სკოლამდელი განათლება - რა მიზნები აქვს მთავრობას 2030 წლისთვის

სალომე გორგოძე

ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის განათლების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის უზრუნველყოფაც მთავრობას მომდევნო წლებში აქვს მიზნად დასახული.

უთანასწორობა საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური სტატუსის მიხედვით, მწირი ბიუჯეტი, აღმზრდელ-პედაგოგების დაბალი კვალიფიკაცია, სასწავლო რესურსების ნაკლებობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები – ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომლებიც 2022-20230 წლების სტრატეგიაშია ასახული და რომელთა მოგვარებისთვისაც მთავრობამ 2030 წლამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

დღესდღეობით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა. სკოლამდელი განათლების ბიუჯეტს მუნიციპალური სამსახური ანაწილებს და გამოყოფილი ბიუჯეტი სკოლამდელი დაწესებულების ზომაზე, ბავშვების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2018 წლის ანგარიში, რომელსაც სტრატეგიის დოკუმენტში პრობლემების იდენტიფიცირებისას ხშირად ეყრდნობიან, მიუთითებს, რომ ადგილმდებარეობის მიხედვით, საქართველოში საბავშვო ბაღების წლიურ ბიუჯეტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები იკვეთება. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად მოქმედებს სკოლამდელი განათლების ხარისხზე და აფერხებს მის გაუმჯობესებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში გამოიკვეთა ისიც, რომ დიდია განსხვავება საგანმანათლებლო რესურსებისთვის საბიუჯეტო დანახარჯებში, როგორც რეგიონებს შორის, აგრეთვე რეგიონების ფარგლებშიც: მაგალითად, აჭარაში, ბათუმში საგანმანათლებლო რესურსებისთვის თითო ბავშვზე საშუალოდ ყოველწლიურად 20.8 ლარი გამოიყოფა, ახლომდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კი ეს თანხა მხოლოდ 5.4 ლარს შეადგენს.

კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზეც, რომ განსაკუთრებით, მაღალმთიან ან ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, საბავშვო ბაღებს ხელი არ მიუწვდებათ რესურსებზე ბავშვთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და განვითარების შესაბამისი საქმიანობების დასაგეგმად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლამდელი დაწესებულებების ხარისხი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად იზრდება ბავშვი, და ყველა ბავშვს თანაბარი შესაძლებლობები არ აქვს.

სტრატეგიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ სთავაზობს მუნიციპალიტეტებს „ყოვლისმომცველ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას“, იქნება ეს ტექნიკური, ადამიანური თუ ფინანსური მიმართულებით, იმისათვის, რომ მათ ეროვნული სტანდარტის ხარისხიანად აღსრულება შეძლონ.

დაფინანსების კუთხით მუნიციპალიტეტებს შორის უთანასწორობაზე მიუთითებს განათლების კოალიციის მიერ „გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE)“ მხარდაჭერით მომზადებული განათლების დაფინანსების კვლევითი ანგარიში. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 2015-2021 წლებში განათლებისთვის გაწეული ხარჯი, მათ შორის სკოლამდელი განათლების მიმართულებით. 2022 წელს განხორციელებულ კვლევაზე სიმონ ჯანაშია მუშაობდა.

როგორც სიმონ ჯანაშია ამბობს, კვლევამ აჩვენა, რომ სკოლამდელ განათლებაში დიდი უთანასწორობაა რეგიონების მიხედვით. ზოგი მუნიციპალიტეტი მეტად ფინანსდება, ზოგი – ნაკლებად. ცენტრალური ბიუჯეტი კი მაინცდამაინც არ ეხმარება რეგიონებს, რომ ამ კუთხით უთანასწორობა აღმოფხვრას. შედეგად კი სკოლებში მიდიან ბავშვები, რომელთა სასკოლო მზადყოფნა განსხვავებულია. ამით კი უთანასწორობა სკოლებში არათუ ნარჩუნდება, პირიქით – ღრმავდება კიდეც.

მაგალითისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტებს თუ შევხედავთ, კახეთში თუ ბიუჯეტის 14% ეთმობა სკოლამდელ განათლებას, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 5%-ია.

