შემოსავლის გარეშე | ოჯახები, რომელთა ცხოვრება პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა

თათია ხალიანი

„15 მარტს დავკარგე სამსახური. ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი. მარტოხელა დედა ვარ, მცირეწლოვან შვილს და არასრულწლოვან ძმას ვზრდი. არ ვიცი, რანაირად ვუმკლავდები. პურის ფულიც გვიჭირს. ყველგან ვეძებ სამსახურს, მაგრამ არაფერია“, –  ქრისტინა გოგოლაძე ბათუმიდან

„დამლაგებლად ვმუშაობდი ოჯახებში. თებერვლის მერე აღარ მიმუშავია. ჩემი მეუღლეც, სანამ ვირუსი იქნებოდა, დამხმარე მუშად მუშაობდა. ხშირად ღამე სატვირთოს დასაცლელად ქირაობდნენ და ასეთ სამუშაოზე დადიოდა, ძირითადად. ახლა ესეც არ არის“, – მაია ლაგვილავა თბილისიდან

„6-სულიანი ოჯახი ვართ და არც ერთი არ ვმუშაობთ. „სოციალურით“ ვირჩენთ თავს და ერთი ბავშვის პენსიით. ჩვენ ყოველთვის გვიჭირს, მაგრამ ბოლო თვეები უფრო გაგვიჭირდა. რომ არა კეთილი ხალხი, ალბათ, დავიხოცებოდით”, – ეკა ალექსიძე თბილისიდან

„რაღაცას ვახერხებდით. ასე თუ ისე, გაგვქონდა თავი. დალაგებაზე დავდიოდი, მაგრამ ახლა ვინ დამიძახებს. მარტიდან მაისის ბოლომდე ვიყავით ასე, სრულიად შემოსავლის გარეშე“, – თამილა ექვთიმიშვილი თბილისიდან

პანდემიის გამო ბევრი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე. სამუშაო დაკარგა თითქმის ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილმა. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ისედაც მოწყვლად, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი – საათობრივად დაქირავებული მუშები, ოჯახებში მომუშავე დამლაგებლები, წვრილი მოვაჭრეები, დამხმარე მუშახელი და ა.შ. მათ უმეტესობას ვერ შეეხო სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციაც, მათ შორის, შეღავათი კომუნალურ გადასახადებზე. „პუბლიკას“ ისინი პანდემიის გამო კიდევ უფრო დამძიმებულ ცხოვრებაზე უყვებიან.

* * *

ქრისტინა გოგოლაძე მარტოხელა დედაა. ის ბათუმში მცირეწლოვან შვილთან, დედასა და ძმასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახში მხოლოდ ის მუშაობდა. 15 მარტს კაზინო „ველმონდიდან“ ქრისტინა და კიდევ დაახლოებით 200-მდე თანამშრომელი დაითხოვეს. კომპენსაცია არავის გადაუხდია, თანამშრომლებს მხოლოდ ერთჯერადად დაურიგეს პროდუქტი და ისე გამოუშვეს. როგორც ქრისტინა ამბობს, 30-40 ლარის პროდუქტი თუ იქნებოდა და ისიც ერთი კვირა ძლივს ეყოთ. სხვა გზა რომ არ ჰქონდა, სოციალურ ქსელში ითხოვდა დახმარებას. დედების ჯგუფიდან რამდენიმემ ხელი გაუმართა. მერიიდანაც მიუტანეს პროდუქტი  ერთხელ.

„იმ პერიოდში ასე გადავრჩით, შეიძლება ითქვას. გავუმკლავდით როგორღაც, მაგრამ სამსახური დღემდე ვერ ვიპოვე. დავდივარ ყველგან, ვტოვებ ჩემს მონაცემებს. იქნებ, ვინმემ დამიძახოს, მაგრამ ჩემსავით ეძებს ყველა სამუშაოს. მერიაში ვიყავი, მარტოხელა დედის სტატუსი გავაკეთე, თვეში ბავშვზე 50 ლარია და მალე მომივა საბუთი. წარმოდგენა არ მაქვს, შემდეგ რა იქნება. ქირის ფულიც გადასახდელი მაქვს, მაგრამ ვერ ვიხდი. ახლა მაცივარი რომ გამოვაღო, საერთოდ არაფერი მაქვს. ხანდახან მეგობრები მოდიან და ბავშვისთვის რამეს თუ მოიტანენ“, – ამბობს ქრისტინა.

ქრისტინა გოგოლაძეს იმდენი შემოსავალი ჰქონდა, რომ ოჯახის სარჩენად ჰყოფნოდა. არასრულწლოვანი ძმაც კერძო სკოლაში დადიოდა. სკოლის გადასახადი 1900 ლარი აქვს დარჩენილი და სანამ არ გადაიხდის, სკოლიდან საბუთებს არ ატანენ, რომ საჯარო სკოლაში გადაიყვანოს. სექტემბრამდე უნდა დაფაროს, მაგრამ ჯერ არ იცის, როგორ შეძლებს.

