ჭერის გარეშე | სახელმწიფო პოლიტიკის გარეშე

ქეთი გოგუაძე

საქართველოში არ არსებობს ერთიანი განსაზღვრება, ვინ მიიჩნევა უსახლკარო პირად, შესაბამისად, არ გვაქვს არც სტატისტიკა, რამდენ ადამიანს აქვს გადაუდებელი საჭიროება საცხოვრისზე. სახელმწიფოს არ აქვს სტანდარტიზებული მიდგომა, რომლითაც შეაფასებს თავისი მოქალაქეების მდგომარეობას და განსაზღვრავს, აქვთ თუ არა ან რა ფორმით აქვთ მათ საცხოვრისის საჭიროება. მოქალაქეებისთვის სტატუსის მინიჭებასა და დაკმაყოფილებაზე მუნიციპალიტეტები ინდივიდუალურად მუშაობენ. ამ თემაზე მომუშავე მკვლევრები საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკის საჭიროებაზე, წლებია, საუბრობენ, თუმცა თემა სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტი არ ხდება.

მკვლევარ, სოციოლოგ ქეთი სართანიასთან ქვეყანაში საცხოვრისის პოლიტიკის გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე ვსაუბრობთ:

— ქეთი, თავდაპირველად რომ განვმარტოთ, ვინ მიიჩნევა საქართველოში უსახლკაროდ? როგორ ხდება უსახლკარო პირის სტატუსის განსაზღვრა?

— ვინ მიიჩნევა უსახლკარო პირად, ამ შეკითხვაზე, სამწუხაროდ, არ გვაქვს პასუხი. არ არსებობს უსახლკარო პირის ერთიანი განსაზღვრება ქვეყანაში და სწორედ აქ იწყება პრობლემა.

ცალკეული მუნიციპალიტეტები თვითონ განსაზღვრავენ, ვინ შეიძლება, მიიჩნიონ უსახლკარო პირად, მაგრამ მათ არ აქვთ უსახლკარო პირების საჭიროებების მყისიერად დაკმაყოფილების ვალდებულება. ამიტომ  გვყავს ორგვარი კატეგორია: ერთი, ვისაც კონკრეტული მუნიციპალიტეტი მიიჩნევს უსახლკარო პირად და მეორე – მათგან ვისაც დააკმაყოფილებს; ამას იმით ხსნიან ხოლმე, რომ არ აქვთ საკმარისი რესურსი და აკმაყოფილებენ მათ, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.

— ოფიციალური განსაზღვრება არ არსებობს, მაგრამ რას გვიჩვენებს პრაქტიკა, ვის აღიარებენ მუნიციპალიტეტები უსახლკაროდ და ვის უწევენ დახმარებას?

— არსებული გამოცდილებით, შეიძლება ვთქვათ, რომ უსახლკარო პირებად – არა საკანონმდებლო დეფინიციით, არამედ პრაქტიკის დონეზე – მიიჩნევიან ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ჭერი, საერთოდ არ აქვთ სახლი და აქვთ მთელი რიგი ფიზიკური და მენტალური შეზღუდვები. ვთქვათ, შეიძლება იყოს შშმ პირის სტატუსის მქონე; ბავშვიანი, მრავალშვილიანი ოჯახები; მოხუცები… მაგრამ აქაც განსხვავდება პრაქტიკული გამოცდილება მუნიციპალიტეტების მიხედვით. მაგალითად, თუკი მუნიციპალიტეტებს პრობლემის საპასუხოდ აშენებული აქვს საცხოვრებელი (მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტს), ამ შემთხვევაში, პირს საცხოვრებელში მოსახვედრად უნდა შეეძლოს თავის მოვლა. ერთ-ერთი წინაპირობა ლილოს თავშესაფარში მოსახვედრად არის ეს, რომ ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს თავის მოვლა.

ამდენად, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რაც მუნიციპალიტეტებს თავად აქვთ დადგენილი იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც შეუძლიათ.

სწორედ აქედან ჩნდება მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს უსახლკარო პირი თეორიულად, პრაქტიკაში კი განსხვავდება ეს გამოცდილება. არ გვაქვს ერთიანი განმარტება. ეს ქმნის პრობლემას მუნიციპალიტეტებისთვის, რომ განსაზღვრონ, ვის მიანიჭონ ეს სტატუსი და ვის არა. სტატუსის მინიჭება კი საბოლოოდ მაინც არ ნიშნავს საცხოვრისით დაკმაყოფილებას.

