ლოკარნოს 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 5 აგვისტოდან 15 აგვისტომდე მიმდინარეობდა, რეჟისორ უტა ბერიას ახალმა ფილმმა „ცრემლსადენი გაზი“ (Tear Gas) დამოუკიდებელი ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე მიღებული პრიზი რეჟისორმა უკანონოდ დაპატიმრებულ მათე დევიძეს მიუძღვნა, რომელიც ხშირად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.
„მინდა ეს ჯილდო მათე დევიძეს მივუძღვნა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარია საქართველოში. ის მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, სადაც ფილმს ვიღებდით. მათე იბრძოდა და იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის“ – განაცხადა რეჟისორმა.
რაც შეეხება ლოკარნოს წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებულს, ჟიურიმ „ოქროს ლეოპარდი“ საავტორო კინოს უკვე აღიარებულ ხელოვანს, რუმინელ რეჟისორს, ფლორიან შერბანს გადასცა ფილმისათვის „შენი ადგილი აქ არ არის“.
უტა ბერიას ფილმის მთავარი გმირია 16 წლის ელენე, რომელიც დევნილთა ოჯახიდანაა და რომელიც ბებიასთან და მეზობლებთან ერთად თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე აღმოჩნდება. თუმცა ელენესთვის ეს აქცია არა მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლის ველი აღმოჩნდება, არამედ ოჯახური და პირადი ურთიერთობების გარკვევის საფუძველიც – სახლიდან წასულ მამას ის პოლიციის სპეცრაზმის წევრებს შორის აღმოაჩენს…მთავარ როლებს ფილმში ტაისია ერაძე, მზია არაბული, კატო კალატოზიშვილი, გაგა შიშინაშვილი, ბორის ანდრონიკაშვილი ასრულებენ.
უტა ბერიას ფილმი სამი ქვეყნის – საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ქართული კომპანია „1991 ფროდაქშენი“, რომელსაც ჯერ ფრანგული Tripode Productions და მოგვიანებით გერმანული კომპანია 70 Steps შეუერთდა.

ლოკარნოს კინოფესტივალის დღეებში კინომედიამ და კრიტიკამ „ცრემლსადენი გაზი“ შეაფასა როგორც „დრამატული, პოლიტიკური და ინოვაციური ნამუშევარი, რომელიც უშუალოდ საპროტესტო მოძრაობის დროსაა გადაღებული და რომელშიც მხატვრულ და დოკუმენტურ რეალობას შორის ზღვარი თითქმის წაშლილია“ („ჰოლივუდ რეპორტერი“).
ინტერნეტ გამოცემა RojerEbert აღნიშნავს: „ეს არის მძიმე და კოშმარული გარემოს ამსახველი ნამუშევარი. რეპორტაჟული და ვიზუალურად შთამბეჭდავი კადრები, ისევე როგორც შემაძრწუნებელი ხმოვანი ატმოსფერო, მაყურებელს ძლიერ ემოციურ განცდას უტოვებს {…} ფილმი ქვეყნის პოლიტიკურ რყევებსაც ასახავს, რომელიც მთავარ გმირთან, 16 წლის ელენესთან ერთად, თავად გადის ზრდასრულობის ხანას და ტრანფორმაციას“.
ლოკარნოს კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში კი მითითებულია, რომ „ცრემლსადენი გაზი“ უფრო ოჯახური დრამაა, რომელიც თბილისში დემონსტაციებისა და მათი ძალადობრივი დაშლის ფონზე ვითარდება. თავად რეჟისორი აღნიშნავს, რომ „ცრემლსადენ გაზს“, როგორც მეტაფორას, ფილმში ორმაგი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, ეს არის აქციების დაშლისა და ჩახშობის იარაღი, რომელიც შექმნილია ხალხის დასაშლელად, ადამიანების ერთმანეთისგან დასაშორებლად და სუნთქვის შეზღუდვისათვის და მეორე, ემოციურ–ფსიქოლოგიური; როცა ადამიანი ამ გაზს შეისუნთქავს, მასში პანიკის მიუხედავად, რაღაც უხილავი, ქვეცნობიერი ძალა იღვიძებს და ინსტიქტურად იწყებს ბრძოლას იმისათვის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.
კიდევ ერთი ფრაგმენტი რეცენზიიდან: „…მთავარი მაინც მხატვრულისა და დოკუმენტურის სინთეზია. ფილმი რეალურად დემონსტრაციებისა და საპროტესტო აქციების ეპიცენტშია გადაღებული. რეჟისორი ოსტატურად აკავშირებს ერთმანეთთან დადგმულ სცენებსა და ნამდვილ, დოკუმენტურ კადრებს. საყურადღებოა კონტრაპუნქტის პრინციპიც. ფილმი იწყება მშვიდი და სტატიკური კადრებით (დევნილთა დასახლება, სოფლის ყოველდღიურობა და ტყის ნისლი ), რაც ქმნის ინტიმური და „ნელი კინოს“ ატმოსფეროს. შემდეგ კი ტემპი მკვეთრად იცვლება და ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩების საპროტესტო მღელვარებასა და დინამიკას“.
ლოკარნოს კინოფესტივალზე გამართული მსოფლიო პრემიერის შემდეგ, უტა ბერიას ფილმი ასევე მიწვეულია რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე. საქართველოში მისი პრემიერა შემოდგომაზე, ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.