საპროტესტო გამოსვლები ირანში

გიორგი ლობჟანიძე

უკვე კვირაზე მეტია არ ცხრება მღელვარება, რომელმაც ერთდროულად ირანის რამდენიმე ძირითადი ქალაქი – თეირანი, იაზდი, შირაზი და თავრიზი მოიცვა.

ეროვნული ვალუტის, რიალის მზარდი ინფლაციითა და საყოფაცხოვრებო, პირველადი მოთხოვნილების საგნებზე ფასების კატასტროფული ზრდით უკმაყოფილო ირანელები ქუჩებში გამოვიდნენ და ქვეყნის ხელისუფლების არაეფექტიან პოლიტიკას აპროტესტებენ, რომლის საგარეო პოლიტიკის სიხისტემ და იზოლაციონიზმმა მოსახლეობის ფართო ფენები თითქმის სრულ გაღატაკებამდე მიიყვანა.

ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ მოიმატა საწვავის ფასმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები მომავალშიც ასტრონომიულად გაიზრდება. უკანასკნელი საპროტესტო გამოსვლების საბაბადაც სწორედ ეს ფაქტი იქცა, თორემ მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზები კომპლექსურია და  მაინცდამაინც ერთ რომელიმე ფაქტორს არ უკავშირდება.

ინფლაციის დონე  აქ ისედაც იმდენად მაღალია, რომ წინა დღის ფასები ყოველ მომდევნო დღეს თითქმის ორჯერ ან სამჯერ მომატებულია. ამ დევალვაციას ვერ „ ეწევა“ ვერანაირი შემოსავალი, რომელიც ჩვეულებრივი, რიგითი ირანელისათვის მაღალი და საკმარისი არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა ქვეყნის საშუალო ფენა სრულიად უსასოო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მოსახლეობის სავსებით გასაგებ პროტესტს ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომებით უპასუხა. ქუჩებშივე გაუსწორდა დემონსტრანტებს, რომელთაგან ათასზე მეტი ადამიანი დააკავა, ხოლო (დაუზუსტებელი მონაცემებით) 115 ადამიანი გარდაიცვალა.

ეს რიცხვი „საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაციამ“ გაავრცელა, ხოლო თვითონ ირანულმა სახელისუფლებო  წყაროებმა  დაადასტურეს, რომ 100 მეტი დემონსტრანტი დაიღუპა.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთი „ სადამსჯელო“ ნაბიჯი გადადგა და თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღით მთლიანად გათიშა ინტერნეტი, რომელიც ირანში სრულად და კარგად არც არასოდეს მუშაობდა; მაგრამ ახლა ის მინიმუმიც კი, რაც ქვეყნის შიდა ინფორმაციების მიწოდებას მაინც ფარავდა, გამოირთო და ამან ირანის რამდენიმედღიანი სრული იზოლაციაც გამოიწვია გარესამყაროდან.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მთავარი შენაერთის – სააზმანე ბასიჯე მოსთაზეფინის („ჩაგრულთა მობილიზაციის ორგანიზაცია“) მეთაურმა ყოლამრეზა სოლეიმანიმ განაცხადა, რომ „ირანული ინტერნეტი წმინდა (ან: „სუფთა“) უნდა იყოს“.

სავარაუდებელია, რომ ინტერნეტის „სიწმინდე“ არამხოლოდ პორნოსაიტების დაბლოკვას ითვალისწინებს, არამედ ყველა იმ ინფორმაციის ქვეყანაში შეუღწევლობას, რამაც შეიძლება ირანის დღევანდელი ხელისუფლება არასახარბიელო მდგომარებაში ჩააყენოს.

ცნობილია, რომ ირანში ინტერნეტი ისედაც იფილტრება: რიგი საიტები საერთოდ დაბლოკილია, ხოლო რაც არის, ისიც ძალიან ნელა და დიდი გაჭირვებით მუშაობს. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კი ესეც აღარ იყო და როგორც აღვნიშნეთ, ინტერნეტი საერთოდ გამოირთო. პრინციპულად ამას უკავშირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტვიტერზე გავრცელებული განცხადება, რომელმაც დაგმო ირანის ხელისუფლების პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით და ირანელ ხალხს ინტერნეტის საკითხის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.

თვითონ ირანელი ანალიტიკოსები, როგორც ჩანს, ტრამპის ამ განცხადებამ უფრო მეტად გააღიზიანა, ვიდრე დაამშვიდა და საერთოდ, დასავლეთის არასათანადო თუ არასაკმარის რეაქციაზე აალაპარაკა.

