნოს, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში უფრო გააქტიურდა საბინაო საკითხებზე მუშაობა. მერიას აქვს სხვადასხვა პროგრამა – ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლება, თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებულ ავარიულ საცხოვრებლებთან დაკავშირებული პროგრამები და ა.შ.

ვფიქრობ, საქართველოში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ საბინაო მშენებლობების მიმართულებით კერძო სექტორი უნდა იყოს წამყვანი ამ სექტორში ჩარევა პოლიტიკურად და მსოფლმხედველობრივად სახელმწიფოსთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს ასეთი ჩანაწერი, რომ „სახელმწიფო ზრუნავს ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე“.

— თქვენი დაკვირვებით, როგორია საქართველოში ტენდენცია, ხომ არ არის ისეთი ფაქტორები, რაც საბინაო ფონდის საჭიროებას უფრო და უფრო ზრდის?

— რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, საბინაო ფონდი დეგრადირდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დედაქალაქში, ისტორიული ნაწილში საცხოვრებელი სახლები უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს ნამდვილად რთული საკითხია, რადგან აქ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაც შემოდის.

კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორი, რამაც საბინაო კრიზისი შეიძლება შექმნას. როგორც სხვა ქვეყნები, ჩვენც უნდა ვსწავლობდეთ, სად და რა არის მოსალოდნელი. გასულ წლებში სტიქიები ჩვენც შეგვეხო, ზოგიერთ რეგიონში მეწყერმა სრულად დაანგრია და დააზიანა სახლები, დაიღუპნენ ადამიანები.

— ვხედავთ როგორი აქტიურია კერძო სექტორი, მასობრივად მიდის საბინაო მშენებლობები, იცვლება უბნები და ქალაქები. თუ ფიქრობთ, რომ საბინაო კრიზისი გვაქვს, ვისთვის შენდება ეს კორპუსები?

— ეს კითხვა მუდმივად ისმის. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება უძრავი ქონების ფასი, ძველსა და ახალ ბინებზეც. ვინ ყიდულობს ბინებს? – ამაზე ზუსტი პასუხი ან სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ არსებობს ასეთი კულუარული ინფორმაცია, რომ ახალი ბინების დიდი წილი უცხო მოქალაქეების მიერ არის შესყიდული. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ბევრი მიგრანტი გვყავს, ემიგრაციაში წასული ადამიანები უძრავ ქონებას საქართველოში ყიდულობენ…

— და ამ ემიგრაციის მიზეზიც სწორედ საბინაო პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრისის პრობლემა ხომ არ არის?

— კი, ერთმნიშვნელოვნად ასეა. სხვადასხვა წყარო მიგრირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიუწვდომელ ან შეუსაბამო საცხოვრებელს ასახელებს. საქართველოში ბინის მსყიდველობითი უნარი საშუალოზე მაღალ კლასს აქვს. ადამიანები მრავალწლიანი იპოთეკური სესხით ცდილობენ საცხოვრებლის შეძენას. ეს საკითხიც შეუსწავლელია, ამიტომ ზედაპირული დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ბინების შეძენა უფრო კაპიტალდაბანდების ინსტრუმენტია, ვიდრე საბინაო უზრუნველყოფის.

  • კორპუსები
  • კორპუსები
  • კორპუსები
  • 01 /

— საქართველოში ბინის ფლობა/არფლობა თითქოს პიროვნულ დონეზეა დაყვანილი და ის წარმატების ან წარუმატებლობის ინდიკატორად გვევლინება. იქნებ ეს ნარატივი უწყობს ხელს, რომ აქამდე არ გვაქვს საბინაო პოლიტიკის დოკუმენტი და სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ნაწილში?

სახელმწიფოს საცხოვრებლის საკითხი მთლიანად ბაზარსა და ინდივიდებზე აქვს დელეგირებული, მაგრამ, რაც უნდა ეცადოს, ის ბოლომდე თვალის დახუჭვას ვერ მოახერხებს, შეუძლებელია, რადგან საცხოვრებელი ადამიანის ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გეთანხმებით, ჩვენ კულტურულად საკუთრებაზე ორიენტირებული ერი ვართ, საქირავნო მოდელი ნაკლებად გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვფლობდეთ, იქნება ეს ბინა, თუ მანქანა და ეს ადამიანებისთვის, გარკვეულწილად, წარმატების საზომია.

— იქნებ იმიტომ, რომ საქართველოში თუ ქირით სარგებლობ, ის არასტაბილურობასა და შფოთვასთან არის დაკავშირებული?

— ზოგადად, სხვა სახელმწიფოებში ქირის კონტროლი ხელშეკრულებებით ხდება და ხელშეკრულება კრძალავს ქირის გაძვირებას ან შეიძლება გაიზარდოს მცირედით, ინფლაციის გათვალისწინებით. ჩვენ კი საქირავნო ხელშეკრულების დადების ნაკლები გამოცდილება გვაქვს. ადამიანები საქირავნო შეთანხმებას სიტყვიერად დებენ და სახელმწიფო არ ცდილობს, ჩაერიოს.

საქართველოში ქირის უკონტროლო ზრდასთან ერთად, პრობლემაა, არასათანადო საცხოვრებელიც – ხშირად ბინები ქირავდება მძიმე სანიტარული პირობებით, ცუდი განიავებითა და განათებით. თუ ადამიანი ამგვარ საცხოვრებელშია, მას დროთა განმავლობაში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნას. ინფორმაციაც არ არსებობს, რა მოცულობის არასათანადო საცხოვრებელი გვაქვს ქვეყანაში.

— საბინაო პოლიტიკას სოციალურ ასპექტში განიხილავთ, რა შეგიძლიათ თქვათ ეკონომიკურ ნაწილზე? გრძელვადიან პერსპექტივაში მოუტანს ის ფინანსურ სარგებელს ქვეყანას?

— რა თქმა უნდა, საბინაო პოლიტიკის დოკუმენტში ეკონომიკის კომპონენტიც უნდა არსებობდეს,  ეკონომიკური გათვლები ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ ხდება საბინაო პოლიტიკის გატარებით სხვადასხვა სექტორში რესურსებისა და თანხის დაზოგვა. ამის ანგარიში და გამოთვლა სავსებით შესაძლებელია.

ბინათმშენებლობა, სოციალური საცხოვრისების შექმნა, ერთი შეხედვით, ძალიან დიდი კაპიტალდაბანდებაა, თუმცა ისეთი მიმართულებებით ხდება დაზოგვა თანხის, როგორიც არის ჯანმრთელობა, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.

— გამოდის, რომ საბინაო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა ძალიან ბევრი მიმართულებით დიდი მასშტაბის სამუშაოებს მოითხოვს, რამდენად რეალურად გეჩვენებათ, რომ ამ დოკუმენტს შევქმნით?

— მთავარია პოლიტიკური ნება და ხედვა. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი, რომელთაც ამ მიმართულებებით დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვთ დაგროვებული. ადამიანური რესურსი არსებობს და აქ არაფერია აუწეველი ან დაუძლეველი. არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, სადაც თუნდაც თბილისთან მიმართებით არის რეკომენდაციები ჩამოყალიბებული. ეს ცოდნა უნდა შეგროვდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს წამყვანი როლი და მუნიციპალიტეტებს დაეხმაროს. საბინაო კრიზისი რა არის, ყველაზე კარგად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ვნახეთ. სტუდენტები დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე. კარგი ის არის, რომ ამ კრიზისმა საბინაო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა დააყენა კვლავ დღის წესრიგში.