როგორც სიმონ ჯანაშია აღწერს, სკოლამდელი განათლების სისტემებს დაფინანსების ორი ძირითადი წყარო აქვს. ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ცენტრალური ბიუჯეტი.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ძირითადად იხარჯება პერსონალის ხელფასებში, მიმდინარე ხარჯების დაფარვასა და სასწავლო რესურსების შეძენისთვის.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯები ძირითადად მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. მაგრამ თუ დავაკვირდებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გაღებულ ხარჯებს, ამას სისტემატიზებული პროცესის სახე კი არ აქვს, არამედ „ისე გამოიყურება, თითქოს ეს არის ადგილობრივი პოლიტიკოსების ლობირების შედეგები, როცა ისინი ახერხებენ ცალკეულ შემთხვევებში თანხების მოზიდვას ცენტრალური ბიუჯეტიდან“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, პრობლემურია ის, რომ არ არსებობს დაფინანსების საერთო მინიმალური სტანდარტი, რომლითაც მუნიციპალიტეტები იხელმძღვანელებდნენ.

„ასეთი სტანდარტის არსებობის შემთხვევაშიც კი, მუნიციპალიტეტებს აქვთ სხვადასხვა შესაძლებლობები და უთანასწორობა რაღაც დონეზე მაინც იარსებებდა. ეს უთანასწორობა მერე ითარგმნება არამხოლოდ სოციალურ ხელმისაწვდომობაში, არამედ ხარისხშიც, ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკეთესად მომზადებული აღმზრდელ-პედაგოგები, ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში, რესურსების ხარისხი, რომლებსაც იყენებენ ბავშვის განვითარებისთვის.

მაგალითად ავიღოთ აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემა, ზოგ მუნიციპალიტეტს აქვს მეტი ფინანსური რესურსი, რომ ამ პრობლემას მიაქციოს ყურადღება, ზოგს –  ნაკლები და მერე დამოკიდებული ხდებიან საერთაშორისო პროექტებზე ან ცენტრალური ხელისუფლების პროექტებზე.

მინიმალური სტანდარტი, ცხადია, შეცვლიდა ვითარებას. თუ სახელმწიფო აიღებდა ვალდებულებას, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს სტანდარტის დაკმაყოფილებას, მაშინ ცენტრალური ჩაერთვებოდა და დაასუბსიდირებდა განსხვავებას. ეს იმუშავებდა, მაგრამ იმუშავებდა მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად და ეს არ ნიშნავს, რომ განსხვავება არ იქნებოდა მუნიციპალიტეტებს შორის“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

 სისტემაში არსებულ რა პრობლემებს აღწერს სტრატეგია

მასალაში წარმოდგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემას, რომლებზეც სტრატეგიის დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები, რიგ შემთხვევაში, ვერ აკმაყოფილებენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ასევე არსებობს რიგი გამოწვევები ინფრასტრუქტურასა და ფიზიკურ გარემოსთან მიმართებით.

მნიშვნელოვან პირობლემადაა იდენტიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის საკითხი.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2018 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულების აღმზრდელობა და მასწავლებლობა არამიმზიდველი კარიერული არჩევანია. აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე დასაქმება ნაკლებად მიმზიდველია დაბალი ანაზღაურების გამოც.

ანგარიში აღწერს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს შესაფერისი კვალიფიკაცია.  57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია. დასაქმებულთა უმრავლესობამ განათლება საბჭოთა კავშირის პერიოდში მიიღო და მას შემდეგ, მოკლებულია პროფესიული გადამზადების შესაძლებლობებს. ერთი მხრივ პრობლემაა, როგორც ახალი კადრების მომზადების საკითხი, მეორე მხრივ,  დასაქმებული კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემადაა იდენტიფიცირებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.

მაგალითისთვის, სახალხო დამცველის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, შემოწმებული საბავშვო ბაღების 53.8 %-ის შემთხვევაში, საბავშვო ბაღის ფიზიკური გარემო საჭიროებდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. 67% არ არის სრულად ადაპტირებული სპეციალურ საჭიროებათა მქონე ბავშვების აღზრდისა და სწავლებისთვის.