შეღავათი კომუნალურ გადასახადზე მას არ შეეხო, რადგან ნაქირავებ სახლში სხვებიც ცხოვრობენ და საერთო მრიცხველზე ბევრი მოდიოდა. რაღაც პერიოდი შუქიც ჩაუჭრეს, რამდენიმე დღით. ძმაც ვერ ერთვებოდა ონლაინგაკვეთილებში. მერე კი ჯგუფის წყალობით – „გადავუხადოთ ერთმანეთს კომუნალური გადასახადები“ ქრისტინას შუქის ფული დაუფარეს.

„200-ლარიან დახმარებას რაც შეეხება, ავაწიოკეთ „ველმონდი“ და, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს უნდა დაირიცხოს, რაღაც შეფერხებები იყოო [ინტერვიუ ჩაწერილია ივლისის პირველ ნახევარში]. საერთოდ არანაირი დახმარება არ მიმიღია ამ დრომდე. ვლოცულობ და ღმერთი დამეხმარება რაღაცნაირად, იმედი მაქვს. ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, საცხობი იქნება, დალაგება თუ სხვა. ცოტა ხნის წინ ბინა დავალაგე, 40 ლარი მომცეს. საჭმელი ვიყიდეთ“, – ამბობს ქრისტინა გოგოლაძე.

* * *

სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 3 ბავშვია. ვარკეთილში, ყოფილი სამხედრო დასახლების ერთ-ერთ შენობაში უკვე რამდენიმე წელია, შესახლდნენ, რადგან სხვა თავშესაფარი არ ჰქონდათ. ეკა ალექსიძის ერთ-ერთ შვილს ცერებრალური დამბლა აქვს, დედამთილს კი გამოუკვლეველი დაავადების გამო ძლიერი ტკივილები აწუხებს. ყველაზე მეტად ოჯახს მედიკამენტები და სამედიცინო დახმარება სჭირდება. ოჯახის ერთადერთი სტაბილური შემოსავალი სოციალური დახმარება და ბავშვის პენსიაა. დამხმარე მუშად მუშაობისას ეკას მეუღლე ხანდახან ახერხებდა სახლში დამატებითი თანხის შეტანას, მაგრამ პანდემიისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო უკვე რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით გაუჭირდათ.

„ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა და გვიჭირს, მაგრამ პანდემიის გამო არავის არაფერი ჰქონდა. ვალადაც კი ვერ ვიღებდით მაღაზიაში პროდუქტს. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, ალბათ, დავიხოცებოდით, რომ არა კეთილი ხალხის დახმარება. კომუნალურ გადასახადებსაც ვერ ვიხდით. ახლაც გადაუხდელი მაქვს ორი თვის, მაგრამ ჯერ არ ჩაუჭრიათ. სოციალურით თუ კომუნალურებს გადავიხდით, მერე მაღაზიაში ვეღარ ვიხდით ვალს და საჭმელიც ვერ მოგვაქვს. ცუდ დღეში ვართ. აი, დღესაც შეიძლება მოვიდნენ და ჩაგვიჭრან შუქი. გაზი არ გვაქვს. ყველაფერი დენზე გვაქვს და 37 ლარზე მეტი მოგვდის, ამიტომ სახელმწიფოს იმ პროგრამაში ვერ მოვყევით“, – გვიყვება ეკა ალექსიძე.

მიტოვებულ შენობაში ცხოვრება, მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე, ეკა ალექსიძეს ოჯახთან ერთად 11 წელია უწევს. სახლში 2 ბავშვი სკოლის მოსწავლეა. ისინი სკოლაში დარიგებული „მაკბუკით“ და მობილური ინტერნეტით ცდილობდნენ ონლაინგაკვეთილებში ჩართვას. ხან გამოსდიოდათ, ხან არა. მერე ისიც სულ გაუფუჭდათ. ეკა ალექსიძე ამბობს, რომ ყოველდღიურად უარესდება მათი მდგომარეობა.

„მე ბავშვების გამო მიჭირს, თან სტრესული თავის ტკივილებიც დამეწყო, მკურნალობა მჭირდება. ჩემი მეუღლე კიდევ ცდილობს სულ სამუშაოს პოვნას, მაგრამ ჯერ ვერაფერი. ახლა ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, მედიკამენტებია და საჭმელი“, – ამბობს ეკა ალექსიძე.