რომ შევაჯამოთ, არსებული სისტემით, ჩვენ გვყავს უფრო მეტი უსახლკარო, ვიდრე დაკმაყოფილებულნი თავშესაფრებში ან დროებითი ქირით.

— რა ეტაპი უნდა გაიაროს ადამიანმა სტატუსის მისაღებად? შეგვიძლია, გამოვყოთ ძირითადი საფეხურები?

— პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ მუნიციპალიტეტები განსხვავებულად განმარტავენ და განსხვავებული კრიტერიუმებით აფასებენ პოტენციური ბენეფიციარის მდგომარეობას.

თუ არ ვცდები, თბილისში ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ პირი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ამ მუნიციპალიტეტში, რათა მოიპოვოს მიმართვის უფლება; ასევე, მას არ უნდა ჰქონდეს ჭერი და უნდა დაადასტუროს თავისი უსახლკარობა. შემდეგ მუნიციპალიტეტმა უნდა შეამოწმოს და მიიღოს გადაწყვეტილება, მიიჩნიონ თუ არა ის უსახლკაროდ.

ამასთან, არსებობს გარკვეული პრიორიტეტები, რის მიხედვითაც იღებენ ადამიანებს საცხოვრისში, მაგალითად, მრავალშვილიანობა, შშმ პირის სტატუსი და ა.შ. – და ამ სოციალური კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება ადამიანის შესაძლებლობები და შანსი, მოხვდეს თავშესაფარში.

თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ იდება ხელშეკრულება ამ ადამიანთან. თბილისში ეს ხელშეკრულება ორწლიანია. ამ ორი წლის ვადაში თავშესაფარში მყოფმა უსახლკარო პირმა უნდა მოახერხოს სამსახურის შოვნა, დამოუკიდებელი ცხოვრების აწყობა და თავშესაფრის დატოვება, მაგრამ იმის გამო, რომ დამხმარე პროგრამები არ არსებობს, რათა ამ ადამიანმა შეძლოს სამუშაო უნარების შეძენა და სამსახურის პოვნა, ის ვერ ტოვებს თავშესაფარს. მე თითქმის არ შემხვედრია მაგალითი, რომ ადამიანს მოეხერხებინოს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და თავშესაფრის დატოვება. ამიტომ ეს ხელშეკრულება თავიდან გადაიხედება და ისევ უხანგრძლივდებათ თავშესაფარში ცხოვრება. არსებობს ბინის ქირაობის პრაქტიკაც.

— რატომ არ გვაქვს ერთიანი მიდგომა, რით ხსნის ამას სახელმწიფო?

— ამაზე წლებია, დისკუსიაა და სახელმწიფო მუდმივად ამბობს, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომ მუშაობენ ამ საკითხზე. 2021 წელს, პანდემიის დროს, არსებობდა კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა შესაბამისი პოლიტიკა ქვეყანაში, თუმცა ამის შესახებ საჯარო დისკუსიები არ ყოფილა, მაშინ, როდესაც ეს საკითხი იმდენად მასშტაბურია და იმდენად სისტემური, რომ შეუძლებელია, ამის მხოლოდ ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გადაწყვეტა. მაშინაც იყო ამაზე საუბარი და მეც მიმაჩნია, რომ სწორი მიდგომა იქნება, ამ საკითხს კოორდინირებას უწევდეს პრემიერ-მინისტრის აპარატი და ჩართულნი იყვნენ სამინისტროები.

მე პირადად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ თემაზე მუშაობის შემდეგ, რომ თითქოს, სახელმწიფოს არ უნდა, აღიაროს ამ პრობლემის მასშტაბურობა და სისტემურობა, ვინაიდან დღემდე ჭერის არმქონეს მიიჩნევენ მხოლოდ უსახლკაროდ მაშინ, როდესაც უსახლკარობისა და საბინაო პოლიტიკის ბენეფიციარი თითქმის ყველა მოქალაქეა.

— თქვენ თქვით, რომ უსახლკარობისა და საბინაო პოლიტიკის ბენეფიციარი არის თითქმის ყველა მოქალაქე. რას გულისხმობთ ამაში? ვინ უნდა იგულისხმებოდეს ამ პოლიტიკის სამიზნედ?