გაეროს ბავშვთა ფანდის ანგარიში აჩვენებს, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა ნაწილი, განსაკუთრებით ურბანულ ზონებში, განთავსებულია არასტანდარტულ შენობაში ან იზიარებს ეზოს ფართს სხვა დაწესებულებასთან. დიდ ნაწილში არ არის საკმარისი რაოდენობის ავეჯი: მაგიდა, სკამი, საწოლი, კარადა და სათამაშოები.

ასევე პრობლემური საკითხია საგანმანათლებლო რესურსების სიმწირე და ხარისხი.

იგივე სახალხო დამცველის ანგარიში მიუთითებდა, რომ  საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით – მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დაახლოებით ბაღების 73%-ში არ არის ბავშვების ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშო.

მონიტორინგისას ასევე დადგინდა, რომ, როგორც წესი, მათი განახლება ხდება წელიწადში ერთხელ, თუმცა საგულისხმოა, რომ განახლების შემთხვევაშიც, მოწოდებული სათამაშოები ხშირად არ არის ხარისხიანი და მალე ფუჭდება.

დოკუმენტში ასევე ეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ 2020 წლის ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების 62.5% თითოეული ბავშვის საგანმანათლებლო რესურსებზე ყოველწლიურად 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს ზოგიერთი მათგანი კი ხარჯავს მხოლოდ 0,73 და 1,11 ლარს.

სტრატეგიაში ყურადღება გამახვილებულია მშობლების როლზეც, ვინაიდან მათი ჩართულობა აღზრდისა და სწავლის პროცესში წარმოადგენს ბავშვისა და მოზარდის აკადემიური და სოციალური წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მდგენელს.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტში პორბლემურადაა დასახული ის რომ, მშობელთა ჩართულობის სისტემური და თანმიმდევრული მექანიზმები არ არის შემუშავებული როგორც ადრეული აღზრდისა და განათლების, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე, ფრაგმენტულია მშობელთა ცნობიერების ამაღლებისა და პედაგოგიზაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა.

რა ამოცანები აქვს დასახული მთავრობას

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხზე, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად სტრატეგიაში სამი ამოცანაა დასახული:

• ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების თითოეულ დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;

• ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სასწავლო გარემოსა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

• ბავშვის მშობლების/წარმომადგენლებისა და თემის ჩართულობის ხელშეწყობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საქმიანობაში.

„სკოლამდელი განათლების სექტორში მთავრობა უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ითვალისწინებდეს ადეკვატურ მხარდაჭერას მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის. ეს გულისხმობს, რომ ყველა მუნიციპალიტეტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამავე დროს ამოქმედდება მიზნობრივი პოლიტიკა მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში“.

აქვე გეგმაშია, რომ განათლების სისტემაში თანასწორობისა და ინკლუზიის ხელშესაწყობად მთავრობა ინვესტიციებს განახორციელებს მასწავლებელთა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალური და სხვა პერსონალის კომპეტენციების განვითარებაში.

გაუმჯობესდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და ტექნიკურ-მატერიალური ბაზა; უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, ასევე არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის სათანადო მასალების შესყიდვა და განვითარება.

სტრატეგიით განსაზღვრული კიდევ ერთი მიზანია, ადრეულ განათლებასა და სასკოლო მზაობის პროგრამებში არახელსაყრელ პირობებში მყოფი ბავშვების მონაწილეობის ხელშეწყობა.

„2030 წლისთვის მთავრობა უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა მოდერნიზებას და მისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების გაძლიერებას, რათა შეძლონ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სკოლამდელი განათლების სერვისების განვითარება“.

როგორც სტრატეგიაში ვკითხულობთ, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ფინანსური დეცენტრალიზაციის გაცხადებული მიზნების მიღწევას, რათა მუნიციპალიტეტებს გაეზარდოთ შემოსავლები და შედეგად რეალურად გახდეს შესაძლებელი მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსების გათვალისწინება, მასწავლებელთა ტრენინგისთვის და მათი ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

სატრატეგიის შესრულების პირველი შუალედური შეფასების ანგარიში 2026 წლისთვის უნდა გამოქვეყნდეს. უკვე ამ შუალედურ ანგარიშებში უფრო ცხადად გამოჩნდება რამდენად შესრულდა ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც დოკუმენტშია აღწერილი.