* * *

თამილა ექვთიმიშვილი სახლებს ალაგებდა. რამდენიმე ოჯახთან წლების განმავლობაში დადიოდა და დღიური შემოსავლით სახლში ძირითადი პროდუქტი მას მიჰქონდა. მარტის მერე ვეღარ მუშაობს. სახლში 5 ადამიანი ცხოვრობს. 6 თვის შვილიშვილს განსაკუთრებული კვება და მოვლა სჭირდება, რაც ბოლო თვეებში გაუჭირდათ. ისანი-სამგორის გამგეობისგან ერთჯერადი 150-ლარიანი დახმარება მიიღო მისმა მეუღლემ. ოჯახი მუნიციპალური სასადილოთი სარგებლობს და თავი ასე გააქვთ. ერთ ადამიანზე ნახევარი პურია, ამიტომ დღეში 2 პური ერგებათ. თამილა ამბობს, რომ სასადილოს მუშაობა პანდემიის დროს არ შეუჩერებია და ამაში მაინც გაუმართლათ.

„ჩემი მეუღლე, თუ რამე მანქანა იქნება დასაცლელი ან რამე, მაშინ თუ გავა სამუშაოდ, მაგრამ იშვიათად. ძირითადი სამსახური არც ერთს არ გვაქვს. მე სახლებს ვალაგებდი. აქ ახლოს საკონდიტროა და იმასაც ვალაგებ. ამ პერიოდში თუ ვინმე ნაცნობი ან ახლობელი მეტყვის, მივდივარ დასალაგებლად ან ბავშვს ვიტოვებ. თუ რამე გამოჩნდება, ყველაფერზე თანახმა ვარ. ამ პერიოდში ბავშვის საკვებზე გაგვიჭირდა ყველაზე მეტად. ერთი შეკვრა საჭმელი 30 ლარი ღირს“, – ამბობს თამილა ექვთიმიშვილი.

ოჯახს არანაირი დანაზოგი არ ჰქონდა. პროდუქტის მომარაგებაც ვერ შეძლეს. კომუნალური გადასახადების გადახდაც გაუჭირდათ და შუქი რამდენიმე დღე არ ჰქონდათ. თამილა ამბობს, რომ სახლი მაინც აქვთ საკუთარი, თორემ ამ პირობებში ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ. მისი ერთი შვილი სკოლის მოსწავლეა. 20-ლარიანი ინტერნეტით გაჭირვებით, მაგრამ მაინც ერთვებოდა ონლაინგაკვეთილებში.

***

დამლაგებლად მუშაობდა მაია ლაგვილავაც. ანაზღაურებას ხელზე, ნაღდი ფულით იღებდა და არსად არ ერიცხებოდა. თებერვლის მერე სახლშია. აღარავინ ეძახდა სახლის დასალაგებლად. მაიას 4 შვილი ჰყავს. უფროსი 12 წლისაა. ოჯახში შემოსავალი არავის არ აქვს. მათი შემოსავალი სოციალურად დაუცველისა და მრავალშვილიანობის დახმარებაა.

„დალაგებაზე ვერ გავდივარ, ვერც ჩემი ქმარი გადის მშენებლობაზე. კარგა ხანია, ვერაფერს პოულობს და არ უმუშავია. რა ვქნათ, გაჭირვებას ვუძლებთ. ელემენტარული რაღაცებს და საჭმელს, რაც გვჭირდება ყოველდღიურად, მაღაზიიდან ვალად ვიღებთ და სოციალური დახმარებით ვისტუმრებთ. ფაქტობრივად, არაფერი გვრჩება. ოჯახების დალაგებით 40-50 ლარი მომქონდა. თვეში რამდენიმე ოჯახში მივდიოდი და რაღაც იყო“, – ამბობს მაია ლაგვილავა.

სახლში ბუნებრივი აირი არ აქვთ, ამიტომ ყველაფერს დენზე აკეთებენ. ცდილობენ, ბევრი არ დაწვან. მაგრამ 12 დღე მაინც შუქის გარეშე იყვნენ, გადაუხდელობის გამო. სოციალურ ქსელში მის სტატუსს გამოეხმაურნენ და მათი დახმარებით დავალიანება დაფარა. ახლაც აქვს დაგროვილი 2 თვის გადასახადი, რომელსაც ვერ იხდის.

მაია ლაგვილავა ამბობს, რომ პანდემიის დროს გამგეობამ მხოლოდ ერთხელ მიუტანა ოჯახს პროდუქტი – სტაფილო, ჭარხალი, ზეთი, შეკვრა შაქარი და სხვა ძირითადი საკვები საშუალება. მრავალშვილიან ოჯახს ეს პროდუქტი მხოლოდ რამდენიმე დღე ეყო, მაგრამ მაია ამბობს, რომ ასეთი მცირედიც მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან ძალიან უჭირთ. იმედი აქვს, რომ ოდესმე ვინმე სახლის დასალაგებლად დაუძახებს და გავა სამუშაოდ. ასევე მისი მეუღლეც. სხვანაირად ვერ წარმოუდგენია, როგორ გაიტანენ თავს მხოლოდ სახელმწიფოს მინიმალური დახმარებით.


გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.