— მე ასე გიპასუხებდით ამ შეკითხვაზე, რომ უსახლკარო პირის ცნება და უსახლკარობის პრობლემა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საბინაო პოლიტიკის და ამ პრობლემაზე საბინაო პოლიტიკის ფარგლებში უნდა მუშაობდნენ.

ეს მიდგომა კი ასეთია, რომ ყველა ადამიანს, ვისაც საცხოვრებელი აქვს და ვისაც არ აქვს, მოიაზრება საბინაო პოლიტიკის ფარგლებში, იმ მოცემულობების გათვალისწინებით, რაც აქვთ.

ვიღაცას არ აქვს ჭერი და მას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკა. ვიღაცას აქვს, მაგალითად, ექსპლუატაციიდან გასული, უკვე დაზიანებული შენობა, მას სჭირდება კონკრეტული მიდგომა. თუნდაც, იპოთეკის მქონე ადამიანებს, ვისაც ემუქრება უსახლკარობა, მათთანაც საჭიროა შესაბამისი პოლიტიკა; განსაკუთრებული ჯგუფია სტუდენტები, რომლებისთვისაც ასევე საჭიროა საბინაო პოლიტიკა.

ასევე, საჭიროა კონკრეტული პოლიტიკა, ახალგაზრდა ოჯახებმა და ახალგაზრდებმა როგორ შეიძინონ საცხოვრებელი და როგორ მოხვდნენ საბინაო სისტემაში.

მხედველობაშია მისაღები საბჭოთა დროს აშენებული შენობებიც, რომლებზეც არავინ არ იცის, რამდენად უსაფრთხოა საცხოვრებლად, როდის გაუვა მათ ექსპლუატაციის ვადა და ა.შ.

აი, ამ ტიპის მიდგომით და შესაბამისი პროგრამებითაა შესაძლებელი, ერთიან სისტემაში მოექცეს ეს საკითხი; შემდეგ კი უფრო სრულყოფილი იქნება უსახლკარო პირის ცნების ჩამოყალიბებაც.

წელს საყოველთაო აღწერა ტარდება. რაც, მაგალითად, იძლევა შესაძლებლობას, მარტივად შეგროვდეს ინფორმაცია – ვის აქვს კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი, ვის რა ფორმით აქვს; როგორ აღიქვამენ ადამიანები თავიანთ საცხოვრებელს; რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ იქ თავს; რამდენად მყარია ეს საცხოვრებელი; რამდენად გრძელვადიან საცხოვრებლად მიიჩნევენ და ა.შ.

ამის შემდეგ უნდა დამუშავდეს ეს მონაცემები და ჩამოყალიბდეს უსახლკარო პირის ცნების სამუშაო ვერსია. ეს იქნება საწყისი წერტილი, საიდანაც შეიძლება, მერე ჩამოყალიბდეს პოლიტიკის სხვადასხვა პროგრამა, რაც, ერთი მხრივ, მოიცავს იმ ადამიანებს, რომელთაც ახლა მყისიერად სჭირდებათ დახმარება და დააზღვევს იმ ადამიანების რისკს, რომლებიც პოტენციური საფრთხის ქვეშ არიან.

— ამ მოცემულობით, შეგვიძლია, გამოვკვეთოთ დაახლოებითი სურათი, მოსახლეობის რა წილი მიიჩნევს თავს უსახლკაროდ და საჭიროებს მყისიერ დახმარებას.

— ასეთი სტატისტიკა ხელთ არ მაქვს… თითოეული მუნიციპალიტეტიდან ცალ-ცალკე უნდა გამოითხოვოთ ინფორმაცია და ზოგი მოგცემთ, ზოგი არ მოგცემთ. ასევე, შეიძლება, არ ჰქონდეთ წლების მიხედვით აღრიცხვის სტატისტიკა. ამის გამო ძალიან რთულია წარმოდგენის შექმნა, რა მასშტაბზე ვსაუბრობთ.

მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ვისაც ჭერი არ აქვს, მხოლოდ მათ მიიჩნევს პრობლემის ადრესატად, სინამდვილეში პირიქითაა. როგორც ვთქვი, საბინაო პოლიტიკის ადრესატად უნდა მიიჩნეოდეს საქართველოს ყველა მოქალაქე და შემდეგ უნდა გადანაწილდეს ეს პროგრამები. სტატისტიკა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პრობლემის მასშტაბი განსაზღვრო სხვადასხვა დონეზე, არა მხოლოდ ჭერის არმქონე პირების, არამედ რისკის მქონე პირების და პოტენციური უსახლკარობის დაზღვევის თვალსაზრისით, ან საცხოვრებლის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც.

მაგალითად, თბილისში, წერეთელზე რამდენიმე კვირის წინ რომ აფეთქდა ბინა, აი, ასეთი შემთხვევების დროს როგორ იქცევა სახელმწიფო? ჩვეულებრივ, არსებულ პრაქტიკას მიმართავს, დროებით ქირას გადაუხდის 500 ლარს. ეს პროგრამა აქვს უსახლკარო პირების მიმართაც და დროებითი ქირის პროგრამა ჰქვია, მაგრამ ხანდახან წლები გრძელდება, შეიძლება 8-10 წელი გაგრძელდეს ეს პროგრამა. და აქ შეკითხვა ჩნდება ხოლმე, რატომ არ ურჩევნია სახელმწიფოს, ეს ფული, ვთქვათ, უფრო გრძელვადიან გადაჭრაზე მიმართოს – ან შეისყიდოს, ან სხვა ტიპის საცხოვრებელი ააშენოს, რომელიც უფრო ფუნქციურია, ვიდრე ის, რომ ყოველთვე იხადოს ქირა და მერე უცებ არავინ არ იცის ხოლმე, რა გადაწყვეტილების საფუძველზე, ზოგს უწყდება პროგრამა, მერე თავიდან უნდა მიმართონ, უნდა განაახლონ ხელშეკრულება და მოკლედ, ეს პროცედურები…

ჭერის არმქონე პირები, რომლებსაც სახელმწიფო მიიჩნევს უსახლკაროდ, აისბერგის წვერია. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ სხვა სურათი დგას და ამ სურათში აუცილებელია სახელმწიფოს მონაწილეობა, ოღონდ არა მხოლოდ ერთი სამინისტროსი, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების. ყველა უწყებას შეუძლია პატარა ფუნქცია შეასრულოს და ამით ძალიან დიდი პოლიტიკა შექმნას.

— სანამ სისტემური მიდგომების საჭიროებაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდეთ, უსახლკარობის გამომწვევ მიზეზებზეც რომ ვისაუბროთ.

— ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომელზეც ვიმუშავე პანდემიის პერიოდში თბილისსა და ქუთაისში იმ ადამიანებთან, ვისაც უკვე ჰქონდა უსახლკარო პირის სტატუსი, ისინი ჰყვებოდნენ თავიანთი გამოცდილებით, რა მიზეზების გამო გახდნენ  უსახლკაროები და გამოიკვეთა კომპლექსური ჯაჭვი ამ მიზეზების.

მათ შორის იყვნენ ბუნებრივი კატასტროფებისა და სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი პირები, რომლებმაც ვერასოდეს მოახერხეს სახელმწიფო დახმარების მიღება ან მიიღეს ისეთი დახმარება, რომელიც გრძელვადიანად ვერ აგვარებდა მათ გამოწვევას.

ასევე, გამოიკვეთა ადიქციის საკითხები – ნარკოდამოკიდებულება, დიდი ნაწილი ახსენებდა ასევე თამაშდამოკიდებულებას. მიზეზად დასახელდა ავარიული და საბჭოთა პერიოდში აშენებული ძველი შენობებიც.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ქალების მიმართ არსებული დამოკიდებულება, როდესაც ოჯახისგან მემკვიდრეობით ტრადიციულად, კულტურულად კაცი იღებს საკუთრებას და ქალს არაფერი ერგება ხოლმე. რაც ქმნის რისკს, რომ ისინი სამომავლოდ დადგნენ საცხოვრებელთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოწვევის წინაშე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამ საკითხებთან ერთად, ასევე არის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაყიდული კერძო საკუთრება ან იპოთეკა, რომელიც შემდეგ ვეღარ გადაიხადეს და მოუწიათ საცხოვრებლის დატოვება ან ბანკმა გაუყიდა ეს ბინა და დარჩნენ უსახლკაროდ.

