სექსუალური განათლება – რა ისწავლება სკოლებში

სალომე გორგოძე

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური განათლების დანერგვა ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში; საზოგადოებაში დღემდე არსებობს სექსუალური განათლების შესახებ უამრავი მითი თუ დამახინჯებული წარმოდგენა; არაინფორმირებულობა, ცოდნის ნაკლებობა, რელიგიური თუ სხვა, ამ საკითხის მოწინააღმდეგე ორგანიზაციების აქტიურობა ხელს უწყობს საზოგადოებაში სქესობრივი განათლების შესახებ უარყოფითი განწყობის შექმნას, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ მიერ მომზადებულ სამაგიდო მიმოხილვაში, სადაც, ერთი მხრივ, აღწერილია, თუ რა ადგილი ეთმობა სექსუალური განათლების საკითხებს სკოლებში, კერძოდ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მეორე მხრივ კი, მიმოხილულია სექსუალური განათლების საერთაშორისო პრაქტიკა.

„საინფორმაციო სამედიცინო- ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა“ 2014 წლიდან დღემდე ჩართულია სასკოლო საგნების რევიზიის (გადახედვის) პროცესში.

რა არის სექსუალური განათლება?

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება მიმართულია ბავშვებისა და მოზარდების  მხარდასაჭერად სქესობრივი განვითარების პროცესში.

„სექსუალური განათლება არის სექსუალობის კოგნიტიური, ემოციური, ფიზიკური და სოციალური ასპექტების შესახებ სწავლება, რომლის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების იმ ცოდნით, უნარებით, დამოკიდებულებებითა და ღირებულებებით უზრუნველყოფა, რომლითაც ისინი შეძლებენ, მშვიდად გაუმკლავდნენ ინტერნეტით თუ სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, სწორად გადაამუშაონ ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები სქესობრივ ურთიერთობებთან და გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით.“

სპეციალისტების განმარტებით, სექსუალურ განათლებას ორი ძირითადი მიზანი აქვს:

შეამციროს არასასურველი ორსულობების რიცხვი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება და სექსუალური ძალადობა ბავშვებზე; ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ადამიანების კეთილდღეობას ცხოვრების ხარისხისა და ადამიანური ურთიერთობების გაუმჯობესების გზით.

„ჩვენს ქვეყანაში სექსუალური განათლება მოსახლეობას სხვადასხვაგვარად ესმით“, – ვკითხულობთ ანგარიშში და აქვე განმარტებულია, რომ სექსუალური განათლება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განიხილება ვიწრო კონტექსტში და დაკავშირებულია მხოლოდ სქესობრივი კონტაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან. ამავდროულად, საქართველოს სკოლებში, ბიოლოგიის სწავლების პროცესში, სექსუალური განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ანატომიის სწავლებით და რეპროდუქციული სისტემის აღწერით.

დღესდღეობით, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ განათლებასთან, მოხსენიებულია, როგორც „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

სპეციალისტების განმარტებით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხები დიდი ხანია დამკვიდრებულია ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში, სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული, უმაღლესი განათლების ჩათვლით.

რატომაა მნიშვნელოვანი სექსუალური განათლების საკითხების სწავლება მოსწავლეებისთვის? – როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ცნობილია, რომ სწორი ინფორმაციისა და სათანადო განათლების საშუალებით შესაძლებელია ჯანსაღი ფიზიკური და ემოციური ცხოვრება, სქესობრივი და რეპროდუქციული სისტემების დაავადებების დიდი ნაწილის პრევენცია.