მაგალითად, „ბიბისი პერჟენის“ მიმომხილველმა ქეივან ჰოსეინიმ ამ თემაზე საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა: თითქმის ქრონოლოგიურად მიმოიხილა ყველა ის გამოხმაურება, რაც დასავლეთში ირანელების საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა და ამ გამოხმაურებათა მოტივაციის ანალიზსაც საკმაოდ დამაჯერებლად შეეცადა.

23 ნოემბერს ამ არხით გავრცელებულ დიალოგში ქეივან ჰოსეინიმ აღნიშნა, რომ ირანის საკითხს დონალდ ტრამპამდე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მეორე დღეს ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურნენ.

ანგელა მერკელმა თეირანის ხელისუფლებას მართლზომიერებისაკენ მოუწოდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მხოლოდ მას შემდეგ გამოთქვა აზრი ირანის მოვლენებზე, რაც პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ამის შესახებ და მაშინაც მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებით შემოიფარგლა.

რაც შეეხება ინგლისს, ამ ქვეყანას საერთოდ ყურადღებაც არ მიუქცევია ირანული მოვლენებისათვის და ეს ალბათ, იმის გამო ხდება, რომ ინგლისის პოლიტიკური პარტიები ახლა წინასაარჩევნო ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილნი და ირანისათვის ნამდვილად არ სცალიათ, მაგრამ, როგორც ქეივან ჰოსეინიმ აღნიშნა, საერთოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ნამდვილად არასაკმარისი და არაადეკვატური იყო იმასთან შედარებით, რაც დღეს ირანში ხდება, რადგან თუკი „საერთაშორისო ამნისტიის“ მიერ გავრცელებულ ციფრებს ვერწმუნებით, დღეს საქმე გვაქვს ისეთ საერთო სახალხო პროტესტთან, რომელმაც შესაძლოა ბოლო ასი წლის განმავლობაში ირანში გამართულ საპროტესტო აქციებს შორის ყველაზე დიდი ადამიანური მსხვერპლი მოიტანა.

ჰოსეინ ქეივანის აზრით, ასევე არასაკმარისი იყო ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციაც და ირანელი ხალხი მათგან უფრო მტკიცე დახმარებას მოელოდა, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტვიტერის პირად გვერდზე გავრცელებულ ერთ პატარა განცხადებას, რომელიც არც ირანის ხელისუფლებასა და არც საპროტესტოდ გამოსულ მოსახლეობას გარდა ჩვეული, თითქმის უკვე მუდმივი „ რეკომენდაციებისა“ არაფერს სთავაზობდა.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დასავლეთის მხრიდან ასეთი პასიურობა მათი გამიზნული პოლიტიკით აიხსნება. დასავლეთი ფხიზლად ადევნებს თვალს რეგიონში, სირიაში, ავღანეთში, თურქეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას და დღეს მათი პრიორიტეტი ამ რეგიონის სტაბილიზაცია უფროა, ვიდრე ირანში ადამიანის უფლებების დაცვა; რადგან საერთო ფონზე, ირანის სტაბილურობა, თუნდაც არსებული რეჟიმის პირობებში, ევროპის სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ახლა გაცილებით მომგებიანია.

ქეივან ჰოსეინიმ დაასახელა კიდევ ერთი მიზეზი, რითაც დასავლეთის ამჟამინდელი პასიურობა აიხსნება: ირანში დაწყებული საპროტესტო ტალღა, თავისთავად და სტიქიურად წარმოიშვა. არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ გამოსვლების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა. ამიტომაც, დასავლეთი ფრთხილობს ლიდერების გარეშე წარმოქმნილი არეულობა თავისი ჩარევით უფრო არ დაამძიმოს.

ამ ფონზე საინტერესოა ირანის ხელისუფლების შეფასება, რომლის მაღალჩინოსნებმა, მაგალითად, ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, დემონსტრანტებს „უცხო ქვეყნების დაქირავებული მეამბოხეები, დასავლური იმპერიალიზმის მიერ მართული მონები“ უწოდა, მათ მეთაურად კი ირანის ყოფილი შაჰის მემკვიდრეები და მიმდევრები დაასახელა.

ძნელი სავარაუდებელია მოვლენათა მსვლელობის ზოგადი პერსპექტივაც.

ირანის დღევანდელ ხელისუფლებას ჯერ კიდევ შესწევს სათანადო სამხედრო ძალა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სრულად და განსაკუთრებული სიმკაცრით აკონტროლოს; მეორე მხრივ, ქვეყნის გაჩანაგებული ეკონომიკა, სახელისუფლებო ფინანსური კლანების უკანონო კონტროლქვეშ მოქცეული ძირითადი ბიზნეს-წყაროები, რაც ამ კლანების უზომო გამდიდრებასა და  მოსახლეობის უჩვეულო გაღატაკებას იწვევს, დამამშვიდებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.