ფოტო: მინდია გაბაძე

მინდა, ასევე, ყურადღება გავამახვილო უსახლკარო პირების მიმართ სტიგმაზე, რასაც დიდწილად კულტურული ფაქტორები განაპირობებს.

ფრაზებიც გექნებათ გაგონილი – „სახლი არ აქვს, რა უნდა, რას დადის“; უპატრონო-უსახლკარო თითქოს სინონიმებად გამოიყენება და უსახლობისა და უსახლკარობის საკითხი სინონიმიც არის უკულტურობის, თითქოს ის ადამიანი, ვისაც სახლი არ აქვს, პიროვნებაც არ არის, კულტურა არ გააჩნია და არ იმსახურებს მეტს არაფერს… ეს სტიგმაა, რასაც არსებული სახელმწიფო პოლიტიკა ხელს უწყობს, აქედან სტერეოტიპები გაჩნდა, რომ თუ სახლი არ აქვს ადამიანს ანუ უსახლკაროა, ეს მისი ინდივიდუალური პრობლემაა და მისი ბრალია, სიზარმაცის ბრალია, მაგრამ თუ მიზეზებს გამოიძიებს სახელმწიფო, აღმოაჩენს ამ სისტემურობას და ურთიერთკავშირს ჯანდაცვასთან, სოციალურ თუ ეკონომიკურ სისტემასთან და ა.შ.

— თავშესაფრებში არსებულ საცხოვრებელ პირობებზე რას გვეტყვით? – გვახსოვს კრიტიკა ამ მიმართულებითაც. ასევე, რამდენად არის ხელშემწყობი პირობები იმისათვის, რომ ადამიანებმა საცხოვრებელში ყოფნის პერიოდი გამოიყენონ წელში გასამართად?

— რა პირობებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე პირები, ცალკე ამბავია. ეს არ არის საცხოვრებლად მისაღები პირობები. რაც დისკომფორტისა და შესაძლოა, კონფლიქტის საფუძველიც გახდეს. იქ ყველასთვის, მაგალითად ბავშვიანი ოჯახებისთვის, არ არის პირობები შექმნილი.

იმის გამო, რომ ეს თავშესაფრები ქალაქიდან მოშორებით მდებარეობს, ნაკლები წვდომა აქვს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებზე. ადამიანებს დიდი მანძილის გავლა უწევთ სამუშაოს საპოვნელად ან, ვთქვათ, ექიმის, საბანკო სერვისის მისაღებად. გეოგრაფიული მდებარეობა დიდწილად განსაზღვრავს ამ ადამიანების სოციალიზაციასაც.

მაგალითად, თბილისში თავშესაფრები მდებარეობს ლილოსა და ორხევში; ქუთაისში – ნიკეას დასახლებაში. აბსოლუტურად განცალკევებული ადგილებია ქალაქიდან. ტრანსპორტის ბოლო გაჩერებიდან კიდევ ფეხით უნდა იარო, რომ საცხოვრებლამდე მიაღწიო.

ეს ვიწრო პროგრამები, რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ამ ადამიანებისთვის, არ არის უსახლკარობის პოლიტიკა და არ არის საბინაო პოლიტიკის ნაწილი; ამას აქვს ფრაგმენტული ხასიათი, არის ლიმიტირებული, ვერ სწვდება ადამიანების იმ მასშტაბს, რა მოთხოვნაც არსებობს.

ფოტო: ნათია ლევერაშვილი

— თქვენ ახსენეთ, რომ გრჩებათ შთაბეჭდილება, თითქოს სახელმწიფოს არ უნდა, აღიაროს ამ პრობლემის მასშტაბურობა და სისტემურობა. რატომ შეიძლება იკავებდნენ თავს ამისგან?

— ჩემი აზრით, ცენტრალურ დონეზე, ანუ ქვეყანამ რომ აიღოს უსახლკარო პირისა და მისი სხვადასხვა განშტოების განმარტების ერთიანი სტანდარტი და სტატისტიკური მონაცემი შეაგროვოს, იმდენად მძიმე სურათი დადგება, რომ ეს მათთვის არ იქნება მომგებიანი, მით უმეტეს – საარჩევნო წელს. ვფიქრობ, თავს არიდებენ. სწორედ ამ მასშტაბის გამო თავს იკავებენ, რომ ამ პრობლემაზე იმუშაონ.