როგორაა ასახული სექსუალური განათლების საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმაში – რას ასწავლიან სკოლაში

ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, თუ რა შედეგს უნდა მიაღწიოს მოსწავლემ ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების თვალსაზრისით, კონკრეტულ საგანსა და დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

ეროვნული სასწავლო გეგმა პირველად საქართველოში შემუშავდა 2005 წელს. 2011 წლიდან დაიწყო მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. უკვე გადამუშავებული და დამტკიცებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი და საბაზო საფეხურები (I-VI და VII-IX კლასები), რომლების დანერგვა 2018 სასწავლო წლიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. ამჟამად მუშაობა გრძელდება საშუალო საფეხურის (X-XII კლასები) სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტებზე და მათი დანერგვა სკოლებში დაგეგმილია 2024 წლამდე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხები ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გადანაწილებულია დაწყებით და საბაზო საფეხურზე (საშუალო საფეხურის საგნობრივ სტანდარტებზე მუშაობა არ დასრულებულა). ზოგიერთ საგანში ის მიზნებშია ასახული, ზოგიერთში კი – მოსწავლის მისაღწევ შედეგებში.

„მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყურადღება ეთმობა მოზარდებისთვის ცოდნისა და უნარების განვითარებას ჯანსაღი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: გარდატეხის ასაკი, რეპროდუქციული სისტემა, სასქესო ანატომია, მავნე ჩვევები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე, ნაადრევი ქორწინება და სხვა. მოცემული კომპეტენციები ხელს უწყობს პიროვნების სოციალურ განვითარებას, მისი, როგორც ტოლერანტული, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ღირებულებების ჩამოყალიბებას.“

უფრო კონკრეტულად კი, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ასევე  ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხები კონკრეტული საგნებისა და კლასების მიხედვით ამგვარადაა გადანაწილებული:

დაწყებითი საფეხური (I-VI კლასი)

„ბუნებისმეტყველება“ (I-IV კლასი)  – განსახილველი საკითხი – პირადი ჰიგიენის ნივთების დასახელება და ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე მსჯელობა (მაგ. სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, პირსახოცი); (V-VI კლასი) ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორის შესახებ მსჯელობა;

„მე და საზოგადოება“ – (III-IV კლასი )  განსახილველია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა (პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობები);

„ჩემი საქართველო“ – (V-VI კლასი) ამ შემთხვევაში განსახილველია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება (პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობები);

„ფიზიკური აღზრდა და სპორტი“ – (I-IV კლასი) პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა; (V-VI კლასი) ჯანმრთელობის, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთი საწინდრის, განსაზღვრა. (თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე);

საბაზო საფეხური (VII-IX)

„ბიოლოგია“ – ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და მისი დაცვა. საკითხები, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ – ადამიანის სასიცოცხლო ციკლი (გარდატეხის ასაკი); ჯანმრთელობა და გარემო; ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოქმედება; ქალის რეპროდუქციული სისტემა; მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა; განაყოფიერება და ნაყოფის განვითარება;  სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; ჯანსაღი კვება და დაბალანსებული დიეტა; ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება; მავნე ჩვევები; ფიზიკური აქტივობა და მისი მნიშვნელობა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში;  ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები.

„მოქალაქე“  – საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა (თვითრეფლექსია); შესასწავლი საკითხები: ჯანსაღი კვება; გარდატეხის ასაკი;  ადრეულ ასაკში ქორწინება;  ადიქცია; თანასწორობა სკოლაში; ძალადობა/ბულინგი.

„ფიზიკური აღზრდა და სპორტი“ – ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება, როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა და სოციალიზაციის ხელშემწყობი საშუალება.

მთავარი გამოწვევა – როგორ ასწავლიან პედაგოგები

ანგარიშის ავტორები თანხმდებიან, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუ როგორ ასწავლიან პედაგოგები საგნის სტანდარტით განსაზღვრულ და სახელმძღვანელოებში დაწერილ ინფორმაციას.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის; სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე განათლების აუცილებლობა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აღიარებული.

უფრო კონკრეტულად კი, ქვეყანაში არსებობს ამ თემებზე საგანმანათლებლო პროგრამების ხელშემწყობი გარკვეული საკანონმდებლო გარემო თუ რეგულაციები. ასევე, რამდენიმე სახელმწიფო სტრატეგიისა თუ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში მთავრობას აღებული აქვს  ჯანსაღი ცხოვრების წესის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე განათლების დანერგვის ვალდებულება.

თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, მართალია, დოკუმენტების დონეზე ბევრი საფუძველი არსებობს, რომ აღნიშნული საკითხები სკოლებში სრულფასოვნად ისწავლებოდეს, საკლასო ოთახებში ქაღალდზე დაწერილი ვალდებულებების განხორციელება პრაქტიკაში პრობლემურია და სათანადოდ არ ისწავლება.

მთავარი გამოწვევაა პედაგოგები და მათი კომპეტენცია – როგორ ასწავლონ. მართალია, აღნიშნული სამაგიდო მიმოხილვა არ ითვალისწინებს ამ მიმართულებით მიზეზების მიმოხილვას, თუმცა ანგარიშის ავტორებს ამ პრობლემის დანახვის  საფუძველს პედაგოგებთან შეხვედრები აძლევს.

კერძოდ, გასულ წელს, მათ ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების დაახლოებით 400-მდე პედაგოგს აღნიშნულ საკითხებზე მხარდაჭერისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ინფორმაცია მიაწოდეს. სწორედ ამ შეხვედრებზე, პედაგოგებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობენ, რომ ერთმნიშვნელოვნად იკვეთება პედაგოგებში კომპეტენციის ნაკლებობა. მათ სჭირდებათ შესაბამისი გადამზადება, მხარდაჭერა და მოტივაცია იმისათვის, რომ სასკოლო დონეზე სახელმძღვანელოში დაწერილი საკითხები საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად დანერგონ.

როგორია სექსუალური განათლების დანერგვის საერთაშორისო პრაქტიკა?

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოში მრავლად მოიძებნება ქვეყნები, სადაც როგორც ეროვნულ, ასევე სასკოლო სასწავლო გეგმებში, ქვეყნის კულტურალური ფაქტორებისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ასახულია ჯანსაღი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხები.

„ბევრ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები უმეტესად წარმოდგენილია საკანონმდებლო დონეზე, როგორც განათლების ერთ-ერთი მიზანი (მაგ: ნიდერლანდების სამეფო, ესტონეთი, ლატვია და სხვ.)“.

აქვე ნათქვამია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების სწავლების ორგანიზება განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყანაში ეს საკითხები ისწავლება ცალკე საგნად, ზოგიერთში – ინტეგრირებულია ბიოლოგიის საგანში; ასევე არის ქვეყნები, სადაც აღნიშნული საკითხები რამდენიმე საგანშია გაშლილი, როგორებიცაა, ძირითადად, ბუნებისმეტყველება/ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნები.

„ჯანსაღი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხების სწავლების ორგანიზების მიმართ არსებობს განსხვავებული მიდგომები, თუმცა სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ საკითხების სწავლა და სწავლება მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგნების საშუალებით, ჰოლისტური მიდგომით“, – ვკითხულობთ ანგარიშში და აქვე განმარტებულია, რომ ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეს, სხვადასხვა პერსპექტივიდან დაინახოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა მის სოციალურ, ემოციურ თუ ფიზიკურ განვითარებაში და ჩამოუყალიბდეს ის უნარები და ღირებულებები, რაც უზრუნველყოფს მის ჯანსაღ ცხოვრებას.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ჯანსაღი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასაკისთვის შესაბამისი საკითხების შესახებ ინფორმაციის ძირითადი მომწოდებლები არიან: სკოლა, ოჯახი, მეგობრები, მედია/სოციალური მედია, მედიცინის მუშაკები, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ამ საკითხების მიწოდება არ არის ორგანიზებული შესაბამისი ინსტიტუციების მიერ, ბავშვი და მოზარდი ინფორმაციას ან თანატოლებისგან, ან სხვადასხვა, მათ შორის არასანდო მედიის საშუალებით იღებს.