— ერთი მხრივ, არ გვაქვს სისტემური მიდგომა და ხედვა, ზოგადად, საბინაო პოლიტიკაზე, მეორე მხრივ კი, ვხედავთ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობას გამოსახლების დროს ან თუნდაც „უკანონო“ ნაგებობების დემონტაჟისას. ამასთან, გვინახავს ბინით დაკმაყოფილების შემთხვევებიც. რა სახის შეფასების საშუალებას გვაძლევს ეს?

— ბოლო წლებია, თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითი აჩვენებს ხოლმე ამას – როცა უსახლკარო პირები, რომლებიც ცდილობენ, თვითდახმარების მიზნით სახლი აიშენონ, ან გამოასახლეს, ან სახლი დაუნგრიეს და ასეთი მაგალითები, წლებია, გვაქვს.

ასევე, დევნილების მაგალითებზე, როგორ ასახლებდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებიდან, სადაც, როგორც მერე მედიაც და პოლიტიკოსებიც საუბრობენ, „უკანონოდ იყვნენ შესახლებულები”… რომ არა ასეთი ტიპის დასახლებები, თვითდახმარების მიზნით მიშენებული-მოშენებული პატარა ქოხები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში შეჭრილი დევნილები ან სოციალურად დაუცველები ან უსახლკარო პირები, ამ ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა მძიმე პირობებში, უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა რეალურად უსახლკარო ანუ ჭერის არმქონე, ვიდრე ახლაა.

ამით სახელმწიფოს ადამიანებმა რაღაც ვალდებულება ააცილეს კიდეც, თავიანთ პრობლემაზე თვითონ იზრუნეს, მიუხედავად იმისა, რომ, გარკვეულწილად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას პოლიტიკა, როდესაც მის მოქალაქეებს, არ აქვს საცხოვრებელი, არ აქვს ღირსეული საცხოვრებელი პირობები.

სახელმწიფოს პასუხი არის ხოლმე, რომ „უკანონობას ებრძვიან“, რომ „უკანონო შენობები” უნდა დაანგრიონ, ამ დროს კი არაფერი არ ისმის ადამიანის დარღვეულ უფლებებზე. მათ შორის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებაზე, როგორიც არის საცხოვრებელი.

— შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება სისტემურ მიდგომას ვერ ხედავს, გადაჭრის გზას თავად ეძებს… პრობლემისა და გამოსავლებზე ცნობადობას რა როლი ენიჭება ამ ყველაფერში?

— დიახ, ზემოთ განვითარებული მსჯელობაც რომ გავაგრძელოთ, საზოგადოების ნაწილმა თვითონ მოიფიქრა გადაჭრის გზები, და რამდენად სწორია და რამდენად პრობლემურია, ეს კიდევ სხვა საკითხია – ადამიანები მიდიან ემიგრაციაში, რომ იყიდონ ბინა. ეს გამოსავალი ნახეს მოქალაქეებმა, რომ მორგებოდნენ იმას, როგორი რეალობაც არის ქვეყანაში, საბინაო ფასებისა და ბინათმშენებლობის კუთხით.

ადამიანებმა ნახეს გამოსავალი ემიგრაციაში, იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი პოლიტიკა, იმის გამო, რომ ფასების რეგულირება არ გვაქვს და ჩვენთან არსებული საშუალო ხელფასი ან ნომინალური ხელფასი აბსოლუტურად არ შეესაბამება საქართველოში არსებული კერძო საკუთრების ფასებს, შეუძლებელია, ხელფასით და არსებული საპროცენტო განაკვეთით ადამიანმა ბინა იყიდოს და თან ღირსეულად იცხოვროს.

პრობლემის  გადაჭრის გზა, ალბათ, იქნებოდა, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს ერთიანი პოლიტიკა. და ასევე მნიშვნელოვანია, გვქონდეს ცოდნა, რომ უსახლკარობა არის მხოლოდ პატარა ფრაგმენტი საბინაო პოლიტიკის, და საბინაო პოლიტიკა არის ის, რაც ყველას ეხება, მათ შორის იმას, ვისაც ახლა ჭერი აქვს და მეტ-ნაკლებად – ცხოვრების სტანდარტები, და მასაც, ვინც ამ წუთას ქუჩაში დგას და თავზე ჭერი არ